კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემოიყვანს თუ არა რუსეთი საქართველოში ჯარს თურქეთში არეულობის მოტივით

ჩვენი კარის მეზობელ თურქეთში მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ ლამისაა ვიფიქროთ, ჩვენს საზღვარს მიღმა შუა საუკუნეები ჩამოწვა. მეორე მხრივ, ეს მთლად მოულოდნელიც არ ყოფილა: ვითარება ჩვენს რეგიონში თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ დაძაბა, თუმცა რუსეთისა და ბაშარ ასადის მიერ სირიაში წარმატებულად ჩატარებულმა ოპერაციამ გვარიანად შეარყია თურქეთის იმიჯი ახლო აღმოსავლეთში, იმას გარდა, რომ ისლამისტებთან მებრძოლი 100 000-ანი ქურთული არმია სერიოზული საფრთხეა ქურთული სეპარატიზმით შეწუხებული ანკარისთვის. ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ თურქეთის პრეზიდენტი ეცდებოდა, შელახული ავტორიტეტის აღდგენას, მით უფრო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა ირანი –  თურქეთის ისტორიული, რბილად რომ ვთქვათ, კონკურენტი. ახლებურ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან, ერთად ვისაუბრებთ.
– შეცვლილი ვითარება რა ახალ საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის?
– ის, რაც მოხდა, იყო შედეგი. ერდოღანს თურქეთის შიგნით ჰყავს ძალიან სერიოზული ოპონენტები. თუ დროებით თავს დავანებებთ მის ოპონენტებსა და მის პოლიტიკურ კურსს, ქურთული სეპარატიზმი ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა; ასევე, პროდასავლური ეგრეთ წოდებული სვეცკი თურქული ოპოზიცია.
– არა მხოლოდ სამხედროებისგან რომ შედგება?
– დიახ, მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. მისთვის საფრთხეა რადიკალური ისლამის მიმდევრები თურქეთში და ახლა, ამ ყველაფერს დაემატა თურქული სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებით გამორჩეული სამხედრო ელიტა. თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, რომ, თურქეთი, როგორც სახელმწიფო, შექმნა სამხედრო ელიტამ და დღემდე მის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ერეოდა და ერევა. საქმე ის გახლავთ, რომ მოთამაშეების რაოდენობა არც გაზრდილა და არც შემცირებულა თურქეთის შიგა პოლიტიკურ ბაზარზე, მაგრამ ისინი ცალ-ცალკე, თავიანთი სეგმენტების ფარგლებში უპირისპირდებოდნენ ერდოღანს. ძალიან ძნელად, თითქმის ვერ აღწევდნენ შეთანხმებას.
– ვიცით, რომ თურქეთის სამხედრო ელიტა არის თურქული დემოკრატიისა და ქემალ ათა თურქის იდეების დამცველი. თურქული არმია მეოცე  საუკუნეში რამდენჯერმე გამოვიდა ყაზარმებიდან და დაამხო თურქეთის ის ხელისუფლებები, რომლებსაც ისლამიზაციისკენ მიჰყავდათ ქვეყანა. ატარებდნენ არჩევნებს და ისევ ყაზარმებში ბრუნდებოდნენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ საჩვენებლად და სამაგალითოდ სასტიკად სჯიან ამბოხში მონაწილე სამხედროებს. ანუ ამით დანარჩენ, საერო თურქეთზე ორიენტირებულ საზოგადოებას აშინებენ?
– თუ შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ: 6 000-მდე ადამიანია დაკავებული, მათ შორის, მოსამართლეები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელები, კანონმდებლები, რელიგიური მოღვაწეები და სამხედრო პირები. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევას თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყენებს თავისი ოპონენტების დასასუტებლად და…
– გასანადგურებლად?
– ცუდი სიტყვაა და ვერიდებოდი ამის თქმას. თუ კანონს სიკვდილით დასჯის შესახებ უკუქცევის ძალა ექნება, გამოდის, რომ ფიზიკურად ანადგურებენ ოპონენტებს და ეს ძალიან ცუდი იქნება. ამით ძალიან გართულდება ვითარება, რადგან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აქამდე ცალ-ცალკე გამოდიოდა არსებული პოლიტიკური ხელისუფლების წინააღმდეგ, იწყებს კონსულტაციებს და არ გამოვრიცხავთ, რომ ახლო მომავალში საერო ცნობიერების პოლიტიკური ოპონენტები, ელიტური სამხედროები და ქურთი სეპარატისტები ერთ პლატფორმაზე აღმოჩნდნენ რადიკალ ისლამისტებთან ერთად. თუ პროცესები ასე გაგრძელდება, არსებულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დასავლეთის განცხადებები არ გაითვალისწინა და გააგრძელა ამ მიმართულებით სვლა, რომელიც დაუნდობლობასა და უსამართლობას ეფუძნება, ვითარება გართულდება.
– სულ ახლახან მოხდა სტამბოლის აეროპორტში ტერაქტი. არეულობა თურქეთში ისლამისტებს სახალიფოდან არ აძლევს უფრო თავისუფლად მოქმედების საშუალებას? ახლა ხომ უფრო დაუცველია თურქული სახელმწიფო ტერორიზმისგან?
– რა თქმა უნდა, თურქული სახელმწიფო უფრო დაუცველია და მოტივაციაც უფრო მეტი აქვთ ისლამისტებს. თურქეთის დღევანდელ ხელისუფლებას ხომ ძალიან დიდი ხანია, აქვს ურთიერთობა ისლამისტებთან?! მერე, როგორც ჩანს, ჟარგონით ვიტყვი, „გადაყარა“ რადიკალური ისლამის მიმდევარი მებრძოლები და მათაც შურისძიების მიზნით მოუწყვეს ტერაქტები და ძალიან საეჭვოა, რომ ამით დამთავრდეს. მეტიც, ამ კურსს თუ გააგრძელებს თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ის რეალურად დაუპირისპირდება დასავლურ ცივილიზაციას. ისედაც რჩება შთაბეჭდილება, რომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეძებს მიზეზებს საიმისოდ, რომ, უარეს შემთხვევაში, დაუპირისპირდეს დასავლეთს, უკეთესში კი – ევაჭროს.
– მთელი ამ ხნის განმავლობაში აშშ-ს სახდეპარატმენტის ანგარიშებში ხვდებოდა საქართველო თავისი პანკისის ხეობით, როგორც ტერორისტების ბუდე და სიტყვა არ იყო ნახსენები თურქეთზე, საიდანაც გადადიოდნენ ეს ტერორისტები ერაყში.
– გეთანხმებით, თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მაშინაც ასეთი კატეგორიული პოზიცია ჰქონდა. ისინი, თუ გახსოვთ, არ უწოდებდნენ რადიკალური ისლამის მებრძოლებს „ბოევიკებს“. ამბობენ, რომ ისინი არიან თურქმანები და იცავენ თავიანთ მიწას, ანუ ასე ფუთავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, დიდი ქვეყნების დაზვერვებს ჰქონდათ ამაზე წარმოდგენა, მაგრამ რთული იყო ფაქტზე დაჭერა. თუ გახსოვთ, რუსეთის სპეცსამსახურებმა გადაიღეს ავტოკოლონების მოძრაობა, მაგრამ არც ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და არც ერთმა სასამართლომ ეს მტკიცებულებად არ გაიზიარა. კონკრეტულ ფაქტებს უდგებიან საერთაშორისო სამართლის ნორმებით, მაგრამ ჩვენ ყველას, საქართველოშიც და მის გარეთაც, გვავიწყდება ერთი რამ: მოვლენები ვითარდება ფორსირებულად, დაიხვეწა კანონგარეშედ მოქმედების მეთოდები და ძველი კანონებით მუშაობა ძალიან უშლის ხელს საერთაშორისო ორგანიზაციებს ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებაში. კანონიერება ერთი, თუ სამით არა, ნაბიჯით უკან რჩება, ვიდრე ფაქტი და, სამწუხაროდ, ფაქტების აღიარება უწევს საერთაშორისო საზოგადოებას. ვფიქრობთ, რომ ეს ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.
– ძალიან საინტერესო საკითხია სრუტეები: თუ თურქეთმა არ დართო ნება, ვერანაირი „ნატოსა“ და ამერიკული ხომალდები ვერ შემოვა შავ ზღვაში. ანუ შავ ზღვაში რჩებიან რუსეთი და თურქეთი. უკვე ფაქტებითაა ნათელი, რაში გამოიყენებს რუსეთი ყირიმს, აფხაზეთსა და ცხინვალთან თავის სამხედრო ბაზას. არა ჩვენს შუაზე გადასაჭრელად, არამედ გზის გადასაჭრელად, რომ თურქეთი შეაკავოს, თუ იქ სამოქალაქო ომი დაიწყო ან რაღაც ამგვარი. რამდენად რეალურია, რომ თურქეთმა „ნატოს“ ჩაუკეტოს შავი ზღვა? თუ ეს მოხდება, ჩვენ გავარვარებულ ტაფაზე აღმოვჩნდებით.
– ამ ვერსიის ალბათობა არის. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ „ნატოს“ დახმარებითაა თურქეთის არმია ერთ-ერთი უძლიერესი და მხოლოდ საერთაშორისო დახმარებით არის თურქეთი ეკონომიკურად შეძლებული ქვეყანა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ქმედებით ერდოღანი თავის ქვეყანას გაწირავს ეკონომიკური სანქციებისთვის. ჩვენ უფრო გვგონია, რომ ის ივაჭრებს დასავლეთთან და მიიღებს იმას, რის მიღებაც უნდა.
– რის მიღება უნდა?
– უნდა, რომ რეგიონში იყოს ჰაბი და ფული მისცენ არა პროექტებში, არამედ რაოდენობით და მოიხმაროს თავისი შეხედულებისამებრ. თუ ამაზე მეტი უნდა, ესე იგი, იმპერიის აღდგენა სდომებია და მგონი, უნდა იცოდეს, როგორ ამთავრებენ 21-ე საუკუნეში ავტოკრატები და უზურპატორები. ჩვენ არ გამოვრიცხავთ სამოქალაქო დაპირისპირებას თურქეთში, ვინაიდან გიულენი არის მორალური ლიდერი. ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს და გიულენთან ასეთი უაპელაციო დაპირისპირება მთელ ისლამურ სამყაროს განაწყობს უარყოფითად თურქეთის მიმართ და მაშინ თურქეთმა ისლამისტებს უნდა გაასწროს და დასავლეთს ჯიჰადი გამოუცხადოს, რაც არსებული ხელისუფლებისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად.
– ირანის აქტიურ მოთამაშედ გამოსვლაც ხომ არ იყო ერდოღანის რეპრესიებისთვის ფაქტორი?
– ირანს მოუხსნეს სანქციები და ის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. ირანისა და თურქეთის ინტერესები კი ყოველთვის უპირისპირდებოდა ერთმანეთს. თუმცა მხოლოდ ირანზე არ ექნება ეს გათვლა. მთავარი მაინც ის არის, რომ თურქეთისა და რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელები მენტალურად და საქციელით ძალიან გვანან ერთმანეთს. ორივე საერთაშორისო წესრიგის ამრევად ითვლება და ორივე ამის მოტივად ასახელებს საკუთარი ქვეყნისა და ერის გაძლიერებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. მაგრამ ორივეს აქვს პრობლემა შიგნით, ოღონდ სხვადასხვა დოზით, ამიტომ ორივემ მცირე-მცირე გამარჯვებები უნდა იზეიმოს, რომ უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღება მცირე-მცირე ურაპატრიოტულ ნოტზე გადაიტანონ. ჩვენი აზრით, თურქეთის ხელმძღვანელობის ნომერ პირველი პრობლემაა შიგა ოპოზიცია, ამის შემდეგ მოდის ენერგომატარებლების გამნაწილებლის ფუნქცია. იცით, რომ თურქეთი არ სჯერდება სამხრეთ კავკასიაზე გამავალი ენერგომატარებლების გატარებას თავის ტერიტორიაზე. მას აქვს ამბიცია, რომ ის უნდა იყოს დისტრიბუტორიც და გამნაწილებელიც. მესამე მიზეზი არის ის, რომ გახდეს დამოუკიდებელი მოთამაშე შავი ზღვის აუზში. მაგრამ თურქეთის საზღვაო ფლოტი „ნატოს“ გარეშე დამოუკიდებელი მოთამაშე ვერ იქნება. ამიტომ მას უნდა, რომ იყოს ბოსფორის სრუტის აბსოლუტური ბატონ-პატრონი, რის უფლებაც საერთაშორისო სამართლის ნორმებით არ აქვს. მეოთხე პრობლემა ისაა, რომ თურქეთის ხელმძღვანელობამ ანტიდასავლური იდეოლოგიის ჩარჩოებში დაიწყო რუსეთთან ურთიერთობის დათბობა.
– შოიგუმ თურქეთში ცნობილი მოვლენების განვითარებამდე გააკეთა განცხადება, რომ არ გამორიცხავს სამხრეთ კავკასიაში სირიის განმეორებას. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მან ამით მოთელა რუსეთის სამხრეთ კავკასიაში შემოსვლის საკითხი: რა შეუშლის რუსეთს ხელს, რომ თურქეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში შემოიყვანოს ჯარები სამხრეთ კავკასიაში?
– გეთანხმებით, ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია. მაგრამ ახლაც, როგორც მაშინ, ქართული პოლიტიკა დაკავებულია სავარძლებისთვის ჩხუბითა და ერთმანეთის დანძღვა-გინებით და არც კი უშვებენ ვარაუდის დონეზე, რომ შეიძლება, ეს ყველაფერი ოხრად დარჩეთ. თუ თურქეთში არეულობა დაიწყო, საქართველოში ეს, უპირველესად, დაარტყამს ლარის კურსს. მეორე საშიშროებაა ლტოლვილები; მესამე –  უკონტროლო საველე მეთაურები, ნებისმიერი მხრიდან: როგორც ქურთი სეპარატისტების, ისე სამხედრო ელიტის ან რადიკალი ისლამისტების. თუ თურქეთში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა, არ გვგონია, საქართველოში გავლენის აღდგენისთვის მოიცალოს თურქეთმა.
– მაგრამ რუსეთმა რომ იხელთოს დრო და გამოიყენოს მომენტი?
– მეორე საკითხია, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ამას. რუსეთი სანქციების ქვეშაა, ამიტომ ხარჯები გაეზრდება და „ახლად დაპყრობილ“ საქართველოს ეკონომიკურად ვერანაირად ვერ დაეხმარება და როგორც საკუთარ თავს, ისე ჩვენც უფსკრულისკენ გაგვაქანებს. ამით კი დასავლეთსა და საერთაშორისო საზოგადოებას მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო გაუმკაცრონ სანქციები, მაშინ, როდესაც რუსეთის მთავარი მიზანია, მოუხსნან სანქციები და ჩაერთოს გლობალურ პოლიტიკურსა და ეკონომიკურ პროცესებში.
– ანუ ამას არ გააკეთებს იმიტომ, რომ არ აძლევს ხელს?
– არ უნდა აძლევდეს ხელს, მაგრამ სხვა საკითხია, ვის რა მოუვლის თავში. რუსეთითა და თურქეთით არ წყდება საქართველოსა და აზერბაიჯანის ბედი. საქართველოს ჰყავს ოფიციალური სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს სახით. ამასთან, კავკასიაში ძალიან ბევრი ანტირუსული განწყობის ადამიანია, რომლებიც თავიანთ დროს ელიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანში რუსული ჯარის შემოსვლა ნიშნავს, რომ რუსეთი ხელში იგდებს ევროპისთვის ენერგომატარებლების ონკანს, რითაც მთელ ევროპას გადაიკიდებს; პლუს – გადაიკიდებს ისლამურ სახელმწიფოებს, რომლებისთვისაც ეს დასავლეთის მდიდარი ბაზრისკენ გამავალი ერთადერთი დერეფანია. თუ თავზე ნაცარი წაიყარა და შემოვიდა, ვერაფერი გააჩერებს, მაგრამ აქ დიდხანს მაინც ვერ გაძლებს და შეიძლება, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ძალისმიერი შემოვარდნა რუსეთის დაშლის, შინა არეულობის პირდაპირი მიზეზი გახდეს.

скачать dle 11.3