რატომ მოხვდა საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე
საერთაშორისო სააგენტოს კვლევა და საგანგაშო მონაცემები: საქართველო ყოველ 100 ათას ადამიანზე ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. რამდენად რეალურია ეს მონაცემები, რაზე დაყრდნობით გამოქვეყნდა კვლევა და როგორია ქართველი სპეციალისტების შეფასებები, ამის შესახებ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – „დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, მარინა არაბიძეს გავესაუბრეთ.
– ქალბატონო ნინო, კვლევა 2012 წლის მონაცემებს დაეყრდნო, თუმცა ფაქტია, რომ შედეგები საგანგაშოა. როგორ მოხდა, რომ საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის მიხედვით პირველ ადგილზეა, რეალურია ეს მაჩვენებლები?
ნინო ჩხობაძე: ჰაერი რომ დაბინძურებულია, ფაქტია. შესაძლებელია ასეთი მძიმე სურათი არ გვქონდეს, როგორიც დაიდო საერთაშორისო სააგენტოს კვლევით, თუმცა ის, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემა არსებობს, ეს ცხადია. ჩვენი ჰაერი დაბინძურებულია მტვრით, გოგირდით, არომატული ნივთიერებებით – ბენზოლით და სხვადასხვა ფენოლით, რომელთა გაზომვა იოლი არაა, ასევე, ჭვარტლით. თბილისში სულ ოთხი წერტილია, სადაც ხდება ჰაერის დაბინძურების შეფასება. ეს ძალიან ძვირად ღირებული სისტემაა და ოფიციალურ უწყებას პასუხს ვერ მოვთხოვთ, მეტი წერტილი დაამატოს. ძალიან ცუდად გვაქვს ჰაერის გამჭვირვალობის საკითხი. დიდი ქალაქების თავზე არის კვამლი. ინდიკატორული შეფასებებით ჩვენ გვქონდა პრობლემები ჰაერში მტვერთან დაკავშირებით, რაც ასევე, განპირობებულია მშენებლობების პროცესით. ეს არ არის მოუგვარებელი საკითხი – თუ შევფუთავთ ყველა შენობას, რაც არის როგორც მშენებლობის, ასევე დანგრევის პროცესში, მტვერი არ გამოვა გარეთ და ავირიდებთ ამ საფრთხეს. არც თუ სახარბიელო მონაცემები გვაქვს საქართველოს მასშტაბით, ჰაერი დაბინძურებულია ყველა რეგიონის ქალაქებში. შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა ბოლო პერიოდში ამ მხრივაც გაჩნდა პრობლემები. რეკრეაციულ ზონებში გახშირდა კვადროციკლებითა და მოტოციკლებით მოძრაობა. ეს კი დაბინძურების წყაროა. ჩვენგან განსხვავებით, არცერთი უცხოელი არ დარბის კურორტებზე კვადროციკლებით.
– ოფიციალური უწყება აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების ასეთი სტატისტიკა განპირობებულია შენობების შიგნით, სხვადასხვა საშუალებით გამოწვეულ ჰაერის შიდა დაბინძურებაზე.
– როდესაც ოფიციალური უწყება ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი შიდა დაბინძურების მხრივ დაიდო, ეს არ არის სწორი. თუ შენობებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ასეთია, მაშინ ბევრად უფრო რთულად ყოფილა ჩვენი საქმე. შიდა სივრცეებში ჰაერის დაბინძურებას იკვლევდა სანიტარული სამსახური, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ 2006 წელს, შესაბამისად, არ გვაქვს კონტროლი და უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ. გამოდის, რომ არანაირი სტანდარტი არ აქვთ ახალაშენებულ სახლებსაც, რაც მომავალში შესაძლოა, კიდევ ერთ პრობლემად გვექცეს.
– ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო, კვლავ ავტოტრანსპორტის მოუგვარებელი პრობლემაა?
– არა მხოლოდ, თუმცა მაინც ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა. საბჭოთა კავშირში ტრანსპორტი არ იყო აღიარებული როგოც ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორი. მხოლოდ შემდგომ, ევროკავშირის კანონმდებლობის გაცნობის შემდეგ გავიგეთ, რომ ტრანსპორტი არის ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი. რაც შეეხება ინდუსტრიას, ნებისმიერი ქარხანა შესაძლოა, აშენდეს ნებისმიერ ადგილას და ის იყოს აბსოლუტურად სუფთა – არ აბინძურებდეს ჰაერს. ინდუსტრია ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო, რომლის მოვლაც უფრო მარტივია, ვიდრე მოძრავი წყაროსი. ყველა დიდ ინდუსტრიულ ქალაქში საწარმოების მოვლა ხდება მარტივად – ამ საწარმოებს აქვთ ფილტრები, შესაბამისი მოწყობილობები, ტექნოლოგიები. ასეთი ფილტრები უკვე საქართველოშიც არის შემოტანილი და დანერგილი. ამის მიუხედავად, ამ დასკვნაში მოხსენიებულია ჭიათურა და ზესტაფონი-თერჯოლას მონაკვეთიც. ზესტაფონში გვქონდა ერთი ფეროშენადნობი საწარმო, ახლა ხუთი-ექვსი საწარმოა ამავე არეალში. ამის გათვალისწინებით ჰაერის დაბინძურების ჯამური ეფექტი მაღალია.
– ქალბატონო მარინა, რეალურად რა მდგომარეობა გვაქვს ჰაერის დაბინძურების მხრივ?
მარინა არაბიძე: ამ დასკვნის შესახებ მინდა, გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი – ის, რომ კვლევა დაეყრდნო 2012 წლის მონაცემებს და გარდა ატმოსფერული ჰაერისა, კვლევაში ინდიკატორად შევიდა შენობის შიდა ჰაერის ხარისხი. გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ჰაერის მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში და ის მონაცემები, რაც გვაქვს, კატასტროფულად ნამდვილად არ სცილდება დაშვებულ ნორმას. დღეის მდგომარეობით ჰაერის მონიტორინგი მიმდინარეობს ექვს ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზესტაფონში და ჭიათურაში. ამ ქალაქებში, გარდა თბილისისა, ყველგან გვაქვს თითო-თითო სადამკვირვებლო პუნქტი. თბილისში ჰაერზე დაკვირვება ხდება სამ არაავტომატურ ჯიხურში, აღმაშენებლისა და თამარ მეფის კვეთაზე, წერეთლისა და მოსკოვის გამზირებზე, ამას გარდა, თბილისში ფუნქციონირებს მეოთხე ავტომატური სადგური ვაშლიჯვარში, მარშალ გელოვანის გამზირზე, რომელიც ქალაქის ფონური სადგურია. აქ ჰაერი შედარებით სუფთაა, დაბალი კონცენტრაცია ფიქსირდება, ვიდრე წერეთლისა და მოსკოვის გამზირებზე, სადაც ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობაა. ჩვენს სადგურებზე მოწმდება ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლები – მტვერი, აზოტი და გოგირდის დიოქსიდები, ოზონი. ასევე, ვაკონტროლებთ ტყვიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზესტაფონში კონტროლდება მანგანუმის დიოქსიდი. ამას გარდა, 2015 წლის ბოლოდან ჩვენ დავიწყეთ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლი ინდიკატორული გაზომვების მეშვეობით. ამ მეთოდით ვაკონტროლებთ ოთხ პარამეტრს თექვსმეტ ქალაქში. სპეციალური რეაქტივებით დამუშავებული მცირე ზომის ღილაკები ორი კვირის განმავლობაში თავსდება ქალაქების სხვადასხვა წერტილში, შემდეგ ხდება მათი ჩამოხსნა და ტრანსპორტირება დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიაში. იქიდან მიღებულ კონცენტრაციებს ვადარებთ დაშვებულ ნორმებს.
– როგორია მონიტორინგის შედეგები?
– ბოლო მონაცემების მიხედვით, თბილისში მტვრის კონცენტრაცია დაშვებულ ნორმას აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე აღემატებოდა 1,6 ჯერ, ნახშირჟანგის – 1,4-ჯერ; წერეთლის გამზირზე მტვრის კონცენტრაცია აღემატებოდა ნორმას – 1, 8-ჯერ, ქუთაისში - 3-ჯერ, ზესტაფონში - 1,2-ჯერ, ბათუმში - 1,4-ჯერ, ხოლო რუსთავში - 2,5- ჯერ. ინდიკატორული კვლევით დავაფიქსირეთ აზოტის დიოქსიდების მატება, გოგირდის დიოქსიდი, ოზონი და ბენზოლი იყო ნორმის ფარგლებში. ამ და სხვა მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპის კვლევით, შეგვიძლია თქმა, რომ იმ თექვსმეტი ქალაქიდან, სადაც ჩატარდა მონიტორინგი, ყველაზე რთული მდგომარეობა გვაქვს თბილისში. კერძოდ, მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირზე, მზიურის პარკთან, თამარაშვილისა და ყაზბეგის (ყოფილი პავლოვის) ქუჩის კვეთებზე, ტაშკენტის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარე მოედანზე, გმირთა მოედანზე, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას კვეთაზე. რეგიონებიდან გამოიკვეთა პრობლემური წერტილები ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონში, თელავში. შედარებით სუფთა წერტილებია თბილისში აბანოთუბანი, გორგასლისა და კრწანისის ქუჩების კვეთა ორთაჭალაში, თემქა, ვარკეთილი, პეტრიწის ქუჩა დიდ დიღომში. ჩვენ მონიტორინგს ვატარებთ კვარტალში ერთხელ, ერთსა და იმავე ადგილას, რაც მოგვცემს საბოლოო სურათს ხუთი წლის განმავლობაში.