როგორ აირჩია მონსერატ კაბალიემ თავისი კონცერტისთვის ნანიკო ძიძიგური და როგორ აღიარეს ის ვერდის სამშობლოში „ვერდის ხმად“
ცოტა ხნის წინ იტალიაში, ქალაქ ბუსეტოში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე – „ვერდის ხმები,“ პირველი ადგილი ქართველმა მეცო-სოპრანომ, ნანიკო ძიძიგურმა აიღო. მისმა ხმამ, შესრულებამ, არტისტიზმმა არავინ დატოვა გულგრილი. „მომღერალი რკინის იოგებით“ – ასე წერდა მის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა.
ნანიკო ძიძიგური: ეს კონკურსი საოპერო სფეროში წამყვან და ერთ-ერთ მაღალი დონის კონკურსად მიიჩნევა. წლების განმავლობაში ამ კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ ხოსე კარერასი, ლეილა გენჯერი და ასე შემდეგ. ეს კონკურსი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ, ვერდის რეპერტუარის სპეციფიკიდან გამომდინარე, მონაწილეების ასაკობრივი ზღვარი გაზრდილია 35 წლამდე. რთულია ვერდის შესრულება და გარკვეული ბაზა, გამოცდილება უნდა გქონდეს. ასე რომ, გამიმართლა – 33 წლის ვარ. ჩემი მაესტროს, გოჩა ბეჟუაშვილის დამსახურებაა, რომ ამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ეს მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო და რომ გავიმარჯვე, ამაში ხომ ლომის წილი აქვს შეტანილი. ამ კონკურსზე მხოლოდ ვერდის ოპერებიდან სრულდება ნაწყვეტები.
– რთული იყო ალბათ, ამ კონკურსში მონაწილეობა და მით უმეტეს, პირველ ადგილზე გასვლა?
– საკმაოდ რთული იყო. ძალიან დიდი სტრესი და პასუხისმგებლობაა. სამივე ტური ტარდებოდა ვერდის სახელობის თეატრში. პატარა, ძალიან ლამაზი თეატრია. გარემო იმდენად მოქმედებდა, ფინალი რომ დამთავრდა, ვამბობდი: ვივაა, ვერდი... რადგან, როცა ვმღეროდი, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საიდანღაც ვერდი მეხმარებოდა. ფინალში შევასრულე „ბალ-მასკარადიდან“ ულრიკას არია, რომელიც მსოფლიოს საოპერო ხელოვნებაში ერთ-ერთ ურთულეს არიად მიიჩნევა. მეცოს რეგისტრის გარდა, ის მოითხოვს კონტრალტოს დაბლებს – რთული და მძიმე შესასრულებელია. ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება და ჯილდო იყო ის, რომ ფინალის შემდეგ ხალხი მოდიოდა და მეუბნებოდა: ძალიან, ძალიან დიდი ხანია, არ მოგვისმენია ნამდვილი ხმით ამ არიის შესრულებაო. ეს არია იმიტომ ავირჩიე, რომ გარკვეული კოზირივით მქონოდა – იქნებოდა რთული, თუმცა ჩემი ხმიდან გამომდინარე, ძალიან ადვილად ვმღერი. ჟიურიმ ეს შეარჩია ფინალში სამღერად. შეიძლება, არც კი ეგონათ, რომ ასე კარგად გავართმევდი თავს. ამ არიის შესრულებას დარბაზში დიდი ოვაცია მოჰყვა. ზოგადად, ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ. მადლობელი ვარ, რომ ჟიურიმ ჩემზე გააკეთა არჩევანი. საერთოდ არ ველოდი გამარჯვებას. კულისებში ვიყავი, რომ დამიძახეს. თავიდან მეგონა, სპეციალური პრიზი გადმომცეს და რომ დავხედე, ერთიანი ეწერა, მერე მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა. კონკურსის შემდეგ ორი კონცერტი გვქონდა, ორივემ ძალიან კარგად ჩაიარა. პირველი კონცერტი ჩატარდა იმ სახლის წინ, სადაც ვერდის ბავშვობა აქვს გატარებული. ყველაზე ამაღელვებელი კი ის იყო, რომ სცენის უკან, სხვადასხვა ქვეყნის დროშებს შორის გახლდათ საქართველოსიც. მეორე კონცერტი გერმანია-იტალიის საფეხბურთო მატჩის პარალელურად მიმდინარეობდა. თავი საქართველოში მეგონა. ჩვენ მაღალ ნოტებს „ვუჯახუნებდით,“ გარშემო კი შეძახილები ისმოდა: „ფორცა იტალია“!
– პრესაში ძალიან კარგი შეფასებები ჰქონდა შენს ნამღერს.
– პრესაში წერდნენ: „რკინის იოგები”... „სამსახიობი ოსტატობით გამოირჩეოდა”... იმას, რომ გავხდი „ვერდის ხმა“... რაც ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. ამ კონკურსის შემდეგ დამიკავშირდა კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რომელიც იტალიაში რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ და ახლაც ერთ-ერთის სამხატვრო დირექტორია. მისგანაც და აგენტებისგანაც რაღაც შემოთავაზებები წამოვიდა.
– როდის დაიწყე საოპერო მოღვაწეობა?
– ბავშვობიდან არაბუნებრივად ძლიერი ხმა მქონდა. სიმღერა სულ მიყვარდა, ვმღეროდი. მრცხვენია ახლა ამის თქმა, მაგრამ მე ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოდ მეჩვენებოდა – ზოგჯერ ტელევიზორს ხმას ვუთიშავდი და მომღერლების მიმიკებზე ბევრს ვიცინოდი. აბიტურიენტობის დროს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე, დამთავრებული მაქვს ფსიქოლოგიური, ადამიანური რესურსების მართვის განხრით. ერთი წელი ვიმუშავე. გარდა ამისა, ბრიტანეთში ვიყავი ამ პროფილით სტაჟირებაზე ძალიან წარმატებულ კომპანიაში. ამის პარალელურად, მუსიკალურ ტექნიკუმში ვსწავლობდი. მხოლოდ მაესტრო გოჩა ბეჟუაშვილთან დავდიოდი, სხვა მხრივ, დიდად არ ვაქცევდი მას ყურადღებას. მაგრამ, ხმამ მაინც არ მომასვენა. მაესტრომ თავისი ირიბი მიდგომით, უფრო მეტად დამაინტერესა. თან, არ მომეწონა 9-დან 6-მდე ოფისში, კომპიუტერთან ჯდომა და გადავწყვიტე, მემღერა. ეს უფრო ადვილი მეგონა, მაგრამ შევცდი. ნამდვილად არ არის ადვილი, პირიქით, ურთულესია. ჩავაბარე კონსერვატორიაში 2007 წელს. დავამთავრე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დღემდე ყოველდღიურად ვმუშაობ მაესტრო გოჩა ბეჟუაშვილთან და ასევე, ჩემს კონცერტმაისტერ, მარინე ჭანიშვილთან ერთად. მათ დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
– რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე?
– სულ ვამბობ: გაორება მჭირს-მეთქი. არ ვიყავი მზად ამ ყველაფრისთვის. მკაცრი რეჟიმია. თან, ჩემი პირველი პრობლემა ის არის, რომ ჩემთვის არ შეიძლება ბევრი ლაპარაკი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ღლის ჩემს იოგებს. არადა, ძალიან მიყვარს ლაპარაკი და სიცილი. სამაგიეროდ, შეზღუდვა ისაა რომ, როდესაც საღამოობით მეგობრები მეუბნებიან. სადმე გავიდეთო, უარის თქმა მიწევს. რთულია, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება. ახლა ყველა შევეგუეთ ამას, მაგრამ თავიდან ძალიან მიჭრიდა. აბსოლუტურად სხვა ტიპაჟი ვარ – არავოკალისტი. ისიც მინდა, ესეც... თუმცა, ოქროს შუალედს ყოველთვის ვპოულობ. მით უმეტეს, როდესაც ასეთ გამარჯვებას მოიპოვებ და ხვდები, შენი ხმის ფასს, მერე ცდილობ, უფრო მეტი აკეთო. ზოგადად, მეცო-სოპრანოს ხმა 30 წლის შემდეგ ყალიბდება. მით უმეტეს, დრამატული მეცო-სოპრანო ასაკთან ერთად უფრო მეტ ფერს იძენს. ისეთი მძიმე რეპერტუარი, როგორიც ვერდისაა, ვფიქრობ, ჩემს ხმაზე მორგებულია, არ არის რეკომენდებული, ადრეულ ასაკში შეასრულო. ამიტომ სულ ვწვალობდი, რადგან უფრო მსუბუქი რეპერტუარი რთული იყო ჩემთვის, ეს კიდევ – ნაადრევი. ბოლო ორი წელია, ვერდის რეპერტუარს ვასრულებ. ეს ბევრად კომფორტულია ჩემთვის, ვიდრე, მაგალითად, მოცარტი, რადგან ჩემი ხმა უფრო მძიმეა მისთვის.
– სხვა კონკურსებშიც თუ მიგიღია მონაწილეობა?
– 2014 წელს გავხდი მონსერატ კაბალიეს საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი და შემდეგ მასთან გავიარე მასტერკლასები. ამის შემდეგ შემარჩიეს კონცერტისთვის, რომელიც სარაგოსაში გაიმართა. ძალიან ბევრი მონაწილე იყო იქ მასტერკლასის და გამიხარდა, რომ 10 შეარჩიეს კონცერტისთვის და მათ შორის ვიყავი მე. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი. როდესაც ვიმღერე, მონსერატ კაბალიემ მითხრა: თქვენ გაქვთ საუკეთესო ხმაო... რაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი იყო. მასთან მუშაობაც ძალიან საინტერესოა. უპირველეს ყოვლისა, სწორ სუნთქვას აქცევდა ყურადღებას. მახსოვს, იატაკზე დაგვაწვენდა. მუცელზე სიმძიმეს გვადებდნენ – რამდენ ხანს გავძლებდით სუნთქვის გარეშე. 2012-2013 წლებში ვსწავლობდი კიდევ ერთ საუკეთესო მომღერალთან, მირელა ფრენთან. ის ექსცენტრიკული ქალბატონია და ეს ყველასთვის ცნობილია. ნამდვილი პრიმადონაა, ცოტა კაპრიზული. თავისი ხმით ხშირად უჩვენებია არიის მონაკვეთი და ეს იყო უმაღლესი კლასის შესრულება. მასთან მოსახვედრადაც სერიოზული კონკურსი გავიარე. 500-მა მომღერალმა გააგზავნა აუდიოჩანაწერები, ადგილზე სამი ტური ჩატარდა. სწავლის პერიოდში ბევრი კონცერტი გვქონდა. იქ სწავლის განმავლობაში მქონდა მასტერკლასი ენცო დარასთან. პაოლა მოლინარი წლების განმავლობაში „ლა სკალას“ და მირელა ფრენის პირადი აკომპანიატორი გახლდათ. ხშირად გვიტარებდა ის გაკვეთილებს, აკომპანირებას გვიწევდა და მასთან მუშაობაც ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.