ოლიმპიური ჯავშანი
ანუ ვის არ უკბენს კოღო?!
საკუთარი სპორტსმენების საზეიმო ფორმა ვერ მოგვენელებინა (ისე საფუძვლიანად ჩათბუნებულ სამოსში გამოაწყო ამ „სამოსელმა პირველმა“ ეს ჩვენი ოლიმპიელები), რომ მალამოდ რფ-ის ოლიმპიური ნაკრების არანაკლებ გასაოცარი ფორმა დაგვედო (თითქოს ნიუანსია, მაგრამ მაინც სასიამოვნო).
ოღონდ, როგორც აღმოჩნდა, რუსულ ფორმებში უსაფრთხოების ელემენტი ჩაუდევთ, კერძოდ, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2016 წლის დამდეგიდან ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება, მათ შორის ზიკის ვირუსისაც და, სწორედ ამ ღონისძიებების ფარგლებში შევუცვალეთ დიზაინი რუსი ოლიმპიელების ფორმასო.
მომყავს ციტატა: „გავატარეთ ყველა აუცილებელი ღონისძიება ამის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, დავაგრძელეთ ფორმების სახელოები, რომ ინფექციური დაავადებების რისკი სრულად აგვეცილებინა (თუმცა, მხოლოდ გრძელი სახელოები არ გახლავთ რუსული ოლიმპიური ფორმის აქილევსის ქუსლი)“.
ამ პროცესს კი, თურმე, ყურადღებით აკვირდებოდა რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტო, რომელსაც რიოში სპეციალისტებიც კი მიუვლენია, რათა ადგილზე შეემოწმებინათ, ხომ შეასრულეს ბრაზილიელებმა რუსთა ყველა რეკომენდაცია (ემანდ ჩვენს სპორტსმენებს კოღომ არ უკბინოსო).
და თუმცა „სამოსელი პირველი“, სახელდობრ, გვარწმუნებს, რომ ქართველ ოლიმპიელთა ფორმები ძველქართული სამოსის დიზაინითაა შესრულებული, არ არის გამორიცხული, მოტივაცია კოღოებისგან თავდაცვაც იყოს. აქედან გამომდინარე კი, ფრიად საინტერესოა, ოლიმპიელთა საღამურებიც ამავე სტილში ხომ არ არის შესრულებული (იმიტომ, რომ კოღოებს არც ღამით სძინავთ)?!
რაც მთავარია, იბადება რიტორიკული კითხვა: და მაინც თუ დაკბინეს კოღოებმა რუსი სპორტსმენები, რას მოიმოქმედებს საპასუხოდ რფ-ის თავდაცვის სამინისტრო?! –