როდის მოწყდა წელქვემოთ გიორგი დოინჯაშვილი და როგორ გახდა ის ევროპის უძლიერესი მამაკაცი
„ევროპის უძლიერესი მამაკაცის“ ტიტული“ ქართველმა ათლეტმა გიორგი დოინჯაშვილმა მოიპოვა. ბოლოს სამი წელია, რაც გიორგი ჩემპიონატებზე პირველობას არავის უთმობს. შარშან „არნოლდ კლასიკ ევროპა 2015-ის” ჩემპიონი გახდა. ის თავიდან ბოდიბილდინგით იყო დაინტერესებული, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ძალისმიერი სპორტი უფრო იტაცებდა და გადაწყვიტა, სხვა სფეროში გადაენაცვლა. ფიზიკურად ბავშვობიდან გამოირჩეოდა. მისი სპეციფიკური აღნაგობა – დიდი კუნთები და დიდი წონა, ყველას ყურადღებას იქცევდა. გიორგი 33 წლისაა და 160 კილოგრამს იწონის. ეს წონა, მას, იმ სპორტის სახეობისთვის სჭირდება, რომელზეც ავადმყოფურადაა შეყვარებული.
გიორგი დოინჯაშვილი: საქართველოში დავიბადე, თუმცა 14 წლის ასაკში რუსეთში წავედი საცხოვრებლად. დედის მხრიდან იქეთ ცხოვრობენ და მეც წამიყვანეს, თუმცა პერიოდულად, საქართველოშიც ჩამოვდიოდი. სკოლა რუსეთში მაქვს დამთავრებული. 18 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე და აქეთ დავრჩი. ამჟამად რუსთავში ვცხოვრობ. რაც შეეხება სპორტს, 12 წლის ვიყავი, როცა ბოდიბილდინგით დავინტერესდი და ვარჯიში დავიწყე. დავით რაზმაძე არის ჩემი ტრენერი და მან შემაყვარა ეს სპორტი. მერე მივხვდი, რომ ძალისმიერი სპორტი უფრო მაინტერესებდა, თან მაშინ, რუსეთში ძალისმიერ სპორტს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. რეალურად, ეს სპორტი მხოლოდ ტელევიზიით მქონდა ნანახი და მომწონდა – როცა სხვადასხვა მასის მანქანებს, ტრაილერებს და მსგავს რაღაცეებს ეჭიდებოდნენ. მეც დავიწყე ვარჯიში და გამიჩნდა სურვილი, ძალისმიერ შეჯიბრებებში მიმეღო მონაწილეობა. თავიდან ხან რას ვეჭიდებოდი, ხან რას. 23 წლის ვიყავი, როცა პირველი რეკორდი მოვხსენი – 9 ვაგონი გავათრიე 10 მეტრის მანძილზე. ეს მოხდა ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ ქარხანაში.
– საქართველოში სპორტის ეს სახეობა, მაშინ განვითარებული იყო? საზოგადოებაში მის შესახებ ნაკლები ინფორმაციაა.
– ეს არის მთიელთა თამაშები. ადრე, ჩვენი წინაპრებიც იღებნენ მსგავს რაღაცეებში მონაწილეობას. საქვეყნოდ ცნობილია „საჯილდაო ქვა“, რომლის აწევაში და მხრებს უკან გადაგდებაში მთიელები ერთმანეთს ეცილებოდნენ. ეს ყოველივე შემდეგ სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა, რომელსაც დაარქვეს „ძლიერი ადამიანი“. აქ აკეთებ იმას, რაც ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. 2008 წლიდან ვარ ამ სპორტით დაკავებული. თუმცა, ვიდრე აქ გადმოვინაცვლებდი, მანამდე ბოდიბილდინგშიც მქონდა რაღაც წარმატებები – 18 წლის საქართველოს ჩემპიონი ვიყავი. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვობიდან გამოვირჩეოდი სიძლიერით, თან მომწონდა იმის გაკეთება, რაც ყველას არ შეეძლო. გინესის რეკორდიც მაქვს მოხსნილი, ოღონდ ოფიციალურად ვერ დავადასტურე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს რეკორდი მოვუხსენი უკრაინელ დიმიტრი ხალაჯს, რომლის არსიც ასეთი გახლდათ: მსუბუქი მანქანები უნდა მოიბა ხელებზე. თითოეული მანქანა დაიძრება საწინააღმდეგო მიმართულებით. აქ მთავარი დროის ფაქტორია, ანუ რამდენი ხანიც გაძლო მან. ამ დროს შეიძლება ადამიანი შუაზე გაიხლიჩოს, რადგან ორივე მხრიდან მანქანა გექაჩება. მე გავაკეთე შემდეგი რამ, დავტვირთე სამარშრუტო ტაქსები. ერთის წონა იყო 2 ტონა და 800, მეორესი – 2 ტონა და 600. ორივე საპირისპირო მიმართულებით ბუქსაობდა და მე ვიჭერდი. უკრაინელზე მეტი დრო ვაჩვენე და ბევრად გავაუმჯობესე შედეგი.
– უცხოეთში შეჯიბრებებზე, როგორც ვიცი, რამდენიმე ეტაპს გადიხართ. გვიამბეთ კონკრეტულად ამ ეტაპების შესახებ.
– დიახ, 5-6 ეტაპია თითოეულ შეჯიბრებაზე და ყოველ წელს სხვადასხვა სტილის შეჯიბრებაა. ანუ, თუ დავუშვათ, წინა წელს ერთი ტრაილერის გამოწევა მომიწია, წელს ორი იყო და ასე შემდეგ. შარშან მოვიგე „არნოლდ კლასიკის“ ჩემპიონატი და ასევე გუნდურში, ბიჭებმა მსოფლიოზე ოქროს მედალი მოვიპოვეთ. ჩემი პირველი გამოსვლა იყო ირანში, საიდანაც მოწვევა მქონდა. მაშინ, მახსოვს, ძალიან დაბნეული ვიყავი და მნიშვნელოვანი შედეგი ვერ ვაჩვენე, მე-5 ადგილზე გავედი 40 ქვეყნის წარმომადგენელს შორის. იქ შევხვდი პროფესიონალ სპორტსმენებს, რომლებსაც ჩემგან განსხვავებით, ბევრად დიდი წონა ჰქონდათ. მე ვიყავი 105 კილოგრამი, ისინი 180-190-ს იწონიდნენ. რაც მოვიგე, მას შემდეგ, ყოველ წელს ფედერაცია მახვედრებს ახალ-ახალ სპორტსმენებს, ისეთებს, ვიზეც ფიქრობენ, რომ მომიგებენ. თუმცა, ჯერჯერობით არ გამოსდით. რაც შეეხება ეტაპებს, შარშან იყო ტრაილერის მხრებით გამოთრევა და მერე მეორე ტრაილერის ხელებით გაწევა. წელს ორი ტრაილერი შეაერთეს, რომელიც მარტო მე გავწიე. მის გასაწევად დრო გაქვს 70 წამი. არის კიდევ 500-კილოგრამიანი საბურავი, რომელიც ხუთჯერ უნდა გადააბრუნო, აქაც ორი გადაბრუნებით ვუსწრებდი მონაწილეებს და სხვა.
– ყველაზე მეტად რომელი ეტაპი გაგიჭირდათ?
– ყველაზე რთულია ეგრეთ წოდებული „ჩემოდნები“, რომელსაც ჰქვია „ფერმერის გასეირნება.” ორივე ხელში გიჭირავს სიმძიმე, 160-260-300 კილოგრამის და გარბიხარ 40 მეტრ მანძილზე. ვინც უფრო სწრაფად დაფარავს ამ მანძილს, ის არის გამარჯვებული. შარშან სწორედ ეს ეტაპი მქონდა საუკეთესო, 25 წამში დავფარე 38 მეტრი.
– ტრავმები ხშირად გაქვთ? რით ვარჯიშობთ ხოლმე?
– ტრავმები ბევრი მქონია. მალა მაქვს ორჯერ გახლეჩილი. ერთხელ ვარჯიშის დროს წელს ქვემოთ მოვწყდი და ერთი კვირა უმოძრაოდ ვიყავი. თუმცა, ფეხზე რომ დავდექი, მაინც გავაგრძელე ვარჯიში. „არნოლდ კლასიკზე“ ხელის კუნთი გავიგლიჯე, მაგრამ მაინც მოვიგე. მიუხედავად ამისა, თავს ვერ ვანებებ. ჩემს სისხლშია ეს სპორტი გამჯდარი და მიჭირს თავის დანებება. ჩემი სავარჯიშო ინვენტარი შედგება ქვებისგან, მორებისგან, ჩემოდნებისგან და ასე შემდეგ.
– საკუთარ ჯანმრთელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. ამად გიღირთ ეს ყოველივე?
– სპორტსმენთა სხვადასხვა კატეგორია არსებობს. არიან მოყვარულები, მოყვარულზე ცოტა მეტნი, რომლებიც თავიანთ ცხოვრებას სპორტს უკავშირებენ და ავადმყოფები. მე მივეკუთვნები ბოლო კატეგორიას (იცინის). ამიტომ, ვერ ვანებებ თავს ამ ყოველივეს.
– ოჯახის წევრებს როგორი დამოკიდებულება აქვთ?
– ძალიან მძიმე საყურებელია მათთვის, მაგრამ იციან ჩემი ხასიათი. მათი მხრიდან აკრძალვა ყოფილა, თან ძალიან ბევრჯერ. მეუბნებოდნენ, რად გინდა, რაში გამოგადგებაო. წელს ქვემოთ რომ ვიყავი მოწყვეტილი, მაშინ გადარეულები იყვნენ, თუმცა, ღმერთის წყალობით, ვიმკურნალე და დღეს ისევ აქტიურ სპორტში ვარ. ოჯახის წევრებს ბევრჯერ სახლიდანაც გავუგდივარ, იმ იმედით, რომ თავს გავანებებდი (იცინის), მაგრამ, მაინც არ ვნებდებოდი. უფრო სწავლის საკითხი იყო აქტუალური. როცა სპორტზე აკეთებ აქცენტს და სწავლას იმდენ ყურადღებას არ აქცევ, ეს მშობლისთვის მარტივი არაა.
– პირად ურთიერთობებეში რა ხდება?
– მყავს ცოლ-შვილი, 15 წლის გოგონა და პატარა ბიჭი. ბავშვებს მოსწონთ მძლეოსანი მამა – ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ბიჭი უკვე თვითონაც ეჭიდება მანქანებს (იცინის). სიმართლე გითხრათ, არ მაქვს სურვილი, ამ სპორტს გაჰყვეს. მეც საკმარისი ტრავმები მივიღე და არ გამიხარდება, ჩემი შვილი იგივე სიტუაციაში რომ ვნახო.
– ალბათ, ფიზიკურობის გამო ყველა გაქცევთ ყურადღებას.
– კი, ქუჩაში ყველა მიყურებს. თუმცა, როგორც თქვენ ხედავთ და გიკვირთ ჩემი სხეული, მე ეგრე არ ვარ. ჩემი თვალი მიჩვეულია და ვერ აღვიქვამ, თუ ვინმესგან განვსხვავდები. საქართველოში ყურადღებას უფრო ფიზიკურობის გამო მაქცევენ და არა იმიტომ, რომ სპორტსმენი ვარ. ესპანეთში მყავს გულშემატკივრების მთელი არიმია. სასწაულად დამხვდნენ. ჩემი პლაკატები ბანერებზე და ყველგან ჰქონდათ გამოკრული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი წლევანდელი გამარჯვება მივუძღვენი ჩემს გარდაცვლილ მეგობარს, პოლკოვნიკ რეზი კალომლეწავს.