სიყვარულის ბუშტგამსკდრები
ანუ მდებარეობის მოკრძალებული ხიბლი
მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი რუსეთსა და ირანს ესიამტკბილება (ინდოეთიდან ირანისა და აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ ტვირთების ტრანსპორტირების მარშრუტის მოთელვით არიან დაკავებულები), იმის პარალელურად, რომ თავის ტერიტორიებს თურქულ შეიარაღებულ ძალებს უთმობს (დროებითო), ამ ჩვენი სულზე უტკბესი სტრატეგიული პარტნიორის სახელმწიფო მდივან ბ-ნ კერის ამ ჩვენი ოკუპანტი ჩრდილოელის საგარეო საქმეთა მინისტრ ბ-ნ ლავროვთან, არც მეტი, არც ნაკლები, 12-საათიანი მოლაპარაკება გაუმართავს.
მეორე მხრივ, მოსალაპარაკებლად უდავოდ აქვთ საქმე, ვინაიდან, შავი ზღვის აუზსა და ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისე აირია, ძეხორციელი ვერ გაარჩევს, ვინ ვისი პარტნიორია, იმას გარდა, რომ მოკავშირე მოკავშირეს არ აიყვანს ხელში.
როგორც უნდა იყოს, კერი-ლავროვს კარგა ხანს უჭიკჭიკიათ, ნუ იტყვით და – რუსულ-ამერიკული სამხედრო-სადაზვერვო კავშირის შექმნაზე, რათა ერთობლივად იმოქმედონ ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ თვით ცივი ომის დროსაც კი ფრიად წარმატებით თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან აშშ-ური და საბჭოური სადაზვერვო სამსახურები, სავსებით შესაძლებელია, პოლიტიკური სიყვარულის ბუშტი იმაზე ძლიერადაც კი გაუსკდეთ, ვიდრე აქამომდე გასკდომიათ.
მაგრამ, რაკი ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, ცხადია, ჩვენ ის უფრო გვაინტერესებს, მურმანის ეკლობა გვიწერია თუ მაინც სამთა ტანგო?!
ასეა თუ ისე, თუ ეს ორი მართლაც დაძმობილდა, წესითა და რიგით, ჩვენც დავჭირდებით, ანუ ორივე იქნება დაინტერესებული ჩვენს უსაფრთხოებაში. ასე რომ, იქნებ ისევ ჩვენმა მდებარეობამ შეასრულოს ჩვენივე სამაშველო რგოლის როლი?!