ვინ აპირებდა გურამ თიკანაძის ნეშტის დაჭრას და ჯიბეებით ჩამოტანას შხარას მწვერვალიდან
ლელა ნიჟარაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის ინსტიტუტთან არსებული, ძველი ქართული ხელნაწერების შემსწავლელი სამეცნიერო ლაბორატორია „ორიონის“ მეცნიერ-თანამშრომელი, სვანურის ღვაწლმოსილი მკვლევარია. მისმა მეხსიერებამ ფერუცვლელად შემოინახა ადრეულ ბავშვობაში მიღებული მძაფრი შთაბეჭდილებები, მათ შორის ისეთი, წიგნში დაბეჭდილ მოგონებაში რომ არ არის შეტანილი. ეს გურამ თიკანაძის ბოლო დღეების ჩანაწერებია: „მეხის გავარდნას ჰგავდა შემზარავი ამბავი, გურამი დაიღუპაო... მთელი უშგული შეიკრიბა, მოდიოდნენ ჩვენს სახლშიც. მერე შეიკრიბნენ მთელი სვანეთის ალპინისტები, როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთის, ცნობილები და გამოცდილები, გამოიძახეს თბილისიდან მაშველთა რაზმი და 40-კაციანი ჯგუფი უნდა წასულიყო შხარაზე გურამის ნეშტის ჩამოსასვენებლად. ჩვენს სახლში დიდი ხალხმრავლობა იყო... სვანეთში დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა, მას უღალატეს და ეს ამბავი მოუწყვესო. ჭორებს ბოლო არ უჩანდა... როცა ალპინისტები მივიდნენ შხარის ძირში, გადაწყდა: კლდეზე უნდა ასულიყვნენ მხოლოდ სვანი მთამსვლელები და ერთი კაცი, თბილისელი თამაზი - გვარი არ მახსოვს, რომელიც იმ ტრაგიკულ დღეს გურამთან იყო თოკში შებმული... თბილისელი მაშველები კი შხარას ძირში უნდა დარჩენილიყვნენ და საჭიროების შემთხვევაში დაიხმარდნენ. ასე ავიდნენ შხარაზე, წინ - ბექნუ ხერგიანი, უკან - ჯგუფი (თუ არ ვცდები, 20 კაცი)... როცა შხარაზე ასულან, გურამის ნეშტი ძალიან რთულ და მიუვალ ადგილზე ყოფილა... ნეშტისთვის რომ გადაუხედავთ, გრიშა გულბანს (რომელიც ძალიან ცნობილი, დიდი მთამსვლელი იყო) იმ თამაზისთვის (რომელიც გურამთან ერთად იყო თოკში შებმული) მოუთხოვია, დაწვრილებით აღეწერა ის გარემოება, რომელშიც გურამი დაიღუპა, როგორ მოხდა ეს ყველაფერიო. მან კი, თურმე, დეტალურად აუხსნა, თუ როგორ გადმოგორდა კლდიდან დიდი ქვა და როგორ ჩაჭრა გურამის ბაწარი, - ასე მოწყდაო კლდიდან. ის მთამსვლელი, თამაზი, გურამის დაღუპვის მერეც ხშირად ამოდიოდა უშგულში ჩვენთან. დადგა საკითხი გურამის ჩამოყვანა-არჩამოყვანაზე. მერე ბექნუს უთქვამს. დავჭრი, დავაკონსერვებ, ჯიბეებში ჩავიწყობ გურამის ნეშტს და ისე ჩავიტან, აქ მაინც არ დავტოვებო... ასე იყო თუ ისე, ნეშტი ჩამოასვენეს. მას არც კი აკადრეს რაიმე ტრანსპორტზე, მაგალითად - მარხილზე, ან დიდ მანქანაზე დასვენება, ისე ატარეს, სულ ბეჭებით. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ბრგე და ახოვანი ვაჟკაცები, არც სამგლოვიარო სვანური ზარი შეუწყვეტიათ და ამგვარად ჩამოიყვანეს 5-6 კილომეტრის მანძილზე. დაასვენეს ჩვენი სახლის წინ, კოშკთან, პატარა მოედანზე. იქ გაუმართეს სამგლოვიარო ცერემონიალი. იყვნენ ქალები, ადგილობრივები, რომელთაც ქართულად დაიტირეს, რათა სიტყვების შინაარსი სტუმრებსაც გაეგოთ, რადგანაც გურამის უამრავი ახლობელი თუ მეგობარი იყო ჩამოსული თბილისიდან უშგულში პატივის მისაგებად. გამონაკლისი იყო ბიცოლაჩემი ივდითი, რომელიც, როგორც მურმან ლებანიძე აღწერს, მართლაც კივილით გამოვარდა სახლიდან და ასე პოეტურად დაიტირა სვანურად... მერე დიდი დავა გამოიწვია ადგილობრივ, სვან მთამსვლელებში იმან, თუ რომელი გზით წამოესვენებინათ გურამი, ლენტეხის თუ მესტიის... არ დათმეს მესტიელმა მთამსვლელებმა: ეს ჩვენკენ უფრო მოდიოდა და ამიტომ ეს გზა ეკუთვნისო... გადაწყდა, გურამი მესტიით ჩამოესვენებინათ თბილისში. ამასობაში დაღამდა კიდეც და მთვარიანი ღამით, ზარით წამოასვენეს გურამი მესტია-უშგულის გზით... აქაც პატივით დაკრძალეს, სვანური ქვა „კა“ და სვანური ზარი აქაც თანმდევი იყო მისთვის... ივდითი განთქმული გახლდათ, როგორც უბადლო მომტირალი ქალი... აი, მან ასეთი რამეც დაატირა გურამს (რასაკვირველია, სვანურად): საბრალო გურამის დედაო, გურამი შხარას დიდ კედლებს წასასმელად (როგორც კარაქიო - იგულისხმებოდა) არ ეყოო... ივდითი ნიჟარაძე 84 წლისა გარდაიცვალა და ჭაღარა არ ჰქონდა. მისი პორტრეტი დახატული აქვს ცნობილ ქართველ მხატვარს, ირაკლი თოიძეს... პალო, რომელზეც გურამ თიკანაძე მოსწყდა, ცნობილმა მთამსვლელმა დიმიტრი დანგაძემ მომდევნო წელს ჩამოიტანა შხარადან, როცა მწვერვალი დაიპყრო (ალბათ, იმავე მარშრუტით წავიდნენ, გურამმა და მისმა ჯგუფმა რომ გაიარეს). ეს პალო ერთხანს ჩვენს სახლში იყო. მგონი, მალევე წამოიღეს თბილისში. რაც შეეხება გურამის წერაყინსა და საძილე ტომარას, ისინი იქ არის, ჩვენს სახლში.”