წმიდა სწავლებანი
გლახაკთა მოწყალეს ღმერთი ასწილად უზღავს
წმიდა ტიხონი, რომელსაც შემდგომში ემათუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და მართლმადიდებლობის უერთგულესი დამცველი შეიქნა, სიყმაწვილეში პურს ყიდდა, რადგან მამამისი ხელობით მეპურე იყო. მომავალი წმიდანი მხურვალე გულმოწყალებით გამოირჩეოდა და გლახაკებსა და მშივრებს პურს ხშირად უფასოდ ურიგებდა, რის გამოც განრისხებულმა მშობელმა ერთხელ სასტიკადაც დასაჯა. მაშინ წმიდა ტიხონი მამას მიუბრუნდა და უთხრა:
– ჩემო მშობელო! ტყუილად ცხარობ. მე შენს პურს ღმერთს ვაძლევ სესხად და მისგან მაქვს ხელწერილი საღვთო წერილის წიგნებში, სადაც, სახელდობრ, თქმულია: „რომელი სწყალობს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა“ (იგავ. 19,17). თუ არ გჯერა, წამოდი, ბეღელში ჩავიხედოთ და იქ დარწმუნდები, თუ როგორ უბრუნებს ღმერთი მავასხებელს თავის ვალს.
ამ სიტყვების შემდეგ ტიხონმა მამას ხელი ჩაჰკიდა და ბეღლისკენ წაიყვანა. როდესაც კარი გააღეს, გაოცებულმა მამამ იხილა, რომ იქაურობა საუკეთესო და დარჩეული ხორბლით იყო სავსე მაშინ, როდესაც წინა დღეს მასში თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. შეძრწუნებული და გაკვირვებული, იგი მიწაზე დაეცა და ღმერთს მადლი შესწირა. მას შემდეგ წმიდა ტიხონს მამა მოწყალების გაცემას აღარასოდეს უკრძალავდა და თავადაც, შვილის მსგავსად, წყალობას უხვად გასცემდა.
„განაბნია და მისცა გლახაკთა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა“ (კორინ. 9,9).
რომელი მისცემს გლახაკსა, არც მოაკლდეს, და რომელი მიაქცევდეს თვალსა თვისსა, ნაკლულოვანებასა შინა იყოს მრავალსა“ (იგავ. 28,27).
ნაპოვნის დამალვისთვის
წმიდა ვასილი ახალს ჰყავდა მოწაფე გრიგოლი, რომელიც წმიდანს ძალიან უყვარდა. ერთხელ გრიგოლი ერთ სოფელში გაემართა პირადი საქმეების გამო. გზაზე მან იპოვა სარტყელი, რომელიც სასტუმროს მეპატრონის ქალიშვილს დაჰკარგვოდა. რადგანაც სარტყელი მდიდრის კუთვნილება იყო, გრიგოლმა არ ჩათვალა ცოდვად, დაემალა ნაპოვნი ნივთი. ამასთან, მას ჰქონდა, ერთი შეხედვით, კეთილი მიზანი: გაეყიდა სარტყელი და აღებული ფული გლახაკებისთვის დაერიგებინა. მაგრამ ნაპოვნის დამალვისთვის იგი იქვე დასაჯა ღმერთმა.
გრიგოლმა გზა განაგრძო და დაკარგა საკუთარი ქამარი და მასთან ერთად საფულე. დამწუხრებულმა დაიძინა და ღამით ძილში იხილა წმიდა ვასილ ახალი, რომელსაც ხელში გახვრეტილი დოქი ეკავა. წმიდანმა უთხრა გრიგოლს. „ვინც თუნდაც ამისთანა ჭურჭელს მოიპარავს, დაკარგავს ოთხჯერ მეტს. გრიგოლი უარყოფდა, რომ მან კი არ მოიპარა, არამედ იპოვა ქამარი. – იცოდე, – უპასუხა წმიდა ვასილი ახალმა, – ყველა, ვინც კი იპოვის სხვის კუთვნილებას და არ გააცხადებს მას და არ დაუბრუნებს პატრონს, გასამართლებული იქნება როგორც ქურდი. შენ უნდა დაგებრუნებინა ნაპოვნი ნივთი პატრონისთვის, მაგრამ დამალე იგი. ამიტომაც დაზარალდი ოთხმაგად: გაფრთხილდი, რომ უფრო მეტად არ დაშავდე“.
აი, როგორ დასაჯა ღმერთმა არა ქურდობისთვის, არამედ თვით ნაპოვნის დამალვისთვის. ამიტომ, თუ ვიპოვით დაკარგულ ნივთს, აუცილებლად დავუბრუნოთ ის პატრონს. ამინ!
ავადმყოფობის ჟამს
მოთმინების შესახებ
უსიხარულოა ავადმყოფი ადამიანისთვის ცხოვრება. სხვადასხვაგვარია ავადმყოფობა და სხვადასხვაა მათ მიერ გამოწვეული ტანჯვაც. ზოგიერთი ავადმყოფობა, შესაძლოა, ფეხზეც გადავიტანოთ, ზოგიერთი კი საწოლში წოლასა და სხვათა დახმარებას ითხოვს. ზოგიერთი ავადმყოფობა ხანმოკლეა, ზოგი კი თვეები და წლები გრძელდება. ხანგრძლივი ავადმყოფობით ტვირთად ვაწვებით არა მარტო მათ, ვინც გვივლის, არამედ საკუთარ თავსაც. ასეთი მდგომარეობა ბოლოს და ბოლოს სულში აღძრავს ბედის მიმართ ჩივილს. ამის გამო ავადმყოფების მკაცრი გასამართლება არ შეიძლება. ჩვენ, ადამიანები, სუსტი არსებები ვართ. მოთმინება არ გვყოფნის, უძლურები ვართ. როგორ უნდა განიკითხო ადამიანი გაღიზიანებისთვის, თუკი ის, მაგალითად, ბავშვობიდანვე რევმატიზმითაა დაავადებული, ან – სურავანდით, ან კიდევ, მემკვიდრეობით თუ ატარებს ჭლექის ავადმყოფობას?! ყველა განუკურნებელი ავადმყოფი ღირსია თანაგრძნობისა.
თვითონ ავადმყოფები უნდა სასოებდნენ ღმერთს, რათა ამ იმედში პოვონ ტკივილისა და ტანჯვის მოთმინების ძალა. „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება“ (ფს. 54,23), – ამბობს წმიდა წერილი. შენ ავად ხარ, მაგრამ ყოვლადძლიერსა და ყოვლადკეთილ ღმერთს არ ჰყავს ავადმყოფები, არ ჰყავს თვით მკვდრებიც. მას ძალუძს, განკურნოს ყოველი სნეულობა, ეს რომ საჭირო იყოს, მაგრამ მან იცის, რომ ავადმყოფობანი ზოგჯერ საჭიროა ადამიანებისთვის, თვით მათთვისვე, მათი უკვდავი სულების მარადიული ხსნისათვის. ავადმყოფობისას ადამიანი უფრო ღრმად აცნობიერებს თავისი უკვდავი სულის ფასს; უფრო კარგად ესმის ამქვეყნიური ცხოვრების მთელი ამაოება; უფრო მეტად ისწრაფვის უფლის მარადიული სიხარულისაკენ. ვინ ივიწყებს ყოველივე ამას, თუ არა ჯანმრთელი ადამიანები?! ვინ არის მემთვრალე, ქურდი, მრუში და ასე შემდეგ? ავადმყოფობა აღვირივითაა ჩვენთვის: იგი გვზღუდავს და გვახსენებს არა მარტო ადამიანურ უძლურებას, არამედ იმასაც, რომ აუცილებლად გვჭირდება ღვთის შეწევნა, რომლითაც ვსწავლობთ კიდეც უფლისადმი რწმენასა და მისი მოწყალების იმედის ქონას. ჩვენი ავადმყოფობა ღვთისაგან არის დაშვებული ჩვენივე სიკეთისთვის. ამიტომაც, თუ ჩვენ ძალგვიძს, ვილოცოთ განკურნებისთვის, არამც და არამც არ უნდა ვიდრტვინოთ და გადავიწუროთ იმედი მათი სიმძიმისა და ხანგრძლივობის გამო.
უფალო! ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და შენი წმიდანების ლოცვით, მოგვმადლე ავადმყოფობისას მოთმინება და, ტკივილისა და ტანჯვის გადატანით, აგვარიდე ყოველგვარ მწუხარებასა და სალმობას!