ინტიმური საუბრები
ადამიანი თვითონ
ჭედავს საკუთარ ბედს
არავინ თქვას, ბედი მქონია ან ბედი არ მქონიაო. წლების განმავლობაში მეც მეგონა, ბედი შუბლზე აწერია ადამიანს და, როგორც არ უნდა ეცადოს, თავის ბედისწერას ვერ შეცვლის-მეთქი, მაგრამ ასე არ ყოფილა და ამაში საკუთარი მაგალითით (თანაც არაერთით) დავრწმუნდი. შეიძლება, ასეთი რამ ბევრს გადახდენია თავს, მაგრამ ყველაფერი ბედისწერისთვის დაუბრალებია. მე კი ვამბობ, რომ თითოეული ადამიანი თვითონ ჭედავს საკუთარ ბედს. კი ვაღიარებ, რომ რაღაც „მინიშნებები“ და „გეზის მიცემები“ არსებობს, ხანდახან ერთმანეთის საპირისპირო ან ერთმანეთის გამომრიცხავი, მაგრამ, პირადად შენზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებ. თუ სწორი არჩევანი გააკეთე, იტყვიან – გაუმართლაო; თუ არასწორი – არ გაუმართლაო; იმას კი არავინ იტყვის, რომ შენ გათვალე სწორად, იმიტომ, რომ ხარ ჭკვიანი, გონიერი, შორსმჭვრეტელი და ასე შემდეგ.
ისიც გამიგონია ხანდახან – ბედი კარზე მისდგომია, ამ სულელს კი თვალი აება და ვერ დაინახაო.
არ ვიცი, ვინ რას და როგორ იტყვის, მაგრამ მე ორჯერ დავუშვი დიდი შეცდომა და ორივეჯერ მაშინ, როცა ჩემი ცხოვრების უმთავრესი არჩევანი უნდა გამეკეთებინა: ერთი იყო ცხოვრების თანამგზავრის არჩევა, მეორე კი – პროფესიის არჩევა და ორივეჯერ არასწორი ნაბიჯი გადავდგი, რადგან ორივეჯერ მხოლოდ გულის კარნახით ვმოქმედებდი. უფრო კონკრეტული რომ ვიყო, გეტყვით, რომ ორ ბიჭს ვუყვარდი, რომელთაგან ერთი შეძლებული ოჯახის შვილი იყო, თვითონაც წარმატებული, ლაღი, თამამი; მეორე კი, ჩემი თანაკლასელი, გაყრილი მშობლების შვილი, რომელსაც მამა ბავშვობის შემდეგ არ ჰყავდა ნანახი, დედას კი მისთვის თითქმის არ ეცალა, რატომ და რისთვის – არ ვიცი; შეიძლება იმიტომ, რომ ბევრს მუშაობდა – ოჯახი ხომ უნდა ერჩინა? ისინი ჩვენს მეზობლად ცხოვრობდნენ, დედაჩემს ებრალებოდა ავთო და ხშირად ამოჰყავდა ხოლმე სახლში, ხან სადილად, ხან ვახშმად. ტანსაცმელსაც ყიდულობდა მისთვის, სკოლის ნივთებსაც. მამაჩემიც აქცევდა ყურადღებას – გზას არ ასცდესო, ჰოდა, შემეჩვია, შევუყვარდი და აჩრდილივით დამდევდა უკან, ყურმოჭრილი მონასავით იყო. მერე დედამისი გათხოვდა და ავთო სულ მთლად მარტო რომ დარჩა, ისეთი საბრალო იყო, შემეცოდა და გავყევი ცოლად, მაგრამ ერთ წელიწადში თავ-ბედი ვიწყევლე, ისეთი საშინელი და გაბოროტებული ადამიანი შემრჩა ხელში. ბოლოს, ცხადია, დავშორდით, მაგრამ არც მერე მანებებდა თავს და სიცოცხლეს მიმწარებდა. ბოლოს გალოთდა და სადღაც წავიდა, მგონი – რუსეთში.
რაც შეეხება პროფესიას, სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელსვე მოვეწყვე სამედიცინოზე, მაგრამ ავთომ უფლება არ მომცა, ლექციებზე მევლო და მეც დავანებე თავი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე. მერე, სულ ისე რომ არ დავრჩენილიყავი, ტექნიკუმში ჩავაბარე და ბოლოს რაიონის ბიბლიოთეკაში დავიწყე მუშაობა. იმ მეორე ბიჭმა კი, მე რომ ვუყვარდი, ძალიან კარგი გოგო შეირთო ცოლად და უკვე დიდი შვილები ჰყავთ, მე კი ჩავბერდი უშვილოდ, უბრალო ბიბლიოთეკარად და ცხოვრებაში არანაირი მიზანი არ გამაჩნია.
ახლა გეკითხებით, ბედს დავაბრალო ეს ყველაფერი თუ საკუთარ თავს?
ლია, 53 წლის.