რა განსხვავებაა მოსკოვისა და ვაშინგტონის მეთოდებს შორის, რატომ ცდილობს დასავლეთი, თავი მოგაწონოს და რატომ გადის რუსული პოლიტიკური სიყვარული მხოლოდ მათრახზე
ჩრდილოეთი თუ დასავლეთი?! – ეს დილემა დამოუკიდებლობის შემდგომი პერიოდიდან დგას საქართველოს მოსახლეობის წინაშე. მეტიც, არა მხოლოდ საქართველოს, ლამის დედამიწის მოსახლეობის წინაშე. ამავდროულად, თვალშისაცემია ამ ორის ტაქტიკას შორის განსხვავება გავლენის სფეროების, ქვეყნების კეთილგანწყობის მოპოვებისა თუ მათი მიმხრობის საქმეში. მაგალითად, კონკრეტულად საქართველოში აშშ უამრავი პროექტის დამფინანსებელია: ქართული ისტორიული ძეგლების აღდგენისთვის თანხის გამოყოფით დაწყებული და ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებით დამთავრებული, იმას გარდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია არა მხოლოდ ამღიარებელია ამ ჩვენი ორი სეპარატისტული რეგიონის, არამედ მცოცავ ოკუპაციასაც განაგრძობს და ერთგულია მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდის, რომლის არსიცაა, თუ ჩემთან არ იქნები, მოგახრჩობ, ჩემთან ერთად კი მხოლოდ სამ თვლაში ერთხელ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის საშუალება მოგეცემა. ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად შევეცდებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის შედარებით დახასიათებას არჩევნის დილემის წინაშე მდგარი ქვეყნის მოქალაქეების პოზიციიდან.
– რა განსხვავებებია მომხრე ქვეყნების მოპოვების მეთოდებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის?
– თქვენ უკვე აღწერეთ მეთოდები და ის ფორმულა, რომელიც ამ აღწერას ერგება, არის განსხვავება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. საქართველოში პრობლემა ის არის, რომ დემოკრატია, მგონი, ცოტა გულუბრყვილოდაა გაგებული. გასული საუკუნის 90-იან წლებში უმაღლესი სასწავლებლების მისაღებ გამოცდებში ჩაჭრილი აბიტურიენტები საშიმშილოდ დაწვნენ, მოთხოვნით, თუ დემოკრატიაა, ჩაგვრიცხეთო.
– ჩვენ ახლა ვიმკით იმ ჩარიცხვის შედეგებს იმ დარგის სპეციალისტების სახით, რომლებიც ჩაჭრილები იყვნენ, მაგრამ მაინც მოახერხეს დიპლომების განაღდება.
– გულუბრყვილობაა დემოკრატიის ასე გაგება. დემოკრატიის ქვეშ არ იგულისხმება, რომ სხვა სახელმწიფოს, დემოკრატიულს, შენი კონტროლი არ ენდომება. დემოკრატიის ქვეშ იგულისხმება ის, რომ ამ კონტროლისას ის არ წავა ძალადობაზე. ძალადობით იღებ, რაც გინდა, თუ მეორე მხარის ინტერესიცაა გათვალისწინებული? – აქ არის დემოკრატიის კვანძი და არა ის, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს არაფერი უნდათ. რა თქმა უნდა, მათ თავიანთი მიზნები აქვთ და საქმეც ისაა, როგორ ცდილობენ ამ მიზნების მიღწევას. თქვენ შესავალში ჩამოაყალიბეთ პრინციპი, თუ როგორ: დემოკრატიული ქვეყნები ცდილობენ, გახდნენ უფრო მისაღები და მომხიბვლელი შენთვის და ამით შენშივე გააღვიძონ იმის სურვილი, გაჰყვე მას, მისი ინტერესებით იმოქმედო. ხოლო არადემოკრატიული ქვეყნები ცდილობენ, რომ, იმოქმედო მისი ინტერესებით, იმიტომ რომ გეშინია და არა იმიტომ, რომ მასთან ყოფნა გინდა.
– რუსეთზე ორიენტირებულებისგან მომისმენია არგუმენტი, რომ სასტიკი ქმედება ახასიათებს დასავლეთსაც და ამის დასტურად მოჰყავთ იუგოსლავიის დაბომბვისა და ერაყის მაგალითები.
– საერთოდ, რაში სჭირდება დემოკრატიულ ქვეყანას, რომ სხვა ქვეყანაც იყოს დემოკრატიული?!
– ალბათ, რომ დაიმსგავსოს და მისგან საფრთხე აღარ მოდიოდეს.
– არა, დემოკრატიულობა მათთვის ნიშნავს იმას, რომ ხალხის ინტერესები იყოს დაცული. შესაბამისად, თუ ხალხი კარგად იცხოვრებს, მას ენდომება, რომ მისი ხელისუფლება იყოს ამერიკის ინტერესების გამტარებელი. ასეთია ვერსია. ოღონდ, თუ ხელისუფლების სათავეში დიქტატორია, მას ხალხის აზრი არ დააინტერესებს და, შესაბამისად, აი, ეს ბერკეტი, რომ კარგად ცხოვრებით გახადო შენი მომხრე ესა თუ ის ქვეყანა, დიქტატორის პირობებში იკარგება. სადამ ჰუსეინის მოსახლეობა რა თვალით უყურებდა დასავლეთს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ერაყის პოლიტიკისთვის. ერაყი მაინც იმ პოლიტიკას გაატარებდა, რაც სადამ ჰუსეინის ინტერესებში შედიოდა, იმიტომ რომ, იყო დიქტატურა.
– მილოშევიჩთანაც დიქტატურის ელემენტია?
– იგივე ხდებოდა მილოშევიჩის შემთხვევაშიც. მაგრამ ამ დემოკრატიულ მოდელში რამდენიმე ხაფანგია, რომელსაც დასავლეთი, სამწუხაროდ, ვერ ითვალისწინებს. ჰიტლერიც ხალხმა მოიყვანა და არ არის გამორიცხული, რუსეთის მაგალითით ვლაპარაკობ ამჯერად, რომ ხალხს დიქტატურა ერჩივნოს დემოკრატიას. თუკი ლიდერმა კარგად იმუშავა, იგივე პუტინი, კასტრო, ეყოლება თავისი ისეთი ელექტორატი, რომელსაც ის უნდა და არ უნდა ეს დასავლეთის დემოკრატია; ანუ კარგი მეფე ურჩევნია, ბოდიში ჩანართისთვის, ცუდ დემოკრატიას. თუ ხალხს ეს უნდა და თუ ხალხს ვექცევით, როგორც დემოკრატები, მაშინ მას ეს სურვილი უნდა ავუსრულოთ. ანუ შეიძლება, მივიღოთ პარადოქსი – დემოკრატიის სახელით გაჩნდეს დიქტატურა, რაც მოხდა ფაშისტურ გერმანიაში. აი, ეს დასავლეთს გათვალისწინებული არ აქვს.
– რაც შეიძლება, ახლაც მოხდეს დასავლეთ ევროპაში აღმოსავლელი ლტოლვილების ნაკადის უპრაგონოდ შეშვების გამო.
– მეც ამიტომ გამახსენდა ჰიტლერის მაგალითი. გათვალისწინებული რომ არ აქვს, ამიტომაცაა ძალიან დაბნეული ევროპა; თან უნდა, რომ ევროპული ღირებულებები დაიცვას, თან – აშკარად ატყობს, რომ ევროპული ღირებულებების დაცვამ შეიძლება, მიიყვანოს ამ ღირებულებების შეტრიალებამდე. რადგან ეს ევროპული ღირებულებები ბოლომდე გათვლილი არ არის. ბოლოს და ბოლოს, ამ ტიპის ევროპა, რასაც დღეს ვაკვირდებით, ერთიანი სივრცე, რომელშიც დემოკრატიამ გაიმარჯვა, მცირე ასაკისაა და ნუ გაგვიკვირდება, რომ მას ბევრი რამ ამ ახალგაზრდობის გამო გათვლილი არ ჰქონდეს.
– რუსეთს მართვის ცნობილი სტილი ახასიათებს ეკატერინედან მოყოლებული, როდესაც ძალით ცდილობს თავისი ინტერესების გატარებას. ეს ხომ ხარჯიანი მეთოდია? რა ფულიც მან ჩვენთან ომში დახარჯა, რასაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავისი სამხედრო კონტინგენტის შენახვაში ხარჯავს ან სეპარატისტების რჩენაში; რა რესურსსაც ჩრდილო კავკასიას ახმარს როგორც ელიტის მოსასყიდად, ისე სამხედრო და პოლიციური ოპერაციებისთვის, ამაზე ნაკლები არ დაუჯდებოდა, პარტნიორული ურთიერთობა რომ აერჩია, უფრო მყარ მოკავშირეებს არ შეიძენდა?
– თვითონ რუსეთშიც აკრიტიკებენ ამ მიდგომას და მათ ძალიან კარგად იციან, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო რუსეთმა სრულიად წინდაუხედავად გაწირა. ამას წინათ ერთ რუსულ სტატიას ვკითხულობდი და იქ ეწერა, ეს ორი ქვეყანა გულწრფელად უყვარდა რუს ხალხსო… მეორე მხრივ, საქართველოშიც გაიგებდით ნახევრად ხუმრობით ნათქვამს, აფხაზეთი და ცხინვალი ეჭვიანობის სიმკაცრის გამოვლინება იყოო. შეიძლება... დიახ, რასაც თქვენ ბრძანებთ, უფრო ძვირი უჯდება. და უფრო ძვირი რომ ჯდება დიქტატურა, იმიტომაც თქვეს მსოფლიოს ქვეყნებმა ამ მეთოდზე უარი და არა იმის გამო, რომ კეთილები არიან. უფრო ადვილია, ადამიანები თავისი ნებით წაიყოლიო, ვიდრე ძალით. იმიტომ რომ, ძალის გამოყენებას მათრახის ყიდვა მაინც სჭირდება. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთს სხვა გზა არ აქვს. დავაკვირდეთ, რამდენი ქვეყანაა მსოფლიოში დემოკრატიული? ამერიკა, დასავლეთ ევროპა. მეტი ხომ არ არის?! რატომ?
– ალბათ, იმიტომ რომ, რთულია, იყო მომხიბვლელი.
– თუკი ქვეყანას საწარმოო პოტენციალი საკმარისი არ აქვს და ადამიანთა დაპურება არ შეუძლია, ძალიან ძნელია მისთვის დემოკრატიული წესით და თან, სტაბილურად ცხოვრება. სტაბილურობა კი აუცილებლობაა, რადგან ქვეყანა სტაბილური უნდა იყოს და ეს უფრო დიდი აუცილებლობაა, ვიდრე დემოკრატია. ამიტომაც ირჩევენ არადემოკრატიულ სტაბილურობას ხელისუფალნი, ვიდრე სუსტსა და მერყევ დემოკრატიას. ამდენად, სანამ რუსეთში საწარმოო პოტენციალი არ გაიზრდება; სანამ არ გახდება მწარმოებელი ქვეყანა, ამ სიტყვის ყველა გაგებით, მანამდე შემქმნელი პოლიტიკა ვერ ექნება და ის ყოველთვის დამანგრეველი პოლიტიკის პრინციპზე იდგება. თუკი ქვეყანას შექმნის უნარი არ აქვს, ის ყოველთვის ამჯობინებს ძალის გამოყენებას თავისი ნების გატარებისას. რეიგანს, მოგეხსენებათ, როგორც „უყვარდა“ რუსეთი და რა ღვაწლი აქვს მის წინაშე.
– სსრკ-ს მთავარი მესაფლავეა.
– და რეიგანმა თქვა, მე ამ ქვეყანას გადავაქცევ ღარიბ კაპიტალისტურ ქვეყნადო. ანუ მან იცოდა, თუ კაპიტალიზმი შევიდოდა რუსეთში, ის მდიდარი კაპიტალისტური ქვეყნების რიგში ვერ ჩადგებოდა და, ფაქტობრივად, განწირული იყო მათხოვრობისთვის. აი, ამ მათხოვრობას აუჯანყდა ის რუსეთი, რომელსაც პუტინმა მისცა ასეთი აჯანყების საშუალება.
– აშშ-ს აქვს რუსეთზე 3-4-ჯერ მცირე ტერიტორია, მაგრამ ჰყავს რუსეთზე ამდენჯერვე მეტი მოსახლეობა და გაცილებით მდიდარიც. ამას დავამატოთ რუსეთის რესურსები: ნავთობ-ოქრო-ალმასების ჩათვლით, რასაც ვერ უვლიან. რატომ ვერ ხერხდება რუსეთის მოდერნიზება? თუ ის აშშ-ის ტიპის სახელმწიფო გახდება, ჩვენთვისაც მისწრება იქნება.
– ჩვენთვის, უდავოდ, კარგია.
– რუსეთისთვის ცუდია?
– რუსეთის ლოგიკის ჩვენება თუ მოვახერხე, ეს არ ნიშნავს რუსეთის გამართლებას, რადგან, მტერი რომ მტერია, იმისიც უნდა გესმოდეს, თუ გინდა, მასთან შედეგიანი ურთიერთობა გქონდეს, მაგალითად, დაამარცხო. დავუშვათ, წავიდა რუსეთი მოდერნიზაციის გზით. ეს ნიშნავს, რომ მან, უპირველესად, ბიზნესი უნდა გაათავისუფლოს. ხოლო კითხვას, რატომ არ ათავისუფლებს ბიზნესს რუსეთი, მგონი, ქართველებზე უკეთ ვერავინ უპასუხებს. რატომ არ ათავისუფლებდა ბიზნესს სააკაშვილი?
– იმიტომ რომ მას შემოსავალი მოაკლდებოდა?
– ხომ გასაგებია, რატომ არ ათავისუფლებს ბიზნესს რუსეთი?!
– რათა დიქტატორი იყოს ყველაზე მდიდარი.
– მანდ უკვე წინა პლანზე დგება არა ხალხზე ფიქრის ლოგიკა, თუ სად ჯობია, რომ წაიყვანო, არამედ პოლიტიკური ელიტის ინტერესები. დავუშვათ, არ იფიქრა პოლიტიკურ ელიტაზე პუტინმა და გადაწყვიტა, იყოს გმირი. თუმცა ძალიან შორსაა ამისგან: ვისგან იწყება კორუფცია, ეს ჩანს შემოსავლებში. პუტინი ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, მაგრამ, ვთქვათ, გადაწყვიტა, გამოსწორდეს და რუსეთი დააყენოს მყარ ნიადაგზე. რას უზამს ის ელიტა, რომელიც დღეს მასთან ერთად სწოვს რუსეთს სისხლს?
– მოიშორებს, ალბათ, თავიდან.
– და თქვენ გინდათ, რომ პუტინმა თვითმკვლელობისკენ გადადგას ნაბიჯი?!
– მე ეს არ მეწყინებოდა.
– სხვანაირად ვიტყვი: მიგაჩნიათ, რომ პუტინი თვითმკვლელობისკენ გადადგამს ნაბიჯს?! რა თქმა უნდა, არ გადადგამს ამ ნაბიჯს და ამისთვის განწირულია ყველა ღარიბი ქვეყანა. ღარიბ ქვეყანას, რომელსაც ყველა მოაქალაქის ნორმალურად შენახვა არ შეუძლია, განსაკუთრებულ პირობებში ჰყავს თავისი პოლიტიკური ელიტა. რომელსაც მერე ამ პირობების დათმობა არ უნდა და ურჩევნია, მთელი ქვეყანა იყოს მათხოვარი, ოღონდ თვითონ იყოს კარგად.
– რუსეთი აგებს კონკურენციაში დასავლეთთან, მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება, იყოს მაინც ეფექტიანი სხვების ძალით დამორჩილება? რამდენ ხანს ეყოფა ძალა სხვების დასატერორებლად და ელიტების გასაძღობად: მოსაპარიც ხომ უნდა დარჩეს, რომ მოიპარო?
– შეიძლება, უშუალოდ ფინანსები არ იყოს ჩადებული ამ ურთიერთობაში. აფხაზეთში ფინანსების მომენტიც იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მთელი საზოგადოებაც წამოიკიდა პოლიტიკურ ანკესზე. ანუ მთავარი კორუფცია კი არ არის, არამედ ის, რომ ნებისმიერი უკანონობის უფლებას აძლევს. და მრავალი უკანონობის წყალობით ატარებს თავის ინტერესებს პუტინი და ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი. ეს მათთვის ხელსაყრელია და, თუმცა წამგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში, სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისით, მოკლევადიან პერსპექტივაში მომგებიანია. თან, გრძელვადიანში ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი.
– დასავლეთის მეთოდი, რომ გააუმჯობესოს სხვების ცხოვრება, რომ მათ ის აირჩიონ, სიცოცხლისუნარიანია რუსულ მეთოდთან შედარებით?
– ვერ ვიტყვი… იმიტომ რომ, მაგალითად, იგივე აშშ, როგორც დასავლეთის პოლიტიკის სრული გამოხატულება, ყველას მოსწონს მსოფლიოში?! ხომ ვხედათ, რომ უამრავი ქვეყანაა, რომელთა ლიდერები დასავლეთმა წამოსწია, ქვეყნებად აქცია, მაგრამ მათი დიდი ნაწილი შემდეგ საწინააღმდეგო მიმართულებით იხრება. ასეთია ცხოვრებაც და პოლიტიკაც, ამდენად, არ უნდა გვიკვირდეს. მადლიერების მოლოდინი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც. სამართლიანობის მოთხოვნა და ლოდინი უშედეგოა.