ინტიმური საუბრები
მეც შევიგრძნობ დედობის ბედნიერებას
ბავშვობიდან მარტოსული ადამიანი ვიყავი, სევდიანი და საკუთარ თავში ჩაკეტილი და ალბათ ამიტომაც არასდროს მყოლია თაყვანისმცემელი ბიჭი – ვის რაში სჭირდება გოგო, თუნდაც ლამაზი, რომელიც სულ მოღუშული და წარბშეკრული დადის, არასდროს იღიმება და რომელსაც მეგობარი გოგონებიც კი არ ჰყავს?
ახლა რომ ვუფიქრდები, ასეთი ხასიათი, ალბათ, იმიტომ ჩამომიყალიბდა, რომ მე, დედა და ჩემი პატარა და მამამ ძალიან ადრე მიგვატოვა, საწყალი დედაჩემი მარტო გვზრდიდა გაჭირვებაში და, აბა, სად ეცალა სამხიარულოდ? საცოდავი, თვითონ სანახევროდ მშიერი იყო, რომ ორიოდე ლუკმით მეტი შეგვხვედროდა მე და ჩემს დას.
სკოლა ისე დავამთავრეთ ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ გვღირსებია, სულ გამონაცვლებში დავდიოდით. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მამის მხარემ საერთოდ დაგვივიწყდა, თითქოს არც ვარსებობდით. ერთხელ ბებიაჩემი და მამიდაჩემი შეგვხვდნენ ქუჩაში მე, დედას და ჩემს დას და, ისე ჩაგვიარეს, ზედაც არ შემოუხედავთ. ის კი არა, ბებიამ უსიამოდ შეიჭმუხნა შუბლი, „საყვარელმა“ მამიდამ კი ირონიული ღიმილით მოპრუწა ტუჩები, თანაც რაღაც დამამცირებელი სიტყვებიც ჩაიქირქილა. პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ ამ ორ ქალს დედაჩემი სძულდათ და არც ჩვენ ვეხატებოდით გულზე; უფრო მეტიც, საერთოდ არ ვარსებობდით მათთვის.
მოკლედ, ისეთი მოწყენილი, გაჭირვებული და ტკივილიანი ბავშვობა და ახალგაზრდობა გამოვიარე, რა გასაკვირია, რომ მხიარულ და ხალისიან ადამიანად არ ჩამოვყალიბდი. სიმართლე გითხრათ, ისიც კი არ ვიცოდი, როგორ უნდა გავპრანჭვოდი ბიჭებს, როგორ უნდა მომეწონებინა მათთვის თავი. მთლიანად ჩემმა ცხოვრებამ, განსაკუთრებით – მეგობრების სიმცირემ და კავალრების არარსებობამ კი ისე დამაკომპლექსა, რომ თავი ყოველთვის ყველაზე უარესი მეგონა, თანაც იმ დონეზე, რომ, ვინმე რაიმე ელემენტარულ კომპლიმენტს თუ მეტყოდა, მეგონა, დამცინოდა და უფრო ვიკეტებოდი საკუთარ თავში.
ასე ვიცხოვრე 37 წელი. ახლა კი, სულ რამდენიმე თვის წინ, ერთმა თანამშრომელმა სიყვარული ამიხსნა და ცოლობა მთხოვა. ჯერ მეგონა, რომ მაშაყირებდა; მერე ვიფიქრე, ალბათ, თვითონ უბინაოა, და იცის, რომ ბინა მაქვს და ამიტომ „შევუყვარდი“-მეთქი, მაგრამ არცერთი ეჭვი არ გამართლდა. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ ქვრივია (ცოლი სიმსივნით გარდაეცვალა) და ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი – 4 და 6 წლის გოგოები. როცა ეს გამიმხილა, მითხრა, დარწმუნებული ვარ, შენ ნამდვილ დედობას გაუწევო. ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თანხმობა ვუთხრა – სხვა თუ არაფერი, დედობის ბედნიერებას მაინც შევიგრძნობ.
ირმა, 37 წლის.