საშიში და მავნე დიეტები
ჩვენს რუბრიკაში ყველანაირ დიეტას გთავაზობთ და პერიოდულად შეგახსენებთ ხოლმე, რომ ნებისმიერი დიეტის დაწყებამდე კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, რადგან, ესა თუ ის დიეტა, შესაძლოა, „მოუხდეს“ ერთს და ავნოს მეორეს.
ზოგადად კი, განსაკუთრებით – ქართულ სინამდვილეში, ასე ხდება: მხოლოდ მაშინ გვახსენდება საკუთარი გარეგნობა და დიეტები, როცა აღმოვაჩენთ, რომ ვეღარ ვეტევით იმ კაბასა თუ შარვალში, რომელიც ყველაზე მეტად გვიყვარდა და გვიხდებოდა. ასეთ დროს ვცდილობთ, მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ სასურველი შედეგი და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, დავიზიანებთ თუ არა ამ სისწრაფით საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენ დღეს ზოგადად მოგითხრობთ იმ დიეტების შესახებ, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცუდად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. ალბათ, ზოგიერთი დიეტოლოგი არ დაეთანხმება ჩვენს მოსაზრებას, მაგრამ, გაფთრხილების მიზნით, ჩვენ მაინც გაგაცნობთ რამდენიმე სახის დიეტის უარყოფით თვისებებს.
საშიში დიეტები, რომელთა განმეორება დაუშვებელია:
შიმშილი
მიუხედავად ზოგიერთი დიეტოლოგის საწინააღმდეგო მოსაზრებისა, გახდომის ყველაზე ექსტრემალური და მავნე მეთოდია – არ ვჭამოთ არაფერი. შიმშილი – ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც შეუძლია, თავის ნებაზე მიუშვას ნებისმიერი დაავადება. გარდა ამისა, როგორც კი ამთავრებ შიმშილობას და იწყებ ჩვეულებრივად კვებას, ორმაგად ხდება წონის აღდგენა.
შიმშილობის პერიოდში ძალიან მცირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესების სიჩქარე და იკარგება კუნთოვანი მასა.
ხდება ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეკავება, რის შედეგადაც, შეიძლება, წარმოიქმნას კენჭები.
იწყება ჰორმონული დარღვევები, რამაც, შესაძლოა, უშვილობა გამოიწვიოს.
ხანგრძლივმა შიმშილობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადება – ანორექსია.
უმი პროდუქტები და ყველა მონოდიეტა
უმი პროდუქტებით კვება ვეგანური დიეტის ყველაზე მკაცრი ვარიანტია. ამ დიეტის მიმდევარი ვეგეტარიანელები უმად ჭამენ ბოსტნეულს, ხილსა და მწვანილს. ხორცი, თევზი, კვერცხი და ყველანაირი რძის პროდუქტი მათი მენიუდან გამოირიცხება. ასეთ კვებას კი მივყავართ საკმაოდ არასასურველ შედეგთან:
ა) უჯრედისის დანაკლისის გამო, შესაძლოა, განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები.
ბ) ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცილების უკმარისობა ჰეპატიტამდე მიგიყვანთ.
გ) ცხოველური ცხიმების დეფიციტი იწვევს ჰორმონულ დისფუნქციებსა და ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
დაუშვებელია, უმი პროდუქტების ხანგრძლივად ჭამას მიაჩვიოთ ბავშვები – ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მოზარდ ორგანიზმს.
მავნებელი დიეტები (ეს დიეტები მავნებელია იმ შემთხვევაში, თუ მათი ხანგრძლივობა 3 დღეს აღემატება):
ნახშირწყლების დიეტის ძირითადი იდეაა, მეტი რაოდენობით მივიღოთ ნელი ნახშირწყლები (პარკოსნები, გაღივებული მარცვლეული, ბოსტნეული, ბურღულეული, პური, მაკარონი, რუხი ბრინჯი, ზოგიერთი ხილი და ასე შემდეგ). ასეთი კვების მთავარი მინუსია ცილების დაბალი შემცველობა.
ცილები ჩვენი ორგანიზმის მთავარი სამშენებლო მასალაა. ის აუცილებელია ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად. თუ ორგანიზმს ცილები საკვებიდან არ მიეწოდება, ის ამ ნივთიერებას იღებს თავისი მარაგიდან – კუნთებიდან, შედეგად კი კუნთები კარგავს ტონუსს, შესაბამისად კი კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიკურობას. გარდა ამისა, ცილების უკმარისობა ძალიან აქვეითებს იმუნიტეტს და არღვევს მენსტრუალურ ციკლს.
ცილები კარგად ანაყრებს, ამიტომ, მათი დანაკლისი გამოიწვევს მუდმივ მოშიებას. სხვა უარყოფითი შედეგებია: ცუდი განწყობა, შრომის უნარის დაქვეითება, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება და დეპრესია.
ყველა ცილოვანი დიეტა – მათი ავტორები არიან: არტკინსი, კრემლიოვსკაია, მონტინიაკი და დიუკანი. ისინი მიიჩნევენ, რომ ჭარბი წონის მთავარი მიზეზი ნახშირწყლებია და, რაც უფრო ნაკლები რაოდენობით მივიღებთ მათ, მით უკეთ შევინარჩუნებთ სასურველ წონას. ამიტომ, მათი დევიზია: არავითარი მაკარონი; ხილისა და ბოსტნეულის მინიმუმამდე დაყვანა და ხორცისა და თევზეულის ჭარბი რაოდენობით მიღება.
ასეთი დიეტის შედეგები:
ა) ცილების სიჭარბე ისევე მავნებელია, როგორც მათი დეფიციტი. მას მივყავართ ცილების ცვლის დარღვევამდე, ანუ პოდაგრამდე, ართრიტამდე და თირკმელებში კენჭების გაჩენამდე.
ბ) ნახშირწყლების დეფიციტის შედეგად გექნებათ ენერგიის უკმარისობა და მოთენთილობა, თავბრუხვევა, გულისრევის შეგრძნება, მთელ სხეულში კანკალი, გულის წასვლა.
გ) ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტის შედეგად ზიანდება თმა, ფრჩხილები, კანი; ქვეითდება იმუნიტეტი.
დ) უჯრედების დაბალი შემცველობა ახდენს კუჭის შეკვრის პროვოცირებას.
რჩევა: ნებისმიერი დიეტა, რომელიც კრძალავს მნიშვნელოვან და აუცილებელ ნივთიერებებს (ნახშირწყლებს, ცილებსა და ცხიმებს), საშიშია და ასეთი დიეტების დაცვა 3 დღეზე ხანგრძლივად არ შეიძლება.
ვის ეკრძალება ექსპრეს-დიეტები
მნიშვნელოვანია, იცოდეთ: ხანმოკლე დიეტები ნებადართულია ნორმალური წონის ადამიანებისთვის, ანუ მათთვის, ვინც ბოლო პერიოდში შეწყვიტა ვარჯიშები, ამის გამო მოიმატა 2-3 კილოგრამი და თავისი ძირითადი წონის დაბრუნება სურს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დიეტით მიღწეული შედეგის შენარჩუნება, ოღონდ, აუცილებლად ისევ უნდა განაგრძოთ ვარჯიშები.
მნიშვნელოვანი ჭარბი წონის და მოკლე დროში ძალიან გასუქების შემთხვევაში, ნებისმიერი „სწრაფი“ დიეტა მხოლოდ გავნებთ. ასეთი დიეტების დროს ფერხდება ნივთიერებათა ცვლა და ცხიმების დაწვის სიჩქარე. მათი დასრულების შემდეგ კი, დაქვეითებული მეტაბოლიზმის ფონზე, წონაში კატასტროფული სისწრაფით მოიმატებთ.