რა ტრაგედია გადაიტანა ნინო ვარსიმაშვილმა ბავშვობაში და როდის მძვინვარებდა მის ოჯახში „ომი“
რატი წითელაძემ და ნინო ვარსიმაშვილმა თანამშრომლობა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყეს. მათ არაერთი ფილმი აქვთ გადაღებული და გარკვეული წარმატებაც მოიპოვეს. ნინო მწერალია. წერა ბავშვობაში გადატანილმა ტრაგედიამ დააწყებინა. რატი 17 წელი საბრძოლო ხელოვნებაში იყო. გახდა ჩემპიონი, იმავდროულად კი, იღებდა ფოტოებს და ნაწილობრივ სამოდელო კარიერასაც მიჰყვებოდა. თუმცა, პოპულარობა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგ მოიპოვა. ორივემ დატოვა საქართველო, ოჯახი, მეგობრები და ლოს–ანჯელესში წავიდნენ ოცნებების ასახდენად.
რატი: ოთხი წლის წინ დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. თავიდან ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, ვწერდით ერთმანეთს. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ერთი და იგივე რაღაცეები გვაინტერესებდა. ნინომ, თავისი ნიჭით ძალიან დამაინტერესა. პოემებს წერდა და მომწონდა. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მე მაქვს ძალიან რთული ხასიათი და ამ ადამიანმა ხასიათი შემიწყო. ცოტა ცივი ვარ ურთიერთობებში. მშობლები ოთხი წელია არ მინახავს... ნათლიაჩემიც ძალიან დიდი ხანია და ასე შემდეგ. ეს იმიტომ, ხდება, რომ ჩემი საქმიდან გამომდინარე, დროის აღქმა მავიწყდება. მე და ნინოს კი, ერთი და იგივე ინტერესები გვქონდა. მალევე დავიწყეთ პირველ ფილმზე მუშაობა, სახელწოდებით „წვრილმანები“, რომელმაც გაამართლა. ნინოს ჰქონდა იდეა, ეს ფილმი ყოფილიყო პატარა, ერთწუთიანი. მე უარი ვუთხარი, რადგან საინტერესო თემას ეხებოდა – ცოლქმრულ ურთიერთობებს. აქედან დავიწყეთ და შემდეგ უკვე სხვა მოკლემეტრაჟიანი, თუ სრულმეტრაჟიანი ფილმებიც გადავიღეთ.
ნინო: საერთო მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი. რატი მაქსიმალისტია, შეუძლია, სამი დღე და ღამე არ დაიძინოს და აკეთოს თავისი საქმე. მე ცოტა ზარმაცი ვარ. ის ცდილობს, ყველაფერი საუკეთესო ამოიღოს ჩემგან და ზოგადად, ნებისმიერი ადამიანისგან. ორივეს სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაც სირთულეებს გვიქმნის. თუმცა, როგორც მსახიობები, თანამშრომლები და მეგობრები, ერთმანეთს ვავსებთ.
– ნინო, რატი მსახიობი არ იყო. რატომ გადაწყვიტე მასთან თანამშრომლობა?
– რატი იყო ის, ვინც მიზნის მისაღწევად დაუღალავად შრომობდა. შესაბამისად, ვიცოდი, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა. ის, რასაც მიზნად ისახავს, ასრულებს. ამიტომ, მჯეროდა და ვიცოდი მისი შესაძლებლობები. ჩვენ საერთო მიზანი და ინტერესები გვქონდა. ამიტომ, როგორც რატიმ, ასევე მეც, მივატოვეთ ყველაფერი – სამსახური, ოჯახი, მეგობრები, ქვეყანა და ჩავებით ამ საქმეში.
– ცოლ-ქმრის როლი ითამაშეთ. ეს მარტივი იყო თქვენთვის?
– ეს იყო დრამა და იქ არ ყოფილა რაიმე თამამი სცენა. ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს და არ გაგვჭირვებია.
– რა სიტუაცია დაგხვდათ ლოს–ანჯელესში, როცა ჩახვედით? სირთულეების გადატანა მოგიწიათ?
რატი: ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია ერთი წელი, რამდენიმე თვე, კვირა და ასე შემდეგ, მაგრამ ლოს-ანჯელესში არ მომეწონა. რომ მითხრათ, რომელ ქვეყანაში არ იცხოვრებდიო, გეტყვით ამერიკაში-მეთქი. არც ჰოლივუდია ჩემთვის დიდი რამ. პირველი, რაც შეგვემთხვა, იყო მიწისძვრა. გარდა ამისა, ლოს-ანჯელესში გაზრდილა კრიმინალი, ხდება ბევრი მკვლელობა. იქ მაფია მაღალ დონეზეა. თუ ვინმე იქ წასვლას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ 200 000-ზე მეტი უმუშევარი მსახიობია ჰოლივუდში. 20 000-ზე მეტი ადამიანი უკან, თავისი ოცნებების აუსრულებლად ბრუნდება. ამას ცუდი გაგებით არ ვამბობ, უბრალოდ, მომზადებული უნდა წახვიდე და იცოდე, რა რისკ-ფაქტორებია.
– ნინო, საუკეთესო ქალ მსახიობად წარგადგინეს ჰოლივუდში, ერთ-ერთ ფესტივალზე. გარდა მსახიობობისა, წერ კიდეც...
ნინო: დიახ, წარდგენილი ვარ ამ ნომინაციაზე. ეს როლი არის ჩვენი მოკლემეტრაჟიანი ფილმიდან „დედა“, რომელშიც ასახულია მარტოხელა დედის ამბავი. ის ვალდებულია, დამალოს შვილი იმის გამო, რომ საზოგადოებამ არ გაკიცხოს. ეს ფესტივალი უკვე მეექვსე წელია, იმართება და ძირითადი აქცენტი ქალების უფლებებზე კეთდება. ბავშვობიდან მიყვარდა წერა. პირველი ლექსი დავწერე, როცა მშობლები დაშორდნენ. მაშინ 11 წლის ვიყავი და იქედან მოყოლებული ვოცნებობდი, გავმხდარიყავი არა მსახიობი, არამედ მწერალი. შემდეგ დედასთან წავედი. 10 წელი დუბაიში ვიცხოვრე. მძიმედ გადავიტანე მშობლების დაშორება, თუმცა ეს ჩემთვის ინსპირაცია იყო.
რატი: „ცარიელი სახლი“, რომელიც სრულმეტრაჟიანი ფილმია, ნინოს ცხოვრებაზეა გადაღებული. ამ ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნინოს ცხოვრებაში ბევრი სირთულე აქვს გადატანილი.
ნინო: მთელი ჩემი ბავშვობა, განცდები, სირთულეები და ასე შემდეგ, ამ ფილშია აღწერილი. არ მინდა, სირთულეებზე საუბარი, ბავშვობის მოგონებები არც თუ კარგი მაქვს. ფილმში სიუჟეტი ვითარდება 90–იან წლებში, ომის პერიოდში. მაგრამ, ეს არის ამბავი ომზე, რომელიც ერთი ოჯახის ფარგლებში მძვინვარებს.
– იგივე ხდებოდა შენს ოჯახშიც?
– ეს არის ავტობიოგრაფიული ამბავი. მსგავსი რამ ჩვენთანაც ხდებოდა. ის ტრაგედია, რაც ჩემს ცხოვრებაში იყო, ვარჩიე, სცენარად მექცია. მადლობელი ვარ, რომ ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში? ოჯახი როგორ შეეგუა შენს უცხოეთში გამგზავრებას?
– არაფერი და არც წარსულში მომხდარა მნიშვნელოვანი რამ. არც გათხოვილი ვარ. დედაჩემთან მეგობარივით ვარ. 16 წლის იყო, ჩემი ძმა რომ გააჩინა და 17–ისას, მე ვყავდი უკვე. ახალგაზრდა დედა მყავს და ყველაფერში გვერდში მიდგას. შესაბამისად, არ დაუშლია წასვლა.
რატი: დედის დამსახურებაა, რომ ნინო დღეს ასეთი წარმატებულია. მან წაიყვანა დუბაიში. დედამისი თუ ამას ვერ მოახერხებდა, ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ნინოს ისტორია.
– რას გულისხმობთ?
ნინო: აქ რომ დავრჩენილიყავი, სულ სხვაგვარად განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება. სხვა ნინო ვიქნებოდი, სხვაგვარად გავიზრდებოდი, დღეს აქ არ ვიქნებოდი, ვერც წერისთვის მოვიცლიდი. შეიძლება, ადრეულ ასაკში გავთხოვილიყავი და მერე მეც გავცილებოდი ქმარს. საქართველოში ყველა ადრე თხოვდება და მეც არ ვიქნებოდი გამონაკლისი. თან, როცა ბავშვობაში პრობლემურ ოჯახში იზრდები, გინდა, რომ გათხოვდე და ვიღაცამ შეგიფაროს. ამიტომ, დედა ძალიან დამეხმარა და გამაცილა აქაურობას.
– ლოს-ანჯელესში ერთად წახვედით. ჭორები არ გავრცელდა, რომ ერთად იყავით?
– არა და ძალიან მიხარია. ამიტომ, არ მინდა პირადულზე ლაპარაკი. მირჩევნია, წყნარად ვიყო. საბედნიეროდ, ჭორები არ ყოფილა.
– რატი, ოჯახის წევრებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
რატი: როგორიც ადრე მქონდა, არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ მათ ნახვას. ნინოს შეეკითხე ოჯახზე და აქვე, დავამატებ, რომ დედამისის მადლობელი ვარ, რადგან სჯერა ჩემი. ჩემები, ალბათ, ჩემზე გაბრაზებულები არიან, რადგან, დედა რომ მირეკავს, ან არ ვპასუხობ, ან რავიცი... იმიტომ კი არა, რომ ლაპარაკი არ მინდა, საქმეში ვარ ჩართული. ცუდი შვილი ვარ. არადა, შორს არ არიან. შემიძლია, ჩავიდე და ვნახო. რომ ჩამოვედი, 10–15 წუთით ვნახე მშობლები, მერე აღარ მინახავს.
– როგორ ფიქრობ, მშობლებთან ასეთი დამოკიდებულების გამო, ოდესმე არ ინანებ?
– ვნანობ ახლაც, მაგრამ საქმისათვის თავდადებაა ჩემთვის პირველი. ყველაფერი დავთმე იმის გამო, რასაც ვაკეთებ. როცა ჩემს საქმეს არ ვაკეთებ, დროს ვკარგავ. ვიცი, რომ ეს არასწორია. ისიც ვიცი, რაღაცას რომ მივაღწევ, მათ ჩემზე მეტად უხარიათ, ვიცი, რომ ცუდად ვიქცევი და ასე არ შეიძლება, მაგრამ სხვანაირად პროფესიონალიზმი არ მესმის. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ნიჭიერი არ ვიყავი, ამიტომ, მეგონა, სულ შრომით უნდა მიმეღწია წარმატებისთვის. ახლაც ასე ვფიქრობ. ნიჭიერი ადამიანები ხომ აკეთებენ რაღაცას, მე მათზე ათჯერ მეტს ვაკეთებ, ამ შეხედულების გამო.
– თუმცა, ადრე მშობლების განაწყენება შენმა სამოდელო კარიერამ გამოიწვია, როცა თამამი ფოტოები გადაიღე.
– მაშინ დრო იყო ეგეთი. ახლა ეგ ფოტოები უკვე ჩვეულებრივია. მე მიცნობენ ჩემი ოჯახის წევრები და ხალხი რას ხედავს, ეგ სულ სხვაა თემაა. ის შეცდომები, რაც დავუშვი და რასაც ვუშვებ, მქმნის იმად, რაც ვარ. მაძლიერებს, თუნდაც ხალხის კრიტიკა, ცუდი განწყობა. მადლობა ყველას, ვინც მაკრიტიკებს, რადგან სულ ფხიზლად ვარ. ვიცი, შეცდომას არავინ მაპატიებს. მე არ მინდა პოპულარობა, არც ფული, უბრალოდ, მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. მქონდა შანსი, ჰოლივუდში ვყოფილიყავი, მაგრამ უარი ვთქვი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული გადაწყვეტილება. უარი ვთქვი პოპულარობაზეც და დიდ ფინანსებზეც.