ექსტრემალების მბრძანებელი
ანუ „არგო წამალმა“?!
მაშინ, როდესაც მმართველმა პარტიამ თავისი კანდიდატები – სადეპუტატოდ – უცხოეთში მიღებული განათლებითა და სხვა მაღალ-მაღალი კრიტერიუმებით შეარჩია (ვითომ საქართველოს განათლების სისტემას საერთოდ არ სცემენ პატივს?!), მას ვალში არც „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩენია. კერძოდ, მაჟორიტარებად ყოფილი სახელმწიფო მოხელეები დაასახელა (მოტივით – ბებერი ხარის რქებიც კი ხნავენ?!).
სავარაუდოდ, გათვლა მარტივია (შეუიარაღებელი თვალითაც) – ყოფილი გამგებლებისა და ძალოვნობაში შემჩნეულების გავლენის იმედი აქვთ (მოტივით – შიში შეიქმს სიყვარულსაო?!).
სახელდობრ, გორის რაიონშია წარდგენილი ცნობილი ბადრი ბასიშვილი (მასზე იმდენი მოგვისმენია და გვინახავს, ლამისაა გადაცმულ არსენად მივიჩნიოთ, ოღონდ, თითქმის პირიქით).
წარდგინება სიტყვიერად ბ-ნმა დავით ბაქრაძემ გააფორმა. კერძოდ, ბრძანა შემდეგი: „ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, რომ 250 ლარზე ნაკლები დღიური ბრუნვის ბიზნესი მთლიანად გავათავისუფლოთ გადასახადისგან (რომ ამის შემდეგ მათ თავიანთი ბიზნესის სახელმწიფოსთვის სურვილი გაუღვიძონ?!); რომ პენსია პირველივე თვეს გავზარდოთ 50 ლარით (რათა პენსიონერებმა ჯგუფურად და ორგანიზებულად აღავლინონ მადლობა ბედნიერი სიბერისთვის?!); რომ მოვახდინოთ ბიზნესსაქმიანობის დეკრიმინალიზაცია და ბიზნესი იყოს დაცული და ამნისტირებული (ისე დაცული, რომ წინასაარჩევნო კამპანიები სრულად და მსუყედ დააფინანსონ?!)“.
ერთი სიტყვით, ბ-ნი ბაქრაძე გვაიმედებს, რომ ზუსტად იციან, რა სჭირდება ხალხს (განა – გიტარა და ცხელი ტაში?!)! ხოლო, რაკი სცოდნია, გვარწმუნებს, რომ მათი გამარჯვება (კვლავ ციტატა მომყავს): „თითოეული იმ ადამიანის გამარჯვებაა, რომელიც დღეს უმუშევარია, რომელსაც დღეს უჭირს და რომელიც ელოდება იმას, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს ქვეყანაზე!“ ხოლო, რაკი არა მხოლოდ გვსმენია, საკუთარი ტყავით ვიცით, როგორია „ნაციონალური“ ზრუნვა, ჩნდება ეჭვი, რომ ექსტრემის სიყვარულს აღვივებენ. –