კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იდეალური მკვლელობა

უორენ კატელტონი თავისი პაწაწინა ბინიდან გამოვიდა და ბროდვეის გაუყვა. იმ კაფეში შევიდა, სადაც ყოველთვის შედიოდა ხოლმე და ყავა მოითხოვა. სანამ მოუტანდნენ, დილის გაზეთებში კრიმინალურ ქრონიკას დაუწყო ფურცვლა. მალევე იპოვა, რასაც ეძებდა: მესამე გვერდზე დაბეჭდილი იყო სტატია ქალზე, რომელიც მოკლეს. უორენმა ეს სტატია ყურადღებით წაიკითხა: მარგარეტ ესტვიკი ცენტრალურ პარკში მოკლეს, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. ღამის მორიგეობის შემდეგ მან პარკზე გამოიარა და ვიღაც ზურგიდან მივარდა... უორენი დიდხანს აკვირდებოდა მის ფოტოს, მერე ყავა დალია და პოლიციაში წავიდა. გზაში ფიქრობდა, მაინც რატომ კლავენ ადამიანებიო... აქამდე პოლიციის განყოფილებაში არასდროს ყოფილა. მორიგეს უთხრა, რომ იმ დეტექტივების ნახვა უნდოდა, რომლებიც პარკში მოკლული ქალის საქმეს იძიებდნენ.
– ინფორმაცია გაქვთ? – ჰკითხა მორიგემ.
– დიახ, თანაც მნიშვნელოვანი. აღიარება უნდა გავაკეთო.
მორიგემ გაოცებით შეხედა, მაგრამ დეტექტივს მაინც დაუძახა.
– აბა, გისმენთ. რა მოხდა? – ჰკითხა დეტექტივმა.
– ის ქალი, პარკში, მე მოვკალი.
დეტექტივმა და სერჟანტმა ერთმანეთს გადახედეს, მერე ოურენი სხვა ოთახში გაიყვანეს. იქ კატელტონი შეკითხვების ქარცეცხლში მოექცა. ყვებოდა ყველაფერს, ნელა, სვენებ-სვენებით.  რამდენჯერმე წყალიც მოითხოვა.
– სად იყიდეთ დანა?
– მაღაზიაში.
– კონკრეტულად?
– სადღაც, კოლუმბუს ავენიუზე.
– რატომ გააკეთეთ ეს?
– არ ვიცი.
– მაინცდამაინც ეს ქალი რატომ მოკალით?
– რა მნიშვნელობა ჰქონდა... ვინც ხელში მომყვა, ის მოვკალი.
– დანა სად წაიღეთ?
– მგონი, გადავაგდე... ჰო, გადავაგდე.
– კეტელტონ, სად არის ის ტანსაცმელი, რომელიც იმ ღამეს გეცვათ?
– ტანსაცმელიც გადავყარე.
 დეტექტივმა ამოიოხრა და რამდენიმე საათით ოთახიდან გავიდა. უორენი იჯდა და ჭერს მიშტერებოდა. დეტექტივი დაბრუნდა. კატელტონთან მივიდა და მის წინ დადგა.
– თქვენ არ მოგიკლავთ ის ქალი, უორენ, რატომ ამბობთ, რომ მოკალით?
უორენმა ამოიოხრა:
– იმიტომ, რომ მოვკალი.
– ტყუილია. ახლახან დავაკავეთ ორი თინეიჯერი, რომლებმაც საწყალი ქალი მოკლეს. დანაც ნაპოვნია და მის ტარზეც ამ ბიჭების თითების ანაბეჭდებია. შეგიძლიათ, წახვიდეთ. მეორედ ასე აღარ იხუმროთ, არ გირჩევთ!
– არ ვხუმრობ.
– გეყოფათ, უორენ, წადით, თქვენთვის არ გვცალია!
მეორედ უორენ კატელტონი პოლიციის განყოფილებაში ხუთი თვის შემდეგ გამოჩნდა – წინა დღეს ისევ მოკლეს ქალი და უორენიც მკვლელობის აღიარებისთვის გამოცხადდა.  დეტექტივი სხვა იყო, მაგრამ სერჟანტმა იცნო და დეტექტივს რაღაც გადაუჩურჩულა.
– კატელტონ, სად არის ის ტანსაცმელი, რომელიც მკვლელობის დღეს გეცვათ?
– დავწვი... ნაგვის დასაწვავ ღუმელში.
– სად ნახეთ ეს ღუმელი? სახლში ნაგვის დასაწვავი ურნები დამონტაჟებული არ არის.
– ჩემს სახლში არ არის, მაგრამ სადღაც, სხვა სახლში ნამდვილად არის.
დეტექტივებმა უთხრეს უორენს, რომ წელს ზემოთ გაეხადა და ყურადღებით დაუთვალიერეს ხელები, მკლავები და ზურგი.
– ერთი ნაკაწრიც კი არა აქვს, არადა, ქალი იკაწრებოდა – მას ფრჩხილებქვეშ საკმაოდ ბევრი ბიოლოგიური მასალა აღმოაჩნდა. ისევ გვატყუებ, კატელტონ...
– არა, არ გატყუებთ. რატომ არ მიჯერებთ?
პოლიციელებმა უორენი მეორე ოთახში გაიყვანეს, ანაბეჭდები აუღეს, ფოტოები გადაუღეს და დილამდე განყოფილებაში გააჩერეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. დილით მასთან დეტექტივი რუკერი შევიდა:
– ისევ მოგვატყუეთ. თქვენ ის ქალი არ მოგიკლავთ. ჯერ ერთი, სერიოზული ალიბი გაქვთ, რომელზეც სიტყვა არ დაგცდენიათ – მკვლელობის ღამეს ორსერიიან ფილმს უყურებდით კინოთეატრ „ლოუვში“. ბილეთების გამყიდველმა ამოგიცნოთ – ფოტო ვუჩვენეთ და მაშინვე თქვა, რომ თქვენ იქ ხშირად დადიხართ. კიდევ არის ორი მოწმის ჩვენება, რომ თქვენ კინოთეატრიდან პირდაპირ სახლში დაბრუნდით. რამ გაიძულათ, რომ მკვლელობას იბრალებთ.
– არ ვტყუი...
 – გეყოფათ, თორემ, ტყუილის თქმისთვის დაგაპატიმრებთ. ნამდვილი მკვლელის ძებნაში ხელს გვიშლით.
... როცა დანა ქალს მკერდში ჩაურჭო, ენით აუწერელი ნეტარება იგრძნო. რამდენ ხანს მიდიოდა ამისკენ, თანაც, როგორი დაჟინებით...
დილით ადრე უორენ კატელტონი ჩვეულებისამებრ გაემართა თავის საყვარელ კაფეში, ყავა დალია და დილის გაზეთები გადაათვალიერა. კრიმინალური ქრონიკა უკვე იუწყებოდა ვინმე მარჯორი სტარკის სადისტურ მკვლელობას. უორენმა კმაყოფილებით გაიცინა... ახლა უკვე შეიძლებოდა პოლიციის განყოფილებაში მისვლა.
მორიგე სერჟანტმა უორენ კატელტონის დანახვაზე  უკმაყოფილო გამომეტყველებით შეაღო დეტექტივების ოთახის კარი:
– რუკერ, ისევ ის გიჟი მოვიდა. ეტყობა, გუშინდელი მკვლელობა უნდა აღიაროს.
– ეს უკვე სასაცილოც აღარ არის! – წარბი შეიკრა დეტექტივმა.
– შეფ! იქნებ ფსიქიატრი მოგვეწვია? აბა, რა ვუყოთ?
– არ ვიცი, არ ვიცი... პრობლემა ისაა, რომ თავად სჯერა, მკვლელი ვარო. რომ სთხოვო, მოგიყვება, როგორ დაჩეხა დანით ქალი, მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მკვლელი არ არის. როგორმე თავიდან უნდა მოვიშოროთ. დაუძახე...
რუკერმა სიბრალულით შეათვალიერა  უორენი და შესთავაზა, დამჯდარიყო.
– შეგიძლიათ, მითხრათ, რამდენი იქნება ოთხს რომ სამი მივუმატოთ?
– რა თქმა უნდა, ცხრა.
– კარგი... შესანიშნავია, მაგრამ, მისტერ, თქვენ ჩვენ ოქროს დროს გვაკარგვინებთ. წადით სახლში. თუ ჩვენ გადავწყვეტთ, რომ დამნაშავე ხართ, ვიცით, როგორც უნდა მოგძებნოთ.
უორენი სახლში დაბრუნდა. სისხლიანი ტანსაცმელი და დანა ფუთაში გამოკრა, მანამდე კი დანის ტარი საგულდაგულოდ გაწმინდა სველი ხელსახოცით. შემდეგ ფუთა აიღო და გარაჟში ჩავიდა, სადაც მისი მანქანა იდგა, რომელსაც იშვიათად იყენებდა. ერთი საათის შემდეგ უკვე დანიშნულების ადგილზე იყო – რამდენიმე წლის წინ სწორედ ამ ნაგვის გადასამუშავებელ ქარხანაში მუშაობდა. დაღამებას დაელოდა, შემდეგ ღობეზე გადაძვრა და ფუთა ღუმელში შეაგდო – ახლა უკვე შეეძლო, თავისი ტრიუმფით დამტკბარიყო. უფრო იდეალურ ალიბის ვერავინ მოიფიქრებდა. ადამიანის მოკვლის მწველი სურვილიც დაკმაყოფილებული ჰქონდა...

скачать dle 11.3