კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შიში დაძლია თათია შარანგიამ ქმრის გამო და აქვს თუ არა მას ურთიერთობა ყოფილი ქმრის ოჯახთან – შევარდნაძეებთან

ქართულმა საზოგადოებამ პიანისტი, თათია შარანგია წლების წინ გაიცნო, როცა მან და ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა, ლაშამ იქორწინეს. თანაცხოვრებისას ოჯახურ იდილიას ვერ მიაღწიეს და ცალ-ცალკე ცხოვრება არჩიეს. მოგვიანებით კი, თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. მათი წყვილი დიდი ხანია, შედგა და ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. თათია წლების განმავლობაში პარიზში მოღვაწეობდა. პარიზის კონსერვატორია დაამთავრა და დღეს კარიერაზე ორიენტირებული, შემდგარი პიანისტია. წყვილი ერთად ბევრ საინტერესო პროექტს გეგმავს. ამჟამად თათია საფრანგეთში გასამგზავრებლად ემზადება და მიუხედავად წინასაკონცერტო ეიფორიისა, „თბილისელების” მკითხველს წლების განმავლობაში ნაშენებ კარიერასა და ოჯახურ ბედნიერებაზე უყვება.
– თათია, ახლახან თბილისის კონსერვატორიაში სოლო კონცერტი გქონდათ, რაზეც ძალიან ბევრი ლაპარაკობს. შემდგარი პიანისტი ხართ, საქართველოშიც აქტიურად გამოჩნდით ქველმოქმედებით...
– ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოშიც მიწევს გამოსვლა. უცხოეთშიც კარგია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა სულ სხვა კომფორტია. მინდოდა, რომ სოლო პროგრამა შუმანის ყოფილიყო და ასეც მოხდა. ძალიან მიყვარს შუმანის რეპერტუარის შესრულება. ორივეს ერთი ჰოროსკოპი გვაქვს. ერთი დღის განსხვავებაა ჩვენს დაბადების დღეებში. ტყუპები კი, რაღაცნაირად, რთული ზოდიაქოს ნიშანია. გაორება ახასიათებთ, რაც საკუთრივ შუმანის შემოქმედებაში კარგად იგრძნობა. რაც შეეხება ქველმოქმედებას, რაც შემიძლია, ვაკეთებ და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. მე და სანდრომ საქველმოქმედო ფონდი „ნათელი საქართველო“ დავაარსეთ, სადაც გასულ ზაფხულს სოციალურად დაუცველი 30 აბიტურიენტი მოვამზადეთ ეროვნული გამოცდებისთვის. ფონდმა ჩაატარა ღონისძიება – „ხელოვნება პატარებისთვის“ და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს იანვრიდან ივნისამდე დაუფინანსა სხვადასხვა წრეებზე სწავლა. წინა ზაფხულს აბიტურიენტების მოსამზადებელი სკოლა გავხსენით, სადაც მოსწავლეებს ყველა საგანში მომზადების შესაძლებლობა ჰქონდათ. ახლა ლიტერატურული კონკურსების ჩატარებას ვგეგმავთ, რომელსაც  მე წარვუძღვები. უშუალოდ იქნება პიანისტების კონკურსიც. ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან ბავშვობიდან დაიწყო. საბოლოოდ რომ გადავწყვიტე პროფესიის არჩევა, ეს იყო მაშინ, როცა პირველად დავდექი სცენაზე. სცენისა და მუსიკის სიყვარული დაავადებასავითაა – ერთხელ თუ შეგეყრება, ვეღარ მორჩები. 14 წლის ასაკში პარიზის კონსერვატორიაში მიწვევა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია, ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ არის – დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება. ზოგადად, პარიზი ჩემთვის ხელოვნების ქალაქია და ძალიან მიყვარს. თავიდან გამიჭირდა იქ ცხოვრება, რადგან მუდმივად დედაზე დამოკიდებული ვიყავი.
– კონსერვატორიის დამამთავრებელ წელს, ძალიან ახალგაზრდა, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილს, ლაშას გაჰყევით ცოლად, ამან გარკვეული ზეგავლენა არ მოახდინა კარიერაზე?
– კონსერვატორიის დამამთავრებელ კურსზე გავთხოვდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამეში ხელი შემეშალა. პირიქით, ოჯახიდან დიდი ხელშეწყობა მქონდა. არც კი ვფიქრობ, რომ ნაადრევად არ უნდა შემექმნა ოჯახი, პირიქით, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება, რაც დღეს მაქვს, ჩემი შვილები – ედუარდი და ალექსანდრეა. ლაშა ძალიან პოზიტიური ადამიანია, მაგრამ ხომ ხდება, რომ არცერთი არ არის ცუდი და არც ცუდად იქცევა, მაგრამ ხასიათით ვერ ეწყობიან  ერთმანეთს. ასე მოხდა ჩვენს  შემთხვევაშიც და დავცილდით.  ლაშას თავისი ცხოვრება აქვს და მინდა, ბედნიერი იყოს.
– ჰოროსკოპი ახსენეთ, ანუ გჯერათ მისი. ხშირად ამართლებს თქვენს შემთხვევაში? წინასაკონცერტო საკუთარი წარმატების რეცეპტიც აუცილებლად გექნებათ, არა?
– „ტყუპებზე” ხშირად ამართლებს (იცინის). ქვეცნობიერი განწყობის ძალიან მჯერა.  ბავშვობიდან მწარედ მახსენდება... პიანისტებს ცხვირსახოცი მუდმივად თან აქვთ სცენაზე. მეც დედაჩემის ნაჩუქარი ცხვირსახოცი თილისმასავით დამქონდა. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ დამრჩა, საშინელი შეგრძნება იყო. ვფიქრობდი, რომ ამაზე იყო დამოკიდებული ჩემი წარმატება. გერმანიაში უნდა დამეკრა, თან ფეხმძიმედ ვიყავი და ცოტა თავისუფალი კაბა მეცვა, რადგან სხვა არაფერი მეტეოდა. ჩაცმის დრო რომ მოვიდა, კაბა ვერ ვიპოვე. მახსოვს, სიმწრისგან ვტიროდი კიდეც. საბოლოოდ აღმოჩნდა, ვინც ოთახს ალაგებდა, ჩემი ძვირფასი კაბა ღამის პერანგში აერია და თურმე, ლოგინში ჩადო (იცინის). არის რაღაცეები, რაზეც შეუძლებელია, ყურადღება არ გაამახვილო. რაც შვილები გავაჩინე, მას შემდეგ, ბავშვები რომ არ ვნახო და არ ჩავეხუტო, ისე სცენაზე არ გავდივარ. ასევე, მაქვს ჯვარი, რომელიც საგვარეულოდან გადმომეცა და ყოველ კონცერტზე თან დამაქვს.
– მეორედ სანდრო შელიას გაჰყევით ცოლად, რაზეც ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა. ახლა როგორ ხართ – ორივე მუშაობთ, დატვირთული დღეები გაქვთ... ხანგრძლივი თანაცხოვრების შემდეგ ურთიერთობა ბანალური ხდება. თქვენთან რა ხდება ამ მხრივ? გარდა სიყვარულისა, რა მიზეზით აირჩიეთ სანდრო ცხოვრების მეგზურად?
– ორივე ძალიან დაკავებულები ვართ, ჩვენი საქმეებით ვართ გართული. მაგრამ, უერთმანეთობას არ ვგრძნობთ, რადგან არასდროს მაკლია სანდროს ყურადღება. ერთადაც ვმუშაობთ. ერთადერთი, რის გამოც ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ ჩემს პროფესიას, არის დროის დეფიციტი და სურვილი – გაცილებით მეტი დრო გავატარო შვილებთან ერთად. ძირითადად, სახლში მიწევს მუშაობა ინსტრუმენტთან და ბავშვებიც ჩემთან არიან. ზოგადად, ოჯახის წევრები ძალიან მეხმარებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, ხელი შემიწყონ ჩემი საქმის კეთებაში. სანდრო ყოველთვის ესწრება ჩემს გამოსვლებს და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ხშირად მაძლევს რჩევებს და რაღაცეების უკეთ დანახვაში მეხმარება. ძალიან უყვარს სიურპრიზები და მუდმივად მანებივრებს. ხასიათით ძალიან ვემთხვევით ერთმანეთს. თითქმის არაფერზე  ვჩხუბობთ. ერთადერთი, რაზეც მსუბუქად ვკამათობთ, პროფესიაა. ხანდახან თუ მისი კრიტიკა არ მომწონს და განსხვავებული აზრი მაქვს, ხუმრობაში ვატარებ და ვეუბნები, შენ იმ საქმეს მიხედე, რაც კარგად იცი-მეთქი (იცინის).
– ეჭვიანობის მომენტები არ გაქვთ ხოლმე? დღეს ყოველი მეორე ოჯახი გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლას ეწირება. თქვენში რა ხდება, რომელი ესწრაფვის პირველობას?
– ზომიერად ეჭვიანი ვარ (იცინის). ეჭვიანობის საბაბი ერთმანეთისთვის არასდროს მიგვიცია. ერთმანეთს იმდენად ვენდობით, არასდროს დავუშვებთ, ყველაფერი, რაც მართლა ჩვენი შრომით მოვიპოვეთ, შევბღალოთ. როდესაც ცოლ-ქმარს შორის პრიორიტეტები დაბალანსებულია, ვფიქრობ, ბედნიერები სწორედ მაშინ არიან თუ პირველობისთვის მიდის ბრძოლა, ირღვევა წყვილს შორის არსებული ჰარმონია. ქალს თავისი ფუნქციები აქვს და მამაკაცს – თავისი. არასდროს მაქვს ამბიცია მეუღლის მიმართ იმაზე, თუ ვის ერგება პირველობა. მთავარია, რომ ერთმანეთის კარგად გვესმის. სანდრომ ამისრულა ოცნება და ვენეციაც  მაჩვენა. ზუსტად ვიცი, კიდევ ბევრ ოცნებას ამისრულებს. მისი ძალიან მჯერა.  ნეტავ იცოდეთ,  ფრენის როგორ მეშინია. წამლებს ვსვამ და ისე მივფრინავ  და ერთადერთი, ვის გამოც თვითმფრინავით მგზავრობის შიში დავძლიე, სანდროა.
– ბავშვებზეც მომიყევით, როგორები არიან, ხშირად ნახულობენ მამას? სანდროსთან ურთიერთობაში ბარიერი ხომ არ ჰქონიათ?
– შვილები არაჩვეულებრივები არიან. როცა ვმუშაობ, ხელს არასდროს მიშლიან. თავიანთი მოწესრიგებულობით ხელს მიწყობენ, რომ კონცერტზე გასასავლელად მოვემზადო. ორივე მუსიკალურია, მაგრამ, პატარას აქვს, რაღაც არაბუნებრივად კარგი ხმა. ბავშვები მამასთან რჩებიან ხოლმე. ძალიან კარგი და ყურადღებიანი მამაა ლაშა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. მიხარია, ასე კარგად რომ ვართ. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას მამასთან ატარებენ. ყოველთვის კარგს ვუსურვებ ლაშას და იგივეს ვგრძნობ მისგანაც. თავიდან ჩემს ოჯახს სანდროს მიღება გაუჭირდა, მაგრამ ახლა ჰარმონიულად ვცხოვრობთ.  ჩემი შვილები სანდროსთან თავს ძალიან ლაღად და კარგად გრძნობენ. ეს კი მთლიანად სანდროს დამსახურებაა. ბავშვები მეგობრობენ მასთან და ითვალისწინებენ სანდროს რჩევებს. ასევე, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ძალიან გვიყვარს სანდროს შვილი, რომელიც ხშირად ჩამოდის ჩვენთან ან ჩვენ ჩავდივართ მასთან, ამერიკაში.

скачать dle 11.3