მკვლელი ეძებს ფარმაცევტს
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29(812)
კორპორაციის ოფისისა და საწარმოს თბილისში გახსნა, რეი საქსის ჩანაფიქრით, მას პავლე გოკიელის გადაბირებაში უნდა დახმარებოდა. გამოცდილმა მილიარდერმა ბიზნესმენმა უცებ „მოტვინა“, რომ, თუკი კიბოს წამლის გამოშვების მონოპოლიას ჩაიგდებდა ხელში, მაშინ ის ონკოლოგიური ფარმაცევტიკის უპირობო იმპერატორი გახდებოდა და შემოსავლებით ბევრად გაუსწრებდა თავის ყველა კოლეგას. საქსი ვარაუდობდა, რომ, თუ გოკიელის წამლების ფორმულა მის ხელში აღმოჩნდებოდა, თავის, ეგრეთ წოდებულ „კიბოს პრევენციული“ ფარმაცევტული წარმოების გადაწყობას სულ რაღაც ერთ წელიწადში მოახერხებდა „კიბოს უპირობოდ განმკურნავი“ ფარმაცევტიკის რელსებზე და მხოლოდ თვითონ გაყიდდა ამ წამალს... საქსისთვის ეს გეგმა საუკეთესო ვარიანტი იყო, თუმცა, მას სათადარიგო პრევენციული გეგმაც გააჩნდა, რომლის მიხედვითაც თუ ის გოკიელს ვერ დაიყოლიებდა პარტნიორობაზე, მაშინ მას ფიზიკურად გაანადგურებდა, რომ ისიც არ დაეკარგა, რაც ჰქონდა და, სწორედ ამიტომ დაავალა მან ჯონ მოზესს თბილისში ორი თანამშრომლის გაშვება...
ორიოდე საათის შემდეგ სარა ბარდენი კვლავ ეწვია საქსს კაბინეტში და უთხრა:
– ყველაფერი მოგვარებულია, ბატონო საქს.
– სარა, დაჯექი და დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი, – მიუგო ქალს მილიარდერმა. ბარდენმა კი მას უთხრა:
– თბილისში, შვეიცარიის საელჩოში დავრეკე, რათა გამერკვია, ვის უნდა დავკონტაქტებოდი თქვენი დავალების თაობაზე. ოც წუთში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამირეკა, თითქმის ერთი საათი მელაპარაკა და შევთანხმდით, რომ ზუსტად სამი დღის შემდეგ იქ ჩვენი ოფისის პრეზენტაციას მოვაწყობთ. მან იმ ადგილის სურათიც გამომიგზავნა, სადაც ჩვენი ოფისი განთავსდება, – სარა ბარდენმა საქსს ფერადი ფოტო დაუდო წინ, რომელზეც რუსთაველის გამზირზე მდებარე, ერთ-ერთი პრესტიჟული სახლი იყო აღბეჭდილი და დაამატა: – ეს თბილისის ცენტრალური გამზირია და ყველაზე პრესტიჟული ადგილი. შესასყიდი ფასიც ისეთი მიზერულია, გამიკვირდა. იმ მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ სპეციალურად პრეზენტაციისთვის დარჩება ქალაქში და თავის დასვენებას გადადებს, ხვალ კი ჩვენი კორპორაციის წარმომადგენლებს ელოდება, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებაში დაეხმაროს.
– ძალიან კარგი, – ჩაეცინა საქსს და დაამატა: – ხვალვე გაემგზავრები თბილისში, იურისტებს იახლებ და ხელშეკრულებას გააფორმებ. დიზაინერები გააფრთხილე?
– დიახ, ბატონო საქს, ისინი უკვე მზად არიან და დღესვე გაემგზავრებიან ოფისის მოსაწყობად.
– კეთილი. ახლა თავისუფალი ხარ და შეგიძლია, წახვიდე, – უთხრა საქსმა ბარდენს და კაბინეტიდან გაისტუმრა.
***
ჯონ მოზესის ორი „ქოფაკი“ – კარლ პალიკი და უმა შარმი, დავალების მიღებიდან რვა საათის შემდეგ უკვე თბილისში იმყოფებოდნენ. წყვილი შვეიცარიელი ცოლ-ქმრის სტატუსით „ქორთიარდ მერიოტში“ დაბინავდა და, როგორც კი ნომერში შედგეს ფეხი, უმამ თქვა:
– ამ საღამოს სიტუაცია დავზვეროთ და დილიდან საქმეს შევუდგეთ.
– ასე ვქნათ, – მიუგო უმა შარმს კარლ პალიკმა, შემდეგ სასტუმროს ადმინისტრატორს დაურეკა და გაარკვია, სად შეიძლებოდა მანქანის დაქირავება.
ციურიხიდან ჩამოსულმა „ცოლ-ქმარმა“ „ფოლკსვაგენ გოლფი“ იქირავა და ლოტკინის მთისკენ აიღო გეზი, სადაც პროფესორ პავლე გოკიელის კარ-მიდამო მდებარეობდა. წყვილმა სამჯერ შემოუარა გოკიელის სამფლობელოს, ფარულად სურათებიც გადაუღო და კვლავ სასტუმროში დაბრუნდა. ნომერში რომ განმარტოვდნენ, პალიკმა გადაღებული ფოტოები ჯონ მოზესს გადაუგზავნა ოფისში, შემდეგ სავარძელში მოკალათდა და შარმს უთხრა:
– თუ უკიდურესი ზომების მიღება გახდა საჭირო, ვფიქრობ, კიდევ ორი კაცის დახმარება დაგვჭირდება. ხომ ნახე, რა მიუვალი ციხესიმაგრე აქვს ამ პროფესორს და, ცრუ მანევრი თუ არ ჩავატარეთ, სხვაგვარად ვერ შევაღწევთ შიგნით. თანაც, ეს ექვსი ურჩხულიც გასანეიტრალებელია. ხომ გესმოდა, როგორ გვიყეფდნენ, როდესაც გალავანს მივუახლოვდით?
– ამას მოზესი გადაწყვეტს. რასაც გვიბრძანებს, იმას გავაკეთებთ. ახლა კი დავიძინოთ. ღამე მშვიდობისა, – მიუგო ქალმა მეწყვილეს. უზარმაზარი საწოლის ნახევარზე ნახევრად შიშველი წამოწვა და დაიძინა.
პალიკს არც კი შეუხედავს თავისი მეწყვილის სექსუალური სხეულისთვის და თავადაც საწოლის მეორე ნახევარზე დაიძინა. მოზესის „ქოფაკებს“ სასტიკად ეკრძალებოდათ ერთმანეთში სექსი და, შინაგანაწესით, ასეთი რამ უპირობო გაგდებით ისჯებოდა. მოზესის ხელქვეითები მკაცრად იცავდნენ შინაგანაწესს, არასდროს არღვევდნენ ინსტრუქციას, ყოველთვის ზუსტად და ბოლომდე ასრულებდნენ ნებისმიერ ბრძანებას და სწორედ ამიტომაც იღებდნენ დიდ ანაზღაურებას. მოზესის უფროსობის პერიოდში ერთხელაც არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ვინმეს დავალება ჩაეგდო, ან, თუნდაც, ოდნავ გადაეხვია მისთვის. ჯონ მოზესს საათივით ჰქონდა აწყობილი სისტემა და კორპორაციის ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს ბურჯს წარმოადგენდა.
დილით „ცოლ-ქმარს“ უთენია გაეღვიძა. პალიკს „ფეისბუქზე“ შეტყობინება დახვდა მოზესისგან, რომელშიც ეწერა: „შუადღეს თქვენთან ადგილობრივი ოფიცერი ზურაბ ნინიძე მოვა, რომელიც პროფესორზე ფაილს მოგიტანთ. მას ორასი დოლარი გადაუხადეთ და, საჭიროების შემთხვევაში, კავშირზე შეუთანხმდით. ფაილს ყურადღებით გაეცანით, გააანალიზეთ და გადმომიგზავნეთ. შემდგომი მოქმედების გეგმას მოგვიანებით მოგაწვდით. ჩემი ბრძანების გარეშე არაფერი მოიმოქმედოთ“.
ოცდათხუთმეტი წლის მაიორი ზურაბ ნინიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელი იყო. პროფესიული კურსი მას შვეიცარიაში ჰქონდა გავლილი სამი წლის წინ. ჯონ მოზესმა ის პალიკისა და შარმის თბილისში გამგზავრების შემდეგ გამოჩხრიკა თავის ყოფილ ხელქვეითთან, რომელიც ნინიძეს პროფესიულ კურსს უტარებდა. მაიორთან დაკავშირება და პროფესორ გოკიელზე ინფორმაციის მოძიება დაავალა, რაზეც ნინიძე თავის ყოფილ ლექტორს უპრობლემოდ დათანხმდა.
ზუსტად დღის 12 საათზე, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ნინიძე „ცოლ-ქმარს“ ნომერში ეწვია და გოკიელზე არსებული ინფორმაციების ამონაბეჭდები მისცა, ორასი დოლარი გამოართვა. თავისი მობილურის ნომერი დაუტოვა, უთხრა, ნებისმიერ დროს დამირეკეთო და წავიდა...
„ქოფაკები“ რიგრიგობით, საფუძვლიანად გაეცნენ ინფორმაციებს და პალიკმა შარმს უთხრა:
– კერკეტი კაკალი ყოფილა ეგ პროფესორი გოკიელი და მისი მოტეხვა არც ისე იოლი საქმე იქნება.
ქალმა მხრები აიჩეჩა და „ქმარს“ მიუგო:
– მასეთები მოგვიტეხია? გვიბრძანებენ – ვიმოქმედებთ და ავალაპარაკებთ; გვეტყვიან, მოსპეთო – მოვსპობთ. ერთი სიტყვით, ბრძანებას უნდა დაველოდოთ. ეგ ფაილები მოზესს ახლავე გადაუგზავნე და თვითონ იცის.
მაიორ ნინიძის მოტანილ ფაილებში ეწერა, რომ 55 წლის პროფესორი პავლე გოკიელი, პროფესიით ექიმი-ტოქსიკოლოგი იყო და განათლება მოსკოვში, შესაბამის სამხედრო სამედიცინო ინსტიტუტში ჰქონდა მიღებული. ორი წლის განმავლობაში სრულიად ახალგაზრდა გოკიელი ავღანეთში მუშაობდა საბჭოთა ოკუპაციის დროს, შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდა და დაოჯახდა. მაგრამ, სულ მალე, მისი ახალშერთული მეუღლე ძუძუს კიბოთი გარდაიცვალა. ამის შემდეგ გოკიელს ცოლი აღარ შეურთავს, მიკრობიოლოგიას ჩაუღრმავდა და ონკოლოგიური დაავადებების პრობლემებზე მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ცოტა ხნით გერმანიაში გააგრძელა მუშაობა ონკოლოგიის სფეროში, თუმცა სულ მალე დაბრუნდა მოსკოვში, მაგრამ ონკოლოგიურ მაფიას „დაეჯახა“ და სახსრების შეწყვეტის გამო, საბოლოოდ საქართველოში გადმოსახლდა და თავის სამშობლოში განაგრძო კვლევები. სამხედრო-სამედიცინო სამსახურის მაიორის, პავლე გოკიელის დახასიათებაში ეწერა, რომ პროფესორი ხისტი ხასიათის, შეუვალი, საკმაოდ აგრესიული ადამიანი იყო და, თუკი მას ვინმე თავს მოაბეზრებდა, მუშტითაც შეეძლო, „გამასპინძლებოდა” აბეზარს. გარდა ამისა, გოკიელი საკმაოდ კარგად ხმარობდა ცეცხლსასროლ იარაღს, უზადო მსროლელი იყო და საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებებშიც კი შეეძლო მონაწილეობის მიღება. გოკიელის დოსიეში ისიც ეწერა, რომ მას თავის კვლევებში 30 წლის თემურ ჯაში ეხმარებოდა. გოკიელის ასისტენტი ჯაში მიკრობიოლოგი იყო და პროფესორმა ის ხუთი წლის წინ აღმოაჩინა ერთ-ერთ ლაბორატორიაში. ნიჭიერი ახალგაზრდა მოეწონა, თავისთან დაასახლა და ამუშავებდა.
თემურ ჯაში წარმოშობით საქართველოს ერთ-ერთი პროვინციიდან იყო. სრულიად ობოლმა პატარა ბიჭმა საკუთარი ძალებით გაიკვლია გზა ცხოვრებაში და ბოლოს გოკიელთან მოხვდა, რომელმაც მასში დიდი მომავლის მქონე მეცნიერი დაინახა. თემურ ჯაში ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ბუნებით ეჭვიანი გოკიელი თითქმის მთლიანად ენდობოდა. თუმცა პროფესორი ჯაშს ბოლომდე მაინც არ უმხელდა თავისი ცხოვრების მთავარ საიდუმლოს – კიბოს წამლის ფორმულას, რადგან მიაჩნდა, რომ თემური საამისოდ ძალიან ახალგაზრდა იყო და ეს უდიდესი საუნჯე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად გამოეყენებინა.
მძიმე და რთული ხასიათის მიუხედავად, პროფესორი პავლე გოკიელი უკეთილშობილესი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო. მისი აზრით, კიბოს წამალი კაცობრიობის კუთვნილება იყო და მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებლად მიაჩნდა. გოკიელს უკვე გამოგონებული ჰქონდა წამლის დამზადების ფორმულა და მასობრივ წარმოებაში გაშვებას გეგმავდა, თუმცა საამისოდ მას ფინანსები და მასავით პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანი სჭირდებოდა. პავლემ ისიც კარგად იცოდა, რომ, როგორც კი მისი აღმოჩენა გახმაურდებოდა, მასზე ფარმაცევტული გიგანტები დაიწყებდნენ ნადირობას. სწორედ ამიტომ სთხოვა მან განკურნებულ პაციენტებსა და მათ ახლობლებს, რომ ეს ამბავი მისი ნებართვის გარეშე არ გაეხმაურებინათ. და სწორედ ამიტომ დაურეკა და გალანძღა გოკიელმა ჟურნალისტი ანა კიკვაძე.
***
ჯონ მოზესი თავისი „ქოფაკების“ მიერ გადმოგზავნილ ფაილებს რომ გაეცნო და გააანალიზა, რეი საქსს კაბინეტში ეახლა და უთხრა:
– ბატონო საქს, ერთი აზრი მომივიდა თავში პროფესორ გოკიელის აღმოჩენასთან დაკავშირებით და მოგახსენებთ.
– დაჯექი და თქვი, გისმენ, – მიუგო მილიარდერმა მოზესს და სკამზე მიუთითა.
მოზესი სკამზე ჩამოჯდა და თქვა:
– როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული დოსიედან ჩანს, პროფესორი პავლე გოკიელი, სავარაუდოდ, არ დაგვეთანხმდება თავისი აღმოჩენის საიდუმლოს გამხელას. ის, როგორც მე გავშიფრე, ალტრუისტობისკენ მიდრეკილი ადამიანია და სურს, რომ კიბოს წამალი კაცობრიობას აჩუქოს.
– როგორ, უფასოდ მისცეს? – სიტყვა შეაწყვეტინა მოზესს აღშფოთებულმა რეი საქსმა.
– დიახ, ბატონო საქს, ამ დოსიეში რაც წერია, სწორედ ასე გამოდის, – თქვა მოზესმა, ჩაფიქრებულ საქსს რომ შეხედა, დადუმდა და მის ნებართვას დაელოდა ლაპარაკის გასაგრძელებლად.
მილიარდერმა შუბლი მოისრისა და მოზესს უთხრა:
– არ არსებობს პატიოსანი ადამიანი, რომელსაც დიდი ფული არ აცდუნებს. მე მას, უბრალო, წინადადებას მივცემ – ას მილიონ ევროს შევთავაზებ და წერტილს დავუსვამ ამ საქმეს, – საქსმა მოზესს შეხედა და დაამატა, – აბა, განაგრძე, მითხარი, რა მოსაზრება გაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით.
– ბატონო საქს, დაახლოებით იგივე მოსაზრება მაქვს, რაც ახლა თქვენ ბრძანეთ, მაგრამ, ოდნავი განსხვავებით: გოკიელს ერთადერთი თანაშემწე ჰყავს, რომელიც მას კვლევაში ეხმარებოდა. ვფიქრობ, სწორედ ის თანაშემწე უნდა ვნახოთ და დაველაპარაკოთ, რომ გარკვეული გასამრჯელოს ფასად გოკიელის აღმოჩენის საიდუმლო გაგვიმხილოს. ჩემი აზრით, ბევრად უფრო იაფი დაგვიჯდება – ეს ერთი; კერკეტ პროფესორს თავიდან მოვიშორებთ – ეს ორი და, გამყიდველ ასისტენტს ყურებში საიმედოდ ჩავავლებთ ხელს და ჩვენს ჭკუაზე ვატარებთ.
– აქ ორი პრობლემაა, – თქვა საქსმა, – შეიძლება, ეს ასისტენტიც თავისი შეფივით პატიოსანი აღმოჩნდეს, ან ძალიან დიდი თანხა მოითხოვოს ღალატისთვის, მაგრამ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ ასისტენტმა, შეიძლება, არც კი იცოდეს პროფესორის აღმოჩენის საიდუმლო, ანუ კიბოს წამლის ფორმულა, – საქსმა პაუზა გააკეთა და მოზესს ჰკითხა: – თბილისში გაგზავნილი შენი ხელქვეითები რას შვებიან?
– სრულ მზადყოფნაში არიან, ბატონო საქს და ჩემს ბრძანებას ელოდებიან, მე კი – თქვენს მითითებებს, – მიუგო მოზესმა მილიარდერს.
– ჯერ არაფერი მოიმოქმედონ. მე კი ერთი აზრი გამიჩნდა: ორი დღის შემდეგ თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის ოფისის პრეზენტაცია გვაქვს. ამ პრეზენტაციაზე გოკიელსა და მის თანაშემწეს დავპატიჟებთ, თუ მოვლენ, პროფესორს კლაუს ვერნერი გაესაუბრება და ნიადაგს მოსინჯავს. თუ არაფერი გამოვა, მისი თანაშემწის „შეკერვას“ შევეცდებით და, თუ არც ეს მოიტანს სასურველ შედეგს, მაშინ შენები ჩაერთვებიან საქმეში, – თქვა საქსმა.
***
„საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრის“ ოფისის თბილისურ პრეზენტაციას პრეზიდენტთან ერთად მთელი პოლიტიკური და სამედიცინო ელიტა დაესწრო. მოვიდა პროფესორი გოკიელიც თავის თანაშემწესთან ერთად. პავლე გოკიელს აინტერესებდა, რა წინადადებას შესთვაზებდა მას მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კორპორაცია. აუცილებლად რომ დაეკონტაქტებოდნენ, პავლე გოკიელი ამაში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული.
რეი საქსმა თავისი პირველი გეგმა ონავ შეცვალა. კლაუს ვერნერისთვის, გოკიელთან პირისპირ საუბრის დავალების პარალელურად, სარა ბარდენს თემურ ჯაშის დამარტოხელება და პირად საუბარში ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. მილიარდერის აზრით, მომხიბვლელი ქალი, ინტიმური ატმოსფერო და დიდი ფულის შოვნის პერსპექტივა კარგი წინაპირობა იყო ახალგაზრდა, უფულო ჯაშის გადასაბირებლად, მით უმეტეს, რომ სარა ბარდენი ასეთ საქმეებში საკმაოდ გამოცდილი იყო და არაერთხელ შეუსრულებია მსგავსი დავალება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში