როგორ გახდა 28 წლის ელენე აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და საიდან დააგროვა მან დეპოზიტზე 144 000 აშშ დოლარი
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში 1987 წელსაა დაბადებული. 2008 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი დაუმთავრებია, ხოლო 2012-2014 წლებში გოლდსმიტში, ლონდონის უნივერსიტეტში, სწავლობდა. მისი შრომითი ბიოგრაფია საქართველოს პრეზიდენტის საიტზე, ჩვეულებისამებრ, ზოგადია. კერძოდ, ელენე აბაშიძე 2014 წლიდან ხელოვნების დამოუკიდებელი კურატორი იყო, ხოლო 2015 წლიდან მუშაობდა გალერეა „ფროჯექთ ართ-ბითის“ ინტერნაციონალური ბაზრობების პროექტების კურატორად. შესაბამისად, ვიგებთ, რომ მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა სიმპოზიუმში, მათ შორის 2013 წელს ლონდონსა და ბერლინში.
2016 წლის 12 აპრილს კი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლადაც დანიშნულა ხელოვნებისა და კულტურის საკითხებში.
აქედან გამომდინარე, ელენე აბაშიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1939 წელს დაბადებული ბებია, ქ-ნი მანანა ხიდაშელი და 1959 წელს დაბადებული დედა, ნინო ნიჟარაძე.
ოჯახის უძრავი ქონების – საცხოვრებელი ბინის თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე (121 კვ. მ. ფართობი) მესაკუთრეები არიან ელენე აბაშიძე და მანანა ხიდაშელი.
პრეზიდენტის მრჩეველი „თი ბი სი ბანკის“ დეპოზიტზე 144 000 აშშ ლოლარს ინახავს. ნინო ნიჟარაძე კი სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. კერძოდ, არის მაღაზია „აზიის“ მფლობელი, რამაც მას 2015 წლის განმავლობაში 60 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მოუტანა.
ელენე აბაშიძემ კი, 2015 წლის განმავლობაში, როგორც გალერეა „ფროჯექთ ართ-ბითის“ კურატორმა, 8 000 ლარი აიღო; როგორც ჟურნალ „თორმეტის“ ჟურნალისტმა, 150, ხოლო, როგორც ჟურნალ „ფაბრიკის“ ჟურნალისტმა, 100 ლარი. შემოსავალი ჰქონდა ქ-ნ მანანა ხიდაშელსაც, მემკვიდრეობით მიიღო სოლიკო ვირსალაძის საავტორო ჰონორარი, 207 ლარი.