კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ აღიქვამს ბავშვი მამას 3 წლამდე და რატომ ვერ ყალიბდებიან სრულფასოვან მამაკაცებად მხოლოდ ქალების გაზრდილი ვაჟები

ამა წლის ივლისში ამ ჩვენს ქვეყანაში კამპანია დაწყებულა, სახელწოდებით: „მამაკაცები ზრუნავენ“, რისი მიზანიცაა, გაზარდონ მამაკაცების ჩართულობა ოჯახურ საქმიანობაში, კერძოდ, შვილების აღზრდის პროცესში, ვინაიდან კვლევებს სავალალო ტენდენცია გამოუვლენია: ქართველი ბავშვები მხოლოდ დედების ანაბარა არიან და მამები, ფაქტობრივად, არ იღებენ შვილის აღზრდის პროცესში მონაწილეობას. მეორე მხრივ, ჩვენ კვლევების გარეშეც ვიცით ამ ტენდენციის შესახებ და იმის შედეგებსაც ვიმკით, როდესაც შვილებს მხოლოდ დედები ზრდიან. რა გავლენას ახდენს ბავშვზე მხოლოდ ერთი მშობლის ჩართულობა მისი აღზრდის პროცესში და რა პრობლემებს უქმნის ეს რეალობა როგორც ბავშვს, ისე საზოგადოებას? –  ამ თემაზე ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლის“ ხელმძღვანელთან ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– ჩემ გარშემო ყველა მამაკაცს ვკითხე, თუ იციან ამ კამპანიის შესახებ, თუმცა უარყოფითი პასუხი მივიღე. თქვენ ქალების პრობლემატიკაზე მუშაობთ წლებია, რატომ აღმოჩნდნენ მამაკაცები საქართველოში შვილების აღზრდის პროცესის მიღმა?
– ცოტა ფსიქოლოგია რომ გავურიოთ და მხოლოდ ფილოსოფია არ გამოგვივიდეს, უნდა ითქვას, რომ დედის სიყვარული ბავშვისთვის თანდაყოლილია, მამისადმი დამოკიდებულება კი შეძენილია და, ფაქტობრივად, 3 წლის ასაკის შემდეგ აღიქვამს ბავშვი მამას.
–  3 წლამდე არ იცის, რას ნიშნავს მამა?
– მისთვის დედაა პირველი და მთელი სამყარო, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ 3 წლის შემდეგ მამებს შვილებს ვერ სტაცებენ ხელიდან. პოლიტიკურ სივრცეში ცოტა ქალია, მაშინ, როდესაც ვერ ვიტყვით, რომ ქალები პასიურები არიან. ისინი ძალიან აქტიურები არიან, მაგრამ ამ თავიანთ აქტიურობას მთლიანად ახარჯავენ ოჯახურ საქმიანობას, შვილების აღზრდას, მათთვის განათლების მიცემას. „პირველი ვიოლინო“ მაინც დედაა. მამაკაცს, თუ ფინანსურად შეუძლია, მაშინ ერთვება ამ პროცესში, თორემ, სხვა შემთხვევაში, ბავშვის აღზრდა, მისი ფეხზე დაყენება დედების კონტროლქვეშაა.
– ასეთი მიდგომა ტრადიციულია თუ რაღაც პერიოდში შექმნილი სტერეოტიპის შედეგია? მეორე მხრივ, ერთია, რომ მამებს არ უნდათ შვილების აღზრდის პროცესში ჩართვა, მაგრამ, იქნებ, დედები და ბებიები არ აძლევენ მათ ამის საშუალებას?
– მამაკაცებმა რა სივრცეც დატოვეს, ის მაშინვე შეავსეს ქალებმა, ასე მოხდა ოჯახშიც და ამიტომ ოჯახი გახდა ქალების პოლიგონი, მამაკაცების პოლიგონი კი –  საზოგადოებრივი ცხოვრება. ასეთი განაწილებისას ისინი აღარ ინტერესდებიან ოჯახური საკითხებით და იმ პრობლემებით, რაც თან ახლავს ოჯახურ სფეროს, მათ შორის, ოჯახური ძალადობა და ეს ყველაფერი მათ ჰგონიათ ქალთა პრობლემა. პიარი და გაშუქებაც ასეთია. თუ ამ თემაზე საუბრობენ, ამას შარჟისა და ხუმრობის ელფერი დაჰკრავს. ასე რომ, ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მამაკაცები, რომლებმაც ქვეყანა უნდა ააშენონ და რომლებსაც ეკუთვნით საბოლოო საზოგადოებრივი აზრი, ისეთ მეორეხარისხოვან თემაზე, როგორიც ოჯახია, ყურადღებას ვერ მოაცდენენ.
– რა პრობლემა ექმნება ბავშვს, როდესაც მამა განზეა და გართულია საზოგადოებრივი საქმეებით საჯარო ასპარეზზე ან ქუჩაში მეგობრებთან?
– ბავშვის სრულყოფილი ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ორივე მოდელი ეძლეოდეს: ქალის აქტივობისაც და მამაკაცის აქტივობისაც. როდესაც მხოლოდ ქალი ავსებს ამ ორივე აქტივობას და მამაკაცის ქცევის მოდელი არ აქვს ბავშვს ყოველდღიურობისას, რასაკვირველია, ეს მის ფსიქიკას ცოტა უფრო გაუწონასწორებელსა და ჩამოუყალიბებელს ხდის. ორივე მოდელია საჭირო, რომ შეჯერდეს ბავშვის ფსიქიკა. ჩვენთან მამაკაცების უმეტესობა ქალების გაზრდილია: დედების, დეიდების, ბებიების და ამიტომაც არის, რომ ვერ გვახარებენ; ძალიან მოისუსტებს მათთან პასუხისმგებლობის, გამტანობისა და ამტანობის თემები, რადგან არიან ზომაზე მეტად განებივრებულები, ნაფერები და ყურადღების ცენტრში. ამდენად, ამის ლოგიკური შედეგია, რაც შემდეგ ხდება საზოგადოებაში.
– ქცევის რა მოდელს  იღებს ბავშვი დედისგან და რა მოდელს –  მამისგან?
– ტრადიციულად, დედისგან იღებს სინაზეს, სითბოს, თავისი ქცევის უპირობო მიღებას, მაშინ, როდესაც მამისგან უპირობო მიღება არ ეგების: მამამ უნდა ურჩიოს, როგორი ქცევაა სწორი და, არა მხოლოდ უნდა ურჩიოს, თავისი ქცევითაც უნდა გაამყაროს ეს; ანუ, დეკლარირებულად და ლოზუნგებით მამის მოდელის გადაცემა არ გამოვა. ამას ბავშვი უნდა ხედავდეს ქცევის დონეზე, რომ მამა ბევრს კი არ ლაპარაკობს და მუშტს კი არ ირტყამს მკერდში, არამედ წყნარად ასრულებს თავის ქცევას და როდესაც ექსტრემალური სიტუაცია იქმნება, თუ დედა დაიწყებს ემოციურ ქცევას, მამაკაცი დაამშვიდებს ყველას და მონახავს გამოსავალს, ანუ განახორციელებს ქცევას. ასეთი ემოციური და ნებელობითი მოდელები აუცილებლად უნდა იყოს შერწყმული და, როგორც ემოციური, ისე ნებელობითი მხარის განვითარება აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. ამიტომაა აუცილებელი, რომ დედისა და მამის მოდელები ერთდროულად ფუნქციონირებდეს და, როდესაც ერთის ამარაა ბავშვი, იწყება ნოსტალგია. არაცნობიერად თუ ცნობიერად, ის ეძებს მამის მოდელს ბაბუაში, ბიძაში ან ქუჩაში ვიღაც ბიჭის –  ძველი ბიჭისა თუ წარმატებულის სახით, რომ მათ მიეტმასნოს.
– გოგონებსა და ვაჟებს რა ტიპის პრობლემები ექმნებათ ამ მოდელების უკმარისობის დროს?
– გოგონასთან ეს პრობლემა თავს იჩენს გათხოვებისას ან შეყვარებულობის დროს. გოგონასთვის მამა არის პირველი მამაკაცი, ანუ სხვა სისტემის წარმომადგენელი, რომელიც მას აღიქვამს; იმაზე, თუ როგორ აღიქვამს მამა თავის ქალიშვილს, რამდენად იღებს მას (ის კი არა, რა უშნო ხარ, ეს გაისწორე, ის არ გიხდება), ანუ მამის მიმღებლობაზეა დამოკიდებული, რომ მამაკაცთან იყოს ბედნიერი. გოგონამ უკვე იცის, რომ მიღებულია ამ სქესისთვის და, სრულად რომ ფუნქციონირებდეს მამის მოდელი ოჯახში, ამდენი კომპლექსები და ნევროზები არ იქნებოდა.
– ანუ ეს მოდელები აუცილებელია გოგონას სრულფასოვან ქალად, ვაჟის კი –  სრულფასოვან მამაკაცად ჩამოყალიბებაში?
– ოჯახში მამაკაცის არსებობის ფაქტი აუცილებელია ამ სრულყოფილებისთვის.
– როგორ უნდა გავაგებინოთ ამ ჩვენს საზოგადოებრივი საქმეებით გართულ მამაკაცებს, რომ უნდა ჩაერთონ ოჯახურ საქმეებსა და შვილების აღზრდაში, თორემ, მათ გამოუსწორებელ ზიანს აყენებენ, რითაც, საბოლოოდ, ზიანდება სწორედ ის საზოგადოება, რომლისთვისაც ისინი იღვწიან თურმე? მამობას ვასწავლით რამენაირად ან ეს კამპანია ასწავლის მათ მამობას?
– რაც შეეხება კამპანიას: კამპანიის წარმომადგენლებს ძალიან დიდი ტვირთი აუღიათ თავიანთ თავზე, რადგან კამპანია კიდევ უფრო სასაცილოს გახდის ამ საკითხს.
– მეც გამეცინა, არადა, გულით თანავუგრძნობ ამ პრობლემას.
– ძალიან დახვეწილი ხალხი უნდა იყოს ამ კამპანიაში, რადგან, სხვა რომ დააჯერო, შენ თვითონ უნდა იყო ამ ქცევების ეტალონი, ლოზუნგებით ვერაფერს ჩამოაყალიბებ. თუ ასეთი ადამიანები შეიკრიბნენ ამ კამპანიაში, ის შედეგს მოიტანს; თუ მხოლოდ ლოზუნგებით შემოიფარგლებიან, ეს არ იქნება კარგი.
– მამაკაცისთვის სასირცხვილოდ მიიჩნევა ბავშვთან ურთიერთობა, თუმცა, ახალგაზრდები სხვაგვარად უყურებენ ამ პრობლემას. რატომ რცხვენოდათ და ნაწილს ახლაც რცხვენია, მოუარონ თავიანთ შვილებს? რატომ ან როგორ უნდა ამცირებდეს მათ მამაკაცურ ღირსებას საკუთარ შვილებზე ზრუნვა?
– სტერეოტიპებია, რომ ქალის საქმეა სამზარეულო და ბავშვი და, ამდენად, ქალის საქმის განაწილება მის მამაკაცურობას უარყოფით ელფერს აძლევს. თუმცა ეს სტერეოტიპი ძველ თაობაში იყო, ახლანდელ თაობებში ასე არ არის და ყალიბდება სტერეოტიპი, რომ ბავშვის აღზრდა ორივეს საქმეა. დედები და მამები ერთად ასეირნებენ შვილებს.
– მეც ბევრი ახალგაზრდა მამა შემიმჩნევია საბავშვო ეტლებით.
– და ისინი სულაც არ არიან ფემინური მამაკაცები.
– ეს გლობალური გარემოს გავლენაა?
– დიახ. არათუ აღარ ვართ საინფორმაციო ვაკუუმში, ჭარბად ვიღებთ ინფორმაციას, რაც საინფორმაციო ნევროზადაა ცნობილი, რადგან ამდენი ინფორმაციის გადამუშავებას ვეღარ ასწრებს ფსიქიკა, თავისად ვერ იღებს და ინფორმაციის პირდაპირ მყლაპავები ვხდებით. ამერიკული ფილმების გავლენაცაა, რომ ბავშვი ერთად უნდა გაზარდონ მშობლებმა. მართალია, ამერიკულია, მაგრამ მართებული გზავნილებია და ჩვენთანაც შემოიჭრა.
– ის, რომ შვილის აღზრდაში ორივე მშობელი იქნება ჩართული, დადებით გავლენას იქონიებს ოჯახურ ძალადობაზე?
– რასაკვირველია. საერთოდ, მოძალადე მამაკაცს უჭირს სხვისი ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება, სხვის მდგომარეობაში შესვლა და, როდესაც დედ-მამა ერთად გაივლის ჭირსა და ვარამს, როდესაც ბავშვი ავად გახდება, მამა წამალს მოიტანს, აიცრება სხვისი მდგომარეობის მიმღებლობაზე  და ეს ხელს შეუშლის მოძალადეთა გამრავლებას.
– ცოტა არ შენელდა ქალებზე ძალადობის  პრობლემა თუ ჩვეული დინამიკით გრძელდება?
– ეფექტიან შენელებას ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის, ომბუდსმენმაც გამოაქვეყნა განცხადება, რომ არსებული მექანიზმები ვერ იჭერს ძალადობას, თორემ, აღმოფხვრაზე ზედმეტია ლაპარაკი, ლაპარაკია რეგულირებაზე.
– ესეც სტერეოტიპების შედეგია?
– ამას წინათ ყურები დააჭრა ქმარმა ცოლს –  ეს ხომ ცინიკური ძალადობაა?! ალბათ, ბავშვობიდან ესმოდა, ყურებს დაგაჭრიო და მისაღები გახდა მისთვის ეს. ალბათ, დედაც ამას ეუბნებოდა და, რაღაც ზღვარს რომ მიაღწია მისმა მძვინვარებამ, ჩაიდინა ეს დანაშაული. მას ახალი არაფერი მოუფიქრებია, რაც ედო ფსიქიკაში, ის შეასრულა. უნდოდათ ფემიციდის კანონის მიღებაც, მაგრამ პარლამენტმა არ მიიღო.
– მე ფემიციდის კანონის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან, რამდენიმე წლით სასჯელის გამკაცრება არ მგონია პრობლემის მოგვარების საშუალება. მკვლელი არ ფიქრობს, სამი წლით მეტი ხნით ჩასვამენ ციხეში თუ ხუთი წლით ნაკლებით, მაგრამ, აი, პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის, მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა რომ დაწესდეს, ძალიანაც დაფიქრდებიან, თან, ორივე სქესისთვის, რომ მამაკაცების დისკრიმინაცია არ გამოვიდეს.
– რა თქმა უნდა, კანონის გამკაცრება არ შველის პრობლემის მოგვარებას. ჩვენ საქორწინო კონტრაქტიც გვაქვს, რომელიც ერთგვარად არეგულირებს ამ ურთიერთობას და მომავალ მეუღლეებს შეუძლიათ, შეიტანონ მუხლები: ამ შემთხვევაში ასე მოვიქცევით, იმ შემთხვევაში –  ისე, მაგრამ ამას არ მოაქვს შედეგი. მეც წინააღმდეგი ვიყავი ფემიციდის კანონის, იმიტომ, რომ სტრატეგია უნდა იყოს მიმართული შედეგზე და არა მიზეზზე, რომ, თუ რამე მოხდება, როგორ დავსაჯოთ. ხშირად ის ადამიანები აბსოლუტურად არ განციდიან, რომ დანაშაულს სჩადიან, მათ ჰგონიათ, რომ დამსახურებულად დასაჯეს მეორე ადამიანი, რომელმაც დაარღვია სტერეოტიპი. ჯერ ერთი, ჩვენ არც სარეაბილიტაციო ცენტრები გვაქვს მოძალადეებისთვის. ახლახან წამოიწყო ეს პროექტი სასჯელაღსრულების სამინისტრომ, მუშაობენ პრობაციონერებთან ძალადობის დასაძლევად. მაგრამ, როდესაც დაკავებული ხარ, სხვა გზა არ გაქვს. სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა ერთვებოდნენ პირველივე ორდერის გამოწერის შემდეგ; სანამ ციხეში მოხვდება მოძალადე, იქ უნდა ჩაიდოს ამის დასარეგულირებელი მექანიზმები, რათა ადამიანმა გაიგოს, რომ მისი რისხვის მართვა შესაძლებელია.
– მგონია, რომ პრობლემა ქალებშიცაა. მაშინვე მიმართავენ ისინი პოლიციას, როდესაც მათ მიმართ მცირე ძალადობაც კი გამოვლინდება?
– ეს არის მიზეზები, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება, უნდა იცოდე პირველი შემთხვევისთანავე, რომ შენს სახლში ძალადობა შემოიჭრა და ამას მოთმინებით კი არა, ნულოვანი ტოლერანტობით უნდა შეხვდე –  ძალადობა მაშინ თუ დაიძლევა, თორემ, სიჩუმე აძლიერებს ამ ფენომენს. დიდი მუშაობაა საჭირო ამის მისაღწევად, რასაც არასწორი მექანიზმებიც უწყობს ხელს.

скачать dle 11.3