კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აზიანებს ქრისტიანი საკუთარ თავს და სხვას და რატომ ვარდებიან მძიმე მდგომარეობაში უფრო ხშირად ეკლესიური ადამიანები

თანამედროვე ადამიანებს ყველაზე მეტად სულიერი აზროვნება და სულიერი განსჯა გვაკლია, რაც ხშირად საკუთარი თავისა და სხვების დაზიანების მიზეზი ხდება. რა არის სულიერი განსჯა, რატომ არის ის საჭირო, – ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ანტონი დიდმა უდაბნოში თავისი სულიერი შვილები, მეგობრები შემოიკრიბა და ჰკითხა: რა არის ქრისტიანისთვის სულიერ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, რომ მან ხიბლსა და ეშმაკის მანქანებას თავი დააღწიოს? ზოგმა მოძღვარმა სიყვარული დაასახელა, ზოგმა – ლოცვა, მარხვა, მოღვაწეობა. ყველას რომ მოუსმინა, შემდეგ თქვა: ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია სულიერი განსჯა. შეიძლება ადამიანს რწმენა ჰქონდეს, მაგრამ ეს იყოს დამახინჯებული რწმენა; შეიძლება ადამიანი მარხვაში იყოს, მაგრამ არასწორად მარხულობდეს; შეიძლება ადამიანს სიყვარული გააჩნდეს, მაგრამ მისი სიყვარული არასწორი იყოს. სულიერი განსჯით კი ადამიანის რწმენა, სიყვარული, მარხვა სწორ ფორმას იღებს. დავით მეფსალმუნე ასე მიმართავს უფალს 50-ე ფსალმუნში: „დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი, ხოლო ბევრეული მარჯვენით შენისა,” – ანუ მარცხენით არის ის ხალხი, რომელიც არ ლოცულობს, არ მოღვაწეობს, მაგრამ მათი დაცემა უფრო ნაკლები რაოდენობით იქნება, ვიდრე მარჯვენით მდგომი ხალხისა, ანუ გაცილებით მეტი დაეცემა, ვინც არ მარხულობს სწორად, არ ლოცულობს სწორად და არ გააჩნია სწორი რწმენა. პავლე მოციქული ხშირად შეახსენებს ეკლესიას: ვინც დგახართ, ნახეთ, დაცემული არ აღმოჩნდეთ, ვინც შემოსილები ხართ, ნახეთ, რომ შიშვლები არ აღმოჩნდეთ; როდესაც ადამიანს ჰგონია, რომ მართალია და ეკლესიურია, უფრო ხშირად ცდება, თუ არ იქნება სულიერ განსჯაში და არ შეამოწმებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას, ცხოვრებას. შეიძლება, იცი მამათა სწავლება, მცნებები, სახარება, დარიგება, მაგრამ, როდესაც გიჭირს, ყველაფერი გავიწყდება. არადა, სულიერი განსჯა სწორედ მაშინ გჭირდება, როდესაც პრობლემები გაქვს, გაჭირვებაში, განსაცდელში ხარ.  ჩვენი გონება ასეთ დროს უნდა იყოს განწმენდილი. 48-ე ფსალმუნის მე-13 მუხლში წერია: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმაყო, მიემსგავსა პირუტყვთა უგუნურთა.” ეს შეიძლება ითქვას ჩვენს ერზე – ლამაზია ჩვენი ქვეყანა, მდიდარია ჩვენი ბუნება, მაგრამ ხშირად გვავიწყდება განსჯის უნარი და, თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ისტორიას, ბევრი დიდი ადამიანი განუსჯელად ვარდებოდა მძიმე ცოდვაში და ბევრი ცუდი რამ მოუტანა როგორც საკუთარ თავს, ასევე ქვეყანასა და ხალხს.
– როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერად აზროვნება, სულიერი განსჯა საკუთარი თავის, ქმედებების?
– ბევრს ჰგონია, რომ გონიერია, განსწავლულია, ბევრი რამ იცის, მაგრამ ეს მისი ადამიანური, მშვინვიერი გონებაა. თუ ადამიანის გონება იქნება ქრისტეში, ქრისტეს სარწმუნოებით განწმენდილი, წმიდა მამათა, მოციქულების სწავლებით შევსებული, ასეთი გონება ემორჩილება გულს, ჩავა გულში ლოცვით და განწმენდს მასაც. გული, გონება და სული ერთად უნდა იყოს აღვსილი ჭეშმარიტ სარწმუნოებაში. როცა ადამიანის განსწავლა მოხდება მარადიული ცოდნით, რომელიც მუდმივია, ზექვეყნიური, ის ნაკლებად იქნება საკუთარ გონებას მინდობილი და ნაკლებად სცოდავს. მაგრამ როცა ადამიანი თავისი გონებით სცოდავს, არასწორი აზროვნებით აშავებს, მერე გვიან ახსენდება, რომ საჭირო იყო გონების გადამოწმება ჭეშმარიტ სწავლებაში. ამიტომ, სანამ დავიწყებთ ლოცვას, ადამიანთან დიალოგს, სასურველია, გავაანალიზოთ, მე რომ ამ სიტყვას ვიტყვი, ეს ადამიანი როგორ გაიგებს, მიიღებს თუ არა ამას. დიდი ფიქრი და განსჯაა საჭირო, როცა სხვას ვესაუბრებით,  მეგობარი იქნება ის, დედა, შვილი თუ უცხო პიროვნება. ყოველთვის კარგად დაფიქრება გვჭირდება – რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. ამიტომაც, ადამიანმა საკუთარი აზრები სულიერ განსჯაში უნდა მოაქციოს და არა ხორციელში – მე რა გამიხარდება, მე რა მესიამოვნება. სულიერი განსჯა კი ის არის, სხვას როგორ მოექცე კარგად, სხვას როგორ ასიამოვნო და შენი საუბარი შენ და მას თუ მოგიტანთ სიკეთეს. სოლომონ ბრძენი ლოცვაში ღმერთს სთხოვს: მომეცი ბრძენი გული, რომ გავარჩიო, რა არის კეთილი და რა – ბოროტი. თუ ადამიანს ბრძენი გული აქვს, ესე იგი, ის განწმენდილია და ასეთ გულს გონება ეკითხება. ხანდახან გულს ერთი სურს, გონებას – მეორე, საკურთხეველი უფლისა კი ადამიანის გონება კი არ არის, არამედ გული. მაცხოვარი ბრძანებს: ვდგავარ თქვენი გულის კართან და ვაკაკუნებ. თუ ჩვენ გულში შემოვუშვებთ ქრისტეს, ჩვენი გული განიწმიდება ყოველგვარი მზაკვრობისგან, ცოდვისგან და შემდგომში ჩვენი გონება დაეკითხება გულს და ორივე იაზროვნებს სულიერებით, თავმდაბლობით, სიყვარულით და ამდენი ბოროტება აღარ იქნება ქვეყნიერებაზე. ყოველ წამს ყოველი მეორე ადამიანი განკითხვაშია და, შენ რომ განგიკითხონ, ხომ არ გაგიხარდება? თუ არ გაგიხარდება, მაშინ შენც ნუ განიკითხავ სხვას და, თუ ამაზე დაიწყებ ფიქრს, ესე იგი, უკვე იწყებ სულიერ განსჯას და ადამიანს აღარ ატკენ გულს, არც საკუთარ თავს დაიზიანებ და არც სხვას. ხშირად ადამიანები მოდიან და მეუბნებიან: „მამაო, ეს არის ღვთის ნება? მინდა, უფლის ნება ვიცოდე და, ამ დროს, მას საკუთარი, ჩამოყალიბებული ნება გააჩნია.” ჯერ უნდა დავანგრიოთ საკუთარი აზროვნება, ადამიანური ნება, რაც სხვა არაფერია, თუ არა ეგოიზმი – მე რა მესიამოვნება. თუ გვინდა, სულიერი განსჯა იყოს ღვთაებრივი, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის უფლის ნება, რა ესიამოვნება უფალს, რით ვასიამოვნო უფალს, მოყვასს და, თუ დამრჩება დრო, რომ ვასიამოვნო საკუთარ თავს. როცა ახლობელი გარდაგეცვლება ან გაიგებ, რომ მძიმე სნეულება შეგეყარა, მაშინ უნდა შემოკრიბო გონება, მიაკითხო ეკლესიას, წაიკითხო სახარება, წმიდა მამების სწავლება, რადგან ასეთ დროს ადამიანი ყველაზე კარგი პაციენტია ეშმაკის. ადამიანიც მიდის ეშმაკთან და იღებს ცრუ ნუგეშს, ცრუ დარიგებას, დროებით თავისუფლდება ყველაფარისგან და მერე უარეს მდგომარეობაში ვარდება. სიმშვიდით არის საჭირო ყველაფრის გაანალიზება, სულიერი განსჯა, თორემ, ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგება. მოძღვრის ქადაგებაც მაშინ არის მართებული, თუ ის ქრისტეს ქადაგებით, მოციქულების სიტყვებით საუბრობს. დღეს ადამიანებმა ღმერთი შექმნეს ისეთი, როგორიც მათ აწყობთ, არადა, ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთები, როგორიც ღმერთს უნდა.

скачать dle 11.3