რატომ ინახავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ანაბრებსა და დეპოზიტებზე მხოლოდ 50 750 ლარს, მაგრამ 753 860 აშშ დოლარს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე, ანუ პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 1971 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო (ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით, კვალიფიკაციით კი ეკონომისტია), რომელიც 1994 წელს დაამთავრა. ხოლო 2000 წელს სწავლა ამერიკულ უნივერსიტეტში დაასრულა (მიენიჭა მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში).
მისი სამუშაო ბიოგრაფია 1993 წელს დაწყებულა გაზეთ „ივერია ექსპრესის“ ეკონომიკურ მიმომხილველად, საიდანაც 1994 წელს პირდაპირ ეროვნულ ბანკში გადაუნაცვლებია, სადაც მთავარ ეკონომისტად 1996 წლამდე იმუშავა. 1996-1998 წლებში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი იყო. 1999 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ევროპის მეორე დეპარტამენტის ჯერ სტაჟიორი, შემდეგ კი – ეკონომისტი. 2000 წელს კვლავ სახელმწიფო სამსახურს დაუბრუნდა და 2001 წლამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა; 2001-2002 წლებში – სახელმწიფო მინისტრის მოადგილის. 2002-დან 2015 წლამდე ვაშინგტონში მუშაობდა – საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში უფროს ეკონომისტად. 2015–2016 წლებში „საქართველოს ბანკის“ ეკონომიკურ მრჩევლად დასაქმდა, ხოლო 2016 წლის მარტიდან უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტია.
ბ-ნი გვენეტაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2000 წლით თარიღდება, რომელიც მან ფინანსთა მინისტრის მოადგილის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა დედ-მამა ბ-ნი დიდიმი და ქ-ნი მედეა. იმხანად ოჯახის უძრავი ქონება შემდეგნაირად იყო განაწილებული: დიდიმ გვენეტაძეს ეკუთვნოდა 140 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი და სახლი თერჯოლის რაიონში და 110 000 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი და სახლი გლდანში; მედეა გვენეტაძეს – 55 000 ლარად ღირებული ბინა თბილისში, ხოლო კობა გვენეტაძეს – 35 000 ლარად ღირებული ბინა, ასევე, თბილისში და მხოლოდ ბ-ნ დიდიმს ჰყავდა 6 000-ლარიანი ავტომანქანა. ამას გარდა, ოჯახის სამივე წევრი ფლობდა 71 500 ლარის ღირებულების (ხალიჩა, ბეჭედი, პიანინო, ჯაჭვი, სურათი და ასე შემდეგ) მოძრავ ნივთებს. იმხანად ბ-ნი გვენეტაძე დეპოზიტებზე 8 600 აშშ დოლარსაც ინახავდა, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულად მას – 21 000, მედეა გვენეტაძეს – 6 000, დიდიმ გვენეტაძეს კი – 5 500 აშშ დოლარი ჰქონდათ. ასევე, ბ-ნი კობას მშობლები ფლობდნენ უნივერმაღ „თბილისის“ აქციებს. რაც შეეხება შემოსავლებს: 2000 წელს კობა გვენეტაძეს შემოსავალი არ ჰქონია, ხოლო ქ-ნმა მედეამ, როგორც უნივერმაღ „თბილისის“ მოლარემ, 480 ლარი აიღო.
ბოლო დეკლარაცია ბ-ნმა გვენეტაძემ 2016 წელს შეავსო როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1973 წელს დაბადებული ირინე კოკაია და აშშ-ში დაბადებული სამი შვილი – მარიამ ელიზაბეტ, სოფიო ელენ და ანა ჯორჯია. ბ-ნი გვენეტაძის საკუთრებაა ორი ბინა თბილისში (33 და 28 კვ. მ.); ირინე კოკაიასი – მიწის ნაკვეთი და სახლი გარდაბანში (600 და 29 კვ.მ.) და ბინა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე (70 კვ. მ.), ხოლო ცოლ-ქმარი ერთობლივად ფლობს მიწის ნაკვეთსა (763 კვ. მ.) და სახლს (190 კვ. მ.) აშშ-ში, ვაშინგტონის ოლქში, 5506 იუტას ქუჩაზე. ამას გარდა, ბ-ნ გვენეტაძეს ჰყავს 2014 წლის „ლექსუსი“, ირინე კოკაიას კი - 2007 წლის „ტოიოტა რავ 4“; ირინე კოკაიასვე ეკუთვნის ლადო გუდიაშვილის 10 000 ლარზე ძვირად ღირებული ნამუშევარი. დეკლარაციის შევსების მომენტში ბ-ნი გვენეტაძე ანაბრებსა და დეპოზიტებზე ინახავდა: 50 750 ლარსა და 753 860 აშშ დოლარს. ბ-ნი გვენეტაძე, ასევე, გახლავთ „საქართველოს ბანკის” ჯგუფის აქციონერი (დიდი ბრიტანეთი), მისი მეუღლე კი – „თელიანი ველისა“.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში კობა გვენეტაძემ, როგორც საქართველოს ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, 41 666 ლარი აიღო; როგორც სერთაშორისო სავალუტო ფონდის უფროსმა ეკონომისტმა – 142 736 აშშ დოლარი; მისმა მეუღლემ კი, როგორც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საოპერაციო ოფიცერმა – 140 345 ლარი.