თუ გსურთ, ჯანმრთელობა დიდხანს შეინარჩუნოთ, შეიყვარეთ მწვანილი
სასიამოვნო და სპეციფიკური გემო და არომატი მწვანილის ერთადერთი ღირსება როდია. ყოველივე ამასთან ერთად, ის ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
ქინძი მდიდარია B1, B2, C და P ვიტამინებითა და კაროტინით. ეს მწვანილი საჭმლის მონელების პროცესს აუმჯობესებს. ქინძი აძლიერებს მადას, აწესრიგებს ძილს, აქვეითებს სისხლის წნევას, აქვს შარდმდენი და ორგანიზმის მომაძლიერებელი ეფექტი.
ოხრახუში აღძრავს მადას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. კალციუმი, რკინა და ფოსფორი მის ფოთლებში გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა ბოსტნეულში. გარდა ამისა, ის C ვიტამინის უხვი შემცველობით გამოირჩევა. ასკორბინის მჟავა მასში სამჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში. ოხრახუში კალიუმსა და ნატრიუმსაც შეიცავს, ამიტომ განსაკუთრებით მათთვისაა სასარგებლო, ვისაც გულის, თირკმელების, შარდის ბუშტის პათოლოგიები აწუხებს. ბოლო კვლევების საფუძველზე კი მეცნიერებმა მასში მამაკაცის ერექციის გამახანგრძლივებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს.
კამა C ვიტამინს, კალიუმსა და საკმაოდ ბევრ რკინას შეიცავს, ამიტომ ძალიან კარგია ანემიის დროს. ის სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის სხვადასხვა დარღვევისას. ასევე, კამას იყენებენ გულის რიტმის დარღვევის დროს; ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ და ათეროსკლეროზული პროცესების შესაფერხებლად.
მჟაუნას ფოთლები მდიდარია ვიტამინებით. განსაკუთრებით ბევრია C ვიტამინი. მინერალური ნივთიერებებიდან კი – რკინა და კალიუმი. ხალხური მედიცინა მჟაუნას ქორფა ფოთლებს უძველესი დროიდან იყენებს – ძველად მის ფოთლებს სისხლდენის შესაჩერებლად ჭრილობებზე აფენდნენ. მჟაუნას წვენი ნაღველმდენი და ანტისეპტიკური მოქმედებით გამოირჩევა. თუ თირკმლის რომელიმე პათოლოგია გაწუხებთ, მჟაუნა შედარებით ნაკლები მიირთვით.
რეჰანი აძლიერებს ვნებას, შეიცავს P ვიტამინსა და A პროვიტამინს. რეჰანს ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ხსნის თავის ტკივილს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, შველის უძილობას.
მსხლის სასარგებლო თვისებები
ზაფხული განსაკუთრებით მდიდარია ხილით. ეს ის დროა, როცა ადამიანმა ორგანიზმი მაქსიმალურად უნდა გამოკვებოს ბუნებრივი ვიტამინებითა და მინერალებით.
მსხალში ბევრია შაქარი, ორგანული მჟავები, ფერმენტები, უჯრედისი, C, B1, P, PP ვიტამინები, A პროვიტამინი, მიკროელემენტები, იოდი და ნახშირწყლები.
მსხალი ხშირად უნდა მიირთვათ, მაგრამ, სწორად, ანუ, არ ჭამოთ ის უზმოზე და არ დააყოლოთ წყალი.
მსხლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემა აქვს. კარგია „მსხლის დღის” მოწყობა კვირაში ორჯერ – ამ დღეებში 2 კილოგრამი მსხალი უნდა მიირთვათ.
მსხლის ჭამა კარგია მაღალი სიცხის დროს; ასევე, მსხალი ფილტვების საუკეთესო წამალია. ის შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს - არბუტინს, რომელიც მის წვენს ანტიბაქტერიულ თვისებებს ანიჭებს. მსხალი სასარგებლოა არითმიის დროსაც – ის არეგულირებს გულისცემას, რადგან დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს.
მოხარშული და შემწვარი მსხალი ხველების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. დამტკიცდა ისიც, რომ მსხალი ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს. ასეთ შემთხვევაში, ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, ერთი ცალი საშუალო ზომის მსხალი უნდა მიირთვათ.
ჯანსაღი კვებით გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის შემცირებაა შესაძლებელი
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს ჯანსაღი კვება, წონის კონტროლთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მკურნალობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ჯანსაღი კვების წყალობით, შესაძლებელია გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკის დაახლოებით 80 პროცენტით შემცირება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას აუცილებელი საკვებია:
*ჯანსაღი ცხიმები – თხილეულში არსებული, ზეითუნის, ავოკადოს სელის ზეთი, თევზის ქონი. ამ პროდუქტებში უხვადაა უჯერი ცხიმები. ისინი აუცილებელია როგორც გულის, ასევე საღი გონებისთვის. მონო და პოლიუჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები აუმჯობესებს ქოლესტერინის ცვლას და ამცირებს გულის დაავადებათა რისკს.
*ხილი და ბოსტნეული.
*ბოჭკო – პური, პურეული და მაკარონი, დამზადებული მთლიანი მარცვლეულისგან.
*ომეგა 3 და ცილა – თევზი, მოლუსკები, შინაური ფრინველი, სელის თესლი, კომბოსტო, ისპანახი.
*კალციუმი და ცილა – კვერცხის ცილა, ყველი, ნაკლებად ტკბილი იოგურტი, რძე.
ნაკლებად უნდა მიიღოთ:
*ტრანსცხიმები ნაწილობრივ ჰიდროგენიზებული ან ზეთში შემწვარი საკვებიდან; ნაჯერი ცხიმები შემწვარი და სწრაფი კვების ობიექტების საკვებიდან. ცნობილია, რომ ტრანსცხიმები ხელს უწყობს „ცუდი” ქოლესტერინის მატებას და ამცირებს „კარგ” ქოლესტეროლს. ტრანსცხიმებით მდიდარია მზა ორცხობილები, კრეკერები, მაფინები, კექსები, პიცის ცომი, ჰამბურგერები, ჩიფსები, მარგარინი, კექსების, ნამცხვრების, ბლითების მოსამზადებელი ფხვნილები; ასევე, ყველა საკვები, რომელზეც მითითებულია, რომ შეიცავს ნაწილობრივ ჰიდროგენიზებულ ცხიმს.
*კონსერვირებული საკვები, განსაკუთრებით – ნატრიუმით (სუფრის მარილით), სოდითა და შაქრით მდიდარი.
*თეთრი პური, ტკბილი ბურბუშელა, მაღალი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი, თეთრი ბრინჯი.
*ძეხვეული, შემწვარი ხორცი.
*ზედმეტად ტკბილი რძის პროდუქტი და ცხიმიანი ყველი.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს რეკომენდებული დიეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კვების რაციონში მარილის შემცირება. დღე-ღამის განმავლობაში საკვებზე დამატებული მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 ჩაის კოვზს; ასევე, შეამცირეთ კონსერვირებული, შებოლილი საკვები. მარილზე მოთხოვნილების შესამცირებლად უფრო მეტად გამოიყენეთ სუნელები და სანელებლები.
რა იწვევს ახალგაზრდა მამაკაცებში ქრონიკულ პროსტატიტს
ქრონიკული პროსტატიტი წინამდებარე ჯირკვლის ანთებაა. ამით არა მხოლოდ ასაკში შესული მამაკაცები, არამედ ხშირად ახალგაზრდებიც ავადდებიან. ქრონიკულ პროსტატიტს იწვევს ბაქტერიული ინფექცია, რომელიც საშარდე არხით, სისხლით ან ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ანთებითი კერიდან, ლიმფოგენური გზით ხვდება წინამდებარე ჯირკვლებში. პროსტატიტით დაავადებულები უჩივიან ტკივილის შეგრძნებას საზარდულის და შორისის არეში, რომელიც გადაეცემა გარე სასქესო ორგანოებს და გავა-წელის არეს. ინფექციის დროს ძნელდება შარდვის პროცესი. შესაძლებელია ავადმყოფობის გართულება – იმატებს ტკივილი, ტემპერატურა, ავადმყოფი უჩივის ქრონიკულ უძილობას.
ამ დროს კატეგორიულად იკრძალება თვითმკურნალობა, რადგან არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადების გამომწვევი მიკრობი კი არ მოისპოს, არამედ სახე იცვალოს. ეს კი, შემდგომში მეტ გართულებას იწვევს. ქრონიკულ პროსტატიტს ინფექცია იწვევს და შეიძლება ორგანიზმში სქესობრივი გზითაც მოხვდეს. ამიტომ, აუცილებელია ამ დროს და ზოგადად, პირადი ჰიგიენის დაცვა.
ქრონიკული პროსტატიტის დროს დაუშვებელია გაციება, ზედმეტად გადახურება ან გადაციება. არასრული შარდვის შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურეტეროჰიდრონეფროზი და მოხდეს არა მხოლოდ შარდის ბუშტის დაჭიმვა, არამედ ზედა საშარდე გზების დაჭიმვაც. ეს თავის მხრივ გამოიწვევს თირკმელების პროგრესირებად და ქრონიკულ უკმარისობას. შესაძლოა, განვითარდეს სქესობრივი პოტენციის დაქვეითება და დარღვევა.
ქრონიკული პროსტატიტით დაავადებულ ადამიანებს მკვეთრად ერღვევათ წინამდებარე ჯირკვლის ინკრეტორული და ექსკრეტორული ფუნქცია, რაც სქესობრივი უძლურების, უშვილობის, ნაადრევი ერექციისა და სხვა დაავადებების მიზეზი ხდება. ამიტომ, აუცილებელია პროსტატიტის დროული გამოვლინება და სავალალო შედეგამდე სწორი და დროული მკურნალობის კურსის ჩატარება.
დაავადების გამწვავების შემთხვევაში, საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მწარე, მლაშე და დაკონსერვებული საკვები. ასეთ საკვებში შემავალი კომპონენტების გადამუშავების შემდეგ ორგანიზმი შარდში გამოყოფს ისეთ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება, გააძლიეროს წინამდებარე ჯირკვლის ანთებითი პროცესი. არ შეიძლება ალკოჰოლიანი სასმელების დალევა, რადგან ალკოჰოლი ხელს უწყობს მცირე მენჯის არეში დაფარული, შენელებული პროცესების გააქტიურებას და ქმნის მათი განვითარებისთვის სასურველ ნიადაგს. თუ თქვენს ორგანიზმს არ აქვს მიდრეკილება შეშუპებისადმი, ეცადეთ, მიიღოთ მეტი რაოდენობით სითხე. განსაკუთრებით სასარგებლოა სამკურნალო ნაყენების სმა, კერძოდ, მრავალძარღვას ნახარში.
ანემიის დროს უებარია გარგარი, ატამი კი იმუნიტეტეს აძლიერებს
გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს, კერძოდ: გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, ორგანულ მჟავებს, კალიუმის, კალციუმის, რკინისა და ფოსფორის მინერალებს; ასევე, მარილებს, A, B, C, PP და სხვა ჯგუფის ვიტამინებს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამიტომ გარგარს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი სახით მისი კანიანად ჭამა.
გარგარის ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, ჩირს. სამზარეულოში პოპულარულია გარგარის ჩირით შეკაზმული კერძები. გარგარის გემო უხდება ინდაურის, იხვის, ცხვრისა და ღორის ხორცს. გარგარის ჩირი სისხლის აღმდგენი შესანიშავი საშუალებაა. ის ნიგოზთან, ქიშმიშსა და თაფლთან ერთად შეუცვლელი წამალია ანემიის დროს.
ატამიც სასარგებლო ხილია. თუ ზამთარში ადვილად ცივდებით, ზაფხულში ბევრი ატამი უნდა მიირთვათ, რადგან ეს ხილი იმუნიტეტს აძლიერებს.
ატამი შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე, სადილსა თუ ვახშამზე, ოღონდ, თუ კუჭი არ გაწუხებთ. ატამს იმ შემთხვევაშიც უნდა ერიდოთ, თუ ჭარბ წონას უჩივით.
ატამი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ მოქმედებას, აადვილებს ნოყიერი საკვების მონელებას. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. თუ ჭარბ წონას უჩივით ან შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, ატმის კომპოტი უშაქროდ უნდა მოამზადოთ და ისე სვათ.