კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დააქორწინეს დავით კინწურაშვილი როიალზე და რატომ დაებედა მას ოპერის გახსნის დღიდან სკანდალები

ორი წელია, დავით კინწურაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის  სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. სკანდალები თითქოს პირველივე დღეებიდან დაებედა – 37 წლის დირიჟორს, ამ პერიოდში არც ხმაური აკლდა და არც ბრალდებები.  თუმცა, თავად  ფიქრობს, რომ  მძიმე კულისები და ინტრიგა, ყველა თეატრის ცხოვრების ნაწილია.   ერთი შეხედვით, გაწონასწორებული და აკადემიური სამხატვრო ხელმძღვანელი, ისეთი ექსტრემალია, ვერც წარმოიდგენთ.  კადრს მიღმა მისი ცხოვრება ბევრი რისკით, ექსტრემითა და საინტერესო ამბებითაა სავსე, რაზეც დღეს ის ჩვენთან  საუბრობს.
დავით კინწურაშვილი:  ეს ორი წელიწადი იყო რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო, ჩემთვის ბევრის მომცემი. უპირველესად  კი,  ეს  იყო დიდი გამოცდილების ორი წელი როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე მენეჯმენტის მიმართულებით. ეს ორი სეგმენტი, ხანდახან უშლის კიდეც ხელს ერთმანეთს, თუმცა მე  მაინც, ალბათ,  უფრო მეხმარება – როდესაც სადირიჟორო პულტთან ვდგები, ეს მყოფნის იმისთვის, მერე მთელი თვე ბევრად მეტი ძალა და მოტივაცია მქონდეს,  თუნდაც მენეჯერული  საქმიანობისთვის. ეს შერწყმა ჩემთვის მნიშვნელოვანია.  ვერასდროს გავძლებ, რომ მოვწყდე ხელოვნებას, არ დავდგე პულტთან, არ დავუკრა. ეს იმპულსი აუცილებლად მჭირდება. მე მზად ვიყავი იმისთვის, რომ ჩემს დანიშვნას ამ პოზიციაზე გარკვეული ხმაურიც მოჰყვებოდა.  ამ სამყაროს, ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ საკმაოდ რთული კულისები აქვს.  ეს არის უდიდესი კოლექტივი, რომელიც მრავალფეროვანი და განსაკუთრებული ადამიანებით  გამოირჩევა. ძალიან მეხმარება ის, რომ მაქვს, როგორც ევროპაში, ასევე აქ,  ამათთან ურთიერთობის გამოცდილება – მათი წრის ვარ და მათი ენა კარგად ვიცი. მე ვარ ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დირიჟორი, ვინც თბილისში ოპერის თეატრში იდირიჟორა. მაშინ 25 წლის ვიყავი,  ზაზა აზმაიფარაშვილი მიწვევდა ხოლმე,  რაც ჩემთვის დიდი ბედნიერება  და კარგი პრაქტიკა იყო. იმ წლებში გერმანიაში ვცხოვრობდი, თუმცა თბილისთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.  წლების შემდეგ, როდესაც უკვე სამხატვრო ხელმძღვანელის ამპლუაში მოვედი აქ, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. მე არ ვიცნობ ადამიანს, ვინც ამდენ შემოტევას გაუძლებდა, რაც მე მქონდა. ხელოვანისთვის ეს არაა იოლი. 
–  უბილეთოდ დარჩენილი ოპერისა და ბალეტის ყველა მოყვარული თქვენ გაბრალებდათ თავის უბილეთობას. იყო ბევრი განაწყენებული კოლეგა,   ახლახან  ახალი თემაც გაჩნდა – თეატრის სივრცე პორნოგრაფიის გადასაღებად ქირავდებაო.
–   ეს  ამბავი ჩემამდეც მოვიდა. თეატრი არის ადგილი, რომლის ირგვლივ ბევრი ინტრიგაა, სივრცის გაქირავებაც, არაა პრობლემა, მაგრამ სანამ ასეთ ინფორმაციას გაავრცელებენ, ხომ შეიძლება, მოსვლა, ნახვა, მოძიება. ჩვენთან მარტო ემოციური და იმპროვიზებული ხმებია. როგორც ჩანს, თბილისი ამით სიამოვნებას იღებს. სამწუხაროდ, მინდა თუ არა, მეც ამ ფერხულში ვარ (იცინის). რაც შეეხება გახსნის სკანდალურ ცერემონიალს. მაშინ მეც  უამრავი ადამიანი მირეკავდა და ბილეთს მთხოვდა. ბევრს უკვირდა იმის დაჯერება, რომ  ბილეთები  არ მქონდა.  ათასკაციან დარბაზში ყველა მსურველი ხომ ვერ დაეტეოდა?! ვიცოდით, რომ ეს გამოიწვევდა ხმაურს, რაც გახსნის დროს  თეატრისთვის  უჩვეულო არაა, მეც მქონდა სულ ერთი ბილეთი. გახსნის ცერემონიალზე იმდენი საპატიო სტუმარი გვყავდა, ეს ხმაური ამად ღირდა. იმ დღეებში  მარტო ბილეთებისთვის კი არა, ფასების დასადგენადაც კი მირეკავდნენ, თითქოს  სააგენტო ვიყავი (იცინის).  
  – დირიჟორის მშვიდი ცხოვრება ამდენ ხმაურზე რატომ გაცვალეთ?
– ეს არის  საქმე, რომლის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს. აკეთო  შენი საყვარელი საქმე შენს სამშობლოში, ათმაგად ემოციური და ღირებულია.  დირიჟორის ცხოვრება სტანდარტული არასდროსაა. არ დაგიმალავთ და ჩემთვის ბევრად დიდი კომფორტი იყო უცხოეთში ცხოვრება და მუშაობა. თუმცა, იმ სამყაროშიც დიდი კონკურენცია და ბევრი გამოწვევაა. ყველა წარმატება მაინც დიდი შრომის შედეგია, თუმცა  ეს იყო ჩემი  ბედისწერა.  ოჯახიდან გენეტიკურად არავინ ყოფილა დაკავშირებული  ჩემს პროფესიასთან. დედა ექიმია, მამა ინჟინერი იყო, თუმცა ორივე კარგი მსმენელები იყვნენ. მე   ექვსი წლის   ასაკში ვიცოდი, რომ  ვიქნებოდი მუსიკოსი და დირიჟორი. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია დავამთავრე. ექვსი წელი ვსწავლობდი საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. ამ გზიდან უამრავი სირთულის მიუხედავად, არასდროს გადამიხვევია. იმ დროს თბილისში  ცხოვრება რთული იყო, ჩემს ოჯახს არ ჰქონდა დიდი მატერიალური საშუალებები, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ყველაფერს, რომ მე ეს პრობლემები მე არ შემხებოდა. გავიარე ის დრო, როცა არ გვქონდა  ნოტების ფული, თუმცა ასეთ პრობლემებს არ ვუშინდებოდი.  შემდეგ დადგა გერმანიის პერიოდი, სადაც მოვახერხე  სწავლა  ელისაბეთ გასტის ფონდის მეშვეობით.  მე ამ ფონდთან დღემდე აქტიურად ვთანამშრომლობ. უკვე 12 წელია,  ამ ფონდის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ, ვახორციელებთ საქველმოქმედო  პროექტებს  ქართველი ბავშვებისთვის, რომელთაც დახმარება  და თანადგომა სჭირდებათ. როდესაც  მიუნხენის უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში მოვხვდი,  სამყაროში,  სადაც მუსიკოსის განვითარებისთვის ყველაზე კარგი პირობაა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ეს ნამდვილი ბედისწერაა, რომელმაც ზუსტად იმ გზაზე დამაყენა, რაც მიზნად მქონდა დასახული. იმ პერიოდში, თავი რომ მერჩინა, მოსწავლეები ავიყვანე. ასეთი გზით ბევრი სტუდენტი მიდის, თუმცა მაშინ  გერმანული ენა კარგად არც კი ვიცოდი. გამიმართლა, რომ  ბრუნო ვალის მოწაფე  და შემდეგ, ასისტენტი  გავხდი – ის ევროპაში წამყვანი დირიჟორია.
–  რატომ გააკეთა არჩევანი თქვენზე?
–  ამას  მე გამართლებას  ვეძახი და კიდევ, ეს იყო  საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა.    თითქოს ყველა ძალა   შეიკრა ჩემ  დასახმარებლად. მე არავინ მყავდა დამხმარე,  არ ვიცნობდი მას პირადად. ის იყო დირიჟორი, რომელიც  წელიწადში ერთ სტუდენტს იყვანდა.  ის სამყარო არ იყო ჩემთვის ნაცნობი.   იქ ურთიერთობის სხვა წესები არსებობდა. მათთვისაც   ბევრი რამ იყო ჩემი ქცევებიდან უცნაური, რაც  ჩემი ნაწილი იყო და  რა თქმა უნდა, უცებ ვერ  შევიცვლებოდი.   ქართული ხასიათი მეხმარებოდა,   ვყოფილიყავი  მათთვის   ემოციური და უცნაური   ახალგაზრდა დირიჟორი, რომლის სახელ-გვარსაც კი ვერ გამოთქვამდნენ (იცინის). ამან კარგად „იმუშავა”.   ქართული ხასიათი გამომადგა ორკესტრთან ურთიერთობაშიც. როცა მათ დაინახეს  სტუდენტი, რომელიც  ზედმეტად ემოციურია, შესაძლოა,  შეეშალოს  კიდეც რამე  და რობოტივით არ დგას პულტთან, ეს მათთვის  იყო „აღმოჩენა.” ამის გამო მათ „ეგზოტიკური დირიჟორი” მიწოდეს. არც თუ გვიან  მოვერგე  ურთიერთობისა და საქმიანობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა, ძირითადი ქართული ხასიათი, მაინც  უცვლელი დამრჩა (იცინის).  ისეთი აზარტი მქონდა, ყველაფერი, რასაც ვხედავდი, მინდოდა, გამეხორციელებინა საქართველოში.
–  როგორია  თბილისში თქვენი ცხოვრება კადრს მიღმა?
–  ჩემი ცხოვრება კადრშიც და კადრს მიღმაც თეატრია. ბოლო პერიოდში მაინც ყველაფერი ოპერის ირგვლივ  ტრიალებს.  ჩემთვის ყველაფერი აქ ხდება (იცინის)  –  არ არსებობს პირადი, ოჯახი, მეგობრები. ისინი უკვე შეგუებულები არიან ჩემს ასეთ ცხოვრებას. დიდი ხანია, დავემშვიდობე საოჯახო ღონისძიებებს. დედა და ძმა   აქ თუ მნახავენ, თორემ სახლში ჩემი ნახვა შეუძლებელია.  დედა სულ ცდილობს, იზრუნოს ჩემზე. შეიპაროს  ჩემს სახლში, დამეხმაროს, რამე დამახვედროს. აბსოლუტურად ყველაფერს მიკეთებს ჩემი ძმა. სულ ვამბობ, რომ მყავდა ორი მამა – მამაჩემი და ჩემი ძმა, რომელსაც ისეთი პრეტენზიით  დავურეკავ ხოლმე, მანქანა ხელოსანთან როდის მიგყავს, ან სარეცხი მანქანა გაფუჭდა და სადაა ხელოსანი-მეთქი... არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ის არ მომიგვარებს. ყველა ჩემი საზრუნავი თავის თავზე აქვს აღებული.  ჩემ შემთხვევში, მგონი, გრძელდება გენეტიკური ხაზი – აქეთ მოდის ჩემი პატარა დისშვილების ყველა გზა.  აქ საოცარი ბავშვთა გუნდი გვაქვს. უფროსი ცეკვავს და იძახის ნინო ანანიაშვილი ვარო; უმცროსი  კარგად მღერის. ორივე ნიჭიერია, რაც ძალიან მახარებს. აქ აშკარად ჩემი გავლენაა (იცინის). 
– საქართველოში ცნობილ და  პერსპექტიულ  სასიძოებს შორის ხართ. ვერც პირადი ცხოვრებისთვის იცლით თუ ძალიან პრეტენზიული ხართ?
– ასე არაა საქმე. მე მგონი, ეს ბედისწერის თემაა, რომელსაც ვერ დაგეგმავ. ყველაფერი  სპონტანურად უნდა მოხდეს.  ადამიანმა შესაძლოა, დაგეგმო კარიერა, საქმე, მაგრამ პირად ცხოვრებაში ვერაფერს გათვლი – თავისით უნდა მოვიდეს. ადრე კი ამბობდნენ, დავითი როიალთანაა შეუღლებული, მის ქვეშ სძინავს თუ მასზე წევსო. არაა ასე, ბატონებო! მერე მე  ვამბობდი: მაცადეთ, ყოველდღე შვიდას ადამიანს ვხვდები. ღამით სახლში მისულს ვინმემ საყოფაცხოვრებო თემებზე რომ მელაპარაკოს და პრეტენზიები გამოთქვას, ამას ვერ გადავიტან-მეთქი (იცინის). 37 წლის ასაკში,  დაკავებულობა, ალბათ, მაინც უფრო მიზეზია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამისთვის მზად არ ვარ.
- მუსიკის გარდა, სხვა  გატაცებები გაქვთ?
–  ძალიან ბევრი გატაცება მაქვს. ადრე კოლექცია მქონდა – ძველ აფიშებს, ბუკლეტებს ვაგროვებდი, ყველაფერს, რაც მუსიკალურ სფეროსა და ოპერას უკავშირდება. მერე ვიფიქრე, თავი შემეკავებინა, რადგან არანორმალურად ბევრი რამ დამიგროვდა.  მიყვარს ხატვა, ვმუშაობდი ხეზე, მარმარილოზე.  ბოლო წლებია,  ვაგროვებ თანამედროვე მხატვრების ნახატებს.  თავს ვიქებ, რომ ბევრი ცნობილი მხატვრის  კარგი ნახატია ჩემს კოლექციაში.  ასევე,  გატაცებული ვარ  სპორტით. როდესაც გერმანიაში ვიყავი, ხშირად დავდიოდი ავსტრიის ალპებში სასრიალოდ. ყველაფერს ვსწავლობ ნელა, მაგრამ კარგად.   ახლა გატაცებული ვარ ცურვით. ღამის ორი საათი რომ იყოს, მაინც ვახერხებ დროის მოძებნას ცურვისთვის. გერმანიაში გატაცებული ვიყავი ცხენებით. განსაკუთრებით მომწონდა ცხენის „ქოუჩი”.  ცხენის მართვა უფრო საინტერესოდ მიმაჩნია, ვიდრე – მისი დაპყრობა. საინტერესოა, როცა ადამიანს შეუძლია ქართულად დაელაპარაკოს გერმანელ ცხენს და თავის ჭკუაზე გაატაროს. ეს დირიჟორისთვის კარგი თვისებაა. ბევრი დირიჟორი იყო გატაცებული ცხენებით. ადამიანს  თვალებში ჩახედავ, გაუღიმებ და მაინც მოატყუებ,   ცხენს – ვერა.
– ქართულ ცხენებთან ვერ „მეგობრობთ”?
–  ამისთვის დროს ვერ ვპოულობ. აქ, ძირითადად, ავტომობილით ჩქარა სიარულია ჩემი გატაცება. გერმანიაში 280 კილომეტრ-საათის  სიჩქარით დავდიოდი. აქ ამის საშუალება არაა, თუმცა როგორც კი ქალაქგარეთ ვხვდები, „ავიწყვიტავ” ხოლმე.  ყველაფერს ვკადრულობ. ნამდვილი ავტოხულიგანი ვარ, თუმცა იმას ვახერხებ, რომ ჯარიმები, მხოლოდ „სითი პარკიდან” მომდის. მოძრაობის წესების დარღვევისა და ავტოხულიგნობისთვის  ჯერ არ დავსჯილვარ (იცინის). რა ვქნა, არ შემიძლია ნელა სიარული. თქვენ, ვერც კი წარმოიდგენთ, საჭესთან როგორი ექსტრემალი ვარ, ოღონდ არა ბრმად რისკიანი. მე ვრისკავ, მაგრამ გონივრულობის ფარგლებში – არ უნდა წავიქცე, არ უნდა გადმოვვარდე ცხენიდან, არ უნდა მოვყევე ავტოსაგზაო შემთხვევაში... რისკი ჩემს ცხოვრებაში  ძალიან ბევრი იყო და არის.  როდესაც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხარ, ესეც ხომ რისკია?! (იცინის).

скачать dle 11.3