კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება ტაძარში მხოლოდ მრევლად ან სტიქაროსნად ყოფნას და რატომ უჭირთ, ეკლესიური ცხოვრების მიუხედავად, ადამიანებს შეცვლა

დღეს ადამიანების იმ ნაწილის სახეებზე, რომლებიც ეკლესიაში დადიან, წირვა-ლოცვას ესწრებიან და ეზიარებიან, ხშირად მოწყენილობა და უიმედობაა გამოსახული. ისინი ეკლესიის მიღმა კვლავ ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობენ. არადა, ქრისტეს სიყვარულით სავსე ადამიანი მუდმივად იმედიანია, სიკეთეს, სიხარულს ასხივებს და თავის დადებით ემოციებსა და სიყვარულს ყველას გადასცემს. რა არის ამის მიზეზი, როგორ უნდა ჩამოუყალიბდეთ ამ ყველაფრისადმი სწორი დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – მოდი, დავსვათ ასეთი კითხვა – როდის მოდის ადამიანი ეკლესიაში? მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან უხარია ან, პირიქით, პირადი ან საერო უბედურება დაემართა. ამ დროს ჩვენ ცოტა შევფუცხუნდებით, ნიღაბს გავიკეთებთ, მოვრბივართ ეკლესიაში, მაგრამ ყველაფერი მალევე გვავიწყდება. ჩვენ გვინდა, ჩვენი სულიერი სიცარიელე მოჩვენებითი დღესასწაულებით, კატაკლიზმებით ამოვივსოთ. იოანე კრონშტადტელი ამბობს ასეთ რამეს: ქვეყანა მთვლემარე მდგომარეობაშია და ღმერთი მიწისძვრებით, სტიქიური უბედურებებით აფხიზლებს მას. კი არ ღუპავს, სჯის, აფხიზლებს.
– დღეს ბევრი პრობლემაა ქვეყანაზე, ამის გამო ადამიანები მუდმივად მოწყენილები დადიან, მათ შორის ისინიც, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. თითქოს ღმერთის იმედი დაკარგა ერმა. უფრო სწორად ამბობენ, რომ ღმერთის იმედი აქვთ, მაგრამ მათ ქცევაში, ხასიათში ეს არ იგრძნობა.
– ბევრი ქრისტიანისგან ისიც გამიგია, მე არ ვიცინი იმიტომ, რომ ღვთისმშობელი არ იცინოდაო; არ ვმხიარულობ, რადგან მაცხოვარი არ მხიარულობდაო. ეს, ჩემო ძვირფასებო, არის სულიერი აშლილობა. ღმერთი ჩვენგან ასეთ რამეს არ ითხოვს. თუ ჩვენ გადამეტებულად ვიქნებით ღვაწლში, სულიერ და ხორციელ მდგომარეობას დავიზიანებთ. ყველაფერში – ღვაწლშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ ხშირად ყურადღებას წვრილმანებზე ვამახვილებთ და უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვავიწყდება.  ჩვენი ღმერთი სიყვარულია. ის სიყვარულის ღმერთია, სულ ერთნაირ მდგომარეობაში: აბსოლუტური სიყვარულია, აბსოლუტური სამართალი, წყალობა. მას სურს ჩვენი ცხონება და ჭეშმარიტებასა შინა მოსვლა. ყველაფერს თავისი კანონზომიერება აქვს. „ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენ ხართ“, – ასე აფრთხილებს პავლე მოციქული კორინთელებს თავის ეპისტოლეში. ნებისმიერი ქრისტიანის მოვალეობაა საკუთარ სულზე, სხეულზე ზრუნვა. ყველა ადამიანს ამხელს შინაგანი მდგომარეობა, რომელიც თვალნათლივ აისახება მის გარეგნობაზე, საქციელსა და ადამიანებთან ურთიერთობაზე. იოანე კრონშტადტელი ამბობს: თუკი თქვენ ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე გულზე სევდა შემოგაწვებათ, იცოდეთ, რომ თქვენი სული სიცარიელეში იმყოფება და სწორედ ამით არის დამძიმებული. ის ეძებს არსებას, რომელიც აავსებს მას სიყვარულით, სიტკბოებით, სიცოცხლით, ხალისით, იმედით. ერთი სიტყვით, ის ეძებს  ქრისტეს, რომელსაც ერთადერთს შეუძლია, მისცეს გულს განსვენება და ტკბობა. თუ არ ხარ ქრისტესთან, არ ეზიარები, სულიერად რჩები ცარიელი. ღირსი პაისი ათონელი ამბობს: „როცა  ხედავ ადამიანს, რომელიც ძლიერი სულიერი შფოთვით, დარდით, სევდით იტანჯება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი აქვს, რაც მის გულს მოესურვება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ის  უღმერთოდ ცხოვრობს.” ხომ გინახავთ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს, არ გააჩნია პრობლემა, მაგრამ მაინც დანაღვლიანებული, პრობლემურია? ასე იმიტომ ემართება, რომ ქრისტე ჰყავს დაკარგული. იგივე გვემართება ჩვენც.
– ადამიანები წლების განმავლობაში დადიან ეკლესიაში, თითქმის ყველა წირვა-ლოცვას ესწრებიან, მაგრამ მათში, ხშირ შემთხვევაში, არაფერი იცვლება. რა არის ამის მიზეზი?
– ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის: შესაბამისად, ეს ორი ადამიანი აკეთებს არჩევანს, ისინი ან ქრისტეს ირჩევენ, ან – ანტიქრისტეს. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული: ან სულის ცხოვნება უნდა ავირჩიოთ, ან – წარწყმედა. მხოლოდ საკუთარი თავის, ძალებისადმი გაბედული, პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე. სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. ვინც განიწმიდება ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებს, სულიწმიდა მიიღო. თუ ადამიანი სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და ამაში მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება. ეკლესია ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. ჭეშმარიტ რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადგება, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღმერთს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. ისევე, როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს, აზრი რელიგიური განცდების მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა და მისი შეცნობაც ძალიან რთულია, მაგრამ, არა შეუძლებელი. დღეს ბევრი დადის ეკლესიაში, ამბობს აღსარებას, ეზიარება, ქველმოქმედებას ეწევა, მაგრამ, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი ცხონებისთვის. ძალიან მოკრძალებულად, მოწიწებით უნდა მივუდგეთ ეკლესიურ ცხოვრებას. ეკლესიური ცხოვრება არ ნიშნავს მხოლოდ ეკლესიაში სიარულს, სტიქაროსნობას ან მრევლად ყოფნას. ეკლესიური ცხოვრება ნიშნავს უფლის მცნებების დაცვას არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ, მის გარეთაც, რადგან, ხშირად გამიგია, ამა თუ იმ ადამიანზე უთქვამთ: მაგას რა უნდა ეკლესიაში, ეგ ხომ მუდმივად ბილწსიტყვაობს, იწყევლება, ჩხუბობსო. არ შეიძლება‚ ადამიანს, რომელიც ეკლესიაში ახალი მისულია, ზემოდან გადმოხედოს სტიქაროსანმა, ან იმან‚ რომელიც დიდი ხანია‚ დადის ტაძარში. როდესაც გვინდა, ვინმეს რამე ვასწავლოთ, ეს დიდი თავმდაბლობითა და მოკრძალებით უნდა გავაკეთოთ. თუ შენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, ჭეშმარიტების ჭურჭელი, ბუნებრივია, შენი ცხოვრების წესით, საუბრით, მეტყველებით, ჩაცმულობით, ქმედებით, ურთიერთობით უნდა ანათებდე. ანუ, ნათლით შემოსილი უნდა იყოს შენი ცხოვრება. ვისაც მიეცა ჭეშმარიტება, რომ იყოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, მოწოდებულია ცხონებისთვის. ძალიან ბევრი მიჰმადლა მას უფალმა და ძალიან ბევრი მოეკითხება, მაგრამ, მრავალი ამას ვერ ხვდება. სახარება კი გვაფრთხილებს, რომ უკანანი იქნებიან წინანი და წინანი იქნებიან უკანანი. ვისაც ჰგონია, რომ სხვაზე უკეთესია, სხვას ზემოდან უყურებს, არ მიიჩნევს თავის სწორად, არ ესაუბრება, არ ეხმარება, არ შედის მასთან კონტაქტში, აცხადებს, რომ მწვალებელი, ათეისტი, ქურდი, ყაჩაღია, ასეთები შორს არიან ჭეშმარიტებისგან.

скачать dle 11.3