როგორ გაჩნდა ოთარ რამიშვილის ლეგენდარული სიმღერების ფრანგულად გადამღერების იდეა
2016 წლის 26 მაისს გამოვიდა ქართველი ბარდის - ოთარ რამიშვილის სიმღერების ალბომი ფრანგულ ენაზე, რომელსაც ასრულებს მისი შვილი, მიხეილ რამიშვილი. ალბომის სახელია „კვლავ მერცხლები მოქარგავენ ზეცას”. დისკით აღფრთოვანებული ქართველი და უცხოელი მსმენელი უმაღლეს შეფასებას აძლევს მას. გთავაზობთ ამონარიდებს შეფასებებიდან: „სიამოვნებით მოვისმინეთ ფრანგულად ნათარგმნი ქართული სიმღერები. გრაციოზულობასა და დახვეწილობასთან ერთად, იგრძნობა საოცარი სიმსუბუქე, რაც ამ სიმღერების მოსმენისას ძალიან სასიამოვნო დროს გატარებინებს!” – პოლკოვნიკი ფილიპ ნარდენი – საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების მისიის ხელმძღვანელი. „გვინდა, მთელ გუნდს, რომელმაც ამ ალბომზე იმუშავა, დიდი მადლობა გადავუხადოთ. მოგვეწონა შემსრულებელი, თავისი მშვენიერი ხმითა და ლამაზი აქცენტით. მან ნამდვილად დიდი სიამოვნება მოგვანიჭა. სიმღერების ეს რეპერტუარი მშვენიერი საშუალებაა, მოკალათდე სავარძელში, ჭიქა ღვინით ან კონიაკით ხელში, განიტვირთო და ისიამოვნო არაჩვეულებრივი მუსიკითა და პოეზიით, რასაც ხანგრძლივი, სტრესული დღის შემდეგ ნამდვილად თერაპიული ეფექტი აქვს,” – კატრინ კოლა – ექიმი-თერაპევტი. „მოვისმინე ალბომი და ჩემს ფრანგ მეგობრებსაც მოვასმენინე. „კოცნით ამოგიშრობ მაგ ცრემლიან თვალებს“ ჩემი საყვარელი სიმღერაა! ის, რაც ფრანგი მსმენელისთვის ალბომს სასიამოვნო მოსასმენს ხდის, სიმღერების ტექსტების არაჩვეულებრივი თარგმანია. მომწონს აკომპანემენტი. შესანიშნავი ალბომია!”- პოლკოვნიკი ჟან-ივ ბასეტი – საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, კატასტროფული მედიცინის საერთაშორისო ექსპერტი, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. „აღფრთოვანებული ვარ, როგორ მოუხდა ფრანგული ენა ოთარის უკვდავ სიმღერებს. მიმაჩნია, რომ საუკეთესო იდეა და პროექტია ამგვარი დისკის გამოშვება, რათა მსოფლიომ გაიცნოს ქართული ნიჭი,” – მომღერალი ნუცა შანშიაშვილი.
– ბატონო მიხეილ, დისკის გამოშვების იდეა როგორ მოვიდა?
– ჩემი ქალიშვილი ლიზი უკრავს ვიოლონჩელოზე და ხშირად უწევს გასტროლებზე სიარული უცხოეთში. მეც მასთან ერთად ვმოგზაურობდი და მასპინძლებთან ხშირად ვუკრავდი გიტარაზე და ვმღეროდი, რაც მელოდიურად ძალიან მოსწონდათ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მიკავშირდებოდნენ და მეკითხებოდნენ, ხომ არ ვაპირებდი სიმღერების თარგმნას უცხო ენაზე. ბოლოს ოჯახში დავსვი საკითხი, თუ რომელ ენაზე იქნებოდა უკეთესი ოთარ რამიშვილის რეპერტუარის თარგმნა. ჩემმა მეუღლემ მირჩია, რომ სიმღერები ფრანგული ენაზე ყოფილიყო ნათარგმნი. იქამდე ფრანგულ ენასთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მქონია. 2016 წლის 6 მარტს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, კლუბ Angels City-ში ჩატარდა საღამო, სადაც ერთ-ერთი სიმღერა – „შენ შორსა ხარ” მივუძღვენი გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საფრანგეთის ელჩის მრჩეველზე, თანამშრომლებსა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, ფრანგული ინსტიტუტის (ყოფილი ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი) დირექტორ ჟან-ივ ლავუარსა და მის მეუღლეზე, რომელმაც შემომთავაზა დისკის ჩაწერა. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მეგობრებს: ტექსტების მთარგმნელს - საფრანგეთის, მონპელიეს პოლ ვალერის სახელობის უნივერისტეტის ენათმეცნიერების მაგისტრს, ფრანგული ენის ფილოლოგს, ნინო ნიკოლაშვილს; ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელობის თეატრის ორკესტრის მთავარ კონცერტმეისტერს, ლელა მჭედლიძეს; მუსიკოს ვანო (ვანიანო) ხაჩიძეს; მხატვარ ნინა ჩაჩუას; დიზაინერ თეონა კვაჭაძესა და ხმის რეჟისორებს – გელა იმნაძეს თამაზ დარსაველიძეს, ამ ალბომის შექმნაში მონაწილეობისთვის.