ბონდო ფერცულიანი: ჩემი თანამოქალაქეების სამსახურში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მადლიერებას ვგრძნობ
ბონდო ფერცულიანი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ექიმი და აღიარებული პროფესიონალია. უკვე რამდენიმე წელიწადია, ის იმერეთის რეგიონში ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ექიმია და მის კაბინეტთან პერმანენტული რიგი დგას. ამიტომაც, ჩვენმა ქუთაისელმა მკითხველებმა ის წარმატებულ ექიმად დაასახელეს.
ბონდო ფერცულიანი (მინი-დოსიე): მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი. კითხულობს ლექციებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოტორინოლარინგოლოგიაში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მუშააობდა ქუთაისში, ჩვილ ბავშვთა სახლში, ყელ-ყურ-ცხვირის ექიმად, შემდგომ – ბავშვთა პირველ პოლიკლინიკაში; მოგვიანებით დააარსა თავისივე სახელობის კლინიკა და ამჟამად დასავლეთ საქართველოში „ჯეო-ჰოსპიტალსის” ქსელის ექიმი-რეფერალია ყელ-ყურ-ცხვირის განხრით. „ჯეო-ჰოსპიტალსი” დღეისთვის წარმოადგენს ულტრათანამედროვე სამედიცინო კლინიკების ქსელს, რომელიც ადგილზე გამოძახებით უზრუნველყოფს პაციენტების მომსახურებას და, არა მხოლოდ დიაგნოსტიკას, არამედ, რეგიონებში მინი-ქირურგიული ოპერაციების შესრულებასაც კი. აღნიშნული კლინიკები დასავლეთ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია ზესტაფონში, ბაღდათსა და სამტრედიაში.
– ბატონო ბონდო, „ჯეო-ჰოსპიტალსი” დღეისათვის წარმოადგენს მსხვილ კლინიკათა ქსელს, რომელშიც გაერთიანებულია თანამედროვე დონეზე აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებსაც მკურნალობენ.
– დიახ, ულტრათანამედროვე კლინიკების ქსელში მიმდინარეობს ყველა ტიპის დიაგნოსტიკურ-სამკურნალო და ქირურგიული სფეროს სამედიცინო მომსახურება. მათ შორისაა ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებიც, არა მხოლოდ დიაგნოსტიკა და ამბულატორიული მომსახურება, არამედ, ქირურგიული ოპერაციები და, მათ შორის, პლასტიკური ოპერაციებიც. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ვმუშაობ ჩხობაძის სახელობის მოხუცთა და ინვალიდთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში, სპეციალური მოწვევით ვაკეთებ ყელ-ყურ-ცხვირის ოპერაციებს.
– იქნებ უფრო დეტალურად მოგვითხროთ, რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?
– ამბულატორიულად ვაკეთებ ჩემსავე კლინიკაში ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების დიაგნოსტიკასა და გასინჯვას, ხოლო ოპერაციები სრულდება „ჯეო-ჰოსპიტალსის” ქირურგიულ კაბინეტებში ან ჩხობაძის სახელობის ცენტრში. მე ვმუშაობ როგორც ბავშვებთან, ასევე, მოზრდილებთან და ოპერაციების არეალი მოიცავს ყველა იმ გართულებასა და პათოლოგიას, რაც ზოგადად გვხვდება ოტორინოლარინგოლოგიაში.
– პლასტიკურ ოპერაციებს თუ აკეთებთ?
– დიახ, რა თქმა უნდა. საკმაოდ წარმატებულად და კარგი შედეგებით ვაკეთებთ როგორც ცხვირის, ასევე ყურის პლასტიკურ ოპერაციებს. კეთდება ცხვირის ძგიდის ოპერაციები და აღარ დავიწყებ ყველა იმ პათოლოგიის ჩამოთვლას, რაც ამ სფეროში არსებობს. ყველა ეტაპი – დიაგოსტიკა, ამბულატორიული მომსახურება თუ ქირურგიული ოპერაციები – სრულდება აღიარებული გაიდლაინებით.
– ბატონო ბონდო, ხშირად გიწვევთ გამოძახებები ადგილზე, სხვადსხვა რეგიონებში – თქვენი სამუშაო დღე საოცრად დატვირთულია...
– ეს დატვირთული რეჟიმი და დაუგეგმავი გრაფიკი, პრინციპში, ექიმისთვის უცხო არაა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ხანდახან უცებ, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, უნდა ჩაჯდე მანქანაში და მიხვიდე ადგილზე, რადგან ადამიანს აქვს ცხვირიდან სისხლდენა ან სხვა გართულება... რეგიონებში ვიზიტები იმდენად ხშირია, რომ სულ გზას ვადგავარ. თუმცა, ვგრძნობ, რომ პაციენტი აფასებს ამას, ხედავს და, ვფიქრობ, რომ ყველა ღირსეული ექიმის მოვალეობაც ესაა! ექიმი კაბინეტზე მორგებული პერსონა არაა, თუმცა ხანდახან დავფიქრებულვარ – უკვე რამდენიმე წელიწადია, როგორ ვუძლებ ამხელა დატვირთვას. მაგრამ, განკურნებული პაციენტის ნახვის შემდგომ ეს დაღლილობა თითქოს იხსნება, ისეთი ადრენალინია.
– პაციენტები ამიტომაც გახასიათებენ დადებითად.
– დიდი მადლობა. ვგრძნობ მათ დაფასებას. მათ გამხნევება და სიყვარული სჭირდებათ. ჩვენ თვითონაც ხომ პაციენტები ვართ – მე თვითონაც ხომ მივდივარ ექიმთან და ვაანალიზებ, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როგორ შეგხვდება ექიმი, როგორ მოგიდგება. უკვე 30 წელიწადია, აქ ვცხოვრობ და ქუთაისელები ძალიან თბილი ხალხია, ზოგადად, ოჯახური გარემოა ქალაქში. ასე რომ, ჩემი თანამოქალაქეების სამსახურში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მადლიერებას ვგრძნობ.