ლობიოობა თურქულად
ანუ სანთელდასანთებები
მაშინ, როდესაც ევროპა ისევ ფიქრობს, მოგვცეს თუ არა ვიზალიბერალიზაცია (არადა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენნაირი ევროპელები უკვე სანთლით საძებარი გახდებიან პლანეტა დედამიწაზე), სტამბოლის მერის ინიციატივით, ამ ყოფილ კონსტანტინოპოლში ადგილი გამოიყოფა ამბოხის ჯერ კიდევ ცოცხალი მონაწილეების დასასაფლავებლად.
სხვათა შორის, მერის ლოგიკით, მათი ერთად მოქუჩება იმისთვისაა აუცილებელი, რომ ეს სასაფლაო იქცეს ადგილად, სადაც მსურველები მივლენ და იქ დამარხულ-დასამარებულებს ხმაშეწყობილად დაწყევლიან (ვუწოდოთ – „მოღალატეთა სასაფლაოო“). დაწყევლას კი ის დატვირთვა ჰქონია, რომ მოსვენება მათმა სულებმა ვერც საიქიოს პოვონ.
ამას გარდა, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ ყველა მასწავლებელსა და მეცნიერს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, ხოლო უცხოეთში მყოფებს სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოსთხოვა, ეს კი იმის პარალელურად ხდება, როდესაც ათეულ ათასობით პედაგოგი, მოსამართლე თუ საჯარო მოხელე დაითხოვეს სამსახურებიდან, მათი ნაწილი კი დაიჭირეს კიდეც.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების გამო, სრულიად თურქეთის ტერიტორიაზე დროებით აჩერებს ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობის მოქმედებას (იმიტომ, რომ დემოკრატია ლობიოობა არ არის!).
ვფიქრობ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ევროკავშირმა არათუ სასწრაფოდ უნდა მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია, არამედ, სრულიად დასავლეთმა დღეში სამჯერ სანთლებიც უნდა დაგვინთოს. –