როგორ გააქრო „კაგებემ” ვახტანგ ჭაბუკიანის შვილობილი, პრიმა ბალერინა ეთერ ჭაბუკიანი
ვახტანგ ჭაბუკიანზე ბევრი დაწერილა, მასზე ბევრი ჭორ-მართალი გვსმენია. ასეა თუ ისე, მის პიროვნებაზე გაგონილი თუ დაწერილი ყოველი ამბავი დღემდე დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. მაინც, ვინ იყო ვახტანგ ჭაბუკიანი, როგორი იყო მისი ყოფა სცენის მიღმა – ამის გასარკვევად ის ადამიანები გვიამბობენ, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა. მუსიკათმცოდნე ბარამ ბარამიძე, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანთან 12 წლის შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა და მისი სიძე – შვილობილის, მშვენიერი პრიმა ბალერინას ეთერ ჭაბუკიანის მეუღლე – გურამ ჭიკაძე. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეთერ ჭაბუკიანი 1968 წლის 11 აპრილს, 37 წლის ასაკში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. 24 წლის შემდეგ კი, 11 აპრილს, ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა. მოკლედ, არ გამოტოვოთ – ეს მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბალერონის ძალიან საინტერესო დღიურებია.
ბარამ ბარამიძე: „ვახტანგი თეატრიდან 1976 წელს გაათავისუფლეს. ცნობილმა ჟურნალისტმა და „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარმა რედაქტორმა ოთარ ეგაძემ გააკრიტიკა თავის ჟურნალში. მაშინ ცეკას პირველი მდივანი იყო ედუარდ შევარდნაძე, კულტურის მინისტრი კი – კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი. როგორც ჩანს, მოხდა შეჯახება: თითქოსდა მისი ხელოვნება დროის ფაქტორში აღარ ეწერებოდა და ეს, პრინციპში, სიმართლეც იყო. მაშინ ითქვა, რომ დრამატული ბალეტის ეპოქა ევროპამ დიდი ხანია, უკან ჩამოიტოვა, საჭირო იყო რაღაც ახალი. მოგეხსენებათ, ვახტანგი 1954 წელს ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი და სამხატრო ხელმძღვანელი იყო. სასწავლებელში დაურეკავთ და უთქვამთ, ვახტანგი თეატრიდან გაათავისუფლესო. არ იცოდნენ, როგორ ეთქვათ მისთვის – ეშინოდათ გული არ გასკდომოდა. სახლში მივიდნენ და უთხრეს. იმ დროს თურმე პირს იპარსავდა და საპარსი ხელიდან გაუვარდა. სამი დღე სახლში ჩაიკეტა, არავის იღებდა. გავიდა რაღაც დრო და ვახტანგი შევარდნაძემ დაიბარა, დააწყნარა, დაამშვიდა – სანერვიულო აქ არაფერიაო. მიუხედავად ამისა, თეატრში მაინც არ დააბრუნეს. განრისხებული წავიდა კიევში გარკვეული დროით. ბევრი ამბობდა, რომ საჭირო იყო მისი საბალეტო სამყაროდან წასვლა, რადგან ეს კაცი ძველ ტრადიციებზე იდგა და ახალს არაფერს ქმნიდა; რომ მან ვერაფერი შეძლო; რომ „ოტელოც“ და „გორდაც“ თურმე უკუსვლა იყო და არა ცოცხალი შემოქმედება, თუმცა მე პირადად ჭაბუკიანის გვერდით სხვა ბალეტმაისტერს ვერ ვხედავდი. მთელი საბალეტო სამყაროსთვის საშინელება იყო ვახტანგის ხელყოფა, მაგრამ თაქთაქიშვილი დიდი პიროვნება იყო, საღად და პროგრესულად მოაზროვნე. მას პირადული უთანხმოებები ჰქონდა ვახტანგთან, რადგან მათი თანაავტორობა ბალეტში არ შედგა. ვახტანგი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდა მის მუსიკაზე სპექტაკლის დადგმას; ბალეტი მაჭავარიანისა და ბალანჩივაძის მუსიკაზე დადგა და არა თაქთაქიშვილის. ვახტანგი დიდი დროის განმავლობაში ლენინგრადში მოღვწეობდა. მთელი ამერიკა მოიარა, აღმერთებდნენ. ბალეტმაისტერობის ნიჭს მისი ბუნება გონებასა და სხეულში ატარებდა. მას არ ჰქონდა დამთავრებული ბალეტმაისტერის კურსები.
ლენინგრადიდან რომ დაბრუნდა, ხელში ჯოხი ეკავა – ეს იყო მენჯ-ბარძაყის პროფესიული დაავადება. ძვლებში ტკივილებს გრძნობდა. უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვა ჰქონდა – 52 წლის იყო და ოტელოს პარტიას ცეკვავდა. სცენაზე ყოველი გასვლის წინ ნოვოკაინს უკეთებდნენ.
ადამ და ევადან მოყოლებული, რას არ ლაპარაკობდნენ: ადამიანი თავისუფალია, თავისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარე, როგორ გზასაც უნდა ისეთს აირჩევს, ნებისმიერ სექსუალურ მიმართულებას. მე პირადად მისთვის არაფერი ისეთი არ შემიმჩნევია. სცენის მიღმა, მის პირად ცხოვრებაში რა ხდებოდა, არავინ იცის და ძნელიც არის ამის მტკიცება. სიმართლე გითხრათ, არც დავინტერესებულვარ ამით არასოდეს.“
გურამ ჭიკაძე: „ვახტანგს საერთოდ არავინ უნდოდა სიძედ, არ ფიქრობდა ეთერის გათხოვებაზე. დიდი ამბითა და მორიდებით მივედით მასთან მე და ჩემი მეგობარი რეზიკო თარხან-მოურავი თან ვახტანგის მეორე დისშვილი, თენგიზ რუხაძეც გვახლდა. ძალიან მოკრძალებული ნიშნობა გვქონდა. ლიკანში ერთი კვირა ვიყავით. იქიდან რომ ჩამოვედით, ლაპარაკი იყო იმაზე, თუ სად უნდა გვეცხოვრა. ვახტანგი გვეუბნებოდა, სად უნდა წახვიდეთ, ჩემთან იყავითო. მე დედისერთა ვარ, მთაწმინდელი. როგორ, დედა მივატოვო და თქვენ ჩაგესიძოთ? ასე არ გამოვა-მეთქი. ხან თქვენთან ვიქნებით, ხან ჩემთან, სანამ ბინას მივიღებთ-მეთქი. რა ბინა, რის ბინა, ეს სახლი თქვენიაო. უზარმაზარი ბინა ჰქონდათ. მოგეხსენებათ, ვახტანგ ჭაბუკიანი უშვილო იყო. ეთერს და-ძმა ჰყავდა. ვახტანგმა მამამისს სთხოვა, ეთერი მომაშვილეო, იშვილა და თავის გვარზე დაწერა. ათი წლის იყო ცეკვა რომ დააწყებინა. ძალიან წურავდა. მთელ დასში ყველაზე მეტად სთხოვდა და უჯავრდებოდა ეთერს, რომ მის მაგალითზე სხვა გაფრთხილებულიყო. სულ ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად. როგორ გააქრეს ეთერი, ვერავინ ვერაფერი გავიგეთ. თან წაიღო თავისი სიკვდილის საიდუმლო. ჯერ გავრცელდა ვერსია, რომ თავი მოიკლა. რა სჭირდა საამისო? ასეთი ადვილია, თავი მოიკლა? თუმცა, მგონია, რომ თავისი სიკვდილით ოჯახი გადაარჩინა. იაპონიიდან ახალი ჩამოსული იყო. ორი კვირით იყო გასტროლებზე. 11 აპრილი, კვირა დღე იყო. არ ვმუშაობდი. ეთერი ორშაბათის გარდა ყოველდღე მუშაობდა. დილის 11 საათისთვის სახლიდან ერთად გავედით. ტროლეიბუსში მე თვითონ ჩავსვი და თეატრში წავიდა, მე და ბავშვი კი ზოოპარკში წავედით სასეირნოდ. პირველი საათისთვის უნდა დაბრუნებულიყო სახლში, რადგან მერე მე უნდა წავსულიყავი სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად. სახლში რომ მივედი, მითხრეს, თეატრიდან დარეკეს, ეთერი არ მოსულაო. წარმოუდგენელი იყო, გაეცდინა. მე, ვახტანგი და თენგიზ რუხაძე გავცვივდით მოსაძებნად. მოვიარეთ ქალაქის მთელი საავადმყოფოები. ბოლოს პროზექტურაში მივედით. იქ გვითხრეს, ახლახან მოიყვანეს ახალგაზრდა ქალი, ცისფერი ქვედაბოლო აცვიაო. ტვინში დამარტყა – ეთერს ცისფერი ქვედაბოლო ეცვა იმ დღეს. იმწუთას ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. რომ გამოვედით იქიდან, მახსოვს, ვახტანგი მანქანას ეცა და მთელი ძალით ურტყამდა თავს. ძალიან ცუდად იყო. არ ვიცი, რა მოხდა. თეატრში მიდიოდა და მეიდანში როგორ აღმოჩნდა? ჰესამდე ხიდთან რესტორანი „კრწანისია“ და იქ იდგა ხუთსართულიანი სახლი. როგორც თვითმხილველებმა აღწერეს, ეთერი 40-45 წლის მამაკაცს ელაპარაკებოდა. ალბათ, ნაცნობი იყო, თორემ, უცნობს ხომ არ დაელაპარაკებოდა. თურმე კამათობდნენ. წივილ-კივილი რომ ამტყდარა, ხალხი გაოცებულა – როგორ, ახლა, ამწუთას, აქ არ იდგა და კაცს არ ელაპარაკებოდაო?! ყოველ შემთხვევაში, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თვითმკვლელობა არ ყოფილა. თუ თავის მოკვლა უნდოდა, მეიდანში რატომ წავიდოდა? მეოთხე სართულზე ასულა და ვითომ იქიდან გადმოხტა... სხვა ვერსიაც გავრცელდა. ეთერი ისეთი გოგო იყო, ზედმეტად რამეს მოჰკიდებდა ხელს, მითუმეტეს – ნარკოტიკს?! ეს ზღაპარია. ჩვენ შორის არანაირი საიდუმლო არ ყოფილა. დაიწყო გამოძიება. ბევრი ვირბინე აქეთ-იქით. ბოლოს აზრზე რომ მოვედი, ვიფიქრე: სად, ვისთან დავდივარ, „კაგებე” ვისაც უნდა, იმას იჭერს-მეთქი. ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა... ვახტანგმა დასაფლავების დღეს მითხრა: ვოტ, ვჩერა ეშჩო რაზ ზვონილი ი სკაზალი, ჩტო ეტო ნე სამოუბიისტვო, ა უბიისტვო. დოლგო ნე მოჟემ გოვარიტო და ყურმილი დამიკიდესო. ვახტანგი შეშინდა ცოტა, თორემ, შეეძლო, მოსკოვში ჩასულიყო და რამე გაეკეთებინა, კაცს მსოფლიო პატივს სცემდა. არავინ არაფერს აკეთებდა და მეც გავჩერდი – რა მექნა, შვილი მყავდა გასაზრდელი.
***
არ ვიცი, რატომ დაბრალდა ვახტანგს ოპერისა და ბალეტის თეატრის დაწვა. სად ჰქონდა 50 ათასი? ვითომ ვახტანგმა მისცა თენგიზ რუხაძეს 50 ათასი და უთხრა: ეს თანხა გამნათებლებს დაურიგე და თეატრი დაწვითო. შვიდი კაცი გაასამართლეს და, იცით, რა იკადრა იმ შვიდმა კაცმა?! თენგიზმა მოგვცა ფულიო. სად არის ლოგიკა? ეთერი იქ მუშაობდა, თამარი იქ მუშაობდა, ვახტანგი იქ მუშაობდა, რატომ დაწვავდა თავის თეატრს? ლაღიძესთან რომ გაგევლო მასთან ერთად, ხაჭაპურს არ გიყიდდა. თუ მართლა მისცა ფული, მაშინ, რატომ ვახტანგიც არ დაიჭირეს, როგორც დამკვეთი? წყნეთის აგარაკს ვახტანგი რვა წელი აშენებდა, რომელიც ლენინური პრემიითა და ფილმებიდან აღებული ფულით ააშენა. მე რომ ვუთხარი, მუშას ფული უნდა მისცე, ყოველდღე აჭამო და თითო ბოთლი ღვინოც უნდა დაუდგა-მეთქი, გაგიჟდა: ვაა, მე ვინმე მაძლევს ზედმეტს, მე რა, ფულს არ ვუხდი მათ? მე აქ ვიშიმშილო, თვითონ ჭამონ, სვან და მაყუთიც აიღონ? ეგრე სად არის, ჭაბუკიანი, რა, მილიონერი ხომ არ არისო.
***
მისი მეუღლე იყო ვინმე ტიხომიროვა, ულამაზესი ქალი. ლენინგრადში ყოფნისას მოიყვანა ცოლად. როგორც ვიცი, ფეხმძიმედ იყო და მუცელი მოეშალა, მაგრამ ვახტანგისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ვახტანგმა ეს რომ გაიგო, საშინლად გაბრაზდა. იმწუთასვე მიიღო გადაწყვეტილება, გაშორებოდა. ის ქალი მერე მოსკოვში მომღერალმა კანდელაკმა ითხოვა ცოლად. მისი საქმე სცენაზე ცეკვა იყო. უბრალოდ რომ გაევლო, მისი ეს ერთი გავლაც რად ღირდა, ისეთი დახვეწილი იყო. სცენაზე მამაკაცურ თვისებებს აფრქვევდა. ბევრი არა, მაგრამ, რამდენიმე მეგობარი ჰყავდა, თუნდაც ზურა კიკალიშვილი, ცნობილი მოცეკვავე („ვერის უბნის მელოდიები“ ფოსტალიონის როლის შემსრულებელი – ავტორი). სუფრასთან რომ დავსხდებოდით, მალევე უნდა ავმდგრიყავით. თვითონ ერთ ლუკმას შეჭამდა და – აბა, ჩქარა, ალაგდით, გეყოფათო. ეთერმა მშობიარობის შემდეგ მოიმატა – 48 კილო უნდა ყოფილიყო და 50 კილო გახდა. კინაღამ გაგიჟდა.“