როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ქურციკიძე
გვარის ფუძეა სახელი ქურცი, ქურციკა. ისტორიულ საბუთებში გვხვდება ამავე ძირისგან წარმოშობილი გვარი ქურცაძე.
„ქურცაძე ნათი, ფცაში მცხოვრები, მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი). იმავე სოფელში მოიხსენიებიან შიო და შოშია ქურცაძეები.
ფუძით ქურციკა გვხვდება გვარი: ქურციკაული. ზარია, სულხან, ღვთისავარა ქურციკაულები მოიხსენიებიან 1477 წელს. ლელთუბანს, მარტყოფს, სატივეს, სამწერისში მოიხსენიებიან მამაცელა, იასე, ნადირა, პაპოა და სხვა ქურციკაშვილები; კაკალა, მახარებელი, ნადირა, ფოცხვერა, შალვა და სხვები ატარებენ გვარს ქურციკიძე.
ქურცინაძეები ამბობენ, რომ მათი ადრინდელი გვარი, გადმოცემით, იყო ქურციკიძე, მიგრაციის გამო ჩამწერებმა შეცდომით ასო კ-ს ნაცვლად ჩაწერეს ნ და ქურციკიძე გახდა ქურცინაძე. თვით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ისტორიული საბუთებით მტკიცდება, რომ გვარებს განუცდია ცვლილება (ქურციკიძე-ქურცინაძე).
საქართველოში 34 ქურციკიძე ცხოვრობს: თბილისში – 12, ქუთაისში – 9, ზესტაფონში – 6. არიან სხვაგანაც.
კოკოზაშვილი
კოკოზა საკუთარი სახელია. ის დასდებია საფუძვლად კოკოზაშვილთა გვარს.
„1634-1653 წლებში გარდატენში მცხოვრები კოკოზაშვილის მამული ნოდარ ციციშვილმა დაანება გორელ ადიბეგ და გაბრიელ ანდრონიკაშვილებს“.
„გარდატენში მცხოვრები კოკოზაშვილის მამული ჯავახიშვილის ასულ მარიხმა მიჰყიდა გორელ მანდატურთუხუცესს, თაყა ანდრონიკაშვილს“ (1634-1653 წლები).
კოკოზოვები ყოფილი კოკოზაშვილები არიან. ასევე, გვხვდება გვარი კოკოზასშვილი, კოკოზაური.
საქართველოში 453 კოკოზაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 152, თბილისში – 98, თიანეთში – 85. არიან სხვაგანაც.
35 კოკოზოვი: წალკაში – 31, თბილისში – 4.
ლესელიძე
გვარი მიგვანიშნებს სადაურობაზე: სადაური – ლესელი. ქართული გვარების ერთ-ერთ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს სადაურობის ანუ წარმოშობის, ადგილის აღმნიშვნელი გვარები.
ლესა საქართველოს რამდენიმე კუთხეშია დაფიქსირებული – არის როგორც აჭარაში, ისე გურიაში – ლესა სოფელია ლანჩხუთის რაიონშიც, გურიის დაბლობზე. გვაქვს, ასევე, დაბა ლესელიძე.
წყაროებში ლესა გვიანდელი შუა საუკუნეებიდან მოიხსენიება. აქ იყო გურულთა ერთ-ერთი საუფლისწულოს ცენტრი. ლესაჯინე სოფელია სენაკის რაიონში, ლეძაძამე კი – საგამგებლოა.
არის ასეთი გადმოცემა: ხვარბეთელ კაცს ნათლული ჰყოლია ლანჩხუთის რაიონის სოფელ ლესაში. ერთხელ, მორიგი სტუმრობისას, ოჯახში ყველა მკვდარი დახვედრია. თოთო ბავშვი წამოუყვანია და გაუზრდია. როცა წამოზრდილა, ყველას ეუბნებოდა, ლესელი ვარო. 1830-იან წლებში თავად გურიელ ნაკაშიძეს ეს რომ მოუსმენია, ბიჭისთვის ლესელიძეობა გაუგვარებია.
საქართველოში 120 ლესელიძე ცხოვრობს: ოზურგეთში – 61, თბილისში – 34, ლანჩხუთში – 15. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით