რა წაუგებელი ტაქტიკით მოქმედებენ სომხები აფხაზეთში და რა არეულობაა იქ მოსალოდნელი
სეპარატისტულ აფხაზეთში რეფერენდუმი ისე დაინიშნა და ისე ჩაიშალა, რომ არც ჩვენს მშობლიურ მედიას მოუკლავს თავი ამ ამბის გაშუქებით და არც ჩვენს მშობლიურ პოლიტიკოსებს – ენგურს იქით მიმდინარე პროცესების გაანალიზებით. მიზეზი „საპატიოა“ – ერთიცა და მეორენიც წინასაარჩევნო მარათონით არიან გართულნი, თან – მასში ჩართულნიც; და, სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ასეთი საქმეებისთვის სკამების განაღდების შემდგომ მოიცლიან. მაგრამ, რაკი აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ვერ დაელოდება და არც დაელოდება ქართული პოლიტიკური პროცესების საარჩევნო გასრულებას, ებრაელ პოლიტოლოგსა და კავკასიოლოგს, აბრაამ შმულევიჩს დავეკითხეთ აზრს აფხაზეთში მიმდინარე პროცესების მიზეზ-მოტივებზე.
– რეფერენდუმი ჩატარდა სოხუმში, თუ ამას რეფერენდუმი შეიძლება, ეწოდოს: გამოცხადების მაჩვენებელი 1 პროცენტი იყო. აფხაზეთში ამჟამად მიმდინარე პროცესები გარედანაა ინსპირირებული თუ მხოლოდ შიდა პრობლემებია?
– ვფიქრობ, სიტუაცია ნათელია: იმ ძალებმა, რომლებიც ჩამოაშორეს ხელისუფლებას...
– ანქვაბს გულისხმობთ?
– დიახ. მათ გადაწყვიტეს რევანში და იმ ხალხის ჩამოშორება ძალაუფლებისგან, რომლებიც ახლა არიან ხელისუფლებაში. ამიტომაც ინიცირებული იყო რეფერენდუმის ჩატარება ერთადერთი შეკითხვით, დაინიშნოს თუ არა ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, იმ საფუძვლით, რომ ახლანდელი „ხელისუფლება“ მოვიდა გადატრიალების გზით, რაც შეესაბამება სიმართლეს და, ამდენად, იმ მომენტში ჩატარებული არჩევნები არ შეიძლება, ჩაითვალოს ლეგიტიმურად. ამის უკან, რა თქმა უნდა, დგას ანქვაბი. ამ ძალებმა, ასევე, ისარგებლეს „შინაგან საქმეთა მინისტრის“ შეცდომით, მით უფრო, რომ ის ისედაც არ იყო პოპულარული და ამიტომ ოპოზიციამ გადაწყვიტა, მასზე შეტევით გაემყარებინა თავისი პოზიცია. ისარგებლეს მისი შეცდომებით და გამოაქვეყნეს ჩანაწერი, რომელშიც ის მოუწოდებდა მილიციელებსა და მათ ნათესავებს, არ მიეღოთ მონაწილეობა რეფერენდუმში. მაგრამ ოპოზიციამ ვერ გათვალა მთავარი: აღშფოთების ტალღა, რომელიც ამ ჩანაწერის გამოქვეყნებამ გამოიწვია, გადაიზარდა შსს-ს შენობის შტურმში, რამაც შეაშინა თავად აფხაზები. რადგან აფხაზების დიდი ნაწილი არ არის მზად თავის ქვეყანაში ძალისმიერი რევოლუციის მოსაწყობად. ამიტომ მოხერხდა ამ პროტესტის ჩაქრობა: რომ არ მომხდარიყო მთავრობის სახლის შტურმიც, ხაჯიმბას 500-600 მხარდამჭერი მორიგეობდა იქ. ამას გარდა, ოპოზიციამ დაუშვა კიდევ ერთი შეცდომა: მათ ვერ გათვალეს, რომ რეფერენდუმი დანიშნული იყო გაგანია საკურორტო სეზონის დროს, როდესაც აფხაზებს არ სცალიათ პოლიტიკისთვის, რადგან ფულის კეთებაზე არიან გადართულები. მოგვიანებით მოინდომეს რეფერენდუმის გადატანა და მოითხოვეს „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გადაყენება. ხაჯიმბა ამაზე წავიდა, მაგრამ რეფერენდუმი არ გადადო: კანონი არ იძლევა ამის საშუალებასო და იცით, რომ რეფერენდუმზე გამოცხადდა 1 500 ადამიანზე ცოტა.
– და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება?
– ჩემი აზრით, ოპოზიციის შეცდომები გაანალიზდება და შემოდგომამდე აფხაზეთში პოლიტიკური სიმშვიდე იქნება. შემოდგომაზე კი გაგრძელდება რევანშის მცდელობა. ანქვაბი პროცესებს მართავს უხილავად. სხვა აფხაზი ლიდერებისგან განსხვავებით, ის არ არის საჯარო პირი: ყველაფერს აკეთებს ისე, როგორც ამას აკეთებენ მილიციელები და სპეცსამსახურების თანამშრომლები. თავად არ ჩნდებიან, მაგრამ არწმუნებენ ყველას, რომ არიან წესრიგის ერთადერთი გარანტები. მეორე მხრივ, ანქვაბი წლებთან ერთად არ ახალგაზრდავდება და თუ სიმართლეს ვიტყვით, არც უფრო ჭკვიანდება. მთავრობა კი მოემზადება შემოდგომისთვის, ამიტომ მოახერხებს თუ არა ამ სცენარის ამოქმედებას შემოდგომაზე, რთული სათქმელია. თუ ანქვაბმა ახლა დაუშვა ეს უხეში შეცდომები, არ არის გარანტია, რომ არ გაიმეორებს მათ შემოდგომაზეც. მაგრამ რევანშის მცდელობა, უდავოდ, ექნება. ანქვაბმა თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში დაუშვა რამდენიმე ფატალური შეცდომა. მთავარი შეცდომა იყო, რომ გაიქცა აფხაზეთიდან; მისი პირველი შეცდომა კი იყო ის, რომ ომის დროს თავდაპირველად ფსონი დადო ქართველებზე, არ სჯეროდა აფხაზების გამარჯვების.
– მაგრამ მე ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ ანქვაბი ქართველების მხარეს ყოფილიყოს ოდესმე.
– სულ თავიდან და შევარდნაძეს ჰქონდა მცდელობა, რომ დაენიშნა არძინბას ნაცვლად. ის ხომ საქართველოს მთავრობაზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში?!
– პირველად მესმის, რომ შევარდნაძე აპირებდა ანქვაბის დანიშვნას, მუშაობით კი ნამდვილად მუშაობდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შსს-ში, ბაღაფშიც მუშაობდა აქ და არძინბამაც თბილისში დაიცვა დისერტაცია.
– ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ეს სხვა საუბრის თემაა. მაგრამ მას იმთავითვე სდებდნენ ბრალს, რომ თავდაპირველად ის მხარს უჭერდა თბილისს, რის გამოც ვერ ჩადიოდა აფხაზეთში და რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში.
– ანუ გამორიცხავთ გარე ფაქტორებს აფხაზეთში, თქვენი აზრით, პროცესები მოტივირებულია მხოლოდ შიგა ინტერესებით?
– რუსეთი აფხაზური მიმართულებით აღარ აქტიურობს მას მერე, რაც უხეშად ჩაერია ბაღაფშის არჩევის შემდეგ. ახლა რუსეთი გამოკვეთილად მშვიდად იქცევა, თუმცა ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს და როგორც ჩანს, ორივე მხარეს ჰყავს თავისი მხარდამჭერები მოსკოვში. ოპოზიციას, სავარაუდოდ, მხარს უჭერს სურკოვი, ხაჯიმბას მფარველი კი კრემლში კოზაკია, რომელთანაც მას კარგი ურთიერთობა აქვს, ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და კოზაკი უწყობს მას შეხვედრებს პუტინთან. ანუ ორივე მხარეს ჰყავს თავისი ლობისტები. კრემლი ჭკვიანურად იქცევა, პირდაპირ არ ერევა და ისე აკეთებს კორექტირებას, რომ ეს გარედან არ ჩანს.
– არ ვიცი, რამდენად სანდოა ინფორმაცია, რომელიც ქართულ სოციალურ ქსელში ვრცელდება, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება გარკვეულ მიზანს ემსახურება, იმისდა მიუხედავად, სინამდვილეა თუ არა. თითქოს აფხაზეთის სომხები ითხოვენ კულტურულ ავტონომიას. თქვენ რა იცით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში რა დოზით იღებს მონაწილეობას იქაური სომეხი მოსახლეობა და ვის მხარეს არიან ამ დაპირისპირებისას?
– მინდა გითხრათ, რომ არაგონივრული დეზინფორმაციაა და არ ვიცი, ვისზეა გათვლილი. სომხები, ტრადიციულად, გონივრულად იქცევიან. ერთგულნი არიან თავიანთი ჩვეული ტაქტიკის – რჩებიან მეორეხარისხოვან როლში და ორივე ბანაკში არიან გადანაწილებული. საერთოდ, სომხებს მკაფიოდ ესმით, რა ხდება აფხაზეთში და რა ტიპის სახელმწიფოს აშენებენ იქ. როდესაც ოფიციალური პირები აფხაზეთში ამბობენ, აფხაზეთის მოსახლეობაო, ისინი არ გულისხმობენ რუსულ ან სომხურ თემებს, გულისხმობენ მხოლოდ აფხაზებს. აფხაზეთში არ აშენებენ მრავალეროვან საზოგადოებას. უფრო ზუსტად, აფხაზეთში უკვე არის ასეთი ტიპის საზოგადოება: აფხაზეთი აფხაზებისთვის. ძალოვანი რესურსები არის აფხაზების ხელში და სხვა თემებს იტანენ მანამ, სანამ ისინი წინააღმდეგობას არ უწევენ აფხაზების ბატონობას. ხოლო, თუ ისინი ამას ეცდებიან ან ზედმეტად ჩაერევიან შიგა საქმეებში, როგორც ეს მოხდა გალის ქართველების შემთხვევაში – როდესაც ქართველების ხმებმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი – ქართველებს უბრალოდ ჩამოართვეს ხმის უფლება ან არ აძლევენ აფხაზეთში კერძო საკუთრების შეძენის უფლებას. სომხებს ეს შესანიშნავად ესმით და ისინი არაფერს ითხოვენ. ეს მათთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. მათ, როგორც გითხარით, აქვთ საყვარელი ტაქტიკა – იყვნენ მეორეხარისხოვან ადგილას და ორივე ბანაკში. ეს პოზიცია არავის აღიზიანებს.
– რაოდენ ძლიერადაც უნდა უნდოდეთ აფხაზებს აფხაზეთი მხოლოდ თავიანთთვის, ამის განსახორციელებლად აფხაზებია საჭირო და იმ რაოდენობით, რომ დომინირებდნენ სხვებზე. მეორე მხრივ, სანამ აფხაზეთის სომხები ჩრდილში არიან, ისინი კრეფენ რაოდენობას.
– მაგრამ ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა ხდება ახლა?!
– მესმის, მაგრამ არც ისაა ნაკლებ საინტერესო, რა მოხდება მომავალში, თქვენი აზრით?
– ისინი აგროვებენ რაოდენობას, გარდა ამისა, ფაქტორია სომხური სახელმწიფოს არსებობის ფაქტი; სომხური ლობიც – რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არ ამოქმედებულა. გავიხსენოთ სომხების საყვარელი მეთოდი, თუ როგორ მოდიოდნენ ამა თუ იმ რეგიონის ხელისუფლებაში: ისინი მრავლდებიან, მათ ვერ ამჩნევენ პოლიტიკურად, ცდილობენ, არ გააღიზიანონ ადგილობრივი მოსახლეობა და როდესაც პოლიტიკურ ზღვარს მიაღწევენ, თავიანთ ხელში იღებენ ძალაუფლებას და ყველას აძევებენ რეგიონიდან. სხვათა შორის, იგივე მოხდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაშიც. მოხდება თუ არა ეს თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე, არ ვიცით, მაგრამ ჯერჯერობით სომხების პოლიტიკური წარმომადგენლობა მცირერიცხოვანია, თუმცა მათი რაოდენობა იზრდება. ძალიან საინტერესო ფაქტია, თუ როგორ მოხვდნენ ისინი აფხაზეთში: თურქეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შემდეგ. ან საიდან გაჩნდა ცნობილი „ბაგრამიანის ბატალიონი“?! წაიკითხეთ, ისტორია: სომხები იყვნენ თურქეთის ხელისუფლებასთან მებრძოლი „ბოევიკები“, თურქეთს ებრძოდნენ ორ წელს 1918 წლამდე და შემდეგ თურქებმა დაუშვეს მათი გადასვლა აფხაზეთში. მგონი, ეს თქვენ არ იცოდით.
– არა, მე ცოტა სხვა ვერსია ვიცი, თუმცა თქვენს ვერსიას დავაზუსტებ ჩვენს ისტორიკოსებთან.
– მოკლედ, მომავალში შესაძლოა, ძალიან საინტერესოდ განვითარდეს მოვლენები, მაგრამ ჯერჯერობით სომხების როლი ასეთია.
– თურქულ ფაქტორზე მინდა, ვისაუბროთ. აფხაზურ ჯგუფებში რამდენიმე ადგილას წავაწყდი მოსაზრებას, რომ ნამდვილი აფხაზი მუსლიმანი აფხაზია. არადა, ნამდვილი აფხაზი არის ქრისტიანი აფხაზი, გამომდინარე აფხაზთა ყველაზე დიდი მეფეების – ლეონ პირველისა და მეორის მოღვაწეობიდან. რა მოვლენაა ეს თუ თურქეთი ცდილობს, გააძლიეროს თავისი გავლენა აფხაზეთში?
– რთული საკითხია, აფხაზეთი მუსლიმანურია თუ ქრისტიანული. არსებობს ვერსია, რომ აფხაზები არიან ერთ-ერთი ჩერქეზული ტომის შთამომავლები... ყოველ შემთხვევაში, აფხაზების ნაწილი თავს აღიქვამს მუსლიმანად. მაგრამ, თუ ადრე ტრადიციული კავკასიური ისლამი იყო, რომელიც მშვიდობიანად თანაარსებობდა სხვა რელიგიებთან, დღევანდელი ისლამი სხვაგვარია, აგრესიული და მათ უნდათ, დაამტკიცონ, რომ აფხაზები ყოველთვის იყვნენ მუსლიმანები. აფხაზეთში მუსლიმანების რიცხვი ბევრი არ არის, მაგრამ ისინი ცდილობენ, პროპაგანდა გასწიონ. თუმცა აფხაზეთის ხელმძღვანელობა მხარს უჭერს ქრისტიანობას. პლუს, ვფიქრობ, ეს ინფორმაცია აქვს რუსულ უშიშროებასაც და ისინიც ეცდებიან, ეს საფრთხე თავიდან აიცილონ. რაც შეეხება თურქულ ფაქტორს: აფხაზეთი დაკავშირებულია თურქეთთან, მაგრამ რუსეთი ცდილობს, შეავიწროოს თურქეთის გავლენა აფხაზეთში. მეორე მხრივ, თურქეთსაც დიდად არ უნდა ჩართვა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებში, თუმცა აკვირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით გადამწყვეტ როლს არ ასრულებენ.
– რუსეთი არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ აფხაზეთში გაუქმდეს აპარტეიდული კანონი, რის მიხედვითაც საკუთრების შეძენის უფლება აქვს მხოლოდ ლამის აფხაზს. რუსეთს არ აინტერესებს აფხაზეთში კერძო საკუთრება?
– ეს კანონი, რა თქმა უნდა, აპარტეიდულია, ასეთი რამ არსად არ არის. არც ის, რომ აფხაზეთის „პრეზიდენტი“ შეიძლება, გახდეს მხოლოდ აფხაზი. სურკოვს უნდოდა ამ კანონის გაუქმება, მაგრამ აფხაზი საზოგადოება ხისტია ამ საკითხისადმი. ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში აფხაზეთში ყველაფერს იყიდის რუსეთი. მეორე მხრივ, მათ ეშინიათ, რომ ამ გზით აფხაზეთში დაბრუნებას შეძლებენ ქართველი დევნილები. ამიტომაც ეწინააღმდეგებიან. არც მოსკოვია ძალიან დაინტერესებული იმით, რომ გააუქმოს ეს კანონი აფხაზ საზოგადოებასთან ტოტალურ კონფრონტაციაზე წასვლით. აფხაზი საზოგადოება ერთიანია საკითხში, რომ არ უნდა დაუშვან პრივატიზაცია. თქვენ ხედავთ, რომ აფხაზეთში კრიზისია და განვითარების არანაირი საშუალება არ არის. ძალაუფლება მხოლოდ აფხაზებს აქვთ, ეს გასაგებია, მაგრამ არც აფხაზებს შორისაა მრავალრიცხოვანი კადრების ფენა. ხაჯიმბათი უკმაყოფილოები არიან მისი თანამოაზრეებიც კი. ის მოვიდა განახლების იდეით, თითქოს კასტური სისტემის დამსხვრევა უნდოდა, მაგრამ ამისთვის მზად არ არის აფხაზეთი.