კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის სურდა ამერიკაში თინათინ ჯაფარიძის ცხოვრებაზე მონოპოლიის აღება

თინათინ ჯაფარიძეს, ნიჭიერ კომპოზიტორსა და მომღერალს ჩვენი მკითხველის წინაშე წარდგენა, ნამდვილად არ სჭირდება. მისი წარმატებული კარიერა წლების წინ ჯერ ლონდონში დაიწყო და შემდეგ კი ნიუ-იორკში გაგრძელდა. მისი ავტობიოგრაფიული სპექტაკლის, „მატრიოშკას“ ჩვენება, რომელშიც თავად თამაშობს და მღერის, გაიმართა ბარიშნიკოვთან, „სტაინვეის ჰოლში“, „მეტროპოლიტენ რუმში“, „თრაიედის თეატრში” და მაყურებლებისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. მუშაობის გარდა, თინათინი კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტია, პარალელურად კი, რიკ ალისონთან ერთად, რომელიც ლარა ფაბიანის მეუღლე გახლდათ, ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს.
თინათინ ჯაფარიძე: ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტში ვიყავი ჩემი ბოლო თეზისის პრეზენტაციისთვის. მოხსენება გავაკეთე რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის თაობაზე, ოღონდ დიპლომატიის კუთხით, ნაკლებად ვეხებოდი პოლიტიკას.  80-იანი წლების ტელეხიდებზე მქონდა საუბარი და პლუს ამას, შევიტანე წინანადადება: განაახლონ ტელეხიდები, არა მხოლოდ რუსეთმა და ამერიკამ, არამედ ყოფილმა რესპუბლიკებმაც. ან ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ან არ ღირს ამ პროგრამის განახლება. ძალიან კარგად ჩაიარა ყველაფერმა და მომავალ წელსაც დამპატიჟეს. თემა უკვე ავირჩიე – ეს შეეხება „თვითმფრინავის ბიჭებს“. უცხოეთში ნაკლებად იციან ეს ამბავი, ამერიკაში კი თითქმის არავინ იცის. გარდა ამისა, ბუდაპეშტში რადიო „თავისუფლების“ არქივებში ამ საკითხზე ძალიან საინტერესო მასალები მოვიძიე, რაც საქართველოს არქივებში არ არის.
– ბოლო პერიოდში ხშირად ჩამოდიხარ საქართველოში. ალბათ, აქ ჩამოსვლას მუდმივად უკავშირდება ძველი ემოციები, იმ დღეების გახსენება, რომელიც თბილისში გაქვს გატარებული.
– რა თქმა უნდა, თუმცა მაშინ პატარა ვიყავი და შეიძლება ითქვას, ისე წამიყვანეს აქედან, არჩევანი არ გამიკეთებია, რადგან 8-9 წლის ასაკში ეს გადაწყვეტილება მე არ მეხებოდა. რომ ვუკვირდები, იმ დროს სხვა გამოსავალი არც გვქონდა, ისე სწრაფად განვითარდა ყველაფერი. მამა ამერიკაში მიდიოდა გამოფენაზე და იქიდან მოსკოვში რომ დავბრუნდით, საქართველოში ისე აირია სიტუაცია, ახლობლებმა გვითხრეს: არ დაბრუნდეთ საქართველოში, არ ღირსო. ეს არ დაბრუნდეთ, ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს უკვე მე გადავედი ინგლისში საცხოვრებლად და სამუშაოდ.
– ინგლისში დაიწყო შენი წარმატებული კარიერა. უეცრად შეიცვალა შენი ცხოვრება...
– ინგლისში ძალიან წარმატებულად განვითარდა ჩემი კარიერა, მაგრამ ჩემი მიზანი ყოველთვის ამერიკაში მოხვედრა იყო. ლონდონში ყველაფერი არაჩვეულებრივად აეწყო – კარგი კონტრაქტი, კარგი პირობები, მაგრამ მაინც ამერიკაზე ვფიქრობდი. მახსოვს, ორი კონტრაქტი დამიდეს: ან ინგლისში ვრჩებოდი, ან ამერიკაში მივდიოდი. ინგლისის პირობები, რა თქმა უნდა, უკეთესი იყო. კომპანია, რომელთანაც უნდა მეთანამშრომლა, იყო ძალიან დიდი, წარმატებული და ყველანაირი გარანტია მქონდა – ფინანსური, ეკონომიკური. ამას ამერიკაში არც მპირდებოდნენ, მაგრამ მაინც ამერიკა ავირჩიე. როგორც კი ამერიკაში გადავედი, ის კომპანია, რომელთანაც უნდა მეთანამშრომლა, გაკოტრდა. თუმცა, დღესაც იგივე კონტრაქტი რომ შემოეთავაზებინათ ლონდონში, მაინც გაკოტრებულ კომპანიას ავირჩევდი ამერიკაში და წავიდოდი.
– როგორ მოიქეცი ასეთ სიტუაციაში?
– 20 წლის ვიყავი მაშინ და კიდევ კარგი, დედა გამომყვა, რადგან არავის ვიცნობდი, მეგობარიც არ მყავდა. იმ კონტაქტებს, რომლებიც 16 წლის ასაკში, ამერიკაში ჩემი კონცერტების დროს მქონდა დამყარებული, ვერ გამოვიყენებდი. არ მქონდა იურიდიული უფლება იმ ადამიანებს დავკავშირებოდი, რადგან იმ მენეჯერისგან თავად წამოვედი და კონტრაქტი გავწყვიტე, რადგან კაბალური იყო. რამდენიმე წელი უნდა გასულიყო, რომ ის კონტაქტები გამომეყენებინა. ვიცნობდი ბევრ ადამიანს, მაგრამ მათთან ურთიერთობის უფლება არ მქონდა. სულ სხვა გზით მომიწია კონტაქტების დამყარება.  ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი. ლონდონში საკმაოდ განებივრებული ვიყავი. არაფრის კეთება არ მეხებოდა, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი. მქონდა სამუშაო და ამ დროს ნიუ-იორკში დამხვდა უჩვეულო სიტუაცია. ეს არ იყო ის ნიუ-იორკი, რომელიც 2000 წელს დავტოვე. მაგრამ, ახლა ვფიქრობ, ძალიან კარგია, ასე რომ მოხდა, თორემ ვიქნებოდი ძალიან განებივრებული, თავში მექნებოდა ავარდნილი, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს. მე კი ნელ-ნელა მეწყებოდა – პატარა ვიყავი, თან ჩემებიც ვეღარ ახერხებდნენ ისეთი კონტროლი გაეწიათ, ყოველდღე ხან რომელ არხზე ვიყავი, ხან რომელზე... მაგრამ, ამერიკაში დავეშვი და თავად მივაღწიე იმას, რაც ლონდონში გამზადებული დამხვდა. მაშინ ლონდონში საჭირო დროს მოვხვდი საჭირო ადგილას – ყველაფერი კარგად დაემთხვა ერთმანეთს, პოლიტიკური სიტუაციაც. ელცინი ახალი წასული იყო, პუტინი კი – ახალი მოსული. მაშინ გაიხსნა რუსეთი სხვა ქვეყნებისთვის. მე მაინც რუსეთიდან ჩასული ვიყავი და ეს ერთგვარი ეგზოტიკა იყო მათთვის. თან, ყველაფერი მიწყობდა ხელს, მათ პარამეტრებში ჩავჯექი და ამიტომაც გამოვიდა ჩვენი პროექტი ძალიან საინტერესო.
– ამერიკაში ჩასვლისთანავე, ძალიან მალე, შეიძლება ითქვას, რეკორდულ დროში მოგცეს „მწვანე ბარათი“.
– რაღაც ორ თვეში, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. ამ „მწვანე ბარათს“ გაძლევენ იმ შემთხვევაში, თუ შენი შესაძლებლობებით ამერიკისთვის საინტერესო ხარ. რა თქმა უნდა, საბუთები შევაგროვე. რეკომენდაციები გამიწიეს ამერიკასა და ევროპაში, მუსიკის სფეროში ცნობილმა, წარმატებულმა პიროვნებებმა. და ორ თვეში ავიღე „მწვანე ბარათი“. ამერიკაში თავად მომიწია ყველაფრის გაკეთება. პირიქით, ყველაზე რთული გზით ვაღწევდი იმას, რასაც სხვები ადვილად აღწევენ – ამ მხრივ იღბლიანი არ ვარ. თუმცა, ზოგჯერ არის შემთხვევები, ძალიან მარტივად გამოდის ყველაფერი.
– რა იყო შენი პირველი წარმატება, რამაც გარდატეხა შეიტანა შენს კარიერაში და ამერიკაშიც  წარმატება მოგიტანა?
– ერთი პერიოდი ლონდონში დაბრუნებაზეც კი ვფიქრობდი და იმ დროიდან ნელ-ნელა აეწყო ყველაფერი. გაეროს ჰიმნი იყო მნიშვნელოვანი. მე მანამდე სხვა სიმღერა მქონდა დაწერილი. კონტრაქტი – უმაღლეს დონეზე შედგა, კოფი ანანის მარჯვენა ხელმა მოაწერა ხელი. უნდა გადავფრენილიყავი შტაბში, ჟენევაში და ერთი კვირით ადრე, ჩემმა აგენტმა გამიფუჭა საქმე, რადგან მისგან წამოსვლა გადავწყვიტე. მაქსიმალურად უნდოდა ჩემი ხელში ჩაგდება, მუდმივად მაკონტროლებდა. არაჯანსაღი ურთიერთობა გვქონდა, რადგან ჩემი ცხოვრების მონოპოლია მოინდომა. მისგან წამოსვლა გადავწყვიტე... და ასე გამიფუჭა პროექტი. ადრე ამაზე არ ვლაპარაკობდი, ახლა აღარაფერია დასამალი. ჩემს წიგნშიც დავწერე. გაეროში გაგზავნა წერილი ჩემ შესახებ, თუმცა რა მისწერა, დღესაც არ ვიცი. ერთი რამ კი ვიცი დანამდვილებით, რომ მომივიდა დიდი ასოებით დაწერილი უარი: ჩვენ თქვენთან ვერ ვითანამშრომლებთო... თან, ყველაფერი მოგვარებული იყო. 1 დეკემბერს უნდა გამოსულიყო სინგლი. შტაბში რომ ვრეკავდი, ტელეფონს მიკიდებდნენ, არც კი მეკონტაქტებოდნენ. გადავწყვიტე, რაც არ უნდა მომხდარიყო, გაეროში მაინც მოვხვედრილიყავი, ოღონდ სიმღერით უკვე ვეღარ მოვხვდებოდი. სხვა გზა უნდა მომეძებნა. გადავწყვიტე, წერა დამეწყო. იმ დროს არჩევნები იყო, კოფი ანანი მიდიოდა და ერთ-ერთ კანდიდატზე დავწერე სტატია, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. სტატია დაიბეჭდა რუსულ გაზეთში, რომელიც ამერიკაში გამოდის დიდი ხანია. სტატია მოეწონათ და მითხრეს: გაეროში ჩვენი კორესპონდენტი დეკრეტში გადის და იქნებ გაგიშვათო. მოკლედ, მოვხვდი გაეროში. დავიწყე მუშაობა, რამდენიმე სტატია დავწერე – დამაწინაურეს. გავხდი გაეროს რუსული და უკრაინული პრესის კორესპონდენტი. რადგან იცოდნენ, რომ სიმღერებს ვწერდი, თავად შემომთავაზეს გაეროს ქარტიაზე სიმღერის დაწერა. ძალიან გამიხარდა, თვითონ რომ შემომთავაზეს. დავწერე ახალი სიმღერა, სხვა თანაავტორებთან ერთად. ამ სიმღერით არა მხოლოდ ნიუ-იორკში, ძალიან ბევრ ადგილას დავდიოდით. ყველგან დამატარებდნენ, სადაც სჭირდებოდათ ამ სიმღერის შესრულება. მახსოვს, ამ სინგლის გამოსვლა ჟურნალმა „ბილბორდმა“ გააშუქა და თვის საუკეთესო სინგლად აღიარა. ჩემმა ყოფილმა აგენტმა რედაქციას ჩემ შესახებ მისწერა წერილი – კიდევ ერთხელ სცადა საქმის გაფუჭება, მაგრამ უკვე ყველას ეცინებოდა. იცოდნენ, არ იყო სტაბილური ფსიქიკის ადამიანი. გაეროშიც ახსოვდათ ეს ამბავი და პან გიმონის მარჯვენა ხელმა ბოდიშიც მომიხადა: ის პროექტი ხომ არ განვაახლოთო...
– ეს არ იყო ერთადერთი სიმღერა, რომელიც ძალიან წარმატებული გახდა.
– ეს იყო პირველი წარმატებული სიმღერა და ასევე, კიდევ ერთი, რომელიც, ისლანდიურ სიმღერას თუ არ ჩავთვლით, ყველაზე პოპულარული იყო. ბრიტანეთის ყველა ჩარტში მოხვდა. „უნივერსალის“ საცეკვაო მუსიკის განყოფილებამ შემომთავაზა კონტრაქტი, რომლის თანახმადაც საცეკვაო სინგლები უნდა გამომეშვა, რამაც არ დამაინტერესა. თან, იმ დროს აქტიურად ვმუშაობდი გაეროში, საიდანაც „ევროვიზიის“ შემდეგ წამოვედი. ვფიქრობ, კარგ დროს წამოვედი, რადგან როგორც ერთმა  ადამიანმა მირჩია, აღარ გინდა გაეროში, სამუდამოდ აქ ჩარჩებიო.
– ახლა რა პროექტზე მუშაობ?
– მე და რიკ ალისონი ვმუშაობთ ფრანგულ პროექტზე, გვყავს ფრანგი პროდიუსერები. თავად პროექტის მასშტაბურობა გავზარდეთ. დაემატა ორკესტრი, ბენდი და რაც მთავარია, ალბათ, 2017 წელს მისი პრემიერა იქნება მოსკოვში – „კროკუს სიტი ჰოლში“. შემდეგ ჩავიტანთ საფრანგეთში. ძალიან მიყვარს რიკთან ერთად მუშაობა. ბოლო ჩასვლაზე განსაკუთრებულად დავმეგობრდით.
– ლარას ხშირად იხსენებს?
– უფრო მეტად მე ვეკითხები რაღაცეებს. სულ პირველად მასთან რომ ვიყავი სამუშაოდ ჩასული, ერთი-ორჯერ შეეშალა და ლარა დამიძახა. ცოტა გავბრაზდი და მითხრა: ის პერიოდი მომაგონდა, ერთად რომ ვიწყებდით სიმღერების წერას. გირჩევნია, კომპლიმენტად მიიღო, რადგან ამ მუშაობას ბევრი ჰიტი მოჰყვაო. იმ დროს ლარა კლუბში გამოდიოდა ბელგიაში, სადაც რიკი შემთხვევით შევიდა, გაიცნო და გადაწყვიტა, მისგან ლარა ფაბიანი გაეკეთებინა. მე მასთან მუშაობა, უპირველეს ყოვლისა, დიდ სიამოვნებას მანიჭებს და თუ წარმატებული გახდება ეს პროექტი, რა თქმა უნდა, ამაზე კარგი რა იქნება
– ძალიან ბევრი გახდა შენი დაწერილი სიმღერით წარმატებული.
– სკანდინავიაში ნამყოფიც არ ვარ, მაგრამ ისე კარგად აეწყო იქ ყველაფერი... ჯერ იყო ისლანდია, როდესაც ისლანდიელმა მომღერალმა ჩემი სიმღერით „ევროვიზიაზე“ მეორე ადგილი აიღო; მერე შვედეთი, სადაც ბიჭმა „პოპ აიდოლში“ ჩვენი დაწერილი სიმღერით გაიმარჯვა. პარალელურად, სკანდინავიურ გამომცემლობასთან მოვაწერე ხელი კონტრაქტს.

скачать dle 11.3