რატომ არის თიკა მახალდიანი ღალატთან დაკავშირებით აფთარივით და რის გამო შეხვდნენ ის და თემო პირველაშვილი ნიშნობის წლისთავს ცალ-ცალკე
14 ივლისს მომღერალ თიკა მახალდიანისა და ბიზნესმენ თემო პირველაშვილის ნიშნობიდან ერთი წელი შესრულდა. სამწუხაროდ, ეს დღე წყვილმა ერთად ვერ გაატარა, რადგან, საქმეების გამო, უკვე სამი კვირაა, თემოს იტალიაში უწევს ყოფნა. თიკა კი მოუთმენლად ელის, როდის დაასრულებს საქმეებს და მეუღლესთან ერთად იტალიაში მოახერხებს დასვენებას.
თიკა მახალდიანი: ახლა ვისვენებ. სექტემბრიდან ვაპირებ ახალი სიმღერის ჩაწერას, მაგრამ ჯერ დეტალებზე საუბარი არ მინდა. თუმცა, მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს. ახლა ბათუმში მივდივართ მე და ნინი წიკლაური. კონცერტები გვექნება საღამოობით სანაპიროზე, ბენდთან ერთად. დაახლოებით, ორ კვირაში კი, იტალიაში მივდივართ თემოსთან, ზღვაზე დასასვენებლად. ის უკვე სამი კვირაა იტალიაშია. რომ ჩავალ, მერე ვიქნებით სიურპრიზებში და კარგ ამბებში. ეს პერიოდი კი ძალიან რთულია ჩემთვისაც და თემოსთვისაც. ერთმანეთის გარეშე ძალიან გვიჭირს, მაგრამ გაიხაროს ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა. მისი საშუალებით შეგვიძლია, ერთმანეთს ვეკონტაქტოთ და ვუყუროთ მთელი დღის განმავლობაში. ეს გვიმსუბუქებს ერთმანეთის გარეშე ყოფნას და მონატრებას. ორი კვირაა უკვე, ასე ვართ. იმდენად აღარ ვნერვიულობ, იმიტომ რომ, მეც მალე წავალ და მთელი ყურადღება ამაზე მაქვს გადატანილი. იმედი მაქვს, სწრაფად გავა ეს დრო.
– არ ეჭვიანობთ, როცა ერთმანეთისგან ასე შორს ხართ?
– სხვათა შორის, არა. ჩვენ შორის ახლა დიდი მანძილია, მაგრამ ერთმანეთს ვენდობით და არ ვეჭვიანობთ. ყოველთვის ვიცით ერთმანეთის ადგილსამყოფელი და მიუხედავად იმისა, რომ მე ცოტა ეჭვიანი ვარ (თუმცა თავიდან უფრო მეტად ვიყავი), როცა ყველაფერში დარწმუნებული ხარ და ადამიანს ყველანაირად იცნობ, ეჭვების ადგილი არ რჩება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თემოს ყველაზე კარგად მე ვიცნობ. ყველანაირ სიტუაციაში გამოვცადე და მანაც ყველა გამოცდა ჩააბარა. როცა ადამიანი გიყვარს, არა მგონია, სხვას დაუწყო ყურება. ამისთვის ცოტა სხვანაირი უნდა იყო და არც მე და არც თემო ასეთები არ ვართ.
– ზოგადად, ღალატის თემაზე მაინტერესებს შენი აზრი. ჩვენთან, ზოგი მიიჩნევს, რომ ქალის ღალატი ტრაგედიაა, კაცის კი – რატომღაც დასაშვებია.
– ღალატთან დაკავშირებით აფთარივით ვარ. ვერ ვიგებ განსხვავებას – ჩემთვის კაცისა და ქალის ღალატი ერთი და იგივეა. რას ნიშნავს – „კაცმა თუ უღალატა, ვაპატიოთ, მერე რა მოხდა, ის კაცია?!“ ღალატი ჩემთვის საშინელებაა, მარტო ქმრის კი არა, მეგობრის, ახლობლის და საერთოდ, ყველასი. საბედნიეროდ, ჩემთვის არავის უღალატია და ღმერთმა დამიფაროს. მაგრამ, ძალიან ცუდად მოვიქცევი, ასეთი რამ რომ მოხდეს. კაცები რომ ამბობენ, კაცი ვარ და ქალებში გავივლიო, რატომ? მაშინ ქალმაც გაიაროს. შენმა ცოლმა რომ კაცებში გაიაროს, მოგეწონება? ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის. თან, დღეს სხვა დრო მოვიდა. ისე აღარაა, ქალი რომ დაჩაგრული უნდა იყოს, სახლში შვილებს უვლიდეს და კაცი გულაობდეს. ეს ძალიან ჩარჩენილი აზროვნებაა.
– ბევრს უთქვამს, თუ ქმარი სხვა ქვეყანაშია მარტო და იქ მიღალატებს, არა უშავს, მთავარია, აქ არ დაიწყონ ამაზე ჭორაობა და მე არ გავიგოო. ახლა, როცა თემო აქ არაა, როგორ უყურებ ამ საკითხს?
– ყველას თავის აზრი და ლოგიკა აქვს. მათ პატივს ვცემ, მაგრამ მე სხვანაირი შეხედულება მაქვს. არც თბილისში, არც წყალტუბოში და არც საფრანგეთში, არაა დასაშვები ჩემთვის ღალატი. მე თუ მასთან ერთად არ ვარ, შეურაცხყოფა უნდა მომაყენოს? ეს ჩემთვის სასტიკად მიუღებელია. „ოღონდ არ გავიგო და თუ უნდა, მიღალატოს,” – ვერც მაგას დავეთანხმები. ღალატი ღალატია და თუ ქმარი მიღალატებს, მე მაინც გავიგებ. გაუგებელი არაფერი რჩება. უპირველესად, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს კაცმა ღალატი და მერე ცოლს. ახლა რომ თემოსთან ერთად არ ვარ, ეს პანიკაში სულაც არ მაგდებს. ვიცი, რა სიტუაციაშიცაა. რეალურად, საქმეებზეა წასული და არც სცალია, რომ კლუბში ან სადმე გასართობ ადგილას წავიდეს. თან, ვიცი, რომ ჩემ გარეშე ცუდადაა და სადმე გასართობად წასვლა არ სიამოვნებს. შეიძლება, ზოგს არ სჯერა, მაგრამ მართლა არ არის ეგეთი ტიპი. არ უნდა ჩემ გარეშე ყოფნა. უკვე დიდია, ეგეთი ამბები მოილია. გაერთო კიდევაც, ძალიან ბევრი ქალიც ჰყავდა, ალბათ. ახლა ეს აღარ უნდა. უნდა სიმშვიდე, ცოლ-შვილი, ოჯახი და პატიოსნად ცხოვრება. ამხელა კაცია, 35 წლის და ახლა გადაწყვიტა ოჯახის შექმნა. თუ ისევ ისეთი ცხოვრება უნდოდა, ამას არ გააკეთებდა და ძველებურად განაგრძობდა. მაგრამ, თემო ეგ ტიპაჟი არ არის. ამიტომ, არც ვნერვიულობ და არც განვიხილავ, რომ შეიძლება, ახლა გადაუხვიოს გზიდან.
– როგორც ვიცით, თემოსთვის ეს პირველი ქორწინება არაა. ეს თუ იწვევს შენში ეჭვიანობას?
– არანაირად. საერთოდ, არც გვქონია მაგაზე ლაპარაკი. არც მიკითხავს, როგორი იყო შენი ურთიერთობა პირველ ცოლთან-მეთქი. თუ თვითონ მეტყვის რამეს, კი ბატონო, მაგრამ მე რომ ჩავძიებულიყავი, ასე არ მომხდარა. ჩემთვის ჩემთან როგორც არის, ის არის ყველაზე მთავარი და კარგი. ნაკლებად მაინტერესებს, სხვასთან რა და როგორ იყო.
– ვიცი, რომ შვილთან, პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა გაქვს.
– კი, შვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვმეგობრობთ. წელს გახდება აბიტურიენტი, ანუ უკვე დიდი და ძალიან კარგი ბიჭია – კარგი აღზრდილი. მიხარია, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ლაშიკო თავიდანვე ისე კარგად შემხვდა, რომ საერთოდ არ მინერვიულია. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გაგვიჭირდებოდა ურთიერთობა. ბიჭია და უფრო გოგოებს აქვთ ხოლმე ეჭვიანობისა და ეგოისტობის მომენტები. თემო უფრო ნერვიულობდა ამაზე, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. ახლა, ლაშა ხშირად გამომესარჩლება ხოლმე თემოსთან. თემოს გარეშეც ვსაუბრობთ და ხშირად, თუ თემოსთან რამის ჩაწყობა დასჭირდა, მე ვუწყობ ხოლმე. ასე ვართ, ერთმანეთის ჩაწყობებში (იცინის).
– თქვენი ქორწინება სკანდალით დაიწყო – სასტუმროს ნომერში ხალათებში გადაღებულ ფოტოს ვგულისხმობ. მას შემდეგ სოციალურ ქსელში თუ ფრთხილობთ ხოლმე?
– არც არასდროს გამოვირჩეოდი სკანდალებით და არც მაქვს სურვილი, რამით გავხდე პოპულარული. ხალხი საცურაო კოსტიუმებით დებს ფოტოებს და ვერ გავიგე, ხალათები რატომ გაუკვირდათ. ქორწილში ძალიან დაღლილი ვიყავი, ჯანმრთელობის მხრივაც არ მქონდა კარგად საქმე და როგორც კი დასვენების საშუალება მომეცა, მაშინვე მივწექი. ამაზე ატყდა ერთი ამბავი. საშინელი კომენტარები მოჰყვა. აი, ეს რა გვაკადრეს, ხალათით გადაიღეს ფოტო საძინებელშიო. ჯერ ერთი, საძინებელი კი არა, სასტუმრო იყო. სამწუხაროდ, სხვა ოთახი იქ არ იყო. სახლში სტუმრები გვყავდა და ამიტომ მოგვიწია იქ წასვლა, სადღაც ხომ უნდა დაგვეძინა?! თემომ, უბრალოდ, გადაიღო ფოტო. მეგობრები მონიშნა, ვითომ თურქეთში ვართ და მოდითო. შენს კედელზე რომ რაღაცას გაიხუმრებ... ვისი რა საქმეა, მართლა ვერ ვიგებ?! ყველას ვუსურვებ, ოდესმე თავის ცხოვრებას მიხედოს. სიფრთხილეს რაც შეეხება, ერთმა ჩემმა მეგობარმა, ირინა ბაირამაშვილმა მითხრა, კიდევ კარგი, მეც ვაპირებდი მსგავსი ფოტოს დადებას და წკიპზე გადავრჩიო (იცინის). მე არაფერი მაქვს გასაკონტროლებელი. შიშველს არასდროს გადამიღია ფოტო და არც გადავიღებ. არასდროს მოვყოლილვარ რაღაც ქარ-ცეცხლში. ვინმეს შეიძლება, ჩემი ნამღერი მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, მაგრამ ეს გემოვნების საკითხია. ის რომ, ხალხმა გაუთავებლად გლანძღოს, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. ეს იყო პირველი და სიმართლე გითხრა, ძალიან ვინერვიულე. მაგის გამო ბევრი ცუდი რამ მოხდა. ამიტომ ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და აღარც მეცინება. ყველას მიეზღვება ამ იდიოტობის გამო.