როგორი სქემით აპირებდა ლავრენტი ბერია „ცეერუში“ „ჩეკას“ ჯგუფის შექმნას
ისტორიკოსი მარლენ ბორისოვი წერს: „2014 წელს ძველი პარტიული არქივის ერთი მცირე ნაწილი განსაიდუმლოვდა. საშუალება მომეცა, იქ მემუშავა და ერთ უაღრესად საინტერესო, სქელტანიან საქაღალდეს წავაწყდი. მასში მოთავსებულ 135 ნაბეჭდ თაბახის ფურცელზე გადმოცემულია გენერალ-ლეიტენანტ პავლე ნოვიკოვის მიერ მოთხრობილი ამბები ჩეკისტ ლავრენტი ბერიაზე და ბევრ ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. 1900 წელს დაბადებული ნოვიკოვი ბერიაზე ერთი წლით უმცროსი იყო და ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ბავშვობიდან ჩაება სადაზვერვო საქმიანობაში. ეს უნიჭიერესი ადამიანი ჯერ კიდევ 1919 წელს, უშუალოდ ფელიქს ძერჟინსკიმ მოამზადა სპეციალურად და გერმანიაში გაიგზავნა სადაზვერვო საქმიანრობის საწარმოებლად, სადაც 1925 წლამდე იმუშავა, შემდეგ კი, დროებით ისევ მოსკოვში დაბრუნდა. ჟურნალისტ კურტ ნოიბარტის სახელით მომუშავე ნოვიკოვი გერმანიაში სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკურ ინფორმაციას აგროვებდა და მეკავშირეს ატანდა მოსკოვში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მეკავშირე იყო ლავრენტი ბერია 1923 წლის აგვისტოში, როდესაც ისინი ბერლინის ერთ-ერთ მყუდრო სკვერში შეხვდნენ ერთმანეთს. იმ პერიოდისთვის, 24 წლის ლავრენტი ბერიას საქართველოს „ჩეკაში“ მაღალი თანამდებობა ეკავა და „ოგეპეუს“ (პოლიტიკური სამმართველო) ხელმძღვანელობდა. ანუ, თანამდებობის პირი იყო და რიგითი მეკავშირეობა არ შეეფერებოდა მის რანგს. თუმცა, ბერია პირადად სტალინის უშუალო დავალებით გაიგზავნა ბერლინში და არა მარტო სტრატეგიული ინფორმაციის მოსკოვში ჩამოსატანად, არამედ უფრო მნიშვნელოვანი მისიით. ეს მისია კი გახლდათ შემდეგი: ბერიამ ნოვიკოვს გადასცა მოსკოვში, ლუბიანკასა („ჩეკას“ შტაბ-ბინა) და კრემლში შემუშავებული სქემა თუ როგორ უნდა შეეღწია, თავის ჯგუფთან ერთად, ამ პერიოდში (1923 წელს) ჯერ კიდევ ახლად ჩამოყალიბებული ნაციონალ-სოციალისტების ხელმძღვანელობაში, რომელსაც ადოლფ ჰიტლერი ედგა სათავეში.
53 წლის ორვარსკვლავიანი გენერალი პავლე ნოვიკოვი 1953 წლის აგვისტოში იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის სრულიად საიდუმლოდ იმყოფებოდა მოსკოვში ორი დღით, რომ ცოლ-შვილი მოენახულებინა. იმ პერიოდში კი, ზესაიდუმლო საბჭოთა მზვერავი ბრიტანეთის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა არალეგალურად, რომ „ცეერუში“ ემუშავა, რა თქმა უნდა, საბჭოეთზე... ომის დასრულების შემდეგ „ფაშისტი კურტ ნოიბარტი“ (პავლე ნოვიკოვი), უშუალოდ ბერიას ჩანაფიქრით, ნებაყოფლობითა და საიდუმლოდ ჩაბარდა ამერიკელებს და მათზე მუშაობდა. სინამდვილეში კი, ბერიას დავალებით, „ცეერუში“ უნდა შეეღწია და ეს რვაწლიანი მცდელობის შემდეგ, მოახერხა კიდეც. მაგრამ, ბერია უკვე შეთქმულთა მიერ იყო მოკლული და ზესაიდუმლო საბჭოთა აგენტიც დააპატიმრეს, როგორც „ბერიას კაცი“. გენერალი ლუბიანკაზე გამოამწყვდიეს და სწორედ ლუბიანკაზეა დაწერილი ნოვიკოვის ეს 135-გვერდიანი საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც მარშალ ბერიას სადაზვერვო გენიაზე მეტყველებს. პავლე ნოვიკოვი წერს: „მხოლოდ ორი წლის შემდეგ, მოსკოვში დაბრუნებისას შევიტყვე, რომ 1923 წელს ჩემთან გამოგზავნილი მეკავშირე მაშინდელი საქართველოს „ოგეპეუს“ უფროსი, ლავრენტი ბერია ყოფილა და მაინცდამაინც არ გამკვირვებია ეს ფაქტი. საქმე კი ლუბიანკისა და კრემლის პირველი პირების მიერ შედგენილ შეღწევის ზესაიდუმლო სქემას შეეხებოდა და საკვირველი არ იყო, რომ სტალინმა და ძერჟინსკიმ სწორედ ბერიას ანდეს ეს საქმე...“
გენერალ ნოვიკოვის ჩანაწერებიდან ცხადზე უცხადესია, რომ სტალინი კარგად იცნობდა ბერიას 1923 წელს და ენდობოდა კიდეც, რადგან ასეთი ზესაიდუმლო მისია დააკისრა. მეტიც, ფაშისტურ მოძრაობაში ჩეკისტებისა და ჩეკისტების მიერ გადაბირებული აგენტების შეღწევისა და დამკვიდრება-წინსვლის სქემაში ბერიას მოსაზრებებიცაა გათვალისწინებული... ყველაზე საგულისხმო კი ისაა, რომ ჯერ კიდევ 1923 წელს, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე 10 წლით ადრე, საბჭოთა დაზვერვას თავისი ხალხი შეჰყავდა მის გარემოცვაში და ხელისუფლებაში მოსვლაშიც ეხმარებოდა. უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ეს ყველაფერი არამც თუ იცოდა 24 წლის ლავრენტი ბერიამ, არამედ პირადადაც მონაწილეობდა ამ ამბებში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი დიდად ენდობოდა ქართველ „ჩეკისტს“ და სულ მალე ის საქართველოს „ჩეკას“ უფროსადაც დანიშნა...
დავუბრუნდეთ პავლე ნოვიკოვის ჩანაწერებს, რომელიც წერს: „ბერიას მეორედ 1927 წელს, მოსკოვში, სტალინის კრემლის კაბინეტის მისაღებში შევხვდი. იმ პერიოდში მოსკოვში სრულიად საიდუმლოდ, ორი დღით ვიყავი ჩასული ბერლინიდან, რომ სტალინისთვის დაწვრილებით მომეთხრო ჰიტლერისა და მისი მოძრაობის შესახებ. ცხადი იყო, რომ ამით უაღრესად დაინტერესებული იყო იოსებ ბესარიონოვიჩი. მე სწორედ იმ დროს შევეფეთე ბერიას, როცა სტალინის კაბინეტიდან გამოვიდა, მე კი პოსკრებიშევმა სტალინთან მიხმო. ჩეკისტის ფორმაში გამოწყობილმა ბერიამ მიცნო, ხელი ჩამომართვა და გერმანულად მითხრა მეკავშირის პაროლი, რომელიც ჩვენი შეხვედრის დროს გამოიყენა, 1923 წელს. ამით მაგრძნობინა, გიცანიო და წავიდა... 1938 წლის ნოემბრიდან, როგორც კი ლავრენტი ბერია „ენკავედეს“ უფროსად დაინიშნა, მასთან უკვე პირადი, საიდუმლო შეხვედრები მქონდა მოსკოვში. მცირე ხნით ჩავდიოდი სპეციალურად და სტრატეგიულ ინფორმაციებს პირისპირ, მესამე პირის გარეშე, ვაწვდიდი მას. ის კი, რა თქმა უნდა, უკვე სტალინს ამარაგებდა ამ ცნობებით და ვხვდებოდი, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა გერმანიის წინააღმდეგ წარმოებულ სადაზვერვო საქმიანობას“.
გენერალ-ლეიტენანტი პავლე ნოვიკოვი მართლაც ერთ-ერთი უძვირფასესი საბჭოთა აგენტი იყო, რომელმაც ჰიტლერის გარემოცვაში რამდენიმე ისეთი გადაბირებული აგენტი შეიყვანა, რომლებიც ბევრს წყვეტდნენ. იგივეს მოახერხებდა ნოვიკოვი „ცეერუშიც“, რომ არა ხრუშჩოვი, რომელმაც „ბერიას კაცი“ – ნოვიკოვი 10 წლით ციხეში ჩასვა და ბერიას გეგმა – „ცეერუში“ ჩეკისტური ჯგუფის შექმნის შესახებ, ჩააგდო...
ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბერიას სადაზვერვო საქმიანობის გერმანულ მიმართულებაში ისაა, რომ ჰიტლერის კანცელარიის უფროსი მარტინ ბორმანი „ჩეკას“ კაცი იყო და პავლე ნოვიკოვმა გადაიბირა 1925 წელს. როგორც მზვერავები იტყვიან – ყურებით იყო დაჭერილი. მარტინ ბორმანი, როგორც ცნობილია, დაუსწრებლად გაასამართლეს ნიურნბერგის პროცესზე და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. შემდეგ კი ხმები გავრცელდა, რომ თითქოს ბორმანმა გარეგნობა შეიცვალა და სამხრეთ ამერიკაში გაიქცა. დაყარეს ხმებიც, რომ თითქოს ბორმანი ბერლინის დაბომბვისას განადგურდა. იყო სხვა ხმებიც... სინამდვილეში კი მარტინ ბორმანი „ენკავედეს“ ოპერატიულმა ჯგუფმა პირადად ბერიას დავალებით გამოიყვანა ბერლინიდან. ის ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს და მას საიდუმლო ვითარებაში შეხვდა ბერია. შემდეგ კი ბორმანი ცენტრალურ რუსეთის ერთ-ერთ წყნარ დაბაში დაასახლეს, სადაც ის 1966 წელს გარდაიცვალა... ბორმანის გადამბირებელი პავლე ნოვიკოვი წერს: „ჩეკას“ ოპერატიულ ჯგუფს, რომელმაც ბორმანი ბერლინიდან მოსკოვში ჩაიყვანა, მეც თან ვახლდი. ბორმანი, მართალია, „ჩეკას“ აგენტი იყო და თავიდანვე ჩვენზე მუშაობდა, მაგრამ ის იმავდროულად, ფაშისტური მმართველი ელიტის წარმომადგენელი და ჰიტლერის ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ, მას სხვების მსგავსად თანაბრად მიუძღვოდა წვლილი ფაშისტური დანაშაულებების ჩადენაში. ეს კი ძალიან სახიფათო იყო და მოსკოვში რომ ჩავედით, ისიც კი გავიფიქრე, მეც და ბორმანსაც თავიდან მოგვიშორებენ, რადგან ძალიან ბევრი ვიცით-მეთქი. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. ბერიასთან ცალ-ცალკე შეგვახვედრეს და ამის მერე ბორმანი გადამალეს. მე კი ლავრენტი პავლოვიჩმა გულითადი მადლობა გადამიხადა მუშაობისთვის და გენერალმაიორობა მომილოცა. შემდეგ კი თავისი გეგმა გამაცნო ამერიკულ დაზვერვაში შეღწევის შესახებ, რაც უნაკლოდ იყო მოფიქრებული. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარშალი ბერია დაზვერვის გენია იყო...“
პავლე ნოვიკოვი 1987 წელს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და უკვე გაგანია „პერესტროიკის“ დროს თავის ორწუთიან ტელეკომენტარში, რომელიც დაიბლოკა, იგივე გაიმეორა – ბერიას დაზვერვის გენია უწოდა.