სად აპირებს საპატრიარქო ეთერ კაკულიას ცხედრის გადასვენებას და რის გამო არ ელაპარაკებოდა ძმა მომღერალს
დაახლოებით ერთი წელია, რაც ყველასთვის საყვარელი მომღერალი ეთერ კაკულია გარადიცვალა. მისი გარდაცვალება მთელმა საქართველომ ძალიან განიცადა, თუმცა, ბუნებრივია, ეს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახისთვის, განსაკუთრებით კი მისი ერთადერთი ძმისთვის აღმოჩნდა დიდი დარტყმა. ბატონი ალეკო (ალკაზარ) კაკულია მომღერლის უფროსი ძმაა და მას ქალბატონ ეთერთან გამორჩეული დაძმობა ჰქონდა.
ალეკო კაკულია: ეთერის გამო ბავშვობიდან სულ ჩხუბი მქონდა. მე უფროსი ძმა ვიყავი და იცით, თბილისში როგორცაა – ძმა დის პატრონად ითვლება. მეც მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. 3 წლიდან ხან ქორწილში ამღერებდნენ და ხან რომელ დღესასწაულზე თავისი „ბანტიკით“. მე კიდევ, სულ განვიცდიდი, სად დაჰყავთ-მეთქი. ყოველთვის განსაკუთრებული დაძმობა გვქონდა. მე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი, ის – ქალთაში. ვერაზე ვცხოვრობდით, შემდეგ ფალიაშვილის 102-ში გადავედით. ამიტომაც იმეორებდა ეთერი გამუდმებით, 102 წელი უნდა ვიცოცხლოო. ვეუბნებოდი, ასე ნუ ამბობ, არ გაითვალო-მეთქი.
– თქვენი ცხოვრება არ უკავშირდება მუსიკას? რა პროფესიის ხართ?
– სკოლაში გადასარევი მოსწავლე არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბიძაჩემი სასწავლო ნაწილის გამგე იყო. იმ პერიოდში უფრო სპორტით ვიყავი გატაცებული: ხან ფეხბურთელობა მინდოდა, ხან მოფარიკავეობა. სახვაძეების, კიკალიშვილის, ასათიანის, ცქიტიშვილების, გოგელიების წრეში ვტრიალებდი და, გასაკვირიც იქნებოდა, სპორტით რომ არ დავინტერესებულიყავი.
დადგა ჩემი პროფესიის არჩევის დროც. მამა ფოთიდან ჩამოსული, მშენებელი კაცი იყო და უნდოდა, მეც მშენებელი გამოვსულიყავი. მოკლედ, მამის თხოვნით, სამშენებლოზე ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში. სამშენებლოზე კი ვსწავლობდი, მაგრამ სულ სხვა ინტერესები მქონდა – ხელოვნებით ვიყავი გატაცებული, ოღონდ, არა მუსიკით, თეატრზე ვგიჟდებოდი. სულ თეატრსა და ოპერაში ვიყავი, სამეგობრო წრეც ამ სფეროდან მყავდა. მოკლედ, მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა გავიგე, რომ რუსთაველის თეატრი დეკადაზე მიდიოდა და მასობრივი სცენებისთვის ახალგაზრდები სჭირდებოდათ. მაშინვე გამოცდაზე გავედი – მე მეგონა, ადვილი იქნებოდა ჩაბარება, არადა, თურმე, ძალიან ბევრი რამ უნდა მცოდნოდა.
სანამ ამ ამბავს გავაგრძელებ, ერთ მნიშვნელოვან ისტორიას მოგიყვებით ჩემი სახელის შესახებ. ალეკოთი მიცნობენ, მაგრამ, პირადობის მოწმობის მიხედვით, ჩემი სახელის სწორი ფორმა ალკაზარია. ეს ესპანური სახელია, ალკაზარი ციხე ყოფილა ესპანეთში, დღემდე ძალიან პოპულარული. 1938 წელს დავიბადე და იმ წელიწადს რუსთაველის თეატრში დაიდგა სპექტაკლი ამ სახელწოდებით. მთავარ როლს აკაკი ხორავა ასრულებდა. მამა და აკაკი მეგობრობდნენ, მამა ფოთიდან იყო, ის – სენაკიდან. აკაკის ჩემი მშობლები მიუწვევია სპექტაკლზე. დედა მაშინ ჩემზე ყოფილა ფეხმძიმედ. სპექტაკლიდან ცოტა დრო ყოფილა გასული, მე რომ დავბადებულვარ. მამას აკაკისთვის დაურეკავს – ბიჭი შემეძინა, ბიჭი და რა დავარქვაო. აკაკიმაც – რას ჰქვია, რა დაარქვა, ალკაზარიო და დამარქვეს ალკაზარი. ვიზრდებოდი და, ხან „ნაბაზარის” მეძახიან და, ხან – „ზარბაზანის” – თბილისში არ იყო ასეთი სახელები და უჭირდათ დამახსოვრება. მერე ჯერ მშობლები და შემდეგ უკვე სხვებიც, ალეკოს მეძახდნენ და ასე დარჩა დღემდე.
როცა რუსთაველის თეატრში გამოცდაზე გავედი, იქ თეატრის დირექტორ პავლე კანდელაკთან ერთად აკაკი ხორავაც დამხვდა. რა იცის აკაკიმ, მე რომ ალკაზარი ვარ, დიდი ხანია, არ ვუნახივარ, არადა, მისი იმედითაც მივედი იქ. რა მშენებლობა, რის მშენებლობა... კაცი რეჟისორობაზე ვოცნებობდი (იცინის). დიმიტრი ალექსიძე ყვირის: „ტი ალკაზარ ილი ბალტაზარ?” ვუპასუხე, ალკაზარი ვარ-მეთქი. გაგიჟდა ხორავა – მისივე სახელდარქმეული ბიჭი მის წინაშე გამოცდას აბარებს. ჩამიხუტა დოდო ალექსიძემ. პირველი სპექტაკლი, რომელიც მან დადგა, სწორედ „ალკაზარი“ იყო. მოკლედ, რა გამოცდა, რის გამოცდა, მაშინვე ჩამრიცხეს. წავედით მოსკოვში, სიხარულისგან ჭკუაზე აღარ ვარ: ეროსი მანჯგალაძესთან ერთად ვცხოვრობ ოთახში, ჩემს საოცნებო სამყაროში მოვხვდი. სერიოზული როლი არ მქონია, თუმცა, რუსთაველის თეატრი ჩემი სამეგობრო გახდა. რეპეტიციების გამო ინსტიტუტში სიარულს ვეღარ ვახერხებდი, ამიტომ მშობლებისგან მალულად საბუთები დაუსწრებელზე გადავიტანე. მამა იმ პერიოდში მოსკოვში მუშაობდა და დედას ეკითხებოდა, როგორ სწავლობსო. მერე ჩემს ერთ ლექტორს შეხვედრია და ჩემი ამბავი უკითხავს. ლექტორს უთქვამს, ალკაზარი ჩემთან არ სწავლობსო, არადა, მთელ სამშენებლოს ის ასწავლიდა მათემატიკას. ასე გასკდა ჩემი ამბავი და მშობლებმა „დამირხიეს“ – არანაირი თეატრი და მსგავსი მაიმუნობა, სამშენებლოს მიხედეო. იმ პერიოდში მეც ცოტა სხვანაირად დავიწყე აზროვნება: მოდი, დავამთავრებ სამშენებლოს, თეატრი მაინც ყოველთვის იქნება-მეთქი, ვფიქრობდი. ერთხელ, მახსოვს, მოსკოვში გასტროლებზე ვიყავი წასული „გეპეის“ ანსამბლთან ერთად. იქ გაგარინთან მომიწია შეხვედრა – პირველი ქართველი ვარ, ვინც მას შეხვდა. მასთან ვინ მიგვასუნინებდა, ჩვენ პარტერიდან ტაშს ვუკრავდით, ის ავანსცენაზე იჯდა. მაგრამ, მოგეხსენებათ ქართველების „ხიტრობა“: დავინახეთ, რომ გაგარინი წამოდგა და ისე წამოვიდა, რომ წასვლას ნამდვილად არ აპირებდა. აშკარად რაღაც უჭირდა, მაშინვე მივხვდით, რომ ტუალეტში მიდოდა. ჩვენც იქით გავცვივდით, მივუახლოვდით და ფოტო გადავიღეთ მასთან ერთად. მეოთხე კურსზე ჩეხოსლოვაკიაში გამგზავნეს და ჩეხური ენა კარგად შევისწავლე. დავამთავრე სწავლა და მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. შემდეგ, ჩეხურის ცოდნის გამო, კომკავშირის ცეკაში გადამიყვანეს მშენებლობისვე განხრით; მერე ახალი ცეკას მშენებლობის უფროსად გადამიყვანეს; ვიყავი საქართველოს სასოფლო მშენებლობის მინისტრის მოადგილე და ასე შემდეგ. ედუარდ შევარდნაძემ, როგორც დამსახურებულ მშენებელს, ღირსების ორდენი გადმომცა. მოკლედ, მთელი ცხოვრება ამ სფეროში გავატარე, მაგრამ, მოგვევლინა მიშა სააკაშვილი, სამინისტრო გააუქმა და გვითხრა: რაც გინდათ, ის აკეთეთო. მე ფარ-ხმალი დავყარე და სხვა საქმე წამოვიწყე – საქართველოს მშენებელთა და არქიტექტორთა ენციკლოპედიის შექმნა დავიწყე, რომელიც უკვე დასასრულისკენ მიდის.
– პარალელურად, როგორ განვითარდა თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– ისეთი დაძაბული სამუშაო გრაფიკი მქონდა, ოჯახის შექმნაზე კარგა ხანს არ მიფიქრია, მაგრამ, ბოლოს ის შევირთე ცოლად, ვინც მიყვარდა, თუმცა, ცოტა დაგვიანებით. მანამდე მამაჩემი „გადანახულებებზე” დადიოდა ოჯახებში – გოგონებს არჩევდა. ეს მაშინ სახუმარო თემა იყო, მაგრამ, 39 წლის რომ გავხდი, ვთქვი: წლებია, ნინო ბეიტაშვილი მომწონს და სხვას არ მოვიყვან ცოლად-მეთქი. ჩვენ შორის 12 წელია ასაკობრივი სხვაობა. თავიდან ცოტა დიდი ვჩანდი მასთან შედარებით, ამიტომ, ველოდი. ქალ-ვაჟი გვყავს: ბიჭი სამართალმცოდნეა და „მაგთიკომში“ მუშაობს თავისი სპეციალობით; გოგო, დედის მსგავსად, სამედიცინო განხრით წავიდა.
პარალელურად, დიდი ისტორიაა ჩემი და ეთერის ცხოვრება. მისი 25 სიმღერის ტექსტის ავტორი მე ვარ. ამ საქმეზე მისმა პოპულარობამ გადამრთო. ერთხელ მითხრა, უბრალო ტექსტი მინდა იმერეთზე და შენს ლექსებში ხომ ვერაფერს ნახავო. პოეტობას არ ვიბრალებ, მაგრამ, ლექსების ორი კრებული მაქვს და, მართლაც, ვნახე, რაც უნდოდა, სასწაულად მოერგო ეთერის ხმას. მერე იყო სიმღერები რუსთავზე, ბათუმზე და ასე შემდეგ... ხშირად ვმღეროდით ხოლმე ერთად, მაგრამ, კონცერტზე ან ეკრანზე კი არა, ისე, ჩვენთვის, მეგობრების წრეში.
– მითხარით, ბავშვობაში, როგორც უფროს ძმას შეეფერებოდა, მის გამო ხშირად ვჩხუბობდიო. რომ გაიზარდა, პოპულარული გახდა და უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა, მერე როგორ იყო საქმე?
– მერე უკვე სხვა მომენტები გამიჩნდა – ეთერი ვიღაც ბიჭზე როგორ უნდა გათხოვდეს-მეთქი. მაგრამ, სულ გასტროლებზე იყო, ფაქტობრივად, ვერ ვხედავდი ჩემს დას, თუმცა, როცა თბილისში იყო, მაშინ სხვანაირად იყო საქმე: ალეკოს დის ხელის თხოვნას ვერავინ ბედავდა. არადა, მერე აღმოჩნდა, რომ მსურველი ძალიან ბევრი ყოფილა, მათ შორის ბევრი იყო მეგობარი, მეზობელი და ასე შემდეგ. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, არც მე და არც მას დაქორწინების სურვილი ადრეულ ასაკში არ გვქონია. ეთერი 32 წლის ხდებოდა, რომ დაოჯახდა. ესეც რომ არა, მომღერლის ბედი ძალიან რთულია, რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ თითქმის არცერთს არ შერჩა ქმარი, ყველა გაყრილია. ამიტომაც არ მინდოდა, ეთერი ამ გზას გაჰყოლოდა. 32 წლის ასაკში მის ცხოვრებაში ვაჩიბერიძე გამოჩნდა. სადაც არ უნდა წასულიყო ეთერი კონცერტზე, იქ ხვდებოდა აეროპორტში და არ ეშვებოდა. მე ამას დიდი ხნის განმავლობაში მიმალავდა. თავიდანვე არ უნდოდა მასთან ოჯახის შექმნა, მაგრამ ბოლოს მაინც თანხმობა უთხრა. დიდხანს არა, ხუთი წელი გაგრძელდა მათი ურთიერთობა და მერე დაშორდნენ. როცა მისნაირი ცხოვრება გაქვს, ასე ხდება; თან, მგონი, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეთომ არც სადილის მომზადება იცოდა და არც რამე საოჯახო საქმე ეხერხებოდა. ქართულში, მგონი, მან გამოიგონა სიტყვა „ხელჩლუნგი,” საკუთარი თავის შესაფასებლად (იცინის).
მე მისი გათხოვება ძალიან მძიმედ გადავიტანე – ინფარქტის საწყისი ფორმა მქონდა. ჩავწექი და რვა თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი, თუმცა, გადამარჩინეს. იმდენად განვიცადე, რომ დამიმალა ეს ამბავი. თვითონაც ძალიან ნანობდა, რომ მე დამიმალა – უთქვამს, ჩემს ძმას როგორ არ შევუთანხმე ეს ნაბიჯიო. ქმარი ცუდი ბიჭი არ იყო, პირიქით, შესანიშნავი თბილისელი ბიჭი იყო, ოღონდ, ცოლიანს რომ გაჰყვა, ეგ არ მომწონდა. ორი წელი არ ველაპარაკებოდი, მაგრამ შვილი რომ შეეძინა, მაშინ ბოდიში მომიხადა და მეც გული მომილბა – და იყო, უცხო ხომ არა?! თან, ჩვენ განსხვავებული დაძმობა გვქონდა.
– ბოლო პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
– ბოლო პერიოდში ახლო ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან. მანამდე, წლების განმავლობაში, პატრიარქი ძალიან ხშირად იწვევდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, მაგრამ ბოლოს უკვე ძალიან ეხმარებოდა და ბევრ რამეს უადვილებდა უნიკალური შეხვედრებით. როცა პატრიარქს უთხრეს, ეთერი ისე ვეღარ გრძნობს თავს, რომ საპატრიარქოში მივიდესო, თვითონ მივიდა მასთან. ეს ნამდვილი საოცრება იყო. იმ საღამოს ეთერთან ვიყავი. 9 საათზე საპატრიარქოდან დაურეკეს და ეუბნებიან: პატრიარქს უნდა თქვენთან მოსვლა და თუ შეძლებთ ჩვენთვის დროის გამოყოფასო. ეთერი გაგიჟდა – რას მაშაყირებთ, პატრიარქი როდის დადის ასე სახლებშიო! ჰკითხეს, სახლში ხომ ხართო? კი აბა, სად წავალო, – უთხრა ეთომ. მაშინ, 10 სააათზე გესტუმრებათ პატრიარქიო. ეს უდიდესი ბედნიერება და წყალობაა, მაგრამ, ნერვიულობისგან კინაღამ წავიქეცი – არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავით პატრიარქთან, რა უნდა მიგვერთმია და ასე შემდეგ. 10 საათზე დოლიძის ქუჩაზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. პატრიარქს პირველ სართულზე დავხვდი და ვეუბნები: უწმიდესო, ჩვენთან რომ ლიფტი არ არის-მეთქი? მერე, რად მინდა ლიფტიო, – მიპასუხა და ჩიტივით ამოვიდა მეოთხე სართულზე. დაახლოებით ერთი საათი დაყო ჩვენთან, ყველაფერი გამოჰკითხა ეთერს. არ გინდა მათი დიალოგის მოსმენა?! ეთერი ეკითხება: უწმიდესო, ნარდი არ გიყვარსო? პატრიარქს სათვალე ჩამოუვარდა. ეთერი ხომ ნამდვილი გიჟი იყო, თან, ნარდზე აბოდებდა, უამრავი პრიზი ჰქონდა მოგებული. ვაიმე, ახლა პატრიარქს ნარდის თამაში არ შესთავაზოს-მეთქი, – გული მისკდებოდა. ეს არ გაუკეთებია, მაგრამ, რაც კი კედელზე მედლები ჰქონდა ნარდის კარგად თამაშისთვის აღებული, ყველა ჯილდო გააცნო. გვერდზე ოთახი ხატებით ჰქონდა სავსე, მაგრამ ის არც კი უხსენებია, ნარდზე ელაპარაკებოდა და პატრიარქიც ღიმილით უსმენდა – ასეთი იყო მათი დამოკიდებულება. პატრიარქმა კარგად იცოდა, რა ტიპი იყო ეთერი: არაფერი მოგონილი, ბოლომდე ბუნებრივი.
ახლა ვნანობ, ნეტავ ყველაფერი ჩამეწერა ეთერის შესახებ-მეთქი, მაგრამ, ვინ იფიქრებდა, რომ ასე უცებ მოხდებოდა ყველაფერი. ორი წელი დააგვიანა და მერე უკვე ისე იყო განვითარებული დაავადება, რომ ვეღარ ვუშველეთ – გვიან იყო, ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა. მისმა წასვლამ გული გამიპო და შემდეგ მე გავხდი საოპერაციო. 114 კილოგრამი ვიყავი და ახლა ჩხირი ვარ – ნერვიულობის გამო უჭმელობა დამჩემდა, ყველაფრისადმი ზიზღი გამიჩნდა, რაც სტრესის გამოხატულება ყოფილა. სამედიცინო ჩარევის შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე ჭამა. ალბათ, კიდევ ეთერი მაძლიერებს და იქიდანაც ჩემზე წუხს.
– როგორც ვიცი, მახათას მთაზე აპირებენ მის გადასვენებას.
– დიახ, პატრიარქის ინიციატივით, როგორც კი გაიხსნება, მაშინვე უნდა გადმოასვენონ. მე მერჩივნა, მშობლების გვერდით ყოფილიყო, თუმცა, მახათას მთაზე გადასვენებას დიდი დატვირთვა აქვს და ახლა მოლოდინში ვართ. ავლაბარში ქუჩას უკვე დაარქვეს მისი სახელი.