მკვლელი ეძებს ფარმაცევტს
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-30(813)
პრეზენტაციის ოფიციალურმა ნაწილმა რომ ჩაიარა და ფურშეტი დაიწყო, განმარტოებით მდგარ გოკიელსა და ჯაშს კლაუს ვერნერი მიუახლოვდა, საკუთარი თავი წარმოადგინა და პროფესორს რუსულად უთხრა:
– ბატონო პროფესორო, შეიძლება, პირისპირ დაგელაპარაკოთ?
„უკვე დაიწყო“ – გაიფიქრა გოკიელმა. ვერნერს კი გერმანულად მიუგო:
– ბატონო ვერნერ, ქართული თქვენ არ გეცოდინებათ, რუსულად მე არ მინდა საუბარი და, მოდი, გერმანულად ვისაუბროთ. თუმცა, შემიძლია, ფრანგულად და ინგლისურადაც დაგელაპარაკოთ. ამოირჩიეთ, არჩევანი თქვენზეა.
– გერმანულად იყოს. მით უმეტეს, რომ გერმანული ჩემი მშობლიური ენაა, – გერმანულადვე მიუგო ქართველ პროფესორს ვერნერმა.
– გისმენთ, ბატონო ვერნერ. ბრძანეთ, რა გნებავთ.
– ბატონო პროფესორო, იქნებ ცალკე კაბინეტში ვისაუბროთ. მეორე სართულზე ერთი კომფორტული ოთახი მეგულება და საუცხოო შამპანურსაც შემოგთავაზებთ.
– კეთილი. ავიდეთ, – უთხრა გოკიელმა ვერნერს, ჯაშს კი ქართულად აუხსნა:
– ამ ბატონს ჩემთან პირისპირ საუბარი სურს და ცოტა ხნით დაგტოვებთ. არ მოიწყინო, თემურ, მალე მოვალ.
გოკიელი და ვერნერი სალაპარაკოდ რომ გაემართნენ, ჯაშს სექსუალურად გამოწყობილი სარა ბარდენი მიუახლოვდა შამპანურის ორი ჭიქით და ერთი პროფესორის თანაშემწეს მიაწოდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი ისინი მეორე სართულზე განმარტოვდნენ, როგორც ჯაშს ბარდენმა უთხრა – ცალკე ოთახში საქმეზე სალაპარაკოდ.
კომფორტულ ოთახში განმარტოებულმა ვერნერმა გოკიელს საუკეთესო შამპანურით სავსე ბოკალი მიაწოდა, თავისთვისაც დაისხა. ჭიქა ასწია და პროფესორს უთხრა:
– ჩვენი შეხვედრისა შევსვათ, ბატონო პროფესორო, გაგვიმარჯოს!
– გაგვიმარჯოს! – თქვა გოკიელმა. ცოტა მოსვა. ბოკალი მაგიდაზე დადგა და ვერნერს უთხრა: – გისმენთ, ბატონო ვერნერ.
– ბატონო პროფესორო, თქვენთან რამდენიმე შეკითხვა მაქვს და ამიტომ ამოგიყვანეთ აქ.
– ბრძანეთ, გისმენთ.
– ბატონო პროფესორო, მართალია თუ არა, რომ თქვენ კიბოსგან განკურნების წამალი გამოიგონეთ?
– დიახ, აბსოლუტური სიმართლეა, – მიუგო გოკიელმა.
ვერნერი ასეთ პირდაპირ პასუხს არ ელოდა და ოდნავ შეყოვნდა. პაუზის შემდეგ კი თქვა:
– ბატონო პროფესორო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კორპორაცია უმსხვილესია მსოფლიოს ფარმაცევტულ წარმოებაში და ონკოლოგიურ პრეპარატებს ვამზადებთ. თქვენი აღმოჩენა ნამდვილად კაცობრიული მნიშვნელობისაა და თანამშრომლობას გთავაზობთ. რას იტყვით, თანახმა ხართ?
– თანამშრომლობის ფორმას გააჩნია, ბატონო ვერნერ.
– სრულუფლებიან პარტნიორობას გთავაზობთ, ბატონო პროფესორო. პატიოსანსა და იურიდიულად სათანადოდ გაფორმებულს.
– კონკრეტულად რა გნებავთ, ბატონო ვერნერ, კონკრეტულად ბრძანეთ, თუ რას მოითხოვთ ჩემგან?
– კონკრეტულად, ბატონო პროფესორო, თქვენთან რამდენიმე წინადადება გვაქვს. ჩვენ გთავაზობთ დიდ ფულს იმაში, რომ თქვენი გამოგონება მოგვყიდოთ. რა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ მას სხვას არ გადასცემთ და არც თქვენ შეეცდებით მის წარმოებას.
– გამორიცხულია, – ჩაეცინა გოკიელს.
– მაშინ, თქვენი წამლის ერთპიროვნული წარმოების ლიცენზიას ვიყიდით, ანუ, ფორმულის საიდუმლოს არ გაგვიმხელთ, მაგრამ მისი წარმოების უფლებას მოგვცემთ – ამაში ერთბაშად დიდ თანხას მიიღებთ და, გარდა ამისა – ყოველი გაყიდული წამლის ათ პროცენტს.
– მაინც, რამდენს მთავაზობთ ერთბაშად?
– ას მილიონ ევროს.
გოკიელს ჩაეცინა და პაუზის შემდეგ ვერნერს უთხრა:
– ბატონო ვერნერ, თქვენთან შემხვედრი წინადადება მაქვს...
– ბრძანეთ, ბატონო პროფესორო.
– მე არც ფული მინდა ერთბაშად და არც გაყიდული წამლების ათი პროცენტი. ჩემი აზრით, ჩემი წამალი ყველა ონკოლოგიურ ავადმყოფს უნდა შეხვდეს და მისი კომერციული მიზნებით გამოყენება დაუშვებელია. მოდი, იმ ფულით, რასაც თქვენ მე მთავაზობთ, „ანტიონკოლოგინის“ – ასე ეწოდება ჩემს პრეპარატს – მწარმოებელი საწარმო გავხსნათ და, თუ უფასოდ არ დავარიგებთ მას, ისეთ ფასში მაინც გავყიდოთ, რომ ყველა დაავადებულისთვის იყოს ხელმისაწვდომი. რას იტყვით, ცუდი აზრია?
– თქვენ, ალბათ, ხუმრობთ, ხომ, ბატონო პროფესორო, – გაეცინა ვერნერს, რომელმაც გოკიელის სიტყვები ხუმრობად მიიჩნია.
– სულაც არა, ბატონო ვერნერ. აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნებით და, მგონი, არაა ცუდი აზრი. იმაზე კარგი რა უნდა იყოს, როდესაც უიმედო ავადმყოფს სიცოცხლეს შეუნარჩუნებ. რას იტყვით, ტყუილს ვამბობ?
ვერნერმა ხელები გაშალა და გოკიელს უთხრა:
– კარგია, კარგი, ბატონო პროფესორო, მაგრამ ეს ჩვენი პროფილი არაა. ჩვენ სულ სხვა საქმით ვართ დაკავებულები და ასეთ წინადადებას ვერ მივიღებთ.
– ვერც მე მივიღებ თქვენს წინადადებას. კარგად ბრძანდებოდეთ, – თქვა გოკიელმა, წამოდგა და ოთახი დატოვა. შემდეგ პირველ სართულზე დაეშვა და, შექეიფიანებულ სტუმრებს შორის თემურ ჯაში რომ ვერ აღმოაჩინა, იფიქრა, ალბათ, სახლში წავიდაო და თავადაც თავისი ციხესიმაგრისკენ აიღო გეზი...
***
სახლში დაბრუნებულ პავლე გოკიელს თემურ ჯაში არ დახვდა და გაუკვირდა. შემდეგ მობილურზე დაურეკა. მის ასისტენტს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ამან პროფესორი ჩააფიქრა, ბოლოს კი გაბრაზდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან კედლის საათს უყურებდა, რომელზეც ისრები სწრაფად მიიწევდნენ წინ, მაგრამ თემური მაინც არ ჩანდა... გოკიელმა კიდევ რამდენჯერმე სცადა თემურთან დაკავშირება და, რომ ვერ მოახერხა, ტახტზე წამოწვა და ჩაფიქრდა... 55 წლის პროფესორს თავისი მეუღლე, მერი გაახსენდა, რომელიც ძალიან უყვარდა და სწორედ კიბომ გამოაცალა ხელიდან. მერის გარდაცვალებამ პავლე გოკიელი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში მას სამუშაო დაეხმარა. გოკიელი კიბოს წამლის შექმნის იდეით იყო შეპყრობილი, მას მთელი არსებით სურდა, რომ ადამიანები ამ მძიმე სენისგან ეხსნა და მთელი თავის ცოდნითა და ენერგიით ჩაეფლო ამ საქმიანობაში. თითქმის ოცდახუთი წელი იმუშავა მან წამლის გამოგონებაზე და, როდესაც მიზანს მიაღწია, საკმარისი თანხები აღარ ჰქონდა წამლის დასამზადებლად. კუსტარულ პირობებში ერთი წამლის დამზადება ორი ათასი ევრო ჯდებოდა და, საექსპერიმენტო პრეპარატები რომ დაემზადებინა, რომლებმაც პირველი ოთხი უიმედო ავადმყოფი სრულად განკურნა, გოკიელს თავისი ბინის ჩადება მოუხდა ბანკში.
ფიქრებში გართულმა პროფესორმა ვერც კი შეამჩნია, როგორ შემოვიდა ოთახში მისი ასისტენტი. გოკიელმა საათს დახედა – ისრები ღამის 3 საათს უჩვენებდა. ახალმოსული ასისტენტი შექეიფიანებული ჩანდა, რაც ადრე პროფესორს არასდროს შეუმჩნევია მისთვის. გოკიელი ტახტზე წამოჯდა და ჯაშს ჰკითხა:
– სად იყავი, თემურ და რა დღეში ხარ?
– ცოტა წავიცუღლუტ-ვიმამაძაღლე, ბატონო პავლე, – მიუგო თემურმა.
– დაიძინე. დილით ვილაპარაკოთ, – მრისხანედ თქვა გოკიელმა და საძინებლისკენ გაემართა.
– ახლა ვილაპარაკოთ. თქვენთან საქმე მაქვს ბატონო პავლე, – უთხრა მთვრალმა თემურმა პროფესორს.
– მეც მაქვს შენთან სალაპარაკო, მაგრამ დილით ჯობია. ახლა კი მოინელე, რაც დალიე. დაწექი და დაიძინე, – მკაცრად უთხრა პროფესორმა თავის ასისტენტს და ოთახიდან გასვლა დააპირა, მაგრამ თემურმა მაჯაზე მოჰკიდა ხელი, გააჩერა და გაიმეორა:
– ახლა ვილაპარაკოთ!
პავლე გოკიელს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა. თემურ ჯაში ყოველთვის თვინიერი და მორჩილი იყო. ის არამც თუ ხელით არასდროს შეხებია პროფესორს, სიტყვის შებრუნებასაც კი ვერ უბედავდა და ყოველთვის მოწიწებით ექცეოდა. ამიტომ გოკიელმა უხეშად მოიშორა ასისტენტის ხელი და თქვა:
– ეს, რაღაც ახალია. გეტყობა, ვიღაცაში შეგეშალე.
– ბოდიშს გიხდით, ბატონო პავლე, – გამოერკვა თემური, – ძალიან ცუდად გამომივიდა, მაგრამ თქვენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა.
– შენი აზრით, ჩემი წყენინება ასე იოლია? – ამაყად თქვა პროფესორმა.
– ბოდიში, ბატონო პავლე, მაგრამ თქვენთან მართლა სერიოზული საქმე მაქვს და ცოტა ვერ მოვზომე.
– მხოლოდ ცოტა?
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ ახლავე უნდა მომისმინოთ, – დაჟინებით გაიმეორა თემურმა.
პავლე გოკიელი ტახტის სახელურზე ჩამოჯდა და ჯაშს უთხრა:
– აბა, ერთი თქვი, რა საქმე გაქვს, გისმენ.
– ბატონო პავლე, საქმე ანტიონკოლოგინს ეხება. დღეს რომ შვეიცარიული კორპორაციის ოფისის პრეზენტაციაზე ვიყავით. საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები დამიკავშირდნენ და ძალიან სარფიანი წინადადება შემომთავაზეს.
– მაინც, რა? – ირონიულად გაეცინა გოკიელს.
– რა და, ანტიონკოლოგინის ერთად წარმოება და მათ კორპორაციაში დიდი ანაზღაურებით მუშაობა, მაღალ თანამდებობაზე. მხოლოდ იმ პირობით, თუკი თქვენ დათანხმდებით მათ და კიბოს წამლის ლიცენზიას მიჰყიდით. მთხოვეს, დაგლაპარაკებოდით ამ ძალიან სარფიანი წინადადების თაობაზე. ასე თქვეს, ანტიონკოლოგინის დამამზადებელ პირველ საწარმოს თბილისში გავხსნით და თქვენ ჩაგაბარებთო. გარდა ამისა, ულტრათანამედროვე ლაბორატორიას აგვიშენებენ სხვა კვლევებისთვის და თითქმის შეუზღუდავი დაფინანსება გვექნება. თქვენ ხომ არაერთხელ გიოცნებიათ ამაზე და ღმერთმა გამოგიგზავნათ ამათი თავი. რას იტყვით, ცუდი წინადადებაა?
– ჩემი გადაბირება დაგავალეს? – ჩაეცინა გოკიელს.
– არა. უბრალოდ, მთხოვეს, რომ დამერწმუნებინეთ იმ პროექტის სარფიანობაში. თქვენ თურმე არც კი მოგისმენიათ მათთვის და ამიტომ მთხოვეს თქვენთან საუბარი.
– რაც მოვისმინე, ისიც საკმარისი იყო მათზე წარმოდგენის შესაქმნელად და პასუხის გასაცემად. მე უკვე ვთქვი კატეგორიული უარი მათთან თანამშრომლობაზე და ამ აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.
– ბატონო პავლე, თქვენ თვითონ არ ამბობდით, ანტიონკოლოგინი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო და თუკი პრეპარატს მასობრივ წარმოებაში არ გაუშვებთ, როგორ განიკურნებიან ავადმყოფები? თქვენი ძალებით მასობრივ წარმოებას ვერ შეძლებთ. კუსტარულად, ოთხი ექსპერიმენტული ნიმუში დაამზადეთ. თითოეული ორი ათასი ევრო დაგიჯდათ და ბინა ბანკში ჩადეთ. „საქს ენდა ონკოფარმა ინდასტრის“ კი მაღალტექნოლოგიური წარმოება აქვს და კიბოს წამალს იმდენს და ისეთ ფასებში გამოუშვებს, რომ ყველა დაავადებულისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
– გამორიცხულია, – თავი გააქნია პროფესორმა.
– რატომ? – ვერ მიხვდა ჯაში.
– როგორ ფიქრობ, როდესაც წამლის ლიცენზიაში ას მილიონ ევროს გთავაზობენ, ის კორპორაცია იაფად გაყიდის წამალს?
– ას მილიონ ევროს? – თქვა თვალებგაფართოებულმა ჯაშმა.
– კი. ასი მილიონი ევრო შემომთავაზეს ანტიონკოლოგინში, მაგრამ არ დავთანხმდი, – დაუდასტურა გოკიელმა ჯაშს.
თემურმა იფიქრა, პროფესორს, ალბათ, თანხა ეცოტავაო. გაიცინა და უთხრა:
– სიმართლე გითხრათ, მე ორმოცდაათ მილიონადაც გავყიდდი. მაგრამ, თუკი ასი მილიონი გეცოტავათ, ვფიქრობ, ახლა მეტსაც გადაგიხდიან და შეგიძლიათ, შეევაჭროთ.
– ეჰ, თემურ, თემურ... ამდენი ხანია, ჩემთან მუშაობ და მაინც ვერ გაგიგია, თუ რა კაცი ვარ, – თქვა გოკიელმა და თავი გააქნია, – მე მეცნიერი, ექიმი ვარ და არა ვაჭარი. მე მათი კაპიკი არ მინდა და მზად ვარ, უფასოდ ან ძალიან მიზერულ ფასებში დავაწყებინო ანტიონკოლოგინის წარმოება, მაგრამ იმ გარანტიით, რომ კიბოს წამალი აბსოლუტურად ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი. მათ კი ეს არ ისურვეს. ამიტომაც ვტკიცე უარი და წამოვედი. იმათმა კი, შენი თავი მომიგზავნეს და მკერავ, მაგრამ არაფერი გამოგივა, წამლის ლიცენზიას ვერ მიიღებენ.
თემურ ჯაში გულწრფელად გაკვირვებული იყო და პროფესორს უთხრა:
– ბატონო პავლე, წამლის გამოშვებას ხომ თავისი ხარჯი აქვს და უფასოდ ან თუნდაც მიზერულ ფასში რომ გაყიდონ ანტიონკოლოგინი, იზარალებენ. ამიტომაც არ მიიღეს, ალბათ, თქვენი წინადადება.
– არაფერსაც არ იზარალებენ და ორჯერ მეტსაც მოიგებენ, ვიდრე ახლა, თავიანთი ძვირად ღირებული პრევენციული პრეპარატების გაყიდვისგან იღებენ, რომლებიც მართალია, ცოტა ხნით აჩერებენ კიბოს პროცესს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ლეტალური შედეგით მთავრდება ყველაფერი. ანუ, ავადმყოფები მხოლოდ და მხოლოდ იმაში იხდიან ფულს, რომ სიცოცხლე მაქსიმუმ ერთი წლით გაიხანგრძლივონ. ჩემი ანტიონკოლოგინი კი კიბოს პანაცეაა. ყველა სახის სიმსივნეს ნებისმიერ სტადიაზე აქრობს და ყველა კიბოიანისთვის საკმაო რაოდენობა რომ გამოუშვა, ამისთვის „საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრის“ წარმოების სიმძლავრე სულ რაღაც ორ თვეში დაძლევს. გესმის შენ – ორ თვეში... ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ყველა დაავადებულის მორჩენაა შესაძლებელი, ვისაც ამ მომენტისთვის კიბო სჭირს. ეს სამედიცინო-მორალური მომენტია. ხოლო, რაც შეეხება წმინდა კომერციულ მომენტს, თუკი კორპორაცია ჩემს წინადადებას დასთანხმდებოდა, ისინი ორ, მასქიმუმ, სამ თვეში იმაზე ორჯერ მეტ მოგებას მიიღებდნენ, ვიდრე იღებდნენ სამი წლის განმავლობაში. თანხებში რომ გადავიყვანოთ, ეს რიცხვი ბევრ ათეულ მილიარდს გაუტოლდება.
– მერე, რატომ არ დაულაგეთ მათ ეს რიცხვები? – თქვა ჯაშმა.
– მათ ეს ჩემზე კარგად იციან და დარწმუნებული ვარ, ჩემთან საუბრამდე სწორედ ამ კუთხით იყვნენ კარგად მომზადებულები. უარი კი იმიტომ თქვეს ჩემს წინადადებაზე, რომ ორჯერ და სამჯერ მეტი მოგება სურთ, ვიდრე მე რომ გითხარი. „საქსის” კორპორაცია, პირველ ყოვლისა, ფულის საჭრელი დაწესებულებაა და კიბოს პრევენცია მათთვის არააქტუალურია. პირიქით, რაც უფრო მეტი კიბოიანი იქნება დედამიწაზე, მით უფრო მეტ წამალს გაყიდიან და მეტ ფულს იშოვიან. ახლა კი, რაც შეეხება ორჯერ და სამჯერ მეტი ფულის შოვნას. დავუშვათ, მე მათ 100 მილიონ ევროდ მივყიდე ლიცენზია. შენ ფიქრობ, რომ ისინი ძალიან ბევრ წამალს დაამზადებენ? სულაც არა. ისინი დაამზადებენ მცირე რაოდენობას და გაყიდიან ასტრონომიულ ფასებში. პარალელურად კი, უკვე დამზადებული, ეგრეთ წოდებული კიბოს პრევენციული წამლების „ამოყიდვას“ განახორციელებენ. აქედანაც მიიღებენ შემოსავალს და იქიდანაც. ანტიონკოლოგინის ფასს კი არავითარ შემთხვევაში არ დაწევენ. რა, სულელები არიან, რომ პანაცეას ფასი დაუკლონ... იმდენ მოგებას მიიღებენ და ისეთი ბიუჯეტი ექნებათ, როგორიც ალბათ ბევრ ძლიერ სახელმწიფოს არ აქვს. აი, რატომ არ შეიძლება მათთვის ლიცენზიის მიყიდვა. მით უმეტეს, წამლის ფორმულის გამხელა და სწორედ კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე, იხდის „საქსი” ას მილიონ ევროს. დარწმუნებული ვარ, ორასსაც გადაიხდის....
გაგრძელება შემდეგ ნომერში