კონსტანტინე მორგოშია: ,,მოტივირებული ვარ, მცხეთის რაიონს ბევრი სასიკეთო საქმე გავუკეთო”
კონსტანტინე მორგოშიას მცხეთის რაიონელები დადებითად ახასიათებენ. მას იცნობენ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, რომელიც რეგიონის მასშტაბით რამდენიმე სერიოზულ ბიზნესპროექტს ახორციელებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. სწორედ ეს პროექტები გახდა ერთგვარი ბიძგი, რომ ბატონ კონსტანტინე მორგოშიას მაჟორიტარ კანდიდატად ეყარა კენჭი მცხეთის რაიონში. გარდა წარმატებული ბიზნესპროექტებისა, ბატონ კონსტანტინეს ლამაზი, ტრადიციული ქართული ოჯახი აქვს: მშობლები, სამი შვილი და ულამაზესი მეუღლე გამორჩეული სტუმარმასპინძლობით გვეგებებიან. ჩვენ ბატონ კოკას თავის დიდ ოჯახში, მცხეთის რაიონის სოფელ ლისში ვესტუმრეთ.
– როგორც ამბობენ, ადამიანის სახე ოჯახია... როგორია ოჯახში კოკა მორგოშია?
– ძალიან დაკავებული ვარ, ბავშვებთან ურთიერთობისთვის დრო აღარ მრჩება. თუმცა, ყველა საშუალებით ვცდილობ, უფრო მეტი დრო გავატარო შვილებთან. საარჩევნო პერიოდში, უფრო დიდ ხანს რაიონის შტაბში მიწევს ყოფნა და პატარებთან ურთიერთობისთვის ვეღარ ვიცლი.
– მკაცრი მამა ხართ?
– არა, შენიშვნებს ზომიერად ვაძლევ. ტატო 11 წლისაა და შენიშვნებს აქეთ მაძლევს უკვე. უფრო სპორტულად ვერთობით – დავდივართ ქალაქგარეთ, ტურნირებსა და სპორტულ ღონისძიებებზე. ტატო ძიუდოისტია და ჩვენ ხშირად ვგულშემატკივრობთ მას.
– ბატონო კონსტანტინე, პოლიტიკა დროს გართმევს და მაინც გადაწყვიტეთ, რომ მცხეთის რაიონის მაჟორიტარად იყაროთ კენჭი?
– მცხეთისადმი ბავშვობიდან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ეს გაუცნობიერებელი სიყვარული იყო და არა შემთხვევითი, როგორც ჩანს. პოლიტიკა არასდროს ყოფილა ჩემი ინტერესის განსაკუთრებული საგანი, თუმცა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიებიდან ხშირად მქონია შემოთავაზება. მე თავს ვიკავებდი და ამჯერად „პატრიოტთა ალიანსიდან” წარდგინებას დავთანხმდი. ახლა მე და ჩვენი ბიზნესჯგუფი მოტივირებულნი ვართ, მცხეთის რაიონს ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გავუკეთოთ. შესაბამისად, უფრო დავუახლოვდით ამ რაიონს, მის გულისტკივილს. მაჟორიტარობა უფრო მეტ შანსს მომცემს, გამოვადგე ადგილობრივებს. ზოგადად, ჩვენი ბიზნესჯგუფის ინტერესები და პროექტები ორიენტირებულია მცხეთის რაიონის მოსახლეობის დასაქმებასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაზე. დღეის მდგომარეობით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სამი მიმდინარე, წარმატებული პროექტი გვაქვს, რომელმაც რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე დაასაქმა. მათ შორისაა, სოფელ მუხრანში 200 ჰექტარ ფართობზე კაკლის ჯიშების მოყვანა, რომელშიც ინვესტიციებია ჩადებული. თავისთავად ცხადია, ეს მათ ოჯახებს ეკონომიკურად აძლიერებს და მეც უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, ამჯერად როგორც მაჟორიტარმა მეტი თანადგომა და მხარდაჭერა გავუწიო მათ. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელს უფრო მეტი საშუალება მექნება, რაიონის მცხოვრებლებს ჩემი რესურსები მოვახმარო. შესაბამისად, მე მათი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მათ კი – ჩემი უნდა ჰქონდეთ. ის სიკეთე, რასაც ბიზნესი და ინვესტიციები იძლევა, უფრო დიდია, ვიდრე მცხეთის ადგილობრივი მთავრობის საშუალებები. თუმცა, თუ ამას სახელმწიფო პროექტებიც დაერთვება, ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შემეძლება რაიონისთვის. მე არ დავპირდები მოსახლეობას განუზომელ სიკეთეებს, არარეალურ დახმარებებს. ჩემი პრიორიტეტია: ადგილობრივი ბიზნესის ფართოდ განვითარება, მცხეთის რაიონში ინვესტიციების შემოსვლა, საწარმოების, სასტუმროების აშენება და მცხეთის არსებული, უზარმაზარი ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება. ეს, ავტომატურად მისცემს მოსახლეობას კარგად ცხოვრების საშუალებას.
ნინო გოზალიშვილი (მეუღლე, პროფესიით საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ჟურნალისტი):
– ნინო, ფიქრობდი, რომ შენი მეუღლე მაჟორიტარად გადაწყვეტდა კენჭისყრას?
– კოკა აქტიური ადამიანია და სულ ცდილობს, სხვებს დაეხმაროს. ძალიან მიზანდასახულია და დარწმუნებული ვარ, კარგი მაჟორიტარი იქნება. ბუნებით ძალიან კეთილი ადამიანია, ცდილობს არცერთი ადამიანის სათხოვარი უყურადღებოდ არ დატოვოს. მართალია, ძალიან ბევრი მუშაობა მოუწევს, მაგრამ ვფიქრობ, კოკასთვის რთული არ იქნება, რადგან სანამ პოლიტიკაში გადაწყვეტდა წასვლას, მანამდეც მისი ცხოვრების კრედო კეთილი საქმის კეთება, ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა იყო.
ტატო მორგოშია (უფროსი ვაჟი): მამა ყოველთვის ცდილობს, რომ თავისუფალი დრო გამონახოს. ძიუდოზე დავდივარ და ხშირად დამყვება. მომწონს სპორტის ეს სახეობა, კაცური სპორტია და მამაჩემიც სულ მგულშემატკივრობს. მამას ხშირად მოაქვს საჩუქრები და სურვილებსაც მისრულებს. ხან მოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ვიცი, დაკავებულია და არ ვბრაზდები. მამა იმიტომ უნდა აირჩიონ, რომ კარგი კაცია და ჭკვიანია.
ემზარ მორგოშია (მამა): ჩემს შვილზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე კონსტანტინეს იმედი მაქვს. ხელისუფლებაში ეროვნული ხალხი უნდა იყოს და კოკა საქმით არის ეროვნული.
ნანა კვარაცხელია (დედა): ალბათ, სუბიექტური ვიქნები დახასიათებისას და ძალიან ბანალურია ამის თქმა, მაგრამ კოკა სანდო ადამიანია. ის პატრიოტია და ბავშვობიდან „მოწამლულია” მცხეთის სიყვარულით. ვიცი, რომ დიდი ბრძოლები ექნება, მაგრამ კოკასი მჯერა. მას არ ვახასიათებ მხოლოდ როგორც ჩემს შვილს. ის ყველას იმედია, ყველას გულშემატკივარი. ის სიტყვის კაცია და მცხეთის რაიონი არ წააგებს, თუ მას მხარს დაუჭერს.