კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საზარელი ისტორია უკავშირდება სოფელ ტირძნისში მდებარე გიკაშვილების სახლს და რატომ იღუპება იქ ყოველ შვიდ წელიწადში ოჯახის ერთი წევრი

გორის რაიონის სოფელ ტირძნისში არის სახლი, რომელსაც ტრაგიკული ისტორია უკავშირდება. სახლი ბევრჯერ გაიყიდა და ვინც კი დასახლდა, ბედნიერი და გახარებული არავინ უნახავთ. უფრო მეტიც, ყოველ შვიდ წელში, იქ მცხოვრები ოჯახის ერთ–ერთი წევრი იღუპებოდა. ამ უცნაურ მოვლენას ვერც სოფლის მცხოვრებნი და ვერც ოჯახის წევრები ვერაფრით ხსნიან. მხოლოდ იმ საზარელ ცნობას ეყრდნობიან, რომელიც ამ სახლის პირველ მცხოვრებთ – დიდი ხნის უშვილო ცოლ–ქმარს გადახდა... იდუმალებით მოცულ სახლში ოც წელზე მეტია, გიკაშვილების ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად მეზობლების გაფრთხილებისა, ოჯახის უფროსმა ეს ყოველივე არ დაიჯერა და სახლი სამოსახლოდ შეიძინა. დასახლებიდან რამდენიმე თვეში ოჯახის დიასახლისი გარდაიცვალა. შვიდ წელში დაიღუპა შვილი, ხოლო შემდეგ – მამა. სახლში რძალი და შვილიშვილები დარჩნენ. როგორც ქალბატონი ლალი ამბობს, მამამთილის დაღუპვიდან ექვსი წელი გავიდა, მალე მეშვიდე წელი დაიწყება, რომელსაც შიშით შეჰყურებს... რამდენიმე წლის წინ, ამ სახლის ჭიშკარზე მაცხოვარი გამოისახა. სასწაულის სანახავად თვეების განმავლობაში უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. უფრო დაწვრილებით ამ სახლის ისტორიისა და ფაქტების შესახებ, ქალბატონი ლალი დემურიძე გვესაუბრა.
– ქალბატონო ლალი, როგორც ამბობენ, თქვენს სახლს მძიმე ისტორია აქვს. რეალურად რა ხდება?
– ახლა უკვე არაფერი. ადრე მოხდა ძალიან ბევრი ცუდი რამ. სახლს, სადაც მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ, მართლაც, მძიმე ისტორია უკავშირდება.  ვიდრე ამ სახლს ვიყიდიდით, ვინც კი აქ იცხოვრა, ყველას უბედურება შეემთხვა. მაგრამ, რატომ ტრიალებდა ეს საშინელება არავინ ინტერესდებოდა. სახლი ძალიან ბევრჯერაა გაყიდული და ვისაც აქ უცხოვრია, არავინ გახარებულა.  როცა ჩემმა მამამთილმა ეს სახლი იყიდა, მეზობლები დაჟინებით ითხოვდნენ სხვაგან დავსახლებულიყავით. მაგრამ, მან ამას ყურადღება არ მიაქცია, რადგან ასეთი რაღაცეების არ სწამდა.
– რა ხდებოდა თქვენს დასახლებამდე ამ სახლში და რა ტრაგედიაზე საუბრობთ?
–  მაშინ, როცა ეს სახლი აშენდა, აქ უშვილო ცოლ–ქმარი ცხოვრობდა. მათ უფლისადმი შვილის ყოლის თხოვნით, წმიდა ბარბარესა და გერის წმიდა გიორგის ტაძრიდან კაკლის ნერგები ჩამოიტანეს და ეზოში დარგეს. გადმოცემით, შემდეგ ეს ადგილი სალოცავად გადაიქცა – ხალხი მალულად მოდიოდა და სანთლებს ანთებდა. გავიდა წლები და მოხუც ცოლ–ქმარს ერთი შვილი – გოგონა შეეძინა. შემდეგ ეს გოგონა ძალიან ცუდ გზას დასდგომია და, იმის გამო, რომ მას მშობლები წესიერი საქციელისკენ მოუწოდებდნენ, მათი მოწამვლა გადაუწყვეტია. მას ერთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. მშობლებისთვის განკუთვნილი საწამლავი კი, შემთხვევით, სკოლიდან დაბრუნებულმა შვილმა საჭმელს მიაყოლა და გარდაიცვალა. ამის გამო, ბავშვის დედამაც თავი მოიკლა, სიკვდილის წინ კი თავისი ცოდვა გაამხილა. მოხუცი ცოლ–ქმარი მარტო დარჩა და ყველაფერი გაყიდეს, თუკი რამ ებადათ.  მათი გარდაცვალების შემდეგ ეს სახლი უპატრონოდ დარჩა. მერე გამოჩნდა ერთი ნათესავი, რომელმაც ეს ბინა გაყიდა ცხინვალელებზე. ახლად დასახლებულებს ჰყოლიათ ორი ვაჟი და ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილა. მათთან ერთად დაღუპულა მამაც და ყველა მამაკაცი, ვინც კი ოჯახში იყო. ამ ტრაგედიის შემდეგ სახლი ისევ გაიყიდა და იმ ოჯახშიც იგივე განმეორდა.
– თქვენს ოჯახს რა ტრაგედია შეემთხვა ამ სახლში ცხოვრებისას?
– ეს სახლი უკვე ნაყიდი ჰქონდათ, როცა რძლად შემოვედი.  სახლში ყოველ მეშვიდე წელს, რაღაც უბედურება ხდებოდა. იღუპებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ბინას ყიდულობდნენ, არ ჰქონდათ კარგი ცხოვრება და ასე შემდეგ. უკვე 20 წელზე მეტია, რაც ამ ბინაში ვცხოვრობ. ჩემი ტრაგედია ისაა, რომ მეუღლეც დამეღუპა და მამამთილ–დედამთილიც. დავინტერესდი ამ ყოველივეთი და რომ გამოვთვალე, ეს უბედურება ყოველ მეშვიდე წელს ხდებოდა. ჩემი დედამთილი ერთადერთი ქალია, რომელიც ამ სახლში დაიღუპა, სულ მამაკაცები კვდებოდნენ. როცა სახლი იყიდეს, დედამთილი მალევე, რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. წინა ოჯახს, ვისაც ეს სახლი ჰქონდა ნაყიდი, 22 წლის ბიჭი დაღუპვიათ. იმ ბიჭის სიკვდილიდან მე–7 წელს გარდაიცვალა ჩემი დედამთილი, მერე – ჩემი მეუღლე და ბოლოს – მამამთილი.  მეუღლის გარდაცვალებას ეზოში კაკლის ხეების აჩეხვასა ვუკავშირებ. არ ვიცოდით, თუ ამ კაკლებს წმიდა სალოცავის დანიშნულება ჰქონდა. ამიტომ, ბაღის გაფართოების მიზნით, მოვჭერით. შემოდგომით კაკლები ავჭერით და გაზაფხულზე ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მერე მითხრეს, არ უნდა მოგეჭრათ, ეს დანიშნულება ჰქონდაო. მამამთილის გარდაცვალებიდან ექვსი წელი გავიდა, ჯერჯერობით კარგად ვართ. თუმცა, არ ვიცით, ერთ წელში რა მოხდება.
– არ გეშინიათ? თქვენ რატომ არ გაყიდეთ სახლი?
– ბინა დავდე გასაყიდად, მაგრამ  არავინ იყიდა. ყველას ეშინია, მე კიდევ – არა.  არ მაქვს შიშის გრძნობა. ვცხოვრობ პატიოსნად და მინდობილი ვარ ღმერთზე. უფალს შევთხოვე, თუ უბედურება იქნება, მივიღებ ამ განსაცდელს, თუ მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს სახლში, მადლიერი ვიქნები–მეთქი. მარტოხელა დედა ვარ და არ შემიძლია, დამოუკიდებლად რაიმე გადავწყვიტო. არ მყავს ნათესავი, რომ მითხრას: მოდი, ლალი, გავყიდოთ ეს ბინა და სხვაგან გადადი. არავინაა ჩემ გვერდით. ამიტომ, მივენდე უფლას. მე და ჩემს შვილებს რამე რომ დაგვემართოს, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რაც იქნება იქნება, ხელი მაქვს უკვე ჩაქნეული. თუ, ვინმე გამოჩნდება და მეტყვის, დაგეხმარებიო, სიამოვნებით მივიღებ და კარს გავუღებ.
– სახლში რაიმე უცნაური ხომ არ შეგინიშნავთ?
– არა, არაფერი. ხომ არის, რომ ხმაური და რაღაც მსგავსი ხმები ესმით ხოლმე, მე ასეთი არაფერი შემინიშნავს. მშვიდად, წყნარად ვცხოვრობთ. რომ დავფიქრდები ამ ყოველივეზე, მაშინ კი მიპყრობს შიშის გრძნობა – უცებ ძალიან შემეშინდება, მაგრამ გული გამაგრებული მაქვს. მინდა, აქედან გადავსახლდე და გავიქცე, მაგრამ სად წავიდე? არავინაა ჩემ ირგვლივ.
– წლების წინ, იესო ქრისტე გამოისახა თქვენი ეზოს ჭიშკარზე. ამ ფაქტს რაიმეს ხომ არ უკავშირებთ?
– დიახ, დაახლოებით სამი წლის წინ მოხდა ეს. მაშინ სახლში არ ვიყავი. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, აუარებელი ხალხი დამხვდა. დავინტერესდი, რა ხდება ჩემს თავს–მეთქი. იმ ადგილის პირდაპირ, სადაც კაკლები ავჭერით, გამოსახული იყო მაცხოვარი. ბავშვი თუ მოხუცი ყველა ამჩნევდა, ისე აშკარად ჩანდა გამოსახულება. მამაოც მოდიოდა, რაღაცას მელაპარაკებოდა. მეუბნებოდა, ირწმუნე ღმერთიო. მე მწამს უფალი, დიდება მის სახელს, მაგრამ ეკლესიურად ვერ ვცხოვრობ, ტაძარში ვერ დავდივარ დროის უკმარისობის გამო. მამაოს რომ ვთხოვე, სახლი მიკურთხე–მეთქი, არ მიკურთხა. უნდა იარო ეკლესიაში და მერე გიკურთხებო. ეს ფაქტი იმას დავუკავშირე, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს უბედურება, ტრაგედიები დამთავრდება. მართლაც, ამის შემდეგ მშვიდად და წყნარად ვცხოვრობთ. დაბრკოლებაც კი არ მქონია. უფალს დიდი ძალა აქვს და მან უნდა მომცეს მშვიდი და წყნარი ცხოვრების უფლება.

скачать dle 11.3