კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სამკურნალო თვისებები აქვს თეთრ და წითელ ღვინოებს და როგორ დავიცვათ თავი საშიში დაავადებებისგან მათი ყოველდღიური მოხმარებით

ღვინო შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. საქართველოში ღვინო ოდითგანვე ითვლებოდა ერთ-ერთ უძლიერეს სამკურნალო საშუალებად. მას მრავალმხრივი დანიშნულება ჰქონდა და გამოიყენებოდა როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მიზნით, უპირატესობა კი წითელ ღვინოს ენიჭებოდა. როგორც ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ამბობს, ქართული ღვინოები ხასიათდება დიაბეტის, გლაუკომის, კიბოს, თირკმლების, ღვიძლის, ნივთიერებათა ცვლისა და ნერვული სისტემის სამკურნალო თვისებებით. რასაკვირველია, მთავარია, მისი სწორად გამოყენება და დოზები ვიცოდეთ.
რამაზ გახოკიძე: საფრანგეთში, სადაც ძლიერ განვითარებულია ღვინის მოხმარების კულტურა, სიცოცხლის ხანგრძლივობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. გულ-სისხლძარღვთა დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა ფრანგებში ორნახევარჯერ ნაკლებია ამერიკელებთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ნაციონალური სამზარეულოს კერძები შეიცავს ქოლესტერინის ჭარბ რაოდენობას  – ისინი ოთხჯერ მეტ კარაქსა და სამჯერ მეტ ღორის ქონს ჭამენ, თანაც, უფრო მეტსაც ეწევიან.  მაგრამ, ფრანგების რაციონი უხვად შეიცავს ხილს, ბოსტნეულს და, რაც მთავარია, წითელ ღვინოს.  ალბათ, ამის გამო, ფრანგები  ყველაზე ნაკლებად ავადდებიან კიბოთი.    
– ეს თვისება მხოლოდ წითელ ღვინოს გააჩნია? სამკურნალოდ და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად თეთრი ღვინის სმა არ არის რეკომენდებული?
– ითვლება, რომ წითელი მშრალი ღვინო, რესვერატროლის მაღალი შემცველობის გამო, უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი მშრალი ღვინო, თუმცა, რესვერატროლი უფრო მეტია ყურძნის წვენში. წითელი ღვინო საშუალოდ შეიცავს 0,2-5,0 მგ/ლ რესვერატროლს, თეთრი ღვინო კი – მნიშვნელოვნად ნაკლებს. რესვერატროლს კარგად გამოაქვს ორგანიზმიდან ზედმეტი წყალი და ასუსტებს მადას. ვინც რეგულარულად და ზომიერად სვამს წითელ ღვინოს, ნაკლებად აწუხებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და ჭარბი წონა. წითელი ღვინო, ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, გამოიყენება ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, რადიაციული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, ზრდის კიბოს თერაპიის ეფექტიანობას. ამერიკელი მეცნიერების რჩევით, მკერდის კიბოთი დაავადებულმა ქალებმა, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას, უნდა მიიღონ დღეში ორ ჭიქამდე წითელი მშრალი ღვინო. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველდღიურად ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით შესაძლებელია წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკის ორჯერ შემცირება.  წითელი ღვინო მწეველთათვის ფილტვების კიბოს პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალებაა. ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესვერატროლი და ასპირინი კიბოს უჯრედებს  ჩანასახშივე ანადგურებს.  ასევე, წითელი ღვინო კარგია კუჭის წყლულის დროს – მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებები ხელს უწყობს წყლულის სწრაფად შეხორცებას. წითელი მშრალი ღვინის სწორად მოხმარებას შეუძლია სმენის დაკარგვის თავიდან აცილება.  წითელი ღვინო იცავს  კბილის მინანქარს – მასში შემავალი პროანტოციანიდების შემცველობის გამო ბაქტერიები (მათ შორის, სტრეპტოკოკები) კბილზე ვერ ჩერდებიან. ამიტომ, წითელი ღვინის რეგულარულად მომხმარებლებს ნაკლებად ემართებათ კარიესი. წითელი ღვინის მცირე რაოდენობით მიღება, ასევე, ამცირებს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკს – მას გააჩნია ტკბილი გაზიანი სასმელების საწინააღმდეგო ეფექტი, რომლებიც იწვევს თირკმელებში ქვების დაგროვებას.
– წინაპრებისგან გამიგია, თუ ადამიანი დღის განმავლობაში ბევრს მუშაობს, საღამოს ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევით ორგანიზმს დაღლილობას უხსნის და ტკბილი ძილიც გარანტირებულიაო. ზოგადად, რა დოზით მიღებული ღვინოა სასარგებლო და სამკურნალო ეფექტის მქონე?
– დიახ, წითელი ღვინო ადუნებს და ამშვიდებს ორგანიზმს, გვეხმარება გადაღლასთან ბრძოლაში. წითელი ღვინით სწრაფად შეიძლება დაწეული ჰემოგლობინის აწევა, ასევე, ძალების აღდგენა მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. წითელი ღვინის სამკურნალო დოზა შეადგენს 50 მილილიტრს (3 სადილის კოვზს). შეგიძლიათ, ერთად დალიოთ ან, დღეში 3-ჯერ მიიღოთ სადილის კოვზით, ჭამის დროს. დასუსტებული ორგანიზმის აღსადგენად სასარგებლოა გლინტვეინის მიღება, რომლის დამზადება შესაძლებელია შემდეგი რეცეპტით: ქვაბში მოათავსეთ 10 ცალი მიხაკი, 2 ცალი დაფქული მუსკატის კაკალი და 1 ჩაის კოვზი დარიჩინი (შეიძლება ხილის ნაჭრების დამატებაც), დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის  განმავლობაში. ნახარში გააცივეთ. 1 ბოთლი წითელი ღვინო შეათბეთ ქვაბში (არ აადუღოთ), დაუმატეთ საკაზმი და 4 კოვზი თაფლი. მიირთვით ბოკალით ან ფაიფურის ფიალით. უხდება ფხვიერი ნამცხვრები.
პროსტატის კიბოს დაავადების დაბალი დონეა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, სადაც ჭამენ ბევრ ბოსტნეულსა და ხილს და ცოტა ხორცს, ხოლო წითელ ღვინოს სვამენ მინიმუმ ორჯერ მეტს, ვიდრე ჩრდილოეთ ევროპაში. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ 45-იდან 69 წლამდე 80 ათას მამაკაცზე ჩატარებული დაკვირვებით დადგენილია, რომ მწეველები, რომლებიც სვამდნენ დღეში მინიმუმ 1 ბოკალ წითელ ღვინოს, ორჯერ უფრო იშვიათად ავადდებოდნენ კიბოთი, ვიდრე მწეველები, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ ღვინოს. აღსანიშნავია, რომ დადებითი ეფექტი მხოლოდ წითელ ღვინოს ჰქონდა, თეთრს ანალოგიური თვისებები არ აღმოაჩნდა. წითელი ღვინის დადებით თვისებებად ითვლება: კიბოსგან  დაცვა; ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა; ანემიის პროფილაქტიკა (დღეში 2 ჭიქა); ავიტამინოზის პროფილაქტიკა;  ყოველდღიურად 50 მილილიტრი ცხელი წითელი ღვინის მიღებით წარმატებით შეიძლება ტუბერკულოზის მკურნალობა; გაცივებასთან, პნევმონიასთან, გრიპთან, ბრონქიტთან საბრძოლველად კარგია წყლით განზავებული თბილი წითელი ღვინო  (50 მილილიტრი 3-ჯერ დღეში) ან ცხელი წითელი ღვინო შაქრით ან თაფლით;  წითელი ღვინო (სასურველია გაზავებული) სპობს ქოლერის, პოლიომიელითის, კოკსაკის, ჰერპესის ვირუსებს. ფაღარათის დროს რეკომენდებულია 50 მილილიტრი ცივი წითელი ღვინის დალევა, დღეში 3-ჯერ (კუჭის შემკვრელი და ანტისეპტიკური თვისებების გამო); უძილობის დროს და ძილის წინ მიიღეთ 30 მილილიტრი ტკბილი ან ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო; დაჟეჟილობის სწრაფად აღსადგენად და ტკივილის მოსახსნელად რეკომენდებულია ცივი წითელი ღვინის კომპრესები. წითელი ღვინო არა მარტო ახანგრძლივებს სიცოცხლეს, არამედ, იცავს ადამიანს გულის პრობლემებისგან, კიბოსგან, დიაბეტისგან, ალცჰაიმერის დაავადებისგან და ასე შემდეგ.
– გამოდის რომ, წითელ ღვინოს უკუჩვენება არ გააჩნია?
–  წითელი ღვინის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია თავის ტკივილისა და ძილიანობის გამოწვევა, მაშინ, როცა თეთრ ღვინოს ასეთი მოქმედება არ გააჩნია. გარდა ამისა, წითელი ღვინო უფრო კალორიულია, ამიტომ, მისით მეტისმეტად გატაცებამ შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. წითელი ღვინო, ასევე, შეიცავს ალერგენებს. მართალია, თეთრი ღვინო ანტიოქსიდანტებს მცირე რაოდენობით შეიცავს, მაგრამ უკეთ შეიწოვება, ვიდრე წითელი ღვინო, რადგან თეთრი ღვინის ანტიოქსიდანტები უფრო მცირე ზომისაა. თეთრი ღვინის სასარგებლო თვისებებია: აძლიერებს მადას; ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას და კუჭის ნორმალური მჟავიანობის შენარჩუნებას; აფართოებს სისხლძარღვებს; აძლიერებს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციას; ანადგურებს ბაცილებს კუჭ-ნაწლავში; იცავს გულის კუნთს; აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას; ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას; სასარგებლოა ანემიის დროს (მძიმე ფორმის შემთხვევაში შეიძლება დღეში 2 ჭიქის მიღება ჭამის დროს, არა უმეტეს ერთი კვირისა). თეთრი ღვინის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ის, რომ აზიანებს კბილებს. ასეთი ღვინო, როგორც წესი, მომატებული რაოდენობით შეიცავს შაქარსა და მჟავებს, რაც იწვევს კბილის მინანქრის დაშლას. თეთრი ღვინის დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ძირითად ფუნქციებს და იწვევს ფსიქიკურ დარღვევებს. ასეთი ღვინის მიღება არ შეიძლება დიაბეტის, ნიკრისის ქარის, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში.
– ღვინით მკურნალობის დროს რომელი პროდუქტი უნდა შეიზღუდოს, რომ ეფექტი გაძლიერდეს და რომელი დაავადების დროს იკრძალება ის?
– ღვინით მკურნალობისას აუცილებელია ისეთი პროდუქტების შემცირება, როგორებიცაა: ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილი, შაქარი; უნდა გაიზარდოს მცენარეული საკვებისა და ზღვის პროდუქტების მოხმარება. ღვინით მკურნალობა უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც აწუხებს ღვიძლი, თორმეტგოჯა ნაწლავი, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა. ენოთერაპია კატეგორიულად ეკრძალებათ ალკოჰოლიკებს, ბავშვებს, ორსულებსა და მეძუძურ დედებს, რადგან სპირტს, ბავშვის ორგანიზმში მოხვედრისას,  შეუძლია, გამოიწვიოს თავისა და ხერხემლის ტვინის შეუქცევადი დაზიანება. ღვინო უნდა იყოს სუფთა და ნატურალური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ ზიანს მოგვიტანს.
– როგორ განვასხვავოთ გაკეთებული ღვინო ნატურალურისგან?
– შემიძლია ამის შემოწმების რამდენიმე ხერხი გასწავლოთ: 1. ღრმა თასი გაავსეთ წყლით, მოათავსეთ ღვინო მცირე ზომის სინჯარაში ან რომელიმე ვიწროყელიან ჭურჭელში. სინჯარას დააფარეთ თითი, ჩადეთ წყალში და შემდეგ  თითი მოაშორეთ – სუფთა ღვინო არ უნდა შეერიოს წყალს განსხვავებული სიმკვრივის გამო. თუ სასმელი წყალს შეღებავს, ეს იგი, ის ფალსიფიცირებულია. 2. ღვინოს დაამატეთ გლიცერინი (5:1 თანაფარდობით) და დაელოდეთ ჭიქის ძირზე ნალექის წარმოქმნას. თუ ღვინო ხარისხიანია, ცვლილება არ ხდება, თუ ნაყალბევია, მაშინ გლიცერინი იძენს ყვითელ, წითელ ან იისფერ ელფერს. 3. ბოთლი  მკვეთრი მოძრაობით გადაატრიალეთ ყელით ქვევით და პირუკუ. გახედეთ სინათლეზე. ბევრი ნალექის წარმოქმნა ღვინის ცუდ ხარისხზე მიუთითებს. მაღალი ხარისხის ღვინო, ჩვეულუბრივ, შეიცავს მცირე რაოდენობით  ღვინის ქვის ნალექს, რომელიც  შენჯღრევის შემდეგ სწრაფად ილექება ფსკერზე. 4. ბოთლი შეანჯღრიეთ და ღვინო ჩამოასხით ბოკალებში. ყურადღება მიაქციეთ ქაფს – ხარისხიან ღვინოში ის ცენტრში გროვდება და სწრაფად ქრება. სასმელი თუ  ყალბია, მაშინ ქაფი დიდხანს ილექება კედლებზე.  5. ჯამში ჩაყარეთ მცირე რაოდენობით სოდა და დაასხით 1 ჩაის კოვზი წითელი ღვინო. ხარისხიანი ღვინის ფერი შეიცვლება, გამუქდება, რუხი ან მოცისფრო გახდება. 6. ღვინოში ხელოვნური საღებავის აღმოსაჩენად ცარცზე დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ღვინო და დააყოვნეთ. გაშრობის შემდეგ ლაქა თუ გაუფერულდა, ღვინო ხელოვნურ საღებავებს არ შეიცავს, ხოლო თუ ლაქამ ფერი არ შეიცვალა,  ესე იგი, საღებავებს შეიცავს. 7. ღვინო მცირე რაოდენობით ჩაასხით ჭიქაში და თავღია დატოვეთ რამდენიმე დღე. თუ ღვინო ნატურალურია, დროთა განმავლობაში მოფრინდებიან  ხილის ქინქლები და ზედაპირზე  გაჩნდება ობის  სოკო, ქიმიურ სუროგატს კი ქინქლები ახლოსაც არ ეკარებიან. 8. თუ ბოკალში ღვინის ბრუნვისას კედლებზე ჩამოდენილი წვეთების კვალი გაჩნდა, ღვინო საკმაოდ მკვრივია, რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. 9. ზოგიერთი თეთრი ღვინო შეიცავს ნახშირორჟანგის ბუშტუკებს – ეს არის დუღილის პროცესში წარმოქმნილი ნახშირორჟანგის ნარჩენები, რაც ბოთლის გახსნის შემდეგ თავისუფლდება. ნახშირორჟანგის ბუნებრივი შემცველობა მიუთითებს, რომ ღვინო ახალი და საღია. 10. კარგი ღვინო არ ათრობს პირველივე ყლუპიდან. დალევის შემდეგ არ ტოვებს სპირტის გემოს და დიდხანს ინარჩუნებს სურნელს.

скачать dle 11.3