დემირელის სახელობის კოლეჯისა და მისი პარტნიორი სკოლების განცხადება
საქართველოში მოქმედი სკოლები: რუსთავის – შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მარნეულის – დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის – ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, თბილისის – ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისის სკოლა-ლიცეუმი ,,სხივი” და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ვეხმაურებით გასულ დღეებში რამდენიმე პოლიტიკოსის მიერ მედიასაშუალებებით გაკეთებულ აბსურდულ ბრალდებას და ვგმობთ ნებისმიერი ტიპის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველ განცხადებებს.
ზემოთ ჩამოთვლილი სასწავლო დაწესებულებები ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ, კანონსაწინააღმდეგო და არასახელმწიფოებრივ საქმიანობას; ასევე, ვგმობთ ნებისმიერ მცდელობას, გარე და შიდა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოსწავლეებისა და პედაგოგების სახელის ხსენება ისეთ კონტექსტში, როგორიცაა „ტერორიზმი“ და „ექსტრემიზმი“.
ჩვენს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი ღია და გამჭვირვალეა. სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. სკოლების მთავარი მიზანია განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ჯანსაღი და თავისუფალი მოქალაქეების აღზრდა. ჩვენ შორს ვართ ნებისმიერი არასახელმწიფოებრივი ქმედებისგან და ერთგული შრომით ვემსახურებით ღირსეული მოქალაქეების აღზრდას. ორი ათეული წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ საამაყო ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასახვა ქვეყანაში: ზაზა ფაჩულია, ზვიად მეტრეველი (აშშ), გიორგი კოჭლამაზაშვილი (იაპონია), ირაკლი მარღანია (აშშ), დემეტრე გვარამია (აშშ), გ. კაპანაძე (გერმანია) და სხვა მრავალი. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობასა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. თითოეული მოსწავლე ჩვენი სიამაყეა! ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წვლილით ქვეყნის აღმშენებლობაში!