კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში უქმნის მზე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს და როგორ გავუმკლავდეთ მაღალ ტემპერატურას

ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტორები – მზის გამოსხივება, მაღალი ტემპერატურა, ტენიანობა ორგანიზმისთვის შესაძლოა, მეტისმეტად სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს, თუკი არ ვისწავლით გარემო ფაქტორებთან შეგუების გზებს და არ დავიცავთ იმ პირობებს, რაც ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის შესანარჩუნებლად არის აუცილებელი. როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში და როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიცხეს, თუ კი ვერ ვახერხებთ ქალაქიდან გასვლას, რა რაოდენობის სითხე დავლიოთ, რა ფერის ტანისამოსზე შევაჩეროთ არჩევანი, ამ და სხვა აუცილებლად გასათვალისწინებელ თემებზე გვესაუბრება, ჟურნალ „ოჯახის მკურნალის“ რედაქტორი, ექიმი-თერაპევტი, თამარ მამაცაშვილი.
– ქალბატონო თამარ, ამბობენ, ზაფხულის თაკარა მზე ჯანმრთელობისთვის მრავალი პრობლემის მომტანიაო... გარდა გადაჭარბებული რუჯით მიღებული დამწვრობისა, რა სახის სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ?
– ულტრაიისფერი სხივების ჭარბმა ზემოქმედებამ შესაძლოა, ძალზე უსიამოვნო შედეგი გამოიღოს: გამოიწვიოს კანის დამწვრობა, თვალის რქოვანას დაზიანება, ნაადრევი სიბერე, ავთვისებიანი სიმსივნე... მზის ზემოქმედებისას შეიძლება გამწვავდეს კანის ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა: ეგზემა, ფსორიაზი.  მზეზე მეტისმეტად გამომშრალი კანი დისკომფორტზე ანთებითი პროცესით ან ნეიროდერმიტით რეაგირებს. მზის აქტივობისას ხშირად იღვიძებს ჰერპესის ვირუსი. სიცხე მზის ალერგიასაც უწევს პროვოცირებას. მზის ზემოქმედებისას მწვავედ განვითარებული ყველაზე საყურადღებო გართულებებია მზის დარტყმა და სითბური დარტყმა. 
– მზის ალერგია ახსენეთ, ზაფხულში ბევრი ამბობს, სხეულზე ნასიცხარი და გამონაყარი მაქვსო. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად რომელი ასაკისთვისაა დამახასიათებელი?
– დიახ, ეს პრობლემა უფრო ბავშვებში იჩენს თავს და ასევე, ვისაც ნაზი, მგრძნობიარე კანი აქვს. ნასიცხის მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ზოგჯერ, ბავშვის კანის არასწორი მოვლაა. დასიცხვისას კისერზე, ზურგსა და სხვა არეებზე ჩნდება ღია წითელი ფერის წინწკლოვანი გამონაყარი. ნასიცხი კანი შესაძლოა, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციების კარიბჭედ იქცეს, ამიტომ მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ბავშვმა ყოველდღიურად უნდა იბანაოს თბილი წყლით, ძალიან კარგია ზღვის მარილის, აგრეთვე, მცენარეების: ორკბილასა და გვირილის ნაყენის აბაზანები. ნასიცხის ინფიცირებისგან თავდასაცავად, შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ ბავშვს კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი გადაავლოთ.
– ხშირად ამბობენ, რომ მოხდა ორგანიზმის გადახურება. რა ხდება ამ დროს და როგორ უნდა დავიცვათ თავი? როგორც ვიცი, მსგავსი პრობლემის დროს, შესაძლოა, ადამიანი დაიღუპოს...
– ორგანიზმი სითხის აორთქლების გზით ჭარბ სითბოს გასცემს. თუ ეს მექანიზმი რაიმე მიზეზით შეფერხდა, ორგანიზმი გადახურდება და სითბურ დაკვრას იღებს: იმატებს სხეულის ტემპერატურა, ფართოვდება სისხლძარღვები და ძლიერდება ოფლის გამოყოფა. ძლიერი ოფლდენის გამო ორგანიზმი დიდი ოდენობით წყალს კარგავს, რაც ზრდის სისხლის სიბლანტეს. სქელი სისხლის გადაქაჩვა ადვილად ღლის გულის კუნთს და იწვევს არტერიული წნევის დაცემას, პარალელურად, იშვიათდება სუნთქვა. თუ დახმარებამ დაიგვიანა, სუნთქვის ცენტრის დამბლის გამო ადამიანი იღუპება. ამ მდგომარეობისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ის არის, რომ ნუ გავჩერდებით მაღალ ტემპერატურაზე მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ.
– ვისაც ცხელი დღეების გატარება სახლში ან სამსახურში უხდება, როგორ უნდა მოიქცეს სიცხესთან გასამკლავებლად? რა რაოდენობის სითხე უნდა მივიღოთ, რა ფერის ტანისამოსი შევარჩიოთ?
– დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32 გრადუსს ცელსიუსით, ღამით კი 24-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე. მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი, კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა, მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად, სახლს დაატენიანებს. თუ გსურთ, ისე გაგრილდეთ, რომ ჯანმრთელობაც შეინარჩუნოთ, უმჯობესია, მიირთვათ სასმელი წყალი, უგაზო მინერალური  წყლები, კომპოტის წვენები. ზოგადად, სიცხეში ადამიანმა დღის განმავლობაში 3 ლიტრამდე სითხე უნდა მიიღოს. თუ სითხის ამ რაოდენობის ნახევარი მაინც მინერალური წყალი იქნება, თქვენს ორგანიზმში შენარჩუნდება მინერალების ბალანსი.
– ალკოჰოლი ახსენეთ, ცხელ დღეებში ხშირად ცივი ლუდი კარგ განტვირთვად ითვლება, ანუ ეს ჯანმრთელობას ვნებს? რა მიზეზით ითვლება მწვანე ჩაი იდეალურ გამაგრილებელ საშუალებად აზიის ქვეყნებში?
– ლუდი არის შარდმდენი ეფექტის მქონე და ზრდის გულის კუნთის დატვირთვას. გულის კუნთს კი ზაფხულის სიცხეში ისედაც დიდი დატვირთვა აქვს სისხლის სიბლანტის მატების გამო. მოგეხსენებათ, ცხელი ჩაი ოფლმდენი საშუალებაა. ოფლდენისას კი ორგანიზმიდან წყალი ორთქლდება და შედეგად, ორგანიზმის ტემპერატურა ქვეითდება. ცხელი ჩაის მიღების მომენტში სიცხის შეგრძნება მძაფრდება, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ორგანიზმი გრძნობს შვებას და საკმაოდ ხანგრძლივად ინარჩუნებს სიგრილეს აუტანელ სიცხეშიც კი. გამაგრილებელი ცივი სასმელები კი მხოლოდ მომენტალურად აგრილებს ორგანიზმს, მაგრამ ეს ეფექტი მალევე გაივლის ხოლმე.
– ვინც ზღვაზე, ქალაქგარეთ წასვლას ვერ ახერხებს კონდიციონერის იმედი აქვთ, რაც ბევრმა არ იცის, რომ არც თუ სასარგებლოა. გვიამბეთ ამის შესახებ... დღეს თითქმის ნებისმიერ ოფისსა და დაწესებულებაში კონდიციონერით გრილდებიან.
– ზოგიერთი კონდიციონერის წყლის გარემოში საუცხოოდ მრავლდება ბაქტერია ლეგიონელა. ეს ბაქტერია ვრცელდება წყლის აეროზოლში, გაციებული ჰაერით ხვდება გარემოში და იწვევს სერიოზულ დაავადებას – ლეგიონელოზს. ის სიმპტომებით მოგვაგონებს ფილტვების ანთებას ან ბრონქიტს. დაავადების კიდევ ერთი მიზეზია კონდიციონერის პულტზე ძალიან დაბალი ტემპერატურის დაყენება. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ზაფხულში გარემოსა და ოთახის ტემპერატურათა შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 გრადუსს ცელსიუსით, ანუ როდესაც გარემოს ტემპერატურა 28 გრადუსია, ოთახში 24-21 გრადუსი უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში გამორიცხულია გადახურების ან გადაციების რისკი. თუ დარწმუნებული არ ხართ, როგორი ტემპერატურაა ოპტიმალური, შეიძლება გამოიყენოთ რეჟიმი I FEEL. ამ რეჟიმში კონდიციონერი აირჩევს მიზნობრივ ტემპერატურას. ლეგიონელებისა და მათგან გამოწვეული ლეგიონელოზისგან თავდასაცავად ამოირჩიეთ კონდიციონერები, რომლებსაც აქვს ბაქტერიის საწინააღმდეგო ფილტრები და თანამედროვე დაცვის სხვა საშუალებები.
– ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ოფლდენა მიანიშნებს მზის დარტყმაზე? როგორ უნდა დავეხმაროთ ამ დროს პაციენტს?
– მზის დაკვრის დროს ადამიანს აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, კანის შეწითლება, მოჭარბებული ოფლდენა, ზოგჯერ სისხლდენა ცხვირიდან. პულსი და სუნთქვა გახშირებულია, არტერიული წნევა – დაქვეითებული. მძიმე შემთხვევებისას სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა ცელსიუსით 41 გრადუსს მიაღწიოს, ადამიანმა გონება დაკარგოს. ასეთ დროს ხშირად ეცემა გულის მუშაობის აქტივობა, ვითარდება გულყრა. მზის დაკვრის შემთხვევაში დაზარალებული უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში, გრილ ადგილას ან საწოლში. უნდა დააწვინოთ ზურგზე, უზრუნველყოთ თავის ამაღლებული პოზიცია. სასურველია, სხეული დაუზილოთ ცივი წყლით ან შემოახვიოთ სველი ზეწარი. მძიმე შემთხვევაში, როდესაც საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება, შეგიძლიათ, დაასხათ ცივი წყალი. დაზარალებულს შუბლზე ცივი კომპრესები უნდა დაადოთ, დაალევინოთ დიდი რაოდენობით სითხე. ექსტრემალურ სიტუაციაში საჭიროა დაზარალებულის ჰოსპიტალიზაცია, აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. თუმცა ექიმის მოსვლამდე დრო არ უნდა დაკარგოთ და ჩაუტაროთ როგორც გულის დახურული მასაჟი, ასევე ხელოვნური სუნთქვა.

скачать dle 11.3