როგორ ებრძვის თემო საჯაია ლეიკემიას და რა შეიძლება გაანადგუროს მან
თემო საჯაია საზოგადოებამ სხვადასხვა მუსიკალური შოუდან გაიცნო. რამდენიმე დღეა, მისი ახალი სიმღერა – „ერთად“ ინტერნეტსივრცეს იპყრობს. „ჩვენ გავიმარჯვებთ – ლეიკემია მარცხდება!“ ამ მოწოდებით მომღერალმა მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პატარებს, ამ დაავადებას რომ ებრძვიან. მან სოლიდარობის ნიშნად თავიც გადაიპარსა. გარდა ამ თემისა, რა ხდება მომღერლის ცხოვრებაში, თავად გიამბობთ.
თემო საჯაია: ამ სიმღერის ჩაწერის და გადაღების იდეა ეკუთვნის სამედიცინო კორპორაცია „ევექსს“, რომლის წარმომადგენელიც დაუკავშირდა ქეთი გაბისიანს. ქეთიმ შექმნა მელოდია, ქალბატონმა ირინა სანიკიძემ – ტექტი. მერე დამიკავშირდნენ მე. გამიხარდა–მეთქი, რომ გითხრათ – არა. იმიტომ რომ, ეს ძალიან სენსიტიური თემაა. ამ შემთხვევაში სიხარულზე ლაპარაკი ძნელია. მაგრამ, გამიხარდა ის, რომ რაღაც კუთხით შევძელი მცირედი დახმარება გამეწია ამ ბავშვებისთვის. მყავს ჩემი ჯგუფი და შესაბამისად, სოციალური პროექტები ჩემთვის ახალი არ არის. ამიტომ, ეს იდეა ძალიან კარგი და სასიამოვნო იყო ჩემთვის. ეს არის მსოფლიო მარათონი, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანაში ტარდება. ბევრ ადამიანს აერთიანებს ამ დაავადებასთან საბრძოლველად. ჩვენც, როგორც შეგვეძლო, შევებრძოლეთ ამ ყოველივეს. ვფიქრობ, საქართველო ამ ნამუშევარს მსოფლიო მასშტაბით წარადგენს და ამ სიმღერის ინგლისური ვერსიაც ჩაიწერება.
– მუშაობის პროცესი ემოციური და რთული იქნებოდა.
– თვითონ თემაა მძიმე და რთული, თან საქმე ბავშვებს ეხება. ყველაზე კარგი ამ პროექტში არის ის, რომ ხმამაღლა ვთქვით, რომ ლეიკემია დამარცხებადია. 80 პროცენტის განკურნება საქართველოში ხდება და ძალიან კარგად მუშაობენ ამ მხრივ ჩვენი ექიმები. კლიპის გადაღების პროცესში საუბარი არ იყო იმაზე, რომ რთული იქნებოდა – ეს უნდა გაკეთებულიყო. რომ მითხრეს, თავი უნდა გადაიპარსოო, არც დავფიქრებულვარ, მიუხედავად იმისა, რომ გრძელი თმა მქონდა. ეს ის მცირედია, რისი გაკეთებაც იმ მომენტში შემეძლო. ისიც კარგი მომენტია, რომ ბავშვებმა ტექსტი იცოდნენ. ყველანი ერთად ვმღეროდით. თემა მართალია მძიმეა, მაგრამ ყველაფერი პოზიტივისკენ მიგვყავდა. სიმღერაშიც ჩანს იმედი, გამარჯვება ამ დაავადებაზე.
– კიდევ რა სიახლეა შენს შემოქმედებაში?
– ჩემი შემოქმედება დაკავშირებულია ჩემს ჯგუფთან, რომელთან ერთადაც ვიღებ ვიდეორგოლებს. 12 ივლისს ვაპირებთ ახალი კლიპის გადაღებას. ეს იქნება ძალიან კარგი, სასიყვარულო მელოდიაზე აგებული. სიუჟეტში ვარ სხვა ამპლუაში, ოღონდ არ დავკონკრეტდები, სიურპრიზად დავტოვებ (იცინის). იმედია, ყველაფერი გამომივა. ისე რომ არ იყოს, როგორც მინდა, ერთი ღილაკით გავანადგურებ (იცინის). მაინც გადაღებულია და იყოს – ეს თემა ჩემს შემთხვევაში არ განიხილება. თუ არ მომეწონება, ყველაფერს წავშლი. საბოლოო ჯამში, ისე არაფერი გამომდის, როგორც წარმომიდგენია.
– ცხოვრებაში როგორაა? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის?
– არა და ამიტომ ჰქვია ამ ყოველივეს ცხოვრება. ხან გამოდის, ხან – არა. როცა გამოდის – კარგია, თუმცა როცა არა, ეგეც კარგია, რადგან შეცდომებზე სწავლობ. თუ იმ კატეგორიას მიეკუთვნები, რომ საკუთარ იდიოტობებზე ისწვალო, მაშინ მაგარი ხარ. თუ ვერც შენზე და ვერც სხვისაზე სწავლობ, ეგ უკვე კატასტროფაა. უამრავი სისულელე გაუკეთებია ადამიანს და მათ შორის, მეც.
– რაღაც სინანულით თქვი, ნანობ რამეს ცხოვრებაში?
– რასაკვირველია. იმ ადამიანების გულწრფელად მიკვირს, ვინც ამბობს, არაფერს შევცვლიდი ცხოვრებაშიო. უთვალავ რამეს შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში. ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე და ისევ და ისევ ადამიანურ ურთიერთობებამდე მივდივარ. მაგალითად, შევცვლიდი ჩემს დამოკიდებულებას მეგობრების, ოჯახის წევრების მიმართ. ძალიან ხშირად მიწყენინებია იმისთვის, ვინც არ იმსახურებდა. შევიცვლებოდი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით – უფრო მეტს ვიშრომებდი მაშინ, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა.
– როგორც ვიცი, კონკურსებში მონაწილეობა არ გიყვარს. თუმცა, უცხოეთში არაერთ პროექტში მიგიღია მონაწილეობა.
– უცხოეთში კონკურსში მარტო ერთხელ მივიღე მონაწილეობა. სომხეთსა და უკრაინაში უფრო ხალხთა დამეგობრების მიზანი ჰქონდა ამ ყოველივეს. საერთაშორისო კონკურსი, რომელიც რუმინეთში ჩატარდა ბუნდოვნად დარჩა ჩემს მეხსიერებაში, რადგან, 17 წლის ვიყავი. ყველაზე უმცროსი კონკურსანტი ვიყავი. 1968 წელს ამ კონკურსზე უიტნი ჰიუსტონმა მე–4 ადგილი აიღო. ეს ოფიციალური ინფორმაციაა. პირველად მაშინ მოვისმინე ჯო კოკერის ნამღერი და ისეთი ემოცია მქონდა, ვერ აგიწერთ. მისი ხელითვე მივიღე ჯილდოც. რაც შეეხება იმას, რომ არ მიყვარს კონკურსებში მონაწილეობა, არასწორია – უფრო მძაგს. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო და გული დავწყვიტო, მაგრამ ძალიან ცუდია ის, რომ ქართველ ნიჭიერ ბავშვებს და მოზარდებს არ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების შანსი. ამ შემთხვევაში, ჩემს თავზე არ ვამბობ ამას – არც ასაკი მაქვს იმის, რომ კონკურსებში ვიარო და ვინმეს რამე ვუმტკიცო, არც არავისთვის მაქვს რამე დასამტკიცებელი, საკუთარი თავის გარდა. იმდენი კონკურსი და იმდენი გამარჯვებულია საქართველოში, რომ ვერ ვიხსენებ. აფუჭებენ ამ ბავშვებს, ასწავლიან ცუდ სიმღერებს, ატყუებენ, რომ ეს კარგია და მერე ფეხზე იკიდებენ. ეს ჩემი შეხედულებაა. მე ვიყავი ერთ კონკურსში – „ვარსკვლავების აკადემია“, რომელიც რიგი მიზეზების გამო, არ დასრულდა. იქაც მარტო იმიტომ ვიყავი, რომ საღამოს 10 საათზე ბევრ ადამიანს ვენახე.
– უცხოეთში რატომ არ გააგრძელე კარიერა?
– მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ წავედი, მაშინ ვერ გავრისკე. არ წავედი და დავრჩი ამ ქვეყანაში, რადგან აქ მინდოდა, მეკეთებინა რაღაცეები. საერთოდ, ძალიან ადვილია გაშლილ სუფრაზე დაჯდომა, სუფრის გაშლა კი – ძნელი. ყველა ვწუწუნებთ და არაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ ვიწუწუნოთ. მაშინ, რაღაც პატრიოტული შეხედულებები მქონდა და დავრჩი.
– ანუ, რისკიანი არ ხარ?
– პირიქით, ძალიან რისკიანი ვარ, უბრალოდ, მაშინ ასე მოხდა. ალბათ, სხვანაირად ვუყურებდი რაღაცეებს, ცოტა პატარაც ვიყავი. დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომაც დავუშვი, რომ არ წავედი, მაგრამ სწორედ ეგ არის ცხოვრება.
– პირად ურთიერთობებში რა ხდება?
– ისეა ყველაფერი, როგორც ადრე. ნინი ძალიან დაკავებულია, სეზონის დახურვა აქვს. მთლიანად ჩართულია ბალეტის ამბებში. ძალიან მაგარი გოგოა. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს ვაქებ, მერე იტყვიან ტენდენციურიაო (იცინის).
– ალბათ, ყველაზე მეტად გულშემატკივრობ.
– კი, რა თქმა უნდა. ნინის გაცნობამდე საერთოდ არ მქონდა წარმოდგენა ბალეტზე. ქართველი ბიჭი ხომ იცით როგორცაა, ამ მხრივ რაღაც სტერეოტიპული აზროვნება მქონდა. როცა ჩავიხედე ამ სფეროში, მივხვდი, რომ ძალიან მაგარი რამ არის. სხეულის ენა გასაგიჟებელია.
– ნინის პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად უწევს მოგზაურობა, არ ეჭვიანობ?
– არა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი გასტროლზე წავა თუ გვერდით ოთახში. საერთოდ ეჭვიანობა არ მიყვარს, მე ვიცი გაბრაზება (იცინის) ამიტომ, ეგ პრობლემა არ მაქვს. რასაკვირველია, ძალიან რთულია ის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი თუნდაც ერთი დღით არ არის იქ, სადაც მე. მაგრამ, საჭიროება ასე მოითხოვს. თუ გადაწყვეტ, მოცეკვავე გოგო გიყვარდეს, მაშინ უნდა შეეგუო კიდეც მსგავს რაღაცეებს.