რატომ დატოვეს ტელევიზია გიორგი აფციაურმა და სალიტა ჩუბინიძემ დაქორწინების შემდეგ
იუმორისტი გიორგი აფციაური პოლიტიკაში მიდის. მან ამის შესახებ პრესას ამცნო და ვრცელი წერილი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ემოციურად გადმოსცა მისი წარსული, მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს, გულშემატკივრებს და მეგობრებს. უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ამონარიდს მისი წერილიდან: „გადავდგი ნაბიჯი, რომელსაც ზოგი მომიწონებს, ზოგი – ნაკლებად. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული თქვენგანისგან ვგრძნობდი სითბოს, სიყვარულსა და ყურადღებას, როცა აღარ ვჩანდი ეკრანზე. ამისთვის დიდი მადლობა... დიდი მადლობა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ ცხოვრებისეული პრინციპების გამო, ჩემს არცთუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას გაგებით მოეკიდა... სწორედ პოლიტიკურ მეცნიერებებზე სწავლის პროცესში ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ თეორიულ ცოდნას და კვლევებს შევმატო პრაქტიკული გამოცდილება საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში და ჩემს უსაყვარლეს უბნელებს ვანდობ ჩემს მომავალს! დიახ, მეგობრებო, დღეიდან ვაყენებ კანდიდატურას უპარტიო, დამოუკიდებელ დეპუტატად ნაძალადევის რაიონში!“
– გიორგი, იუმორიდან პოლიტიკაში გადაინაცვლე, საზოგადოების რაღაც ნაწილმა თქვენი ეს ნაბიჯი ვერ გაიგო.
– დიახ, რა თქმა უნდა, ყველა ვერ გაიგებდა და ზოგადად, არც არის მარტივად გასაგები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი და ცნობილი პირი ინაცვლებს პოლიტიკაში, ჩემი ეს ნაბიჯი მაინც გაუკვირდათ. ისეთ სფეროში ვმოღვაწეობდი, ეს ბუნებრივიცაა. თუმცა, ვისაც ჰგონია, რომ იუმორიდან პირდაპირ პოლიტიკაში წავედი, მათი ბრალი არ არის. ინფორმაციის ნაკლებობა იყო ჩემზე. დაახლოებით ოთხი წელია, რაც იუმორის სფეროში აღარ ვარ. ტელევიზიით გადის შოუების გამეორება, სადაც ისევ ვჩანვარ. ეს ოთხი წელი პროფკავშირების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ.
– რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
– ისეთი რამ არ მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, რომ ეს ერთ დღეში გადამეწყვიტა. სურვილი და გარკვეული მიზნები ამ მიმართულებით სულ მქონდა. ბევრი რამ მასწავლა, თუნდაც პროფკავშირებში მუშაობამ. იმავდროულად, ჩემი განათლებაც ამ მიმართულებითაა და გარდა თეორიული სწავლისა, პრაქტიკაც მნიშვნელოვანია. ალბათ, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა და მეცნიერული კვლევების ჩატარება გარკვეულ გამოცდილებას მომცემს. თუმცა, მხოლოდ გამოცდილებისთვის არ წავსულვარ პოლიტიკაში, შედგესაც გამოიღებს ეს.
– დიდხანს ფიქრობდით გადაწყვეტილების მიღებამდე?
– დიახ, პირველად, გამოგიტყდებით და მედია იმიტომ შევისწავლე, რომ ტელევიზიაში მუშაობა კი არ მინდოდა, არამედ მინდოდა მცოდნოდა ჩემსა და საზოგადოებას შორის შუამავალი როგორ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მედიაში მუშაობა ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო, მომწონდა. იუმორის კეთების პროცესში ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩემთვის იყო, შემესწავლა მედია, როგორც შუამავალი ხალხსა და პლიტიკოსებს შორის.
– თავიდან თქვენც აღნიშნეთ, რაღაც ტენდენციად ჩამოყალიბდა საქართველოში, რომ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკაში მიდიან. ეს საზოგადოებას არცთუ დიდად მოსწონს.
– საზოგადოებამ იმიტომ კი არ უნდა დამიჭიროს მხარი, რომ ტელევიზორში ვჩანდი – პოლიტიკა სულ სხვა სფეროა. მას სჭირდება განსხვავებული გონება, გამოცდილება და თეორიული შესწავლა. ხალხმა მხარი უნდა დამიჭიროს ჩემი საარჩევნო კამპანიისა და გარკვეული დაპირებების მიხედვით. უფრო დიდი რაოდენობით ახალგაზრდების მხარდაჭერას ველოდები, იმიტომ რომ, მათი თაობის წარმომადგენელი ვარ. ის ტრიბუნა საკანმომდებლო ორგანოში მარტო ჩემი არ იქნება, ის იქნება. ახალგაზრდებისთვის, მშრომელი ადამიანებისთვის.
– ეკრანიდან მოულოდნელად გაქრით, რატომ?
– ამ შემთხვევაში, კონკრეტულ ადამიანებში არ არის საქმე, მენეჯერში ან სხვა ვინმეში. ზოგადად, ქვეყანაში მედიის მხრივ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ თავისუფალი მედია ნაკლებად არსებობს. არის ასეთებიც, მაგრამ ძირითად ფინანსებს, რითაც მედია საზრდოობს, პოლიტკიური ჯგუფებიდან იღებს. შესაბამისად, ჩემი ტელევიზიიდან წამოსვლა ან ის, რომ არც შემდგომში გამოვჩენილვარ სხვა მედია-საშუალებებით, უკავშირდება ჩემს მთავარ ლოზუნგს, რომელიც სტუდენტებთან ერთად წარმოვადგინე: „სუფთა ხელი”. მე დიდი მიზანი და მაღალი ფასეულობები მქონდა და რაღაცეებზე უარი უნდა მეთქვა. თუნდაც იმაზე, რომ ტელევიზიაში არ არის დაბალი ხელფასი და ამ ოთხი წლის განმავლობაში კონკრეტული ფინანსური პრობლემებიც შეიძლებოდა შემქმნოდა. თუმცა, როცა გარკვეული მისწრაფება მქონდა, წავედი ამ დათმობაზე. ოჯახიც დამეხმარა, გამიგო.
– სალიტაც თქვენი გადაწყვეტილებით ჩამოშორდა ტელევიზიას?
– სალიტა ინდივიდუალურად წყვეტს თავის მომავალს და კარიერას. მე შემიძლია, უბრალოდ, ვურჩიო რაღაც. აპირებს სიმღერების ჩაწერას და გამოჩენას უფრო სერიოზულ ჟანრში. მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ამას იმსახურებს. სალოს შეეძლო, მერეც გაეგრძელებინა სიმღერა, მაგრამ გაბრიელი გვყავდა პატარა და მის გარეშე ვერ გავზრდიდით. ამიტომ, არჩევანი გააკეთა, ჯერ პატარა წამოზრდილიყო და მერე მიეხედა კარიერისთვის. ახლა ბაღში მივიყვანეთ და სალიტამაც დაიწყო თავისი საქმის კეთება.
– როგორ შეხვდა სალიტა მეუღლის პოლიტიკაში წასვლას?
– სხვათა შორის, მეგონა, რომ ცოტა გაუკვირდებოდა, ან რაღაც შეგრძნება ექნებოდა. ასეთ ნაბიჯს რომ დგამ, გარკვეული შიში გეუფლება, ვფიქრობდი, სალიტასაც ექნებოდა ეს განცდა, მაგრამ პირიქით, რადგან გვინდა, ბოლომდე უნდა გავაკეთოთო.
– იუმორის შექმნას და პროექტებს აღარ დაუბრუნდებით? მოგბეზრდათ?
– შოუ-ბიზნესთან არანაირი შეხება აღარ მექნება, გარდა იმისა, რომ ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, რომლებსაც ვასწავლე სცენარის დაწერა, დავეხმარები ხოლმე. კიდევ, თუ ახალგაზრდები რაიმე სახის ტელევიზიას შექმნიან, დიდი სიამოვნებით დავუდგები გვერდში. ახლა „ნაძალადევი TV” კეთდება, სადაც ძალიან ბევრი, ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. არა, არ მომბეზრდა. ტელევიზიიდან რომ წამოვედი, რაღაც დროის განმავლობაში, მესიზმრებოდა კიდეც იქაურობა, იმდენად სასიამოვნოა სცენაზე რომ გამოდიხარ და ადამიანები ტაშს გიკრავენ. ცოტა გამიჭირდა ამის დათმობა. თუმცა, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს გულშემატკივრებს. როცა არ ვჩანდი, მაშინაც მწერდნენ და მეკითხებოდნენ, რას ვშვრებოდი. ჩემი მიზნები შეიცვალა, მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი.
– პოლიტიკოსსაც უნდა ჰქონდეს იუმორი.
– რა თქმა უნდა, მარტო პოლიტიკოსს არა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა. სხვაგვარად შეუძლებელია ცხოვრება. მეკითხებიან ხოლმე, საარჩევნო კამპანია როგორი გექნებაო. ზოგს წარმოუდგენია, მხიარული და რაღაც მსგავსი. ასეთი რამ არ იქნება, რადგან პოლიტიკოსი უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდოს საქმეს. ჩვენ, ახალგაზრდები შემოვიტანთ ახალ სტანდარტს, რომელიც არ იქნება ვინმეს ლანძღვაზე მიმართული, ან ვინმეს დისკრედიტაციაზე.
– სუფთა ხელებით იმ სფეროში როგორ აპირებთ მოღვაწეობას, რომელიც ყველაზე ბინძურ საქმედაა მიჩნეული?
– გარკვეულმა პოლიტიკურმა სპექტრმა უკვე აიტაცა ეს ლოზუნგი, რაც მახარებს. თუ ადრე ახალგაზრდებს მხოლოდ ფლაერები უნდა დაერიგებინათ, ახლა ახალგაზრდების მოფიქრებული ლოზუნგი მიაქვთ. მე მათ პირობას ვაძლევ. თუ კიდევ დასჭირდებათ, ჩვენ გვაქვს გადანახული რაღაც ლოზუნგები და შეგვიძლია გავაჩუქოთ (იცინის). ჩვენს ქვეყანაში საჭიროა ახალგაზრდული სუფთა ხელი. ძალიან ბევრი უნივერსიტეტში სწავლობს, ამთავრებს კარგ ფაკულტეტს, მაგრამ ვერ საქმდება. ამიტომ, აუცილებელია, პოლიტიკაში ახლაგაზრდული ძალა, ახალგაზრდული ტრიბუნა. არანაირი პროფესია არ არის დასაძრახი, ზოგი დისტრიბუციაში მუშაობს, ზოგიც სხვაგან. კარგია, როცა ახალგაზრდას საკუთარი შემოსავალი აქვს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ქვეყნისთვისაც და მათთვისაც, რასაც სწავლობენ, იმ მიმართულებით დასაქმდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, „სუფთა ხელით” მოვდივართ, როცა შეამჩნევთ, ცოტა მაინც დაგვესვარა, გაგვაფრთხილეთ და უკან გავბრუნდებით (იცინის).