სიყვარული რეანიმაციაში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-29(812)
ნია მონიტორებს მიუჯდა და გაეღიმა – რა ადვილად გამოუვიდა ყველაფერი... გაიფიქრა, სულელ კაცზე დაუცველი და მიამიტი არავინ არისო. დრო საკმარისად ჰქონდა. მარკეტი არც ისე ახლოს იყო. კომპიუტერებსა და პროგრამებში კარგად ერკვეოდა – ეს ნიჭი ბუნებრივად ჰქონდა და სკოლაშიც განსაკუთრებული მონდომებით სწავლობდა ახალ ტექნოლოგიებს. რამდენიმე წუთში, ალბათ, იპოვიდა კიდეც ჩანაწერს და წაშლიდა, მაგრამ მობილურის ზარმა შეუშალა ხელი.
– მე ვარ... ჰო, რა თქმა უნდა, გიცანით... ახლა? ახლავე? რაც შეიძლება, სწრაფად? კარგი, კარგი... ტაქსის გამოვიძახებ. რა დრო უნდა ტაქსის გამოძახებას – მაქსიმუმ, ნახევარი საათი. კარგი, ქუჩაში გავალ და პირველივე ტაქსის გავაჩერებ. მალე მოვალ...
– ნიამ ტელეფონი დადო და მხრები აიჩეჩა. მიხვდა, რომ დავითს რაღაც უჭირდა, სხვა შემთხვევაში, ასე ხომ არ გამომიძახებდაო, თუმცა, ერთი წუთითაც არ უყოყმანია. ეს თავის პატარა გამარჯვებად ჩათვალა... ხალათი არც გაუხდია, აღარც ჩანაწერი გახსენებია... ჩანთას ხელი სტაცა, გარეთ გავიდა და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა.
... არასოდეს გაბრაზებულხართ ისე, რომ, გიფიქრიათ, ახლა სული შემეხუთებაო?! სწორედ ასეით განცდა დაეუფლა კოტეს, როცა სამორიგეოში დაბრუნდა და გოგო იქ აღარ დახვდა. ტახტზე ჩამოჯდა, ნავაჭრით სავსე ცელოფანი იატაკზე მიაგდო და თავი ხელებში ჩარგო. ვერ ხვდებოდა, რატომ დასჭირდა ნიას ამის გაკეთება. ერთადერთი, რაც გოგოს საქციელს გაამართლებდა, რომელიმე პაციენტის დამძიმებული მდგომარეობა იქნებოდა. ამიტომ, შიდა ტელეფონით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დარეკა. მორიგემ უპასუხა, რომ მძიმე პაციენტი არ ჰყავდათ და, საერთოდაც, მთელ კლინიკაში სიმშვიდე იყო. კოტემ მადლობა გადაუხადა და სწრაფად დაკიდა ყურმილი – არ უნდოდა, ზედმეტი შეკითხვები დაესვათ მისთვის. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დაცვის ოთახში კლინიკის უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვიდა და უცერემონიოდ შეაბიჯა კოტესთან.
– რა ხდება? – ჰკითხა და ცნობისმოყვარედ მიაშტერდა.
– შენ ვინ ხარ? – გაოცდა კოტე.
– ახალი რეზიდენტი. ჯერ არ მიცნობ, მაგრამ, გამიცნობ და მოგეწონები, – ისეთი თავდაჯერებით წარმოთქვა ბიჭმა, რომ კოტემ გაიცინა.
– მერე, რა გინდა, ამით თქვა?
– ზემოთ შენ დარეკე?
– სად ზემოთ? აა, ჰო, მე დავრეკე, არ შეიძლებოდა?
ანდრომ თავი დაუქნია:
– როგორ არ შეიძლებოდა, მაგრამ, ვიფიქრე, ქვემოთ რომელიმე პაციენტის ზეემოციური ოჯახის წევრია-მეთქი და ჩამოვირბინე. აქ კი სრული სიმშვიდეა, თან, სულ მარტო ხარ.
– ჰო, აქ ორ-ორი და სამ-სამი არ ვმორიგეობთ, ერთიც სავსებით საკმარისია. თქვენ კი ხართ ზემოთ მხიარულად.
– ჰო, აბა, რა... განსაკუთრებით, როცა მძიმე ავადმყოფია, მაგრამ დღეს მართლა სიმშვიდეა.
– რა მითხარი? ექიმი ვარო? – ჩაეკითხა კოტე.
– თითქმის. ცოტაღა მაკლია. შენ?
– მე? – კოტემ გაიცინა, – მე ხალათების ფერების მიხედვით ვარჩევ, რომელია ექიმი და რომელი – ექთანი ან სანიტარი.
– ყოჩაღ! – შეაქო ანდრომ, – ესე იგი, სასწრაფოდ გჭირდება ექიმის ფორმა. რას აკეთებ ხოლმე აქ მთელი ღამე?
კოტემ მხრები აიჩეჩა:
– ტელევიზორს ვუყურებ, ხან წიგნს ვკითხულობ და მონიტორებს ვაქცევ ყურადღებას. ყავას დალევ?
– გაქვს? – სახე გაუბრწყინდა ანდროს, – კარგი ბიჭი ხარ შენ... შოკოლადიც რომ გვქონდეს, კარგი იქნებოდა.
– ეგეც გვაქვს. მანდ, პარკში უნდა იყოს. მე გავალ, ელექტროჩაიდანს ვიშოვი...
მარტოდ დარჩენილმა ანდრომ ჯერ იმ პარკიდან, რომელზეც კოტემ მიუთითა, ყავა, პატარა ბოთლით კონიაკი, შაქარი და შოკოლადის ფილა ამოიღო. მისი მასპინძელი არ ჩანდა. ნეტავი, სად წავიდაო, – გაიფიქრა და დროის გასაყვანად მონიტორებს მიუბრუნდა. ეკრანზე ბევრი არაფერი ჩანდა, მხოლოდ რამდენიმე მანქანა იდგა ავტოფარეხში... ანდრომ რამდენიმე კლავიშს დააჭირა ხელი და უცებ ერთ-ერთ მონიტორზე რაღაც ისეთი დაინახა, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო. სკამიდან წამოიწია, სახე ეკრანთან ახლოს მიიტანა და გაფაციცებით მიაშტერდა. ჯერ გაოცება გამოესახა, მერე კი ეშმაკურად გაიღიმა...
***
დავითმა ბინაში წესიერად შესვლაც კი არ აცადა გოგოს, მოუთმენლად სტაცა ხელი და ოთახისკენ გააქანა.
– ბატონო დავით!.. – წინააღმდეგობის გაწევა სცადა ნიამ.
– გაჩუმდი, არაფერი თქვა, – ტუჩებზე გაშლილი ხელისგული ააფარა კაცმა და გახელებით დაუწყო კოცნა, – რა კარგია, რომ მოხვედი. შენ არ იცი, როგორ მჭირდებოდი...
ნიას კმაყოფილებით გაეღიმა და თვალები ნეტარებით მილულა...
***
ანდრომ დერეფანში მომავალი ადამიანის ნაბიჯების ხმა გაიგონა და სასწრაფოდ მოშორდა მონიტორებს. მანამდე კი მოასწრო და იმ კლავიშს დააჭირა თითი, რომლითაც გამოსახულება წაიშალა.
– მოვიტანე ჩაიდანი, მესამე სართულზე მომიწია ასვლა. რატომ არ უნდათ ექთნებს, რომ ჩაიდანი გათხოვონ, გაუგებარია.
– ალბათ, უკან აღარ აბრუნებ ხოლმე, იმათ კი ჩამოსვლა ეზარებათ.
– იცი, აქამდე არასოდეს მითხოვია... ყავას იშვიათად ვსვამ, მით უმეტეს, მარტო და ღამით... – წამოსცდა კოტეს.
– ჰო? გამონაკლისი ჩემთვის დაუშვი? ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ, რა იცოდი, რომ მოვიდოდი? მაღაზიაში საგანგებოდ წახვედი? რაღაცაშია საქმე, მაგრამ ზედმეტი შეკითხვების დასმას არ ვაპირებ. ყავა დავლიოთ და, ვიტყვი, რომ საღამომ საინტერესოდ, მეტსაც ვიტყვი – სასარგებლოდ ჩაიარა...
***
ნიას არც უცდია, შიშველი სხეული დაეფარა. კმაყოფილი იყო იმით, რომ კაცმა თვითონ გამოიძახა და ახლა გვერდით ეწვა.
– სიგარეტი ხომ არ გაქვთ? – ჰკითხა გულაღმა მწოლიარე დავითს, თვალები ჭერზე რომ ჰქონდა უაზროდ მიშტერებული და თანაბრად სუნთქავდა...
– ეწევი? რომ არ შემიმჩნევია? – უთხრა კაცმა ისე, რომ მისთვის არ შეუხედავს.
– არ ვეწევი, მაგრამ ახლა მომინდა. ყავაც კარგი იქნებოდა. ხომ მომიდუღებ? მაინც შენს სახლში ვართ. მე კი ისეთი თამამიც არ ვარ, სამზარეულოში შევიდე და კარადებში ქექვა დავიწყო.
– ნია... – ნელა წარმოთქვა დავითმა და ფრთხილად გამოაცალა მკლავი, რომელზეც გოგოს თავი ედო.
– ძალიან გთხოვ, ჭკუის სწავლება არ დამიწყო, – უცებ ძალიან შინაურულად მიმართა გოგომ, – მგონი, თავად მთხოვე, მოვსულიყავი, თანაც, რაც შეიძლება მალე.
– ჰო, მე დაგირეკე, იმიტომ, რომ სიმარტოვემ ლამის გამაგიჟა. სახლში მოვედი და უცებ მივხვდი, რომ სულერთი იყო, სად ვიქნებოდი. ამ გაუგებრობამ და განურჩევლობამ ისე შემაშინა, მაშინვე ტელეფონს ვეცი და დაგირეკე... ეს წუთიერი სისუსტე იყო.
ნიამ ჩაიცინა და თავი გადააქნია.
– ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა ავდგე და წავიდე?
– მე ეგ არ მითქვამს. შენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევი.
– ანუ, არჩევანი უნდა გავაკეთო? მე?
– ჰო, ადამიანის ცხოვრება მუდმივი არჩევანია... არ იცოდი?
– მაშინ მე ყავას ავირჩევდი... შეიძლება?
დავითმა გაიცინა:
– კარგია, ეს უპირატესობა გაქვს ჩემთან შედარებით – შეგიძლია, ყავა აირჩიო... რა გაეწყობა, გამოსავალი არ დამიტოვე... უნდა ავდგე და ყავა მოგიდუღო. ოღონდ, გაფრთხილებ – ამ საქმეში არაფერი გამეგება. ალბათ, ვერ გაგაოცებ.
– აუცილებლად გამაოცებ, თუკი მოინდომებ და ყავა არაფერ შუაშია.
კაცი ვითომ ვერ მიხვდა, რა იგულისხმა ნიამ, მაგრამ არ შეიმჩნია. ადგა, შარვალი ჩაიცვა და ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში...
ნია ცოტა ხანს კიდევ იწვა და ისე ათვალიერებდა ოთახს, მერე იატაკიდან დავითის პერანგი აიღო. შიშველ ტანზე შემოიცვა და მთელ ბინაში დაიწყო „მოგზაურობა“: ნივთებს ხელით ეხებოდა, ზოგიერთს იღებდა კიდეც და აკვირდებოდა... როიალზე გამოფენილ სურათებთან მივიდა და სათითაოდ დააშტერდა.
დავითმა თავი ასწია და გოგოს შეხედა:
– აქ მოხვედი? ვიფიქრე, ყავას საწოლში მოგიტანდი... – კაცმა ფრთხილად დაასხა ყავა ფინჯნებში.
– არა უშავს, აქაც გემრიელად დავლევ. ლამაზი შვილი გყოლია. სურათები ვნახე... სიძესაც არა უშავს, სიმპათიურია, ეტყობა, ბევრი ფული და კარგი თანამდებობა აქვს...
– ნია...
– ჰო, ასეთი რა ვთქვი?! უბრალოდ, სურათები დავათვალიერე და ჩემი აზრი გამოვთქვი... შენთან არ ცხოვრობს?
– არა, საქართველოში არ ცხოვრობს. ჩემი სიძე დიპლომატია და ევროპაში ცხოვრობენ. აქაც ჩამოდიან ხოლმე, მაგრამ იშვიათად. სულ მენატრება ისიც და ბავშვებიც.
– ბავშვები? – ჩაეკითხა ნია.
– ჩემი შვილიშვილები. ერთი წლის წინ შეეძინათ. სულ ორჯერ ვნახე, ორჯერვე მე ვიყავი ჩასული ევროპაში. ცუდი არ იყო, მაგრამ სახლი ძალიან ცარიელია და ეს ზოგჯერ მაშინებს...
ნიამ ყავა მოსვა. სკამზე ფეხმორთხმით იჯდა. პერანგის შეკვრაზე არც უფიქრია და შიშველი, მაცდუნებელი სხეული თითქმის მთლიანად მოუჩანდა. კაცმა ძლივს მოსწყვიტა მზერა.
– სად იყავი, როცა დაგირეკე? – სცადა საუბრის თემის შეცვლა.
– სადაც დამტოვე და იმას ვაკეთებდი, რასაც დაგპირდი.
დავითმა უნდობლად შეხედა:
– ჩანაწერი წაშალე?
– ჰო. ძნელი არ იყო...
– არ გინდა, დეტალები მომიყვე?
ნიამ თავი გააქნია:
– არა. არაფერია საინტერესო. უბრალოდ, წავშალე – სულ ეს იყო.
დავითმა ყავის ცარიელ ჭიქაში ჩაიხედა:
– არც კი ვიცი, რა ვთქვა...
– მითხარი, რომ გინდა, ამაღამ შენთან დავრჩე, – „უკარნახა“ ნიამ და ისე გაუღიმა, დავითი სრულიად განაიარაღა ამ ღიმილმა. გოგოსთან მივიდა და მისი პატარა, ლამაზი თავი მკერდზე მიიკრა...
***
ანდრო კოტეს დაემშვიდობა და კმაყოფილი ღიღინით ავიდა მესამე სართულზე. სრულ სიჩუმეში მისი ფეხის ხმა დერეფანში ისეთ ექოს გამოსცემდა, რომ მთავარმა ექთანმა სამორიგეოდან გამოიხედა.
– ნუ ხმაურობთ, ახალგაზრდავ, პაციენტებს ნუ აწუხებთ და, საერთოდაც, აქ რას აკეთებთ? ვინ შემოგიშვათ?
– ბოდიშს ვიხდი, ახლავე წავალ... ერთ ადამიანს ვეძებდი და, მგონი, აქ არ არის. კიდევ ერთხელ მაპატიეთ.
– ვის ეძებდი? მითხარი...
– მგონი, თიკო ჰქვია, ექთანია.
– თიკო? ექთანი? ამ განყოფილებაში ასეთი არავინ გვყავს.
ანდრომ ღიმილით დაუქნია თავი:
– როგორც ჩანს, შემეშალა.
– მოიცადე, – ექთანი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ და, როცა მიუახლოვდა, ბიჭი თავიდან ფეხებამდე თვალით გაზომა, – ექიმი ხარ?
– არა... თუმცა, კი, რეზიდენტი ვარ. ქირურგიულ განყოფილებაში.
– ერთი სართულით ზევით. დღეს პირველად ხარ?
– არა, მაგრამ, ეტყობა, მაინც ვერ გავერკვიე ჯერ... – ანდრო შეეცადა, ქალზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა, ამიტომ, ღიმილად დაიღვარა, – მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ.
– კოტემ რომ ჩაიდანი გამომართვა, ყავაზე შენ უნდა დაეპატიჟე?
– გააჩნია, კოტემ რა გითხრათ.
– ახალ თანამშრშომელს ყავა უნდა დავალევინოო... – ექთანმა ანდროს მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი, – კარგი ბიჭი ჩანხარ. ლალი მქვია და, თუ რამე დაგჭირდება, შეგიძლია, ჩემი იმედი გქონდეს. თითქმის შენხელა ბიჭი მყავს. ვეხვეწე და სამედიცინოზე არ ჩააბარა. ხატვა ამჯობინა... ასე რომ, ნუ მოგერიდება. ბატონ დავითს უკვე გაეცანი?
– ჯერ არა... მის ოპერაციაზე ვიყავი, მაგრამ არც კი შევუნიშნივარ.
– ჰო, თავისებური ადამიანია, მაგრამ, თუ მოეწონე, გვერდიდან აღარ მოგიცილებს.
– მოვეწონები... – ჩაიცინა ბიჭმა და შემთხვევით ნანახი ჩანაწერი გაახსენდა. მეგობრები ტყუილად არ ეძახდნენ იღბლიანს. კლინიკაში ხომ შემთხვევით დარჩა; შემთხვევით შევიდა სამორიგეო ოთახშიც. გუკას, მის მეგობარს, ვისთან ერთადაც ბინას ქირაობდა, ვიღაც ნაშა რომ არ მოეყვანა სახლში, კლინიკაში არ მივიდოდა... „შემთხვევით არაფერი ხდებაო“, – გაიფიქრა დღის მოვლენებით კმაყოფილმა და ქალს თავაზიანად დაუქნია თავი: – დიდი მადლობა, ქალბატონო ლალი, მიხარია, რომ გაგიცანით...
***
დავითმა მკლავზე მოკიდა ხელი გოგოს და ფრთხილად შეანჯღრია.
– ნია, გაიღვიძე, უნდა ადგე და წახვიდე.
ნიამ უკმაყოფილო კრუსუნით იცვალა გვერდი, თვალის გახელა არც უფიქრია.
– ნია, რვა საათია, ადექი! ტაქსის გამოგიძახებ და სახლში წადი... არ გესმის? უკვე დროა...
გოგომ ამოიოხრა, საწოლში წამოჯდა და კაცს უკმაყოფილოდ მიაჩერდა.
– ასე ნუ მიყურებ, – სთხოვა დავითმა.
– რატომ? მითხარი, რატომ არ შეიძლება, ავდგეთ, ვისაუზმოთ და ერთად წავიდეთ კლინიკაში?
– ნია, რამდენჯერ უნდა აგიხსნა? თანაც, ცხრა საათზე ჩემთან დამლაგებელი მოვა... გინდა, გნახოს?
ნიამ ლამაზი, მრგვალი მხრები აიჩეჩა:
– მე პრობლემა არ მაქვს, თანაც, ვინ ჰკითხავს დამლაგებელს?
– არავინ, მაგრამ, მე არ მინდა, რომ აქ გნახოს...
– შენს შვილს დაურეკავს? – თვალები მოწკურა ნიამ და ერთბაშად გაეცინა, – ჰო, კარგი, წავალ, არ მიყვარს შეშინებული კაცები.
გოგოს დავითისთვის არც შეუხედავს, უხმოდ ჩაიცვა, ჩანთა აიღო და კარისკენ გაემართა. კაცმა საკეტის გაჩხაკუნების ხმა გაიგო და ამოიოხრა. ვერ გაერკვია, ამ გოგოს მიმართ გრძნობა ჰქონდა თუ არა, თუმცა, დავითის პირად სივრცეში მისი გაბატონების სურვილი აღიზიანებდა და, იმავდროულად, იზიდავდა კიდეც. ცოლის სიკვდილის შემდეგ უფიქრია იმაზე, როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა ვერ წარმოიდგენდა, რომ რადიკალურ ცვლილებებს ვიღაც პატარა გოგო დაუგეგმავდა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში