კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

– ბატონო საქს, ბატონი ვერნერი მობრძანდა და გელოდებათ, – გაისმა სელექტორში მდივანი ქალის ხმა.
რეი საქსი უმსხვილესი ფარმაცევტული კორპორაციის, „საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრის“ მეპატრონე იყო; კლაუს ვერნერი კი – კორპორაციის ფარმაცევტული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. კორპორაცია ონკოლოგიური დანიშნულების წამლების უმსხვილეს მწარმოებლად ითვლებოდა. მისი საწარმოები და ადმინისტრაციული ოფისები მთელ მსოფლიოში იყო განთავსებული, ცენტრალური ოფისი კი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მდებარეობდა. სწორედ იქ, საკუთარ კაბინეტში იმყოფებოდა მილიარდერი რეი საქსი, როდესაც მდივანმა მას ვერნერის დაბრუნების შესახებ შეატყობინა.
– შემოვიდეს, ველოდები, – მიუგო საქსმა მდივანს და სავარძელში გასწორდა. ოთახში შემოსულ კლაუს ვერნერს სავარძელზე მიუთითა და მოუთმენლად ჰკითხა:
– რა ქენი, კლაუს, როგორ ჩაიარა შენმა ვოიაჟმა, რა გაარკვიე?
– მისტერ საქს, როგორც ჩანს, პავლე გოკიელმა მართლაც საკაცობრიო აღმოჩენა გააკეთა და უახლოეს პერიოდში თავადვე აპირებს ოფიციალური განცხადების გაკეთებას ამის თაობაზე. ძალიან კარჩაკეტილი ადამიანია და სიახლოვეს არავის იკარებს. დღედაღამ თავის ლაბორატორიაშია გამოკეტილი და გარეთ არ გამოდის. რომ არავინ მოაბეზროს თავი, ეზოში ექვსი უზარმაზარი ნაგაზი ჰყავს გაშვებული, კარმიდამო კი მაღალი, მტკიცე ღობითაა შემოფარგლული და ზედ მავთულხლართებია დამაგრებული. ნამდვილი ციხესიმაგრეა და მხოლოდ იერიშით თუ აიღებ მას. ჩემი თვალით ვნახე და დავრწმუნდი ამაში, – მიუგო საქსს ვერნერმა.
– რა იცი, რომ ქართველმა პროფესორმა მართლა გააკეთა ეს აღმოჩენა და ყველაფერი ტყუილი არაა? ხომ გახსოვს, რამდენჯერ მოგვიხდენია რეაგირება ასეთ ცრუ განგაშზე, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი ბლეფი აღმოჩენილა?
– დიახ, მართალს ბრძანებთ, მაგრამ, ვშიშობ, რომ ამჯერად ეს სიმართლეა.
– რატომ ფიქრობ ასე?
– გოკიელის მიერ განკურნებულ ადამიანებს ველაპარაკე და დავრწმუნდი ამაში. მათზე კი იმ ჟურნალისტმა გამიყვანა, ვინც პავლე გოკიელზე გააკეთა სიუჟეტი.
– იქნებ ჟურნალისტიც და ვითომდა განკურნებულებიც ტყუიან და ეს ყველაფერი თავად პროფესორ გოკიელის მოწყობილია, რომ რეკლამა გაიკეთოს და ფულის გამოსაძალავად ხალხი მიიზიდოს?
– გამორიცხულია, ბატონო საქს, – ჩაეცინა ვერნერს.
– რატომ?
– იმიტომ, რომ გოკიელი არავის მკურნალობს და ასეთი იაფფასიანი ტრიუკი მას არ სჭირდება.
– ახლა არ თქვი, რომ მის მიერ განკურნებულ ადამიანებს ველაპარაკეო? – გაუკვირდა საქსს.
– დიახ, გითხარით, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია, ასეთი სულ ოთხი ადამიანია, ისინიც მხოლოდ საკუთარი წამლის გამოსაცდელად სჭირდებოდა პროფესორს და ოთხივე შემთხვევამ გაამართლა. სხვათა შორის, ერთ-ერთი განკურნებული სწორედ იმ ჟურნალისტის მეუღლეა, ვინც პროფესორ გოკიელის აღმოჩენა გაახმაურა.
– და მაინც, კლაუს, მე ზუსტი ინფორმაცია მჭირდება და, მინდა ვიცოდე, რას ემყარება შენი დასკვნა. როგორ დარწმუნდი, რომ გოკიელმა ასეთ უდიდეს წარმატებას მიაღწია?
– მოგახსენებთ, ბატონო საქს: მე მოვიპოვე ოთხივე განკურნებულის ავადმყოფობის ისტორიები და შესაბამისი რენტგენის სურათები. თითოეულ მათგანს ბოლო სტადიის კიბო ჰქონდა,  – ფილტვების, კუჭის, სწორი ნაწლავისა და ტვინის. ამაზე მიუთითებდა რენტგენის სურათებიც. მოგეხსენებათ, რომ მე ექიმი ვარ და ასეთი რამ არ მეშლება. ყველა სამედიცინო ნორმისა და კანონის თანახმად, თითოეული მათგანი ახლა მკვდარი უნდა იყოს. პავლე გოკიელმა კი ისინი სულ რაღაც ერთ თვეში გამოაჯანმრთელა. მეტასტაზის ნასახიც კი არ ჩანს ახლად გადაღებულ სურათებზე – გამოჯანმრთელებულ ავადმყოფებს სწორედ მე გადავუღე რენტგენის სურათები და პირადად დავრწმუნდი ამაში, – უთხრა ვერნერმა საქსს, რომელიც ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ ვერნერს უთხრა:
– კლაუს, შენს პროფესიონალიზმში მე იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება და ბოლომდე გენდობი, მაგრამ, იქნებ, შენ სულ სხვა ავადმყოფების ისტორიები და რენტგენის სურათები შემოგაჩეჩეს და ჯანმრთელ ადამიანებზე გითხრეს, განიკურნენო?
კლაუს ვერნერი კარგად იცნობდა თავის მილიარდერ შეფს და მისი ასეთი დაჟინებული სკურპულოზურობა არ უკვირდა. რეი საქსი ბიზნესმენი იყო და, როგორც ამ კატეგორიის ყველა ადამიანს, ერთი ცენტის განიავებაც კი არ უნდოდა. თუკი გოკიელის აღმოჩენის ამბავი სინამდვილე იყო, მაშინ საქსს მნიშვნელოვანი თანხის გაღება მოუწევდა პოტენციური, ძალიან სახიფათო კონკურენტის გასანეიტრალებლად, რათა საკუთარი ფარმაცევტული ბიზნესი არ ჩავარდნოდა, რომელსაც ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი ევროს მოგება მოჰქონდა და რის წყალობითაც მისი ფარმაცევტული კომპანია ერთ-ერთ უპირველეს და უმდიდრეს ბრენდად ითვლებოდა მსოფლიოში, თავად საქსი კი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ხუთეულის წევრი იყო... სწორედ საკუთარი ბიზნესის დასაცავად ჰქონდა შექმნილი საქსს სხვადასხვა სამსახური, რომლებიც მას დედამიწის ყველა კუთხიდან აწვდიდნენ ინფორმაციებს, შემდეგ ამ ინფორმაციებს ანალიზი უკეთდებოდა და შესაბამისი რეაგირება ხდებოდა მათზე. ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია საქსმა თბილისიდან მიიღო. ერთ-ერთი წამყვანი არხის ცნობილი ჟურნალისტი ანა კიკვაძე საკვირაო გადაცემაში დიდი აღფრთოვანებით მოუთხრობდა მაყურებელს ქართველ პროფესორ პავლე გოკიელზე, რომელმაც კიბოს განკურნების საშუალება აღმოაჩინა და ოთხი უიმედო ავადმყოფი გამოაჯანმრთელა. სწორედ ამ რეპორტაჟის შემდეგ გაგზავნა საქსმა ვერნერი თბილისში სიმართლის დასადგენად და უკან დაბრუნებული ფარმაცევტული სამსახურის უფროსისგან იმიტომ ცდილობდა ასე დაჟინებით სიმართლის დადგენას.
– ბატონო საქს, გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ, ამ შემთხვევაში თითქმის ასი პროცენტით გამოვრიცხავ ბლეფს. პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ ამ ბლეფით მოსარგებლეს ვერ ვხედავ. არ მგონია, რომ ვინმეს განგებ შემოეჩეჩებინა ჩემთვის რამე. ასეთ შემთხვევაში, თავად ონკოლოგებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები ამ საქმეში გოკიელის სასარგებლოდ, ისინი კი ვერ იტანენ პროფესორს, თუმცა, ვერც ფაქტს უარყოფენ და ადასტურებენ, რომ ერთი თვის წინ ოთხივე განკურნებული პაციენტი ონკოლოგიურ კლინიკაში იწვა და ყველა მათ სიკვდილს ელოდა. ერთ დღეს კი მათ პატრონებს თავად პავლე გოკიელი დალაპარაკებია და უთქვამს: თქვენი ახლობლები მაინც უიმედო ავადმყოფები არიან და, თუ მე გამატანთ, შეიძლება, განვკურნოო, რაზეც მას დათანხმდნენ და შედეგმაც გაამართლა. მართალია, გოკიელს უთხოვია მათთვის – ამ ამბავს ჯერ ნუ გაახმოვანებთ. სულ მალე მე თვითონ გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებასო, მაგრამ, ჟურნალისტს გააჩერებ, თანაც, გახარებულ ჟურნალისტს, ვისაც ქმარი საიქიოდან მოუბრუნეს?! ჰოდა, ანა კიკვაძემაც ეს სიუჟეტი გააკეთა და, ხომ გახსოვთ, რა ხოტბა-დიდებას ასხამს ის პროფესორს? მაგრამ გოკიელი ამ ამბავს უკიდურესად გაუღიზიანებია, ჟურნალისტისთვის მობილურზე დაურეკავს და გაულანძღავს.
– ეს ამბავი, ალბათ ჟურნალისტისგან შეიტყვე, ხომ?
– დიახ, პირადად ანა კიკვაძემ მომიყვა, მაგრამ პროფესორით ის აღფრთოვანებულია და მისი ლანძღვა არ წყენია.
– გასაგებია, – თქვა საქსმა და ჩაფიქრდა, პაუზის შემდეგ კი ვერნერს უთხრა:
– თუ ამ ქართველ პროფესორს კიბოს წამალი მართლაც გამოგონებული აქვს და ეს ყველაფერი მითი და შემთხვევითობა არაა, მაშინ სასწრაფო ზომებია მისაღები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ჩვენი ფარმაცევტული ინდუსტრია, და არა მარტო ჩვენი, ბანქოს სახლივით დაიშლება.
– დიახ, მართალს ბრძანებთ, ბატონო საქს. როგორც კი პავლე გოკიელი თავისი წამლის სერიულ წარმოებაში გაშვებას შეძლებს, მაქსიმუმ ორ თვეში მთელი ჩვენი წარმოება გაჩერდება და შემოსავლები აბსოლუტურ ნულს გაუტოლდება. სანამ ციურიჰში მოვფრინავდი, მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი, – დაუდასტურა საქსს ვერნერმა.
ამ სიტყვებზე მილიარდერს მრისხანებისგან თვალები აენთო, რადგან უცებ წარმოიდგინა, რომ კოტრდებოდა. მდიდრულ, ინკუსტირებულ  მაგიდას მუშტი დაჰკრა და იღრიალა:
– გავანადგურებ! მტვრად ვაქცევ, მაგრამ ამას არ დავუშვებ! ეგღა მაკლია, რომ ვიღაც მათხოვარმა მეცნიერუკამ ბიზნესიმპერია დამინგრიოს, – საქსმა კაბინეტში გაიარ-გამოიარა, სული მოითქვა, ნელ-ნელა დამშვიდდა და ვერნერს უთხრა:
– კეთილი, კლაუს, წადი და დაისვენე. დღეს აღარ მჭირდები. ნახვამდის.
– ნახვამდის, ბატონო საქს, – მიუგო ვერნერმა და მილიარდერის კაბინეტი დატოვა.
რეი საქსმა ჩიბუხი დატენა, გააბოლა და კაბინეტში ბოლთის ცემას მოჰყვა, თან იმაზე ფიქრობდა, როგორ გამოსულიყო იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელიც შეიძლება ორ-სამ თვეში დასტყდომოდა თავს და მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, როგორც თვითონ მიაჩნდა, ჯიბეგაფხეკილ მათხოვრად ექცია. სწორედ ამ აზრმა გამოიყვანა წყობიდან საქსი, როდესაც კლაუს ვერნერის თვალწინ მუშტი დაჰკრა მაგიდას. ზოგადად კი, ფარმაცევტი მილიარდერი ცივი გონების, ცივი გულისა და თითქმის უემოციო, ძალიან პრაგმატული და დაუნდობელი ადამიანი იყო. მის სამ მთავარ ღირებულებას ფული, ფული და კიდევ ერთხელ ფული წარმოადგენდა. ამის გამო კი ის არავის დაზოგავდა და ნებისმიერი საქციელისთვის იყო მზად, მით უმეტეს, როგორც ის ირონიით უწოდებდა – მათხოვარი ქვეყნის მათხოვარი მოქალაქის წინააღმდეგ. მათხოვარ მოქალაქეში ის პროფესორ პავლე გოკიელს გულისხმობდა, ქვეყანაში კი – საქართველოს. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო არ ჰქონდა მილიარდერ საქსს საქართველოში თავისი კორპორაციის მცირე ფილიალიც კი და, მით უმეტეს – წარმოება. საქსმა თხუთმეტიოდე წუთი აქეთ-იქით იარა, შემდეგ ჩიბუხიდან ფერფლი სანაგვეში ჩაბერტყა, ტელეფონის ყურმილს დასწვდა და თქვა:
– ჯონ, ჩემთან შემოდი, გელოდები!
ჯონ მოზესი, ვისაც მილიარდერმა დაურეკა, კორპორაციის საერთო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახლდათ. ეს განყოფილება კორპორაციაში ყველა სახის უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი, გარდა ფარმაცევტული უსაფრთხოებისა, რომელსაც კლაუს ვერნერი განაგებდა. საერთო უსაფრთხოება მილიარდერ საქსის პირადი სპეცსამსახური იყო, სადაც კარგად გაწვრთნილი და მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობდნენ. თავად ჯონ მოზესი კი ჯერ საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ მსახურობდა, შემდეგ – საფრანგეთის კონტრდაზვერვაში, ბოლოს კი საქსთან მოხვდა და მის ერთგულ „ნაგაზად“ და ყველაფერზე ხელისმომწერ „გალავარეზად“ ითვლებოდა. დედით ინდიელი, მამით კი სალვადორელი მოზესი დედამ მუცლით ჩამოიყვანა საფრანგეთში, როდესაც ქალი სადისტ ქმარს შტატებიდან გამოექცა და ჯონი პარიზის ღარიბ გარეუბანში გაჩნდა. პატარა ჯონს მხოლოდ დაწყებითი განათლება ჰქონდა მიღებული, შემდეგ კი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მოხვდა, რადგან დედამისი გათხოვდა და სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა, შვილი კი ბედის ანაბარა მიატოვა. ულმობელი სამყაროს პირისპირ დარჩენილ პატარა მოზესს მარტოს უხდებოდა თავის გატანა და თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლაში ხშირად ხვდებოდა პოლიციაში. თავისნაირებთან და პოლიციასთან ჭიდილში კი ისე გამოიწრთო, რომ საკუთარი გაუნათლებლობისა და უწიგნურობის კომპენსაციას ეშმაკობით, თავზეხელაღებულობითა და დაუნდობლობით ფარავდა. „უცხოურ ლეგიონში“ კი ფიზიკურად ძლიერი და გამძლე ჯონმა უპრობლემოდ გაიარა ყველა გამოცდა და, სამწლიანი სამსახურის პერიოდში, სადაც კი მის სპეცრაზმს გადაისროდნენ, ყველგან გამორჩეული იყო თავისი სისასტიკითა და მხეცის ალღოთი. შემდეგ ის კონტრდაზვერვაში ჩარიცხეს, მაგრამ, ოთხი წლის შემდეგ, ეგრეთ წოდებული „სამრეწველო სკანდალის“ გამო გააგდეს. ციხეს კი რეი საქსის წყალობით გადაურჩა და მილიარდერმა ის თავის კორპორაციაში წაიყვანა სამუშაოდ. „სამრეწველო სკანდალში“ კი მოზესი სწორედ საქსის გამო გაეხვია, რადგან, საქსის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომლის დავალებით, მოზესმა საქსის კონკურენტი ფირმის ოფისში მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა. ხოლო, როდესაც გამოძიება მოზესზე გავიდა და მას ციხე დაემუქრა, მის საშველად რეი საქსი გამოჩნდა, რომელმაც სკანდალი ჩააცხრო და მოწმე „მოტეხა“. ჯონ მოზესი ჯერ საქსის დაცვაში მუშაობდა, შემდეგ ამ სამსახურის უფროსი გახდა. ბოლოს კი მოზესმა მილიარდერის დავალებით კორპორაციის სპეცსამსახური შექმნა და მისი უფროსიც გახდა. მოზესი და მისი „ქოფაკები“, როგორც მათ საქსი უწოდებდა, მილიარდერის თვალები, ყურები და მახვილი იყვნენ. მათ არაფერი არ უნდა გამოჰპარვოდათ, საჭიროების შემთხვევაში კი ნებისმიერი ბინძური საქმე უნდა გაკეთებინათ, რასაც მათ საქსი მოზესის მეშვეობით უბრძანებდა...
ჯონ მოზესი საქსის კაბინეტში შევიდა, მაგიდის წინ შეჩერდა და უხმოდ მიაჩერდა პატრონს. მას არც სალამი უთქვამს და არც სკამზე დამჯდარა, რადგან, როგორც ყველა „ერთგული ნაგაზი“, მხოლოდ პატრონის სიტყვებს ელოდა და ბრძანებებს ასრულებდა.
– დაჯექი, ჯონ და მომისმინე, – უთხრა მოზესს მილიარდერმა.
მოზესი სკამზე ჩამოჯდა, თან მზერა არ მოუწყვეტია საქსისგან, მილიარდერმა კი განაგრძო:
– ჯონ, შენი ბიჭებიდან ორი შეარჩიე. ისინი საქართველოს დედაქალაქში, თბილისში უნდა გაემგზავრონ და პროფესორ პავლე გოკიელზე მოიპოვონ ამომწურავი ინფორმაცია, თან, თუკი ეს საჭირო გახდება, მის მოსატაცებლად, უკიდურეს შემთხვევაში კი, სალიკვიდაციოდ იყვნენ მზად. თუკი ასეთი რამ გახდება საჭირო, დამატებით გაცნობებ. ისე უნდა იმოქმედონ, რომ მათი კავშირი ჩვენს კორპორაციასთან არ გამჟღავნდეს. დაუყოვნებლივ იმოქმედე! გოკიელზე ამომწურავი ინფორმაცია მაქსიმუმ სამ დღეში მჭირდება. თავისუფალი ხარ.
ჯონ მოზესი ისევე უსიტყვოდ გავიდა, როგორც შემოვიდა, საქსი კი ტელეფონს დასწვდა. უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების უფროსს, სარა ბარდენს დაურეკა და თავისთან იხმო, რომელმაც ორიოდე წუთის შემდეგ შეაღო საქსის კაბინეტის კარი. ოთახში შევიდა, მილიარდერს გაუღიმა და უთხრა:
– გამარჯობა, ბატონო საქს, გისმენთ.
მილიარდერმა ბარდენს სკამზე მიუთითა და უთხრა:
– ჩვენი კორპორაციის ფილიალები, თუ არ ვცდები, სამოცდაცხრამეტ ქვეყანაში გვაქვს, საწარმო კი ორმოცდაცხრაში, ხომ?
– დიახ, ბატონო საქს, სწორედ ასეა, – დაუდასტურა მილიარდერს ბარდენმა.
– გადავწყვიტე, რომ ეს რიცხვები დავამრგვალო და, შესაბამისად, მეოთხმოცე ოფისი და ორმოცდამეათე საწარმო გავხსნა საქართველოში, – უთხრა საქსმა ქალს, რომელსაც სახეზე უხერხულობა აღებეჭდა და თავის პატრონს მიუგო:
– უკაცრავად, ბატონო საქს, მაგრამ ეს ქვეყანა სიაში არ გვყავს და, შეცდომას ხომ არ აქვს ადგილი?
– არავითარი შეცდომა, სარა, სწორედ საქართველოთი გავფართოვდებით. საწარმოს გახსნას, რა თქმა უნდა, ცოტა დრო დასჭირდება. აი, ოფისი კი სამ დღეში უნდა გაიხსნას და იმიტომ გამოგიძახე, რომ ორ საათში მოაგვარო ეს ამბავი. საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომელიმე პრესტიჟულ უბანში დიდი ფართი მოძებნე, ოფიციალური მხარე მოაგვარე და სამოცდათორმეტი საათის შემდეგ პრეზენტაცია დანიშნე. თან ჩვენი დიზაინის სამსახურიც გააფრთხილე, რომ დღესვე დაიჭირონ თადარიგი თბილისში გასამგზავრებლად და ოფისის მოსაწყობად. პრეზენტაციაზე შენ გაემგზავრები. აბა, შეუდექი საქმეს. ორ საათში ველოდები შენგან პასუხს, – უთხრა ბარდენს საქსმა და კაბინეტიდან გაისტუმრა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3