რომელ ქვეყანაში მუშაობდა ქუჩის დამგველად ეგნატე ნინოშვლი
მისი სამწერლო მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე იყო. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში, სულ რაღაც ოთხ-ხუთ წელიწადში, იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც მან შექმნა. მისი ცხოვრება აღსავსე იყო განუწყვეტელი ტანჯვა-წამებით. როდესაც ბიოგრაფიულ ქრონიკებს ვეცნობით, გაოცება გვიპყრობს, როგორღა რჩებოდა მას დრო და ძალ-ღონე სამწერლო მოღვაწეობისთვის... „პალიასტომის ტბა”, „ქრისტინე”, „ჩვენი ქვეყნის რაინდი”... ეს, ჩვენი მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ეგნატე ნინოშვილის ძალზე საინტერესო ცხოვრების დღიურებია.
ეგნატე თომას ძე ინგოროყვა (ნინოშვილი) გურიის სოფელ ჩირგვეთიდან გახლდათ. თომა ინგოროყვას ოჯახში პატარა ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს... 1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. იქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე ბიძამისმა, ალექსი ინგოროყვამ ეგნატე შინ წაიყვანა... სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებულია სკოლას მოწყდეს და მწყემსობას მიჰყოს ხელი, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლას მაინც არ ანებებს თავს. ის ემზადება ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად, რასაც ახერხებს კიდეც... ეგნატესთვის თანდათან აუტანელი ხდება სოფელში მუშაობა. უკიდურესი მატერიალური გაჭირვება და, ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებისთვის ქალაქში წასვლის სურვილი, აიძულებს მას თავი დაანებოს მასწავლებლობას და მუშაობა ბათუმის რკინიგზის შტოზე დაიწყოს. 1882-1883 წლებში ის ტელეგრაფისტად მუშაობს სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზ. ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში იწყებს მუშაობას ასოთამწყობად. ხელფასი იქაც იმდენად მცირე აქვს, რომ სასმელ-საჭმელზეც არ ჰყოფნის. მალე ამ სამუშაოსაც თავს ანებებს და კვლავ გურიაში მიემგზავრება... 1886 წელს ის მუშაობას იწყებს სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე... ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წელს, ამხანაგების ფულადი დახმარებით, მიემგზავრება საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში.
საფრანგეთში ცხოვრების დროს ეგნატეს ისე გასჭირვებია, რომ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ქუჩის დამგველადაც კი უმუშავია... უცხოეთიდან ჩამოსული ეგნატე ერთი თვის შემდეგ თავად გრიგოლ გურიელთან იწყებს მუშაობას... ამ დროს ის თანამშრომლობს „ივერიაში”, ბეჭდავს ფელეტონებსა და წერილებს… 1888 წლის ნოემბერში ეგნატე კვლავ თავის სახლშია, უმუშევარი. წერილებში ის შესთხოვს მეგობრებს, რომ მიეშველონ, რაიმე სამუშაო უშოვონ. „კუჭის ანთება რომ არ მომივიდეს, ძალაუნებურად, უნდა ვიმსახურო, ვირის აბანოს ბიუროკრატიაც რომ იყვესო”, წერს ის ერთ-ერთ მეგობარს... ამ დროს იწყება ეგნატე ნინოშვილის მხატვრულ-ლიტერატურული შემოქმედების ყველაზე ინტენსიური პერიოდი. ის მუშაობს ისტორიულ რომანზე – „ჯანყი გურიაში”... ეგნატე კვლავ მიდის სამუშაოს საძებრად ბათუმში და ათი დღის განმავლობაში ნავსადგურში მუშაობს დღეში ათ შაურად. 1889 წლის ოქტომბრის დამლევიდან 1890 წლამდე, ის როტშილდის ქარხანაშია და კვლავ მძიმე სამუშაოზე, მტვირთავად მუშაობს. „1889 წელს ბათუმში ზამთარი მეტად ცუდი, ქარ-წვიმიანი იყო, – ვკითხულობთ ეგნატე ნინოშვილის ავტობიოგრაფიულ ქრონიკებში. „მე დაცვეთილი საზაფხულო ტანსაცმელი მქონდა. უნდა ავმდგარიყავი დილის 4 საათზე, ამ საშინელ დარში გამევლო კარგა დიდი მანძილი და მივსულიყავი ზავოდში. ხან ზავოდის კარი დაკეტილი დამხვდებოდა და უნდა მეცადნა გარეთ... 1890 წელს ეგნატე ზესტაფონში მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში. სამუშაო მძიმეა და მომქანცველი. ეგნატეს ფილტვებს თანდათან ღრღნის ულმობელი სენი. „ჩემი ჯანი და სიმრთელე დავღუპე ბათუმში და ამ კანტორაში მუშაობით,” – იგონებდა ეგნატე შემდეგ... მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში... თუ რა რთულ პირობებში უხდებოდა ეგნატეს გომში მუშაობა, ამას მოწმობს მისი ბარათი ერთ-ერთი მეგობრისადმი. „ჩვენს ოთახზე მოკრულ დუქანში გრძელდება სმა, ყვირილი, ჩხუბი, ზურნა, ლანძღვა. ასე რომ, დილამდე უნდა უყურო ამ შეზავებულ ჰარმონიულ ხმაურობას”... 1892 წლის დასაწყისს ეკუთვნის ეგნატეს უნუგეშო და სევდიანი რომანი „ნადასი კალანადაძესთან“, რომელიც მას სოფელ ხიდისთავში, მეგობრის ოჯახში საახალწლოდ სტუმრად მისულს, გაუცვნია. გარეგნულად მომხიბვლელს, განათლებულს, ბუნებით კეთილსა და თავაზიან ქალიშვილს იმდენად დაუპყრია ეგნატეს გული, რომ მისთვის ჩვეული წონასწორობა დაუკარგვინებია. ეგნატეს ნადასისთვის მიუწერია ბარათი, რომლითაც სიყვარულში თანაგრძნობა უთხოვია. მაგრამ ქალს პირობა სხვისთვის ჰქონია მიცემული. თუ რა დიდი სულიერი ტრავმა განუცდია ეგნატეს თავისი პირველი და უკანასკნელი, დიდი სიყვარულის გაცრუებით, ჩანს მის მიერ ნადასისადმი გაგზავნილ მეორე ბარათში, რომელიც ავტორის თხოვნის საწინააღმდეგოდ, ქალს არ დაუხევია, ფაქიზად შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიოგრაფის, პ. გელეიშვილისთვის, გადაუცია.
(წერილი იაკობ გოგებაშვილს)
პატივცემულო ბატონო იაკობ სიმონის ძე
თქვენი წერილი და თქვენგან გამოგზავნილი ხუთი თუმანი ფული მივიღე გუშინ – 11 ამ თვეს. ჯერ ქუთაისის ფოსტის კანტორაში გაეჩერებიათ, მერე დაბა ლანჩხუთის საფოსტო განყოფილებაში გადმოეგზავნათ და ამ მიზეზის გამო დაგვიანებულიყო. ჩემს უგულითადეს მადლობას მოგახსენებთ მეგობრული თანაგრძნობით სავსე წერილისთვის, რომელმაც არათუ მარტო გამამხნევა, ავადმყოფობიდან მორჩენის იმედიც კი მომცა. პირადათ რომ ვერ მიცნობთ, ამაში თუ ვინმეს ბრალი აქვს და საყვედური ერგება, ეს ისევ მე ვარ: მე ვიყავ ვალდებული მოვსულიყავი და გაგცნობოდით თქვენ, როგორც საუკეთესო ქართველ მოღვაწეს, როგორც მოწინავე პირს. არ აღმისრულებია ეს ვალი და სასაყვედუროც მე ვარ აქ. ოღონდ პირადათ გაცნობაზე ვჩივი, თორემ ისე კი, ვინ იქნება დღეს წერა-კითხვა იცოდეს და თქვენ კი ვერ გიცნობდეს! განა ყველანი თქვენგან შედგენილ ქართულ სახელმძღვანელოებზე არ აღვიზარდეთ? თქვენგან შედგენილ სახელმძღვანელოებში ვისწავლეთ ქართული წერა-კითხვა. თქვენ შეგვაყვარეთ სამშობლო და მისი ენა. ამის შემდეგ სირცხვილი არ იქნებოდა ჩემთვის, თუ პირადათ არა, როგორც ჩვენი კარგი სახელმძღვანელოების შემდგენელს არ გიცნობდეთ?! დიდ მადლობას მოგახსენებ აგრეთვე ფულის გამოგზავნისათვის. მხოლოდ გთხოვთ, ნება მიბოძოთ, რომ ეს ფული შემდეგში გადაგიხადოთ. მართალია, თქვენისთანა ღირსეული და პატივცემული პირისგან შემწეობასაც ვერ ვითაკილებ, მეტადრე ისეთი მხურვალე თანაგრძნობით მოძღვნილს. მაგრამ ახლა, როცა ერთი მხრივ საზოგადო ფულს ვხარჯავ, რომელიც შესდგება თქვენ და თქვენისთანა გულშემატკივარი პატივცემული პირებისაგან გაღებული ფულით, დიდი ურიგობა იქნება ჩემის მხრით, რომ კერძოდ, კიდევ თითოეულ პირისაგან დავიწყო შემწეობის მიღება. უნდა მოგახსენოთ, საზოგადო ფულს რომ ვიღებ, იმის გამოც შიშის ჟრუანტელი მივლის ტანში: თუნდა მოვრჩე კიდეც, შევძლებ კი, მიუზღო საზოგადოებას ან ნივთიერად ან ჩემი ნაწერებით ჩემზე დანახარჯი? ან კიდევ ახლა რომ მოვკვდე, რა დარჩება საზოგადოებას ჩემგან? – რამდენიმე პატარ-პატარა მოთხრობა! ეს არ არის საკმარისი. მე ისიც მეყოფა ჯილდოთ, თუკი ჩემი ნაწერების კითხვამ ქართველ საზოგადოებას მოუტანა ცოტაოდენი მაინც ჭეშმარიტი სიამოვნება. მე დაჯილდოებულად ვთვლი თავს, როცა თქვენისთანა ღირსეული პირი მეუბნება: შენი ნაწერების წაკითხვით ვისიამოვნეო. ღმერთი როგორ გამიწყრება, რომ თითოეულ პირისაგან კიდე ამისთვის ფული ავიღო! განა არა კმარა ისიც, რომ საზოგადოებას ჩამოვეკიდე სარჩენად! ჩემი მოთხრობების გამოცემისთვის თქვენისთანა მზრუნველს მე ვიღას ვიპოვნი. მე ამაზე ფიქრსაც ვერ გავბედავდი, რომ თქვენ არ გებრძანებიათ – გნებავთ, რომ ჩემი ავადმყოფობის ვითარება გაგაცნოთ. დიდი კმაყოფილებით ავასრულებ თქვენს სურვილს, ოღონდ თქმის მეშინია, რომ ამდენი ლაპარაკით არ მოგაწყინოთ თავი. რასაკვირველია, ჩემი ავადმყოფობის ისტორიას აქ არ მოვყვები, რადგანაც ეს შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ჩემი ავადმყოფობა დაიწყო ორი მიზეზის გამო: ერთი – ხშირად ცუდ გარემოებაში ვცხოვრობდი, მეორე – გაუფრთხილებლად და დაუზოგავად ვეპყრობოდი თავს. მტერსაც კი არ მოეპყრობა კაცი ისე უდიერად, როგორც მე ჩემს ჯანს ვეპყრობოდი. ამასთან, კიდე დაბადებიდანვე ჯანსუსტი ვიყავი. დედის კი არა მახსოვს რა, რადგანაც ჩემ შემდეგ თურმე ერთი წლის მეტი არ უცოცხლია. მაგრამ, ისე ამბობენ, რომ ერთი შვილის შობა [ჩემი] ძლივს მოასწრო, თექვსმეტი წლის ქალი ისე სანთელივით დადნაო, ფილტვების ავადმყოფობით „დადნა.“ ახლა ჩემი საქმე ასე არის: მახველებს ძლიერ ბევრს, ხანდახან სისხლიანსაც. ზოგიერთი მირჩევს მომავალ ზაფხულში აბასთუმანს წადიო. მეც განზრახვა მაქვს წავიდე. მართალია, ახლა რომ ჩემი თავის ამბავი ვიცი, ძლიერ დიდი ოპტიმისტი უნდა ვიყო, რომ მოვრჩები-მეთქი ვიფიქრო. ჩემი ფიქრით, ბევრი-ბევრი აწი ვიცოცხლო ორი-სამი წელიწადი. მაგრამ, იქნება სიცოცხლეში ტანჯვა ცოტათი მაინც შემიმსუბუქდეს და ეს არის მიზეზი, რომ ხან სოფელს ვირჩევ საცხოვრებლად, ხან აბასთუმანს და ხან სხვას. რადგან ამდენი ვილაპარაკე, დასასრულ ვიტყვი ამასაც: მე არ შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას – შენს სამსახურში დავავადმყოფდი-მეთქი. არა, წერის დაწყებამდე ჩემი ჯანი სრულიად გატეხილი, მოუბრუნებლად დარღვეული იყო. არც ბევრი მიწერია: ოთხი წელიწადია აგერ, რაც ვწერ და ერთ მოზრდილ წიგნს კიდევ ვერ შეადგენს ჩემი ნაწერები. მაგრამ, აწი ლაპარაკს შევწყვიტავ, თორემ მეტათ გრძელი საუბარი მომივიდა. მოგაძულე თავი ამდენი ლაპარაკით. მარად თქვენი პატივისმცემელი ეგნატე ინგოროყვა.
1894 წელი