კონკურენცია დერეფანში
სანამ ჩვენ გვეძინა…
სანამ, სახელდობრ, ჩვენ იმას ვარკვევდით, შეეტეოდა თუ არა გვირაბში ორსართულიანი მატარებელი და მთელი მარილი ის იყო, რომ ამის განმცხადებელმა წინასწარვე იცოდა, რომ მატარებლისა და გვირაბის ზომები ერთმანეთს ემთხვეოდა, რუსეთის რკინიგზამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის პროტოკოლს ირანთან და აზერბაიჯანთან პროექტს ჩრდილოეთი-სამხრეთის დერეფნის შესახებ.
პროექტს ოთხი მონაწილე ჰყავს: რფ, აზერბაიჯანი, ირანი და ინდოეთი და ამ ოთხზე გავლით 7 აგვისტოს სადემონსტრაციო მატარებელი ჩაივლის მუმბაიდან მოსკოვამდე.
რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ ამ პროექტის წარმატებით რეალიზაციის შემთხვევაში გართულდება ირან-სომხეთის რკინიგზის აშენება, რადგან რეგიონის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა ხდება აზერბაიჯანი.
ჩვენ არ ვიცით, „გადააგდო“ თუ არა რფ-მ სამხრეთ კავკასიაში თავისი სატელიტი სომხეთი და კვლავ იზოლაციაში დატოვა, თუმცა ფაქტია, რომ თამაშგარედ ჩვენც გვტოვებენ, უფრო ზუსტად – ვრჩებით (ან კი როგორ არ დავრჩებით, როდესაც ნომერ პირველი თემაა ორ ორთქმავალს უფრო მეტი ძალა აქვს თუ ერთს?!).
ვრჩებით, რადგან ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სწორედ აზერბაიჯანი ხდება ორი დერეფნის (აღმოსავლეთი-დასავლეთის, სამხრეთი-ჩრდილოეთის და პირიქით) საკვანძო ადგილი. ოღონდ, მეორე მხრივ, ეს შანსიცაა, ვინაიდან, შესაძლოა, ირანული ტვირთების რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირება ალტერნატიულად სომხეთ-საქართველოს გავლით განხორციელდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთის ჩართულობა იგივე რუსეთის ჩართულობაცაა, იქნებ, ეს სულაც არ იყოს ურიგო, იმიტომ რომ, რაც მეტის ინტერესი იქნება ჩართული, მით მეტად იქნება დაცული ჩვენი უსაფრთხოება.
ერთი სიტყვით, რეგიონში დიდი მანევრები უკვე დაწყებულია, ოღონდ, ეს ჩვენი მშობლიური პოლიტელიტა კვლავაც განზეა, რაკი, როგორც ჩანს, საკუთარი და პერსპექტიული სკამის იქით მხედველობის არეალი არჩევნებამდე შევიწროებული აქვს?! –