როგორ გადაურჩნენ ნიკა წულუკიძე და მისი მეუღლე ავიაკატასტროფას და თურქეთის სამხედრო გადატრიალებას
ცოტა ხნის წინ, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების თვითმხილველები ქართველებიც გახდნენ და სამწუხაროდ, დიდი სტრესის გადატანა მოუხდათ. მათ შორის იყო ყველასთვის საყვარელი, თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკა წულუკიძე, რომელიც ჯერ ავიაკასტროფას გადაურჩა სასწაულებრივად, შემდეგ კი აღნიშნულ გადატრიალებას.
ნიკა წულუკიძე: ამსტერდამში გახლდით სამოგზაუროდ მეუღლესთან ერთად. არაჩვეულებრივი ქალაქია და ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. სულ სწორი გზებია და ხალხი ძირითადად ველოსიპედებით დადის. მანქანას ნაკლებად შეხვდებით. რაც ჰყავთ, ისიც ელექტროსადენების საშუალებით იტენება. ასე რომ, გამონაბოლქვით არ აბინძურებენ ჰაერს. თავისუფალი ქალაქია, შეზღუდვების გარეშე, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, ზომიერების დაცვა იციან. იქ დასაშვები თუ არადასაშვები ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები, მოსაწევი ხელმისაწვდომია. შეგიძლია, თავისუფლად მოიხმარო, მაგრამ ზნეგადასული საქციელი არ მინახავს. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო. ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ვან გოგისა და ანა ფრანკის მუზეუმებმა. ანა ფრანკის დღიურებს საქართველოში დიდი თეატრალური ისტორია აქვს. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ მისი ნახვის საშუალება მომეცა. ამსტერდამში არის ადგილი სახელად RED LIGHT DISTRICT, სადაც ღამის ცხოვრება დუღს. იქ პროსტიტუცია ჩვეულებრივადაა დაშვებული კი არადა, ყვავის. ყველანაირი ფარდულის ფანჯრის რაფებზე დგანან შიშველი ქალბატონები, სხვადასხვა წარმომავლობის და გთავაზობენ საკუთარ თავს. ესეც ერთგვარ კოლორიტს მატებს იქაურობას. მოკლედ, ყოველმხრივ საინტერესო ქალაქია. იქიდან ბელგიაში გადავედით და დიდი შთაბეჭდილებებით ვბრუნდებოდით უკან. თურქეთში მოვფრინავდით და თვითმფრინავში დღიურის წერა დავიწყე, როგორც მჩვევია ხოლმე, როცა თავისუფალი დრო მაქვს, წერის დროს უცებ შეგვაჯანჯღარა – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერად. უკვე მეოთხედ, თვითმფრინავი მოწყდა და ქვემოთ, უსასრულობისკენ დაეშვა. წივილ-კივილი, ცუდად გახდომა, გულის წასვლა – საშინელი ამბავი დატრიალდა. ცხოვრებაში პირველად ვნახე, როგორ გაუჭაღარავდა კაცს შავი თმა ერთ წუთში. ჩემ წინ მჯდომ კაცს უცებ შეეცვალა თმის ფერი და ერთი ღერი შავი თმა არ დარჩა თავზე. დიდი უბედურება ტრიალებდა ჩვენს თავს, რომელიც 41 წამი გაგრძელდა, როგორც გვითხრეს, თორემ, მე ნამდვილად არ დამითვლია. მერე, როგორც იქნა, ივაჟკაცა პილოტმა და გადაგვარჩინა.
– ტურბალენტური ზონა იყო, თუ რა მოხდა?
– არ ვიცი. ისე ცუდად ვიყავი, რომ მაგის კითხვის თავიც აღარ მქონდა. 41 წამში მთელმა ჩემმა ცხოვრებამ ჩამირბინა თვალწინ. ვამბობდი, როგორ მეგონა, დიდი ხანი უნდა მეცოცხლა და რა ახალგაზრდა ვკვდები-მეთქი. მიხაროდა, რომ ჩვენთან ერთად ჩვენი შვილი არ იყო და ამ საშინელების მომსწრე არ გახდა. თეკლასაც ძალიან შეეშინდა, მაგრამ ვცდილობდი, სტრესი არ შემემჩნია და ამით ცოტას ვაიმედებდი. საერთოდ, ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაშიც კი პანიკაში არ ვვარდები და ამჯერადაც შევეცადე, სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
– ერთ საშინელებას მეორეც მოჰყვა.
– ამ ამბავმა ჩაიარა, ჩამოვფრინდით ათა თურქის აეროპორტში და იქიდან საქართველოში უნდა გამოვფრენილიყავით. თვითმფრინავში, გამოფრენის წინ გამოგვიცხადეს: ბილიკს არ გვაძლევენ და ჩადითო. ჩავედით და რას ვხედავთ: ერთი მხრიდან გენერალიტეტის მომხრეები მოდიან, მეორე მხრიდან ერდოღანის მხარდამჭერები და ჩვენ, 75 ქართველი, დროშების ფრიალის შუაგულში აღმოვჩნდით. საშინელი ქაოსი და პანიკა სუფევდა. იქ იყვნენ ონკოლოგიური ავადმყოფები, პატარა ბავშვები და ასე შემდეგ. არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. უცებ გერმანელები და ფრანგები სამალავში ჩაიყვანეს. ქართველებს კი ათა თურქის აეროპორტის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ იქ ჩვენთვის ადგილი არ იყო. მერე საკონსულო მოგვეხმარა – საკვები, მედიკამენტები თუ სხვა საჭირო ნივთები მოგვიტანეს იქვე, აეროპორტში და ბოლოს, როგორც იქნა, გამოვფრინდით. უდიდესი სტრესი და ტრავმა იყო, რაც ჩვენ ჯერ თვითმფრინავში და შემდეგ უკვე აეროპორტში გადავიტანეთ. იმ მომენტში უფრო მეტად აქ მყოფ ოჯახის წევრებზე ვდარდობდი. მათთან კონტაქტის საშულება გვქონდა, მაგრამ ისეთი საშინელება ტრიალებდა, რომ ძალიან განიცდიდნენ. ჩვენ აქ რომ ჩამოვედით, მერე უფრო გავაცნობიერეთ, რა გადავიტანეთ.
– როგორც თქვი, საბედნიეროდ, პატარა თქვენთან ერთად არ იყო და ეს ყველაფერი არ ნახა და რაც მთავარია, არაფერი დაგშავებიათ. მინდა, სხვა თემასაც შევეხოთ, ამბობენ, ნიკა გადარეული მამააო.
– შვილზე გადარეული ყველა მამაა. უბრალოდ, ზოგი ცდილობს შეიმჩნიოს, ზოგი – არა. ბავშვი სიყვარულმა უნდა შვას და როგორ შეიძლება, სიყვარულის შედეგი უდიდეს ბედნიერებას არ განიჭებდეს?! როცა მამა ხდები, სხვა ფასეულობები და ღირებულებები გიჩნდება, ახალი პასუხისმგებლობები გემატება და რა უფლება მაქვს, თავგადადებული მამა არ ვიყო?!
– როგორც ვიცი, მშობიარობას დაესწარი.
– კი, მშობიარობას დავესწარი და მგონია, რომ ყველა კაცმა უნდა ნახოს, როგორ მშობიარობს მისი ცოლი, რომ მერე უფრო მოუფრთხილდეს ცოლსაც და შვილსაც.
– მეუღლის სურვილი იყო თუ შენი?
– სად იყო სურვილების გამოხატვის დრო?! ტკივილები რომ დაეწყო, გავაქანე სამშობიაროში და მშობიარობასაც დავესწარი. ეს წინასწარ არ დაგვიგეგმავს, სპონტანურად მოხდა. არცერთმა კაცმა არ მოგატყუოთ, ცოლი რომ მშობიარობდა, ამ დროს მეც ტკივილებს ვგრძნობდიო. უბრალოდ, ამ დროს იმდენად განიცდი, მეუღლეს რომ სტკივა და თან, იბადება შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, საოცარ ემოციებში ხარ. უდიდესი სიხარული და ენით აუწერელი განცდაა, როცა შვილის გაჩენას ესწრები. ეს ხილული სასწაულია, ამიტომ, ვფიქრობ, ამ საოცარ მომენტს ყველა ქმარი უნდა დაესწროს. როცა კაცი ნახავს, რამხელა სიმწარე გაიარა ქალმა შვილის გასაჩენად, მერე უფრო მოუფრთხილდება ცოლსაც და შვილსაც.
– სესილია ვის ჰგავს?
– ორივეს გვგავს – დედასაც და მამასაც, ზოგი დედაჩემს ამსგავსებს, ზოგი – მამაჩემს. ყველასგან რაღაც ნაკვთი აქვს აღებული. არაჩვეულებრივი გოგოა – თბილი, მოსიყვარულე, სულ გიღიმის, გეფერება და გკოცნის. მოკლედ, კარგი შვილი მყავს.
– ის არ დაგყავთ სამოგზაუროდ თუ ჯერ პატარაა?
– კი, ანტალიაში ბრძანდებოდა დასასვენებლად. დიდი გოგოსავით, ზღვაზე გავიდოდა და მზისგან დამცავ საცხს წაისვამდა. ახლა უკვე დიდი გოგოა – ორი წლის და ორი თვისაა, მაგრამ წლის და ათი თვის იყო, პირველად რომ წავიყვანეთ ანტალიაში დასასვენებლად. თვითმფრინავიდან რომ გადაიხედა, თქვა: „მესინია“. მერე ჩამეხუტა და შიშმა გაუარა. ადამიანი ბედნიერი ხარ, სანამ შეგიძლია, მშობლის ჩახუტებით დაამარცხო შიში.
– ხშირად ახერხებთ ერთად ყოფნას?
– ძალიან ხშირად მიწევს ქალაქიდან გასვლა. კვირა არ გავა, რომ სპექტაკლის, მონიტორინგის თუ ფესტივალის გამო, სადმე არ წავიდე და თვე არ გავა, უცხოეთში ფესტივალზე ან სამოგზაუროდ არ მომიწიოს წასვლა. ამიტომ ვცდილობ, თავისუფალი დრო ცოლთან და შვილთან ერთად გავატარო. „ეეე, მამაა!“ – იძახის ხოლმე, ტელევიზორში რომ დამინახავს. თუ ამ დროს მეც სახლში ვარ, ამბობს: „ეე, ერთი მამა, ორი მამა“ (იცინის). თუ ტელევიზორში მხედავს და მე არ ვარ, შეიძლება იტიროს, მამა მინდაო. ორი მამა როცაა, მაშინ უხარია. ერთად როცა ვართ, გვიყვარს ქალაქგარეთ გასვლა. სესილია გიჟდება ატრაქციონებზე და საერთოდ, ხალხმრავალ ადგილებზე. ვცდილობ, როგორც დიდს, ისე ველაპარაკო და ენა არ მოვუჩლიქო. მინდა, თავიდანვე დამოუკიდებელ აზროვნებას მიეჩვიოს. უკვე თოჯინების თეატრშიც კია ნამყოფი. ბევრ ზღაპარს ვუკითხავ, მოთხრობებს, ლექსებს, რომ სიტყვათა მარაგი ჰქონდეს.
– ხშირად, როცა ვინმე ეკრანზე მხიარული და ენაწყლიანი ჩანს, სახლში სხვანაირია. თქვენს შემთხვევაში?
– მეც ასე ვარ. სახლში ხმას არ ვიღებ და ჩემი ცოლი სულ მეუბნება: რა არის, გარეთ ყველა შენთან ერთად ყოფნას ცდილობს, რომ გახალისდეს და სახლში ხმას არ იღებო. რა ვქნა, სახლში ვცდილობ, ენერგია მოვიკრიბო.
– როცა ბავშვს თამაში, გაქცევა და გამოქცევა უნდა?
– დავრბივარ, კაცო და ვეთამაშები. ანტალიაში თეატრალურ ფესტივალზე ვიყავი ჟიურის წევრი. რამდენიმე ქართული დასიც იქ იყო და სესილიაც თან მყავდა. ვინც იქ იყო, მთელი ქართული თეატრი, სესილიას ზრდიდა და მასთან ერთად დარბოდნენ ყველგან. საოცრად კომუნიკაბელური ბავშვია.
– სხვანაირად წარმოუდგენელიცაა. ხომ არ ატყობ შენთან მსგავსებას პროფესიული თვალსაზრისით?
– არა, არა, არავითარ შემთხვევაში. გავგიჟდები, რომ თეატრი აირჩიოს. იმდენად რთული და ტკივილიანი პროფესიაა, არ მინდა, ამ გზას გაჰყვეს.