როგორ ეხმარებიან იდუმალი არსებები კრიტიკულ სიტუაციაში ადამიანს
ბევრი ირწმუნება, რომ თითქოს არაერთხელ უნახავს არამიწიერი არსებები, ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და მათი დანახვა, შეგრძნება რეალურადაა შესაძლებელი. ეს მითია თუ რეალობა, ამის გასარკვევად, დიდი ხანია, მეცნიერები და ეზოთერიკოსები ფაქტებს იკვლევენ. მათ შორისაა, ეზოთერიკოსი, ქალბატონი მაგდა, რომელმაც არაერთი საინტერესო ფაქტი დააგროვა და დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.
მაგდა: უჩინარი, იდუმალი ძალები ჩვენ ირგვლივ ნამდვილად არსებობენ და კრიტიკულ მომენტში, ზოგჯერ მხსნელებადაც კი გვევლინებიან. ამაში ისინი დამეთანხმებიან, ვისაც საკუთარ თავზე გამოუცდია ეს ყოველივე.
– თქვენ ასეთებს პირადად ხვდებით. რას ყვებიან ისინი? კონკრეტულად, როდის აქტიურდებიან იდუმალი და უჩინარი ძალები ჩვენ ირგვლივ და როგორ ვიგრძნოთ მათი სიახლოვე?
– ბევრი ადამიანი ირწმუნება, რომ პირადად შეხვდა არამიწიერ, იდუმალ არსებებს. მათთან საუბრის შემდეგ კი ვრწმუნდები, რომ ამ ცხოვრებაში ასეთი ფაქტები მართლაც ხდება. ისინი ხან მხსნელად გვევლინებიან, ხან კი – პირიქით, საფრთხეს გვიქმნიან. ამის გარჩევა კი ძალიან რთულია. როგორც ამ საქმეში ჩახედული, გეტყვით რომ, უამრავი ადამიანი საჭიროებს ასეთი ძალების დახმარებას, მაგრამ ისინი მხოლოდ კეთილ და დაჩაგრულ ადამიანებს ეხმარებიან. ისინი ჩვენ ირგვლივ მუდმივად ტრიალებენ და მათი არსებობა, უბრალოდ, უნდა ვიგრძნოთ. ეს ძალები ხშირად მაშინ აქტიურდებიან, როცა ადამიანს დაძაბული, საშიში და კრიტიკული პერიოდი უდგას. ისინი ცდილობენ, დაგვეხმარონ და განსაცდელის დროს საშველად მოდიან ჩვენთან. წლების წინ გამზრდელი დეიდა გარდამეცვალა. მაგრამ, მისი სიკვდილის შემდეგაც ვგრძნობდი, მის არსებობას სახლში. თითქოს, იქვე, გვერდით იყო და თვალს მადევნებდა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ხშირად მითქვამს, ის არ წასულა, აქ, ჩემთან არის-მეთქი. ერთ ღამესაც ძილში მოვიდა და მითხრა, რასაც შენ ფიქრობ, მართალია, მე არ მაქვს უფლება, მარტო დაგტოვო, მანამდე მაინც, სანამ გჭირდებიო. სხვათა შორის, ასეთი შეგრძნება ბევრს აქვს, მაგრამ თქმა უჭირთ, რადგან იციან, გარშემო მყოფები ვერ გაუგებენ და შეურაცხადად ჩათვლიან. იმ პერიოდში, როცა დეიდა გარდაიცვალა, მარტო დავრჩი, რადგან გათხოვილი არ ვიყავი და არც დედმამიშვილები და მშობლები მყავდა. ალბათ, ამიტომ ვებრალებოდი და ვერ მელეოდა, არ ვემეტებოდი მარტოობისთვის.
– გარდაცვლილი დეიდა მინიშნებებს თუ გაძლევდათ?
– როგორ არა, ხშირად ვხედავდი, უეცრად ოთახში როგორ შეირხეოდა ფარდა და მესმოდა ფეხის ნაბიჯების ხმა. მაშინ, ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე, თუმცა ვეჭვობდი, რომ იდუმალ ძალებთან მქონდა კავშირი. სიზმრით კი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს იდუმალი ძალა გარდაცვლილი დეიდის სული იყო და ის არ მცილდებოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტში.
– თუ გესიზმრებოდათ, გესაუბრებოდათ ან რაიმე რჩევას გაძლევდათ?
– ხშირად არა, მაგრამ პერიოდულად ვხედავდი სიზმარში და ერთმანეთს ვესაუბრებოდით. ვეკითხებოდი, რაც მაინტერესებდა და ისიც პასუხს მცემდა. რაღაც პერიოდი ერთმანეთს მიეწყო საკმაოდ ცუდი დღეები და ვცდილობდი, სახლში ჩაკეტილს, განმარტოებულს მეპოვა გამოსავალი. დეპრესია მომეძალა. მაშინ დამესიზმრა დეიდა და მითხრა: დარდით და საკუთარ თავთან განმარტოებით ვერაფერს მიაღწევ. ვერ დაიბრუნებ იმას, რაც იყო. მოეშვი წარსულით ცხოვრებას და შეცვალე შენი გეგმებიო. ის, რომ საყვარელი მეორე ნახევრიც მალე გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ამაზეც გარდაცვლილმა დეიდამ მომცა მინიშნება. მითხრა კიდეც სიზმარში, ჩვენ, ადამიანები იმისთვის ვართ შექმნილი, საკუთარი ბედნიერება სხვებს გავუზიაროთო. არადა, ისეთი დეპრესია მქონდა, არც კი ვფიქრობდი გათხოვებას. ვერ წარმომედგინა, თუ ოჯახს როდისმე შევქმნიდი. რომ ჩავუფიქრდი დეიდაჩემის რჩევას და ვიგრძენი მისი იდუმალი არსებობა, გადავწყვიტე, წარსულზე აღარ მეფიქრა, ახლიდან დამეწყო ცხოვრება. ასეც მოვიქეცი. დღეს ბედნიერი ქალი ვარ. ქმარიც მყავს და თოთხმეტი წლის გიორგიც.
– ახლაც თუ გესიზმრებათ ან გევლინებათ იდუმალი სახით გარდაცვლილი დეიდა და გეხმარებათ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, დეიდაჩემის უჩინარ არსებობას ისევ ვგრძნობ – თითქოს ჩემს გვერდითაა და ისიც ბედნიერია. ერთხელ ისევ მოვიდა სიზმრად და მითხრა: ბოროტისგან ჩემი არსებობით გიცავ. მინდა, ბევრ რამეზე გაგაფრთხილო, მაგრამ ამის უფლება არ გვაქვს – არ შეგვიძლია, თქვენს თავისუფალ ნებაში ჩავერიოთ. სამწუხაროდ, სრულ ინფორმაციას ვერასდროს მოგაწვდი მომავალ საფრთხეზე. მხოლოდ ჩემი უხილავი არსებობით დაგიცავ ბოროტი ძალებისგან. შენც კარგად თუ დააკვირდები, იგრძნობ, რომ მე არსად წავსულვარ. უხილავად მაინც შენ გვერდით დავრჩიო. გაღვიძებულმა ვიგრძენი, დაღლილი ვიყავი. ცოტა ვინერვიულე. ვერ მივხვდი, რომელი ბოროტებისგან მიცავდა დეიდას იდუმალი ძალა იმქვეყნიდან. მაგარამ, მალევე ამიხდა მისი სიტყვები. მისი იდუმალი მფარველობის წყალობით გადავრჩი. მაპატიეთ, მაგრამ ამ ფაქტის გახსენება არ მინდა. უფრო სწორად, საჯაროდ გამოტანა, ამიტომ თავს შევიკავებ მოყოლისგან.
– გამიგია, რომ ადამიანს ბოროტი ძალები ყველაზე მეტად ღამით ებრძვიან – სიბნელეში აქტიურდებიან და ცდილობენ ზეგავლენის ქვეშ მოაქციონ ადამიანი. ხომ ვერ გვასწავლით, ასეთი ბოროტი სულებისგან თავი როგორ დავიცვათ?
– მართალია, ადამიანს ყველაზე მეტი დაცვა ბოროტი სულებისგან ღამით სჭირდება და ამიტომ, ის უხილავი, ზეციური, იდუმალი ძალები ანუ, მფარველი ანგელოზებიც, მათ დასაცავად ამ დროს აქტიურდებიან. მათი მფარველობა თითქმის ყველას უგრძნია – უჩინარი მფარველი ძალების გვერდით დგომა და გამოუვალ სიტუაციებში მათი დახმარება. უამრავი ამბავი გამიგია, როცა ისეთ სიტუაციაში გადარჩენილან ცოცხალი, საიდანაც, პრაქტიკულად, ვერ უნდა გადარჩენილიყვნენ. ბევრს უთქვამს კიდეც, ამ დროს, რაღაც იდუმალმა ძალამ ჩამავლო ხელი და მისი წყალობითაა, დღეს ცოცხალი რომ ვარო. ალბათ, მსგავსი რამ თქვენთვისაც არაერთს უთქვამს. იმასაც გააჩნია, ვის როგორ აქვს დაცდილი გარდაცვლილი ადამიანის სიზმრად ნახვა. საერთოდ, როცა სიზმარში ადამიანის სული ასტრალში ხვდება, შეიძლება, გარდაცვლილი ახლობლის სახე დემონმა, ანუ ბოროტმა ძალამაც მიიღოს. დააკვირდით, თუ გარდაცვლილის სიზმრად ნახვა ცუდად გიხდებათ დღის განმავლობაში, ესე იგი, მისი სახე სწორედ ბოროტმა ძალამ მიიღო.
– ზოგი ამტკიცებს, ღამით ფეხის ხმა, კაკუნი, სტვენა ან ძახილი მაღვიძებსო. ეს დემონურ ძალებთან რაიმე კავშირშია?
– დემონურ ძალას შეუძლია ნებისმიერი ხმით დაძახება და მას არ უნდა აჰყვეთ, არ გამოეხმაუროთ. ერთ ჩემს მეზობელს სწორედ ასეთი ძახილის დროს საშინელი რამ შეემთხვა. ღამით ძახილის ხმამ გამოაღვიძა, წამოდგა და იფიქრა – გავიხედავ, ვინ მეძახისო. ნასვამი იყო. ეგონა, კარი გააღო. სინამდვილეში ფანჯარა გამოუღია, გადმოვარდა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. დემონური ძალები ცდილობენ, სახე და ხმა იცვალონ, ახლობლის ხმით გვიან ღამით გაგიტყუონ გარეთ და განსაცდელი მოგიწყონ, საფრთხეში ჩააგდონ თქვენი სიცოცხლე. ამიტომ, თუ ღამით რამე ხმა მოგესმათ, ყურადღება არ მიაქციოთ და მშვიდად „გაატარეთ“.