როგორ გახდა ტრავმა მარიამ ბოლქვაძისთვის წარმატების მომტანი და სად მოუგო მან თამაში უიმბლდონის გამარჯვებულ ჩოგანს
18 წლის მარიამ ბოლქვაძე პირველი ქართველი ჩოგბურთელი გოგონაა, რომელმაც უიმბლდონის ფინალში ითამაშა. მანამდე, ის ეგვიპტეში, შარმ ელ შეიხში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. მარიამი მე-5 ნომრად იყო განთავსებული, თუმცა, შეჯიბრება ისე მოიგო, სეტიც კი არ დაუთმია. გადამწყვეტ მატჩში მარიამი უიმბლდონის შარშანდელ გამარჯვებულს შეხვდა და მას მოუგო. რატომ არ უნდა მას პოპულარული გოგონას იმიჯი, რატომ აქცევს დიდ ყურადღებას ჩოგბურთის თამაშის დროს ჩაცმას და როგორ აღმოჩნდა ჩემპიონების მეჯლისზე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიამ ბოლქვაძე: დავიბადე ბათუმში, იქ ვცხოვრობდი მეოთხე კლასამდე, შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, 14 წლიდან კი ლონდონში ვცხოვრობ. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი ლონდონში ნათლიასთან. მისი შვილი თამშობდა ჩოგბურთს, დავყვებოდი ხოლმე კორტებზე, მომწონდა პატარა ყვითელი ბურთები, ფერადი ჩოგნები, ლამაზი სპორტული ფორმა და აქედან გამიჩნდა ინტერესი, მეც მეთამაშა ჩოგბურთი. მოყვარულის დონეზე დავიწყე თამაში და, ვერც კი ვიფიქრებდი, ასე თუ გამიტაცებდა, ამხელა საფეხურზე თუ ავიდოდი და უიმბლდონის სათამაშო მოედანზე აღმოვჩნდებოდი. საოცარი გრძნობა იყო იქ გამოსვლა. ზოგადად, როცა ვთამაშობ, ირგვლივ ვერაფერს ვხედავ, სხვა განზომილებასა და სივრცეში ვარ, მხოლოდ მოწინააღმდეგეს ვაკვირდები და მის მოქმედებებს ვადევნებ თვალს. უიმბლდონი დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. მართალია, ვერ მოვიგე, მაგრამ, ყველაფერი წინაა. როცა პირველად ავიღე ხელში ყვითელი ბურთი, ნამდვილად არ მიფიქრია უიმბლდონზე, მაგრამ, როცა პროფესიონალურად დავიწყე თამაში, მერე კი გაჩნდა ამბიცია და სულ ვფიქრობდი იქ მოხვედრაზე. გამოვედი 18 წლამდე ასაკში, ახლა კი მიზანი მაქვს დასახული, რამდენიმე წელიწადში დიდებში გავხდე უიმბლდონის გამარჯვებული, მთავარია, ფორმაში ვიყო.
– ვინ არის შენი კუმირი ჩოგბრუთელი, თუ გყავს ასეთი?
– მარია შარაპოვა მიყვარს ძალიან და სელენა უილიამსი. ძალიან მომწონს მათი თამაში, მაგრამ, არასდროს მიფიქრია, მათთვის მიმებაძა. ზოგადად, ინდივიდუალიზმი ნებისმიერ საქმეში გაცილებით მომგებიანია. როცა კორტზე ვდგავარ, ამ დროს არ ვფიქრობ სხვის მიბაძვაზე, ჩემთვის ინდივიდუალიზმია მთავარი. მე უნდა ვიყო მარიამ ბოლქვაძე და არა მარია შარაპოვა! (იცინის).
– გარდა იმისა, რომ წარმატებული ჩოგბურთელი ხარ, საკმაოდ ლამაზი გოგო ხარ. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს, ხომ ასეა?
– უფრო მეტი გულშემატკივარი მყავს, ვიდრე თაყვანისმცემელი (იცინის). მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ბევრი თაყვანისმცემელი არ მყავს-მეთქი, მაგრამ ჩემამდე არ ვუშვებ. ბევრი მწერს სოციალურ ქსელში, უამრავი წერილი მხვდება და ეს, რასაკვირველია, მსიამოვნებს. ვიცი, რომ საქართველოში ძალიან უხარიათ ჩემი წარმატება. პირად ურთიერთობებზე საუბარი კი არ მიყვარს, უბრალოდ, გეტყვით, რომ არ ვარ შეყვარებული და ჯერ არც მინდა ვიყო. არასდროს ვამბობ, ბედი არ მაქვს-მეთქი, იღბლიანი ნამდვილად ვარ. მართალია, სპორტში ხან ვიგებ და ხან ვაგებ, მაგრამ ამას უიღბლობას ან იღბალს ვერ მივაწერ.
– ვიცი, რომ წარმატებული სპორტსმენების უმეტეს ნაწილს თილისმა აქვს, რომელსაც სულ თან ატარებს. მსგავსი ნივთი შენც ხომ არ გაქვს?
– ჯიბეში თილისმა არ მიდევს, მაგრამ ჩანთით დამაქვს პირსახოცი, რომელიც ძალიან მიყვარს და ტურნირზე სულ თან დამაქვს – ერთგვარი თილისმური დატვირთვა აქვს. თუ ეს პირსახოცი თან მაქვს, მგონია, რომ ამ ტურნირზე წარმატებას მომიტანს. კიდევ მაქვს ორი სათამაშო – მინიონი და კვატი და ისინიც სულ ჩანთაში სხედან, როცა ტურნირზე გავდივარ (იცინის).
– თუ აქცევ ყურადღებას თავის მოვლას და შოპინგზე თუ დადიხარ ხშირად?
– ლონდონში შოპინგებზე სიარული მიყვარს, ასევე, თავის მოვლაც და, ვცდილობ, როცა გარეთ გავდივარ, ყოველთვის მოწესრიგებული ვიყო. მიმაჩნია, რომ, როცა თვითონ მოგწონს საკუთარი თავი, სხვებშიც მოწონებას იმსახურებ. სხვათა შორის, დავაკვირდი ჩემს თავს და აღმოვაჩინე, რომ კორტზე სულ სხვანაირი ვარ და ცხოვრებაში – სულ სხვანაირი. საერთოდ, არასტაბილური ხასიათის ადამიანი ვარ: შეიძლება გავიღვიძო ცუდ ხასიათზე და მთელი დღე ასე ვიყო, მაგრამ, დავიძინო და მეორე დღეს სასწაულად მხიარულ ხასიათზე გამომეღვიძოს (იცინის). თუმცა, ზოგადად, მხიარული გოგო ვარ. ბევრი მეუბნება, ჩაკეტილი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებო. არიან ადამიანები, ვისთანაც ბოლომდე ვიხსნები. არ მინდა, ყველამ იცოდეს ის, რაც მხოლოდ მე მეხება. არ მიყვარს კლუბებში სიარული და, მირჩევნია, თავისუფალ დროს ვხატო, ვიკითხო ან ვისეირნო. მეკითხებიან, რომ არა ჩოგბურთელი, ვინ იქნებოდიო. ალბათ, ფსიქოლოგი. ადამიანების ფსიქოლოგიაში მეტ-ნაკლებად ვერკვევი და, როცა მოწინააღმდეგეს თვალებში ვუყურებ და მის მოძრაობებს ვაკვირდები, ზუსტად ვიცი, რა სვლას გააკეთებს. ყველა მეუბნება, ძალიან პოზიტიური ხარ და დადებით ენერგიას ასხივებო. მიხარია, ასე რომ ფიქრობენ ჩემზე. კორტებზე კი არც კარგზე ვფიქრობ და არც ცუდზე, ორიენტირებული ვარ მოწინააღმდეგეზე, სხვა სამყაროში ვხვდები, ყველაფერი მავიწყდება და საფიქრალად არ მცალია.
– იყო შენს ცხოვრებაში პროფესიონალური კრახი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება?
– არასდროს დამავიწყდება ჩემი არცერთი გამოსვლა – მე ჩემი წაგებული თამაშებიც მახსოვს და მოგებულიც. ძალიან მწყდება გული, როცა თამაშს ვაგებ და ამის გამო რამდენიმე დღე უხასითოდ ვარ, მაგრამ, სულ მახსოვს, რომ მეტი უნდა გავაკეთო, დეპრესიისა და „ჩაკეტვების“ დრო არ მაქვს და მეტად მობილიზებული და შრომისუნარიანი ვხდები. სპორტსმენისთვის დეპრესია დამღუპველია და მას არ უნდა დანებდე. ეგვიპტის ტურნირი მაქვს ორ წელიწადში ზედიზედ მოგებული და ეს ძალიან დიდი წარმატება იყო ჩემთვის, რამაც უიმბლდონამდე გამიხსნა გზა. სხვათა შორის, ეგვიპტეში იმ გოგოს მოვუგე, რომელსაც უიმბლდონი ჰქონდა მოგებული. ჩოგბურთი საკმაოდ რთული სპორტია ორგანიზმისთვის – სიცხეში გიწევს საათობით მოედანზე დგომა და, არ არის გამორიცხული, მზის დარტყმა მიიღო, ორგანიზმმა ვერ გაუძლოს და გაითიშო. მზის დარტყმაც მიმიღია და ფეხის ტრავმაც, მაგრამ ეს ჩემთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.
– ტრავმა წარმატების მომტანი როგორ აღმოჩნდა?
– ეგვიპტის ტურნირამდე ექვსი თვით ადრე ფეხი გადამიბრუნდა და დიდი ინტენსივობით ვეღარ მოვემზადე, მაგრამ, ეს დასვენება წარმატების მიღწევაში დამეხმარა და ისეთი შედეგი ვაჩვენე, თვითონაც რომ არ მოველოდი. არასდროს მაქვს მიზნად, გავხდე პოპულარული და ცნობილი, უბრალოდ, მინდა, წარმატებული ჩოგბურთელი ვიყო. უიმბლდონის მერე ბევრ ცნობილ ჩოგბურთელს შევხვდი. ფინალის შემდეგ ლონდონში დამპატიჟეს ჩემპიონების მეჯლისზე. ყოველი უიმბლდონის დამთავრების შემდეგ, ფინალისტებისთვის იმართება მეჯლისი და იქ მოხვედრა საკმაოდ პრესტიჟულია. მე ამაშიც გამიმართლა – სელენა უილიამსი და ბევრი ცნობილი ჩოგბურთელი ვნახე და გავიცანი იქ. სხვათა შორის, ამ დღისთვის ორგანიზატორებმა წაგვიყვანეს ტანსაცმლისა და აქსესუარების შესარჩევად და თავად დამეხმარენ შერჩევაში. ზოგადად, ჩემთვის ჩაცმა კორტზეც და კორტის გარეთაც მნიშვნელოვანია. მიყვარს, როცა თამაშის დროს ლამაზად გამოვიყურები და ეს თამაშზეც აისახება.
– უცხოეთში ბევრი წარმატებული სპორტსმენი სხეულის ნაწილებს აზღვევს. ასეთი შანსი რომ მოგეცეს, რას დააზღვევდი? ისე, გაკვირდები და, მარცხენა ხელით თამაშობ. ცაცია ხარ?
– ალბათ, სხეულის ყველა ნაწილს დავაზღვევდი (იცინის). ჩოგბურთში ყველა ნაწილი საჭიროა, ამიტომ, ერთ კონკრეტულს ვერ ავარჩევ და მას ვერ დავაზღვევ. ცაცია ვარ და მარცხენა ხელით ვთამაშობ ჩოგბურთს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის. მაგალითად, ნადალი ჩემსავით ცაციაა, თუმცა მშვენივრად თამაშობს.