რამდენი კილოგრამის მომატება დასჭირდა იულია მორგუნოვას „პლუს ზომის“ ქალბატონების სილამაზის საერთაშორისო კონკურსში გასამარჯვებლად
წელს პირველად, ლატვიაში ჩატარდა სილამაზის საერთაშორისო კონკურსი Top of the world plus size, სადაც სხვადასხვა ქვეყნის 25 გათხოვილი და ეგრეთ წოდებული პლუს ზომის ქალბატონი მონაწილეობდა. მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი, დიზაინერი იულია მორგუნოვა, რომელიც კონკურსზე მოდელად წარდგა. ის პირველი ქართველია, ვინც მსოფლიო სილამაზის კონკურსიდან სამშობლოში გვირგვინით დაბრუნდა. იულია მორგუნოვას კონკურსის ჟიურიმ „პირველი მისის“ ტიტული მიანიჭა.
– კონკურსის შესახებ მოგვიყევით.
– ეს არის საერთაშორისო მასშტაბის კონკურსი, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გათხოვილი ქალბატონები იღებენ მონაწილეობას. რაც მთავარია, მათი ზომა ევროპული სტანდარტით უნდა იყოს მინიმუმ 48. კონკურსანტებს აფასებს სპეციალური ჟიური, რომლის ვინაობაც მხოლოდ ფინალზე ხდება ცნობილი. ჟიური დაკომპლექტებულია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან. მათ შორის, ინდოეთიდან, სინგაპურიდან, ლატვიიდან და ასე შემდეგ. კონკურსი ჩატარდა ლატვიაში, მომავალ წელს სხვა ქვეყანაში იქნება. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ შემდეგ წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდეს და ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. თუმცა, ადვილი არ იქნება.
– როგორ მოხვდით კონკურსზე?
– რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი სხვადასხვა საერთაშორისო ბავშვთა ფესტივალზე ჟიურის წევრი. ერთ-ერთ კონკურსზე გავიცანი „მისის გლობას” გამარჯვებული, რომელმაც გამაცნო ამ კონკურსის ორგანიზატორები. მათ მიმიწვიეს და წავედი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა კიდევ ერთხელ უნდა შედგეს, ამისთვის აუცილებლად გვჭირდება რამე სიახლე. ეს კონკურსი ჩემთვის იყო პატარა ომი, რომელმაც დიდი ადრენალინი მომიტანა. რეალურად, ეგრედ წოდებული პლუს ზომის ქალბატონები ბევრად უფრო მეტნი არიან მსოფლიოში და დღეს უკვე აქტიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში პლუს ზომის მოდის კვირეულები. ამ კონკურსის 25 მონაწილედან ფინალში დავრჩით 10. ეს, თავისთავად, უკვე გამარჯვება იყო.
– კონკურსისთვის წონაში მომატება ხომ არ დაგჭირდათ?
– სპეციალურად კონკურსისთვის დაახლოებით 8-10 კოლოგრამი მოვიმატე. საერთოდ, ყოველთვის მიჭირდა ტანსაცმლის შეძენა. ამიტომ, სულ ვიკერავ. ჩემი მკერდის, წელისა და საჯდომის ზომები ერთმანეთთან შეუსაბამობაში იყო და სტანდარტულად შეკერილი სამოსი არ მერგებოდა. ბავშვების გაჩენის შემდეგ, წონის პრობლემა განსაკუთრებით მქონდა, რასაც ყველანაირი მეთოდით ვებრძოდი. ყველა დიეტა ვცადე, რაც კი არსებობს და მგონი, ყველა ფიტნეს-კლუბში ვვარჯიშობდი. საერთოდ, მიყვარს თავის მაქსიმალურად დატვირთვა. მერე დავიღალე, ორგანიზმმაც არ შემიწყო ხელი და ვთქვი, რაღა თავი მოვიკლა გახდომისთვის, ავდგები, მოვიმატებ და წავალ, გვირგვინს მაინც ჩამოვიტან-მეთქი. მართლაც ახდა ჩემი სიტყვები.
– კონკურსის დაწყებამდე იქ როგორი რეჟიმი გქონდათ?
– ვიდრე ადგილზე ჩავიდოდი, საზღვარზე შემექმნა პრობლემა. მეკითხებოდნენ, რომელ სასტუმროში უნდა იცხოვროთო. ზუსტად არ მახსოვდა და აღმოჩნდა, რომ სასტუმროს სახელს არასწორად ვეუბნებოდი. ასევე, მთხოვდნენ უკანა გზის ბილეთს, რომელიც არ მქონდა, რადგან იქიდან სხვა ქვეყანაში ვაპირებდი გადაფრენას. მოკლედ, სერიოზული პრობლემები შემექმნა. არ მიშვებდნენ, ვიდრე არ დავრეკე და კონკურსის წარმომადგენლებმა არ მომაკითხეს. იქ ჩასვლის წუთიდან ძალიან ბევრს ვვარჯიშობდით, იმისთვის რომ სცენაზე უნაკლოდ წარვდგენილიყავით. კვება ცალკე თემაა, რომელზეც ძალიან ბევრი შემიძლია ვისაუბრო. ყველანი ჩვენს შეფ-მზარეულზე ვიყავით შეყვარებულები. პირველივე რეპეტიციის შემდეგ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურსის ყველა საღამო მე უნდა გამეხსნა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.
– ელოდით „პირველი ვიცე-მისის“ ტიტულს?
– გარკვეული მოლოდინები მქონდა, რა თქმა უნდა, მაგრამ „პირველი ვიცე-მისის“ ტიტულს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, ბოლოდან პირველ ან მეორე ადგილზე გავალ-მეთქი. ყველანი ძალიან დაძაბულები და დაღლილები ვიყავით. ძალიან რთულია მაღალ ქუსლებზე ამხელა წონით იდგე საათობით. კონკურსი გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით და ფინალში წამყვანები წელავდნენ სიტყვას. ვიდრე გამარჯვებულებს დაასახელებდნენ, მინიმუმ საათ-ნახევარი ვიდექით სცენაზე და ვგრძნობდი, უკვე ვეღარ ვუძლებდი, მუხლები მეკეცებოდა. ასეთი წონა მე არასდროს მქონია და ამიტომ გამიჭირდა. ტიტულების გამოცხადება ბოლოდან დაიწყეს. როცა გამოაცხადეს მეოთხე, მესამე და მეორე ვიცე-მისები, დარწმუნებული ვიყავი, რომ მე უტიტულოდ დავრჩი. ის პერიოდი ისე გაიწელა, ასე მეგონა, მთელი საუკუნე ვიდექი სცენაზე და როდესაც გამოაცხადეს, რომ საქართველოს წარმომადგენელი გახდა „პირველი ვიცე-მისი“, ისე დავიბენი, ადგილიდან ვერ ვიძვროდი. „მისის ლატვია“ მედგა გვერდით, რომელთანაც დავმეგობრდი და ის მეუბნებოდა, შენ გამოგაცხადესო. მე მაინც რეაქცია არ მქონდა. მერე ვნახე კადრებში როგორ მომკიდა ხელი და გამიყვანა წინ. ვტიროდი, არ მახსოვს მადლობის გადასახდელად როგორ მოვუყარე სიტყვებს თავი. ჩემთან ერთად ტიროდნენ კონკურსის ორგანიზატორებიც. ყველას გული აუჩუყდა. როდესაც გამოავლინეს ყველა გამარჯვებული, მე მაშინვე კულისებში გავვარდი და გამოვიტანე საქართველოს დროშა. ჩემ გარდა, დროშით სცენაზე არავინ იდგა. მერე გადავხედე და არცერთ ერთობლივ ფოტოზე არ ვარ. ამ დროს დროშის მოსატანად ვიყავი. როდესაც ჩემს შვილს ჰკითხეს ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, თუ რა რეაქცია ჰქონდა ჩემს გამარჯვებაზე, მან უპასუხა: არ გამკვირვებია, იმიტომ რომ დედა გვყავს პელეო.
– კონკურსის სამოსის დიზაინზე თქვენ იზრუნეთ?
– დიახ და ჩემმა კაბებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით ნაციონალურმა სამოსმა. მასში გამოწყობილმა შევასრულე სიმღერა „თბილისო”, რამაც ყველა აღაფრთოვანა. ევროპულ პრესაში პოპულარული გავხდი და ძალიან ბევრი ინტერვიუ ჩამომართვეს. ყველგან ვამბობდი, ქართველი ქალები უგვირგვინო დედოფლები არიან-მეთქი. ჩემს სამოსს ერთი გადაცემა მიუძღვნეს.
– კონკურსანტებს შორის როგორი დამოკიდებულება იყო?
– მას შემდეგ, რაც მე „პირველი ვიცე-მისი“ გავხდი, რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც „მესამე ვიცე-მისის“ ტიტული მიიღო, ძალიან არაადეკვატური რეაქციები ჰქონდა. პირდაპირ განაცხადა, რომ რუსებს ყველა კონკურსზე გვჩაგრავენ. მალახოვის გადაცემაში უნდა მივიდე და იქ გამოიძიებენ ამ ამბავსო. მე, ნიდერლანდებისა და ლატვიის წარმომადგენლები დავმეგობრდით, რეპეტიციების დროს სულ „ვხულიგნობდით”.
– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
– აბსოლუტურად არაფერი, არც თაყვანისმცემლები მაწუხებენ. დამიჯერეთ, თუ ქალს არ უნდა, რომ შეაწუხოს მამაკაცმა, არც არავინ შეაწუხებს. ამ საკითხის მოგვარება ძალიან მარტივია. მე და ჩემი მეუღლე წლების წინ დავშორდით. მყავს ორი შვილი, ბიჭები – 13 და 19 წლის. ჩემი შვილები მიჩვეულები არიან, რომ მათი დედა დიზაინერია და ხშირად არაორდინარულად გამოიყურება. ამ ყველაფერს ძალიან ბუნებრივად აღიქვამენ. ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან. ისე გავზარდე, რომ ადრეული ასაკიდან შეეძლოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუ დამჭირდა, მეც მიგვარებენ ხოლმე პრობლემებს. არანაირი პირადი ცხოვრება არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, არც მცალია და არც სურვილი მაქვს. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ცივილიზებულად გავშორდით ერთმანეთს. უბრალოდ, მივხვდით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ადამიანები. მას მეორე ცოლი ჰყავს, რომელთანაც არაჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს. ჩვენი შვილები ერთად იზრდებიან. ჩემს ყოფილ მეუღლეს უთქვამს, რომ იულიას ოთხი შვილი ჰყავსო. ორი ჩემი და ორი მისი მეორე ქორწინებიდან. კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩემი ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა, ჩემი ყოფილი ქმრის ახლანდელი მეუღლე იყო.
– ძლიერი ქალი ხართ?
– ალბათ. ბევრი რამ გამომდის კარგად. თამამად ვიტყვი, რომ კარგი კულინარი ვარ. კარგად ვისვრი იარაღს. ერთადერთი, რაც არ შემიძლია და ალბათ, ვერც ვერასდროს შევძლებ, მანქანის მართვაა. ტრადიციული სამოსისთვის კონკურსზე წაღებული მქონდა ნამდვილი ხმალიც. ინტერვიუებში ვამბობდი, სილამაზესთან ერთად, ქართველი ქალის დამახასიათებელი თვისება სიმამაცეა და თუ დაგვჭირდა, ჩვენი ქვეყნის დასაცავად იარაღსაც ავიღებთ ხელში-მეთქი. თან, ამ ხმალს ვატრიალებდი. ჩემი მეგობრები მეხუბრებოდნენ, ალბათ, ხმლით შეაშინე ჟიური და იმიტომ მოგანიჭეს „პირველი ვიცე-მისის“ სტატუსიო.
– საქართველოში გვირგვინით დაბრუნებულს როგორ დაგხვდნენ?
– დღემდე ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერს და მილოცავს. მათი მხრიდან დადებითი შინაარსის შეტყობინებები ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. თუმცა, იყვნენ ძალიან ახლობლებიც, რომლებსაც დღემდე არ მოულოციათ და ეს ფაქტი ძალიან გამიკვირდა.